საქართველოში ჩამოსული შვედი დიპლომატი, რომელსაც ეჭვიც კი არ ეპარებოდა იმაში, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დავალებას 3 დღეში პირნათლად შეასრულებდა, თბილისიდან ხელმოცარული ერთი კვირის შემდეგ გაბრუნდა. ამ დღეებში მასმედია იუწყებოდა, რომ დენიელსონმა ორჯერ გადადო დაგეგმილი გამგზავრება, რადგან პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდებოდა. მან თქვა, რომ ისე არ წავიდოდა თბილისიდან, სანამ შედეგს არ დადებდა…
გასულ კვირაში ვწერდით, რომ სხვას შენი დარდი იმდენად აქვს, რამდენადაც ეს მას აძლევს ხელს–თქო და ისიც გვეეჭვებოდა, რომ უცხო კაცის ჩვენს საქმეებში ცხვირის ჩაყოფით ქართული საქმე გაკეთდებოდა, ანუ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება პოზიტიური ნაბიჯები იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოს წინსვლის საქმეში.
თუმცა, საბოლოოდ მისი მისია ისე დასრულდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. “მე ხვალ ბრიუსელში დავბრუნდები და ანგარიშს წარვადგენ პრეზიდენტ მიშელთან. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის”, _ განაცხადა მედიატორმა.
ჰოდა, წავიდა.
აქ კი ისევ ერთმანეთისკენ გაუთავებლად ხელის გაშვერის, ერთმანეთის დადანაშაულების ახალი ტალღა წამოვიდა. უსმენ, კითხულობ მათ ნააზრევს და ფიქრობ: როგორ დაკარგეს სახე და სინდისი?!
რას არ ამბობენ განრისხებულ გულზე _ არანაირი კორექტულობა, არანაირი ტაქტი, პატივისცემა ოპონენტების მიმართ; მხოლოდ დამცირება, დაცინვა, პიროვნული შეურაცხყოფა, უხამსობაც კი.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ცეცხლზე ნავთის დასხმა, ნაჩქარევი და წინდაუხედავი მოქმედებით შეცდომის დაშვება, საჯარო კონფლიქტები, აყალ–მაყალი? როდის უნდა ისწავლონ საკუთარი შეცდომების აღიარება, საკუთარი პოზიციის გამოხატვა ტაქტიანად, თავის მართლებისა და თავდასხმაზე გადასვლის გარეშე?
ზოგჯერ დუმილიც ოქროაო.
არ მოგბეზრდათ გაუთავებელი კამათი ურთიერთშორის, ამდენი დროისა და ენერგიის დახარჯვა კონფლიქტების გაღვივებაში? ხომ ხედავთ, როგორ თანდათან კარგავთ ღირსებას და, რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა, საკუთარ თავს? იმდენ ნიღბებს იცვლით, უკვე თავადაც აღარ გახსოვთ, რომელია თქვენი ნამდვილი სახე, რომელია თქვენი ნამდვილი “მე”.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის იმ წერილზე შეგვეჩერებინა ყურადღება, რომელშიც ადამიანის ნამდვილ “მე”-სა და უფალთან მის დამოკიდებულებაზეა საუბარი.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი: ლოცვამ ფესვი უნდა გაიდგას ჩვენს ცხოვრებაში
ჩვენ, ყველანი, დამწყებნი ვართ და მე არ ვაპირებ, სალექციო კურსის წაკითხვას, უბრალოდ, მსურს, გაგიზიაროთ რაიმე ნაწილობრივ საკუთარი, უფრო მეტად კი სხვისი გამოცდილებიდან.
