Home სხვადასხვა დაიჯესტი რატომ მოკლა დასავლეთმა კადაფი და დაანგრია აყვავებული ლიბია

რატომ მოკლა დასავლეთმა კადაფი და დაანგრია აყვავებული ლიბია

რატომ მოკლა დასავლეთმა კადაფი და დაანგრია აყვავებული ლიბია

ასობით ბომბი და რაკეტა, ათასობით დაღუპული, დანგრეული ქალაქები _ 10 წლის წინათ, 2011 წლის 19 მარტს, ნატოს ქვეყნების შეიარაღებული ძალები ლიბიის სამოქალაქო ომში ჩაერია. კადაფის მომხრე სამხედრო ქვედანაყოფებმა ვერაფერი გააწყვეს კბილებამდე შეიარაღებულ ნატოელებთან _ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავიაცია მყისვე ახშობდა ნებისმიერ წინააღმდეგობას. ოპერაცია 31 ოქტომბერს დასრულდა. შედეგად, ლიბიამ, ოდესღაც აყვავებულმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა, როგორც ერთიანმა ქვეყანამ. იქ ბრძოლები დღესაც მიმდინარეობს

ძველი ანგარიშები

2011 წლის თებერვალში ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზის ქუჩებში ხალხი გამოვიდა ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული იურისტისა და უფლებადამცველის, ფათჰი თერბილის, გათავისუფლების მოთხოვნით. ორი დღის შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. დღეს ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ჩრდილოაფრიკულ სახელმწიფოში სამოქალაქო ომის ჭეშმარიტი მიზეზი იყო კონფლიქტი კირენაიკისა და ტრიპოლიტანიის კლანებს შორის. ტრიპოლიტანიელი მუამარ კადაფი 40 წლის განმავლობაში უცვლელად მართავდა ქვეყანას, რაც ძალიან არ მოსწონდა დაპირისპირებულ კლანს.

კადაფის მომხრეები ქალაქ ბენი-ვალიდში
კადაფის მომხრეები ქალაქ ბენი-ვალიდში

ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა იარაღი გამოიყენეს. არეულობები ქუჩის ბრძოლებში გადაიზარდა. ოპოზიციამ ხელში ჩაიგდო იარაღის რამდენიმე საწყობი, შემდეგ კი _ ქალაქი ბენღაზი.

მარტის პირველ რიცხვებში კადაფის მოწინააღმდეგეებმა გამოაცხადეს “მარში ტრიპოლზე”. დედაქალაქს 5 ათასამდე ამბოხებულმა შეუტია, მაგრამ ისინი გაანადგურეს. კადაფის არმიას იმ მომენტისთვის ჰყავდა ტანკები, თვითმფრინავები, ჰქონდა არტილერია, ოპოზიციას კი _ მხოლოდ პიკაპები და ტყვიამფრქვევები. 18 მარტს სამთავრობო ჯარი ბენღაზიში შესასვლელად ემზადებოდა, რათა ბოლო მოეღო ამბოხებისთვის, მაგრამ გაერომ, იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ხოცვა-ჟლეტა, დაუშვა ლიბიაში დასავლეთის ინტერვენცია ერთადერთი პირობით _ არ უნდა მომხდარიყო ხმელეთიდან შეჭრა. უშიშროების საბჭოს (რუსეთმა თავი შეიკავა) #1973-ე რეზოლუციით, დასავლეთმა დაიწყო ინტერვენცია. უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს რეზოლუცია ლიბანში ძალადობის შეწყვეტისა და არასაფრენი ზონის შექმნისკენ მოუწოდებდა. მასში სპეციალურად იყო ჩაწერილი, რომ დასაშვები იყო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ნებისმიერი ფორმა, “საოკუპაციო სამხედრო დანაყოფის შეყვანის გარდა”. მაღალი სიზუსტის იარაღის მასობრივად გამოყენებაზე კი არაფერი უთქვამთ, როგორც ლიბიის ლიდერის _ “#1 მიზნის” მკვლელობაზე.

დასავლეთის ქვეყნების მთავრობები დიდი ხნის განმავლობაში ილესავდნენ კბილებს კადაფიზე და ძველი წყენებისთვის შურის საძიებლად ამ შესაძლებლობას ხელიდან როგორ გაუშვებდნენ?!

1969 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ლიბია ხშირად უპირისპირდებოდა ევროპასა და აშშ. ვაშინგტონი კადაფის საერთაშორისო ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებდა, პარიზმა არ აპატია საფრანგეთის ყოფილ კოლონია ჩადში შეჭრა 1970-80-იან წლებში, ლონდონმა _ ირლანდიელი სეპარატისტების დახმარება.

კადაფი არ გადადგა. მე არასდროს დავტოვებ ლიბიის მიწას. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ და აქ მოვკვდები ჩემს წინაპრებთან, როგორც ტანჯული, _ მიმართა მან ხალხს, _ მე პრეზიდენტი არ ვარ, რომ წავიდე, მე რევოლუციის ლიდერი და მეომარი ბედუინი ვარ, რომელმაც ლიბიელებს დიდება მოუტანა”.

