2019 წლის 1 თებერვალს დაიკარგა დიდი ბრიტანეთის ქალაქ ჰალში მცხოვრები 21 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც ადგილობრივი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ლიბი სქვაიერსის ცხედარი მეთევზეებმა მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ, 20 მარტს იპოვეს. დაიწყო გამოძიება, რომელმაც 2 წლის თავზე დაადგინა, რომ ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა 26 წლის პავლე რელოვიჩმა.
ეს ახალგაზრდა კაცი სექსუალური ხასიათის, სულ ცოტა, 9 შემთხვევაშია დამნაშავე, ასევე, ქურდობაში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. რელოვიჩი თავის მსხვერპლს ფანჯრებიდან გახდა-ჩაცმის დროს უთვალთვალებდა, ან როცა სექსით იყვნენ დაკავებული, ქალებს შინიდან პარავდა საცვალს, სექს-სათამაშოებს, როგორც “ნაალაფევს”. ამის გამო იგი 5 წლითა და 8 თვით დააპატიმრეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო სასამართლომ დაედგინა, რომ ლიბი სქვაიერსი მან მოკლა.
იმ საბედისწერო დღეს, 2019 წლის 1 თებერვალს, გვიან ღამით ბოროტმოქმედი “იოლი სექსის” საძებნელად ქუჩაში გამოვიდა. შემთხვევით ლიბის გადაეყარა და მისი სახლიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში ხელთ იგდო. სქვაიერსი შინ ბრუნდებოდა მას შემდეგ, რაც დაცვამ მეგობრებთან ერთად კლუბში არ შეუშვა.
რელოვიჩმა, ცოლ-შვილიანმა კაცმა, სტაცა ხელი ამ უბედურს, შეათრია თავის მანქანაში და უკაცრიელ მინდორში წაიყვანა, საიდანაც მოწმეების განცხადებით, “განწირულის კივილი” ისმოდა. 7 წუთის შემდეგ კაცმა მარტომ დატოვა იქაურობა. ეს ყველაფერი ასე დაწვრილებით თვალთვალის კამერების საშუალებით დაადგინეს.
სამეფო ადვოკატმა რიჩარდ რაიტმა განაცხადა, რომ ბოროტმოქმედს საკმარისი დრო ჰქონდა, გაეთრია ლიბი მინდორში, გაეუპატიურებინა, მოეკლა, გვამი მდინარეში ჩაეგდო, ჩამჯდარიყო მანქანაში და გაცლოდა იქაურობას. ეს ინფორმაცია ბი-ბი-სიმ გაავრცელა.