“რუსეთი იმუშავებს აშშ–თან, ოღონდ საკუთარი პირობებით”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ყირიმისა და სევასტოპოლის საზოგადოებასთან ვიდეოშეხვედრის მიმდინარეობისას. რუსეთის პრეზიდენტმა ილაპარაკა, როგორ ყალიბდებოდა ამერიკელი ისტებლიშმენტის ცნობიერება და, აქედან გამომდინარე, როგორ ხედავენ ისინი მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობას, “მაგრამ ჩვენ სხვა ადამიანები ვართ”, _ თქვა პუტინმა. რა არის ამ განსხვავების არსი და როგორ აისახება ის აშშ–ისა და რუსეთის ურთიერთობაზე?
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 18 მარტს ყირიმისა და სევასტოპოლის წარმომადგენლებთან ვიდეოშეხვედრისას მისი მისამართით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოხდომას უპასუხა. მან ჯო ბაიდენს ჯანმრთელობა უსურვა: “მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ამას ვამბობ ირონიის გარეშე, ხუმრობის გარეშე”, _ ხაზი გაუსვა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა: “ჩვენ ხშირად გადაგვაქვს სხვა ადამიანზე ის, რითაც ვსუნთქავთ, რასაც წარმოვადგენთ. და აი მაგონდება, როდესაც ბავშვობაში ეზოში თამაშისას ერთმანეთთან ვკამათობდით, ასე ვამბობდით ხოლმე: “ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის”. და ეს არ არის შემთხვევითი. ეს არ არის უბრალო ბავშვური ანდაზა ან ხუმრობა. აზრი ძალიან ღრმაა, ფსიქოლგიური. ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სხვა ადამიანში ჩვენს თვისებებს და ვფიქრობთ, რომ ის ისეთივეა, როგორიც ჩვენ. და აქედან გამომდინარე, ვაფასებთ მათ მოქმედებებს”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამას გარდა, პუტინმა მიუთითა რუსებისა და ამერიკელების განსხვავებულ გენეტიკურ და კულტურულ-ზნეობრივ კოდზე. “ვიცი, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობა განწყობილია ჩვენთან გარკვეული ურთიერთობისთვის, ოღონდ იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, და მათი პირობებით, მაგრამ ჩვენ სხვა ხალხი ვართ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ინტერესების დაცვა. და ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, ოღონდ იმ სფეროებში, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს, და იმ პირობებით, რომლებიც მიგვაჩნია ჩვენთვის სასარგებლო”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ აშშ-ს “მოუწევს ამის გათვალისწინება, ჩვენი განვითარების შეჩერების მცდელობის მიუხედავად”.
რამდენიმე დღის წინათ აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის რუსეთის ლიდერს “მკვლელად” მიიჩნევს. ამასთანავე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ აპირებს, რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს “ბოროტი ქმედებებისთვის”.
იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-დან ელჩი გაიწვია ვაშინგტონთან ურთიერთობის პერსპექტივის შესაფასებლად და კონსულტაციებისთვის. მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობაში ასეთი რამ ბოლოს ავღანეთის ომის პერიოდში მოხდა. დიპლომატიურ პრაქტიკაში ელჩის სასწრაფოდ გაწვევა საკონსულტაციოდ ბოლოსწინა გაფრთხილებას ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის თავდასხმამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ევროპის ქვეყნებში _ აშშ-ის მოკავშირეებში; მაგალითად, გერმანული გამოცემა Die Welt-ი დაეჭვდა ბაიდენის გამოცდილებაში. “მას, ვინც პუტინს, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს მეთაურს, მკვლელს უწოდებს, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს შეტევის მიზანი. ეს გაცნობიერებული აქვს ბაიდენს? სინამდვილეში მოსკოვთან დიალოგი უაღრესად აუცილებელია. იმედი ვიქონიოთ, რომ ცივი ომისდროინდელი წითელი ტელეფონი კვლავაც მუშაობს”, _ წერს Die Welt-ი.