არასაფრენი ზონა

პენტაგონმა _ ოპერაციის მთავარმა კურატორმა და ორგანიზატორმა _ ლიბიის ნაპირებთან დიდ სამხედრო ძალას მოუყარა თავი. მათ შორის იყო 4 ათასი საზღვაო ქვეითი, საზღვაო ქვეითთა 22-ე საექსპედიციო კორპუსი; “არლი ბერკის” ტიპის 2 საესკადრო ნაღმოსანი, მრავალმიზნიანი ატომური წყალქვეშა ნავი “ლოს-ანჯელესი”; სტრატეგიული ატომმავალი “ოჰაიო”. ამას გარდა, ამერიკელებს მზად ჰყავდათ ბომბდამშენი ავიაცია. ინტერვენციის ყველაზე აქტიურმა მონაწილეებმა _ ფრანგებმა _ ლიბიის ნაპირთან გადაისროლეს 4 ფრეგატი და ავიამზიდი “შარლ დე გოლი”. ნატოს სხვა წევრებმაც ჩართეს ოპერაციაში თავიანთი ძალები.

სულ ოპერაციაში მონაწილეობდა 18 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს რეზოლუცია ლიბიის თავზე არასაფრენ რეჟიმს ითვალისწინებდა, ნატოს ავიაციამ იერიში მიიტანა კადაფის მომხრეთა პოზიციებზე. 19 მარტს საფრანგეთის სამხედროსაჰაერო ძალების 2-მა თვითმფრინავმა ბენღაზისთან თავმოყრილი სამთავრობო ძალების ჯავშნიან ტექნიკას შეუტია. იმავე დღეს ამერიკელებმა 114 რაკეტა გაუშვეს ლიბანის ტერიტორიაზე. ტრიპოლის მიერ გავრცელებული ცნობით, ამ დაბომბვას 64 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 150 დაიჭრა. ნატოს ავიაციამ გაანადგურა ათეულობით ხიდი, დაანგრია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ბევრი ობიექტი.

ლიბიის დაბომბვა შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა. ქვეყანას თავს დაატყდა სხვადასხვა კალიბრის ათასობით ჭურვი. 23 მარტს ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა გრეგ ბეგვილმა განაცხადა, რომ ლიბიის სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია.

გაეროს რეზოლუციის მიხედვით, ამით სამხედრო ჩარევა უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დასავლეთი გაჩერებას არ აპირებდა.

ქალაქი სირტი დაბომბვის შემდეგ
ქალაქი სირტი დაბომბვის შემდეგ

ლიდერის სიკვდილი

ჰაერში უპირატესობის მოპოვების შემდეგ ნატოს თვითმფრინავები შეუდგნენ კადაფის არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის მეთოდურად განადგურებას. ეს იყო ხოცვაჟლეტა. ამერიკელებმა ოპერაციაში ჩართეს სტრატეგიული ბომბდამშენები _ B-1B და B-2. ნატოს ავიაცია, პრაქტიკულად, დაუსჯელად მოქმედებდა _ ლიბიელთა მოძველებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ვერაფერი დააკლო თანამედროვე თვითმფრინავებს.

თვითმფრინავებს, ვერტმფრენებსა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს მოკლებული ლიბიელთა სახმელეთო ჯარი, ფაქტობრივად, უმწეო იყო აგრესორის წინაშე. მაგალითად, 10 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თვითმფრინავებმა 25 ტანკი გაანადგურეს.

მაისში ნატოს თვითმფრინავებმა ტრიპოლის დაბომბვა დაიწყეს. მათ არაერთხელ დაარტყეს მუამარ კადაფის რეზიდენციას, მაგრამ მან შეძლო მიმალვა. კადაფის ერთ-ერთი თავშესაფარი იყო ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სირტში. ამ დასახლებულ პუნქტს 2011 წლის შემოდგომაზე ჯერ კიდევ აკონტროლებდა კადაფის ხელისუფლება. ოქტომბრის დასაწყისში ოპოზიციის შეიარაღებულმა რაზმებმა შეტევა წამოიწყეს. ე.წ. გარდამავალი ეროვნული საბჭოს მომხრეებმა იცოდნენ, რომ კადაფი სირტში იმალებოდა და გადაწყვიტეს, ნებისმიერ ფასად ხელში ჩაეგდოთ ქალაქი. ლიბიის ლიდერი 20 ოქტომბერს დაატყვევეს, მაშინვე, როგორც კი ქალაქი აიღეს. კადაფის გარს შემოერტყა ბრბო, თითოეული ცდილობდა, მისთვის დაერტყა, მძიმე საგანი ესროლა, სამი საათის განმავლობაში აწამეს, შემდეგ ავტომობილში ჩატენეს და ჰოსპიტალში წაიყვანეს, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო. ნატომ თავისი საქმე გააკეთა და 31 ოქტომბერს ოპერაცია დაასრულა. მსოფლიომ კი ნახა ჰილარი კლინტონის სიხარული, როცა კადაფის სიკვდილი შეიტყო.

ლიბია ნატოს “მშვიდობისმყოფელების” მაგალითია, როცა თეთრ სახლს დემოკრატები მართავდნენ, ხოლო აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. 2016 წელს აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ჰილარი კლინტონის ზოგიერთი წერილი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფლისას. წერილებიდან ჩანს, რომ ქალბატონი ძალიან წუხდა ლიბიის ნავთობისა და ოქროს მარაგებზე, რადგან მათი გამოყენებით შეიძლებოდა დოლარის კურსისა და ამერიკული ფასეულოების დაზიანება.

პოლკოვნიკ კადაფის კი ამის უნარი შესწევდა.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here