პუტინს სოლიდარობა გამოუცხადა რუსეთის იტალიელი მეგობრების საზოგადოებრივმა ასოციაციამ. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ლორენცო ვალორეიამ სპეციალურ გზავნილში აღნიშნა, რომ ბაიდენმა მტკიცებულებების გარეშე წაუყენა მძიმე ბრალდება უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს. ადრე აშშ-ის არც ერთ პრეზიდენტს არ მიუცია საკუთარი თავისთვის რუსეთის პირველი პირის შეურაცხყოფის უფლება. ვალორეიას თქმით, ამერიკის ლიდერმა, რომელზეც ბევრი ამყარებდა იმედს, თავი წარმოაჩინა უხეშ, იმპულსურ ადამიანად და ომის მომხრედ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბაიდენის გამოხდომას დაუშვებელი უწოდა.
პოლიტოლოგ-ამერიკანისტ დიმიტრი დრობნიცკის აზრით, ბაიდენის სიტყვები არ არის წამოცდენა. ეს წინასწარ მომზადებული პროვოკაციაა. ამერიკანისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენს ცნობილმა ჟურნალისტმა ჯორჯ სტეფანოპულოსმა წინასწარ მომზადებული კითხვა დაუსვა _ “მიგაჩნიათ თუ არა პუტინი მკვლელად?” ბაიდენმა კი უპასუხა: “ჰმმ… დიახ!” “ბაიდენს, საერთოდ, არ უსვამენ კითხვას შეუთანხმებლად, ასე მხოლოდ ტრამპს “გამოიჭერდნენ” ხოლმე. დემოკრატიული პარტიის დისციპლინა გამორიცხავს მსგავს რამეს ბაიდენთან.
ბაიდენის სიტყვები არ შეიძლება მივაწეროთ ხანდაზმულობით გამოწვეულ დემენციას. ღა, სტეფანოპულოსს, ფსაკის, თეთრი სახლის პრესკორპუსის წარმომადგენლებს _ ყველას დემენცია სჭირს? ყველაფერს აქვს საზღვარი, რომელსაც დიპლომატიურ ენაზე “წითელ ხაზს” უწოდებენ. და, თუ ამერიკელებმა ეს ხაზი გადაკვეთეს, მაშინ არანაირი მოლაპარაკება არ გაიმართება, სანამ თეთრი სახლი ამ ნათქვამის დეჟავიურებას არ მოახდენს”, _ განაცხადა დრობნეცკიმ.
აღსანიშნავია, რომ თვით ამერიკელებიც გააღიზიანა ბაიდენის ნათქვამმა, ტელეარხ Fox New-ის მაყურებლებს მწვავე რეაქცია ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტის გამხდომაზე რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. ბევრი ამერიკელი ფიქრობს, რომ ბაიდენის ქმედებების გამო ქვეყანას შეიძლება პრობლემები შეექმნას. ბევრმა ბაიდენს მოუწოდა, ბოდიში მოიხადოს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ დაუფიქრებელი და დაუსაბუთებელი გამონათქვამების გამო.
“არც რუსეთს, არც ჩინეთსა და არც კორეას არ ეშინიათ ამერიკის. ბაიდენი, უბრალოდ, “მაგარი ბიჭის” როლს თამაშობს, მაგრამ მსოფლიოს ყველა კუთხეში ადამიანები იცინიან ამერიკაზე, რომელსაც ასეთი სუსტი ე.წ. ლიდერი ჰყავს”, _ დაწერა სოციალური ქსელის ერთ–ერთმა მომხმარებელმა.
18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას პირდაპირ ეთერში დიალოგი შესთავაზა, მაგრამ ბაიდენმა თავი აარიდა ღია დისკუსიას. “დარწმუნებული ვარ, დადგება ეტაპი და ჩვენ ვისაუბრებთ”, _ განუცხადა მან ჟურნალისტებს. მოგვიანებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ “ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს საჭირო მომენტში შეხვდებიან”.
vz.ru–სა და ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
P.S. ჯო ბაიდენი, როგორც ჩანს, უკვე აღარ მიიჩნევს თავს აშშ–ის პრეზიდენტად. რამდენიმე დღის წინათ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საუბრისას მან კიდევ ერთხელ უწოდა ქვეყნის პრეზიდენტი თავის ვიცე–პრეზიდენტ კამალა ჰარისს და ეს წამოცდენა ვერც კი შეამჩნია.
“ვაშინგტონ პოსტი” უკვე წერს, რომ ჰარისი ახლოსაა პრეზიდენტის სავარძელთან. ექსპერტთა აზრით, ჰარისმა უკვე შეითავსა პრეზიდენტის ბევრი უფლებამოსილება.
გ.გ.