ლოცვა თავისი არსით შეხვედრაა, შეხვედრა სულისა და ღმერთისა, მაგრამ იმისათვის, რომ ეს შეხვედა რეალური იყოს, ორივე პიროვნება, რომლებიც მასში მონაწილეობენ, ნამდვილად თავის თავს უნდა წარმოადგენდნენ. ამასთან ერთად, ჩვენ, უმეტესწილად, არარეალურნი ვართ და ღმერთიც ჩვენთვის არარეალურია: ვფიქრობთ, რომ უფალს მივმართავთ, სინამდვილეში კი _ ღვთის სახეს, რომელიც ჩვენს წარმოდგენაშია შექმნილი; გვგონია, რომ ვდგავართ უფლის წინაშე მთელი ჩვენი სიმართლით, მაშინ, როდესაც საკუთარი თავის ნაცვლად მის წინაშე წარმოვადგენთ ვიღაცას, რომელიც ჩვენი ჭეშმარიტი “მე” არ არის _ მსახიობს, დადგმულ სახეს, თეატრალურ პერსონაჟს. თითოეული ჩვენგანი ერთდროულად წარმოადგენს რამდენიმე სხვადასხვა პიროვნებას.
ეს, შესაძლოა, იყოს მდიდარი და ძალიან ჰარმონიული შერწყმა, მაგრამ შესაძლოა, იყოს ფრიად წარუმატებელი შეერთება ერთმანეთის საწინააღმდეგო პიროვნებებისა. ჩვენ სხვადასხვანაირნი ვართ გარემოებიდან და გარემოცვიდან გამომდინარე: სხვადასხვა პიროვნება, რომელიც გვხვდება, ჩვენში სხვადასხვა ადამიანს იცნობს. ასე ხშირად ხდება: თითოეულ ჩვენგანს თავის ნაცნობებს შორის შეუძლია გაიხსენოს ქალბატონი, რომელიც უცხოებთან თავაზიანობის განსახიერებაა, სახლში კი _ ნამდვილი როკაპი; აგრეთვე მრისხანე უფროსი, რომელიც ოჯახურ წრეში ძალზე მოკრძალებულია.
რომელია ჩვენი ნამდვილი “მე”
ლოცვის ჟამს ჩვენი პირველი სირთულე არის ის, რომ ვიპოვოთ, რომელი გამოდგება ჩვენი პიროვნებიდან ღვთის წინაშე წარსადგომად. ეს არცთუ ადვილია, რადგან იმდენად არ ვართ მიჩვეულნი იმას, რომ ვიყოთ ის, რაც ვართ, სინამდვილეში არც ვიცით, ჩვენი პიროვნებებიდან რომელია ჩვენი ნამდვილი “მე”. არც ის ვიცით, როგორ უნდა ვიპოვოთ იგი. მაგრამ, თუკი დღეში რამდენიმე წუთს მივუძღვნით იმას, რომ საკუთარ საქციელსა და ადამიანებთან ჩვენს დამოკიდებულებას დავაკვირდებით, შესაძლოა, მივუხლოვდეთ ამის გარკვევას. შევამჩნევთ, თუ როგორი ადამიანი ვართ ამა თუ იმ პიროვნებასთან შეხვედრისას. მაშინ ჩვენ შევძლებდით, საკუთარი თავისთვის გვეკითხა: როდის წარმოვადგენ სინამდვილეში მართლაც საკუთარ თავს? შესაძლოა, არასოდეს, იქნებ სულ ორიოდე წუთით გარკვეულ მდგომარეობაში, გარკვეულ ადამიანებთან. და აი, ამ ხუთი თუ ათი წუთის განმავლობაში, რომელიც შეგიძლიათ გამოყოთ, აღმოაჩენთ, რომ არაფერია თქვენთვის საკუთარ თავთან მარტო დარჩენაზე უფრო მოსაწყენი.
საქმე მხოლოდ ის როდია, რომ, გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოვადგენთ სხვადასხვა ადამიანთა მთელ სერიას, არამედ თვით ჩვენი ცხოვრება ხშირად სულაც არ არის ჩვენი _ ეს სხვა ადამიანთა ცხოვრებაა. თუ საკუთარ თავში ჩაიხედავთ და იკითხავთ, რამდენად ხშირად ამოდიხართ საკუთარი სულის სიღრმიდან, რამდენად ხშირად გამოხატავთ საკუთარ ჭეშმარიტ “მეს”, მაშინ დაინახავთ, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ძალიან ხშირად ვართ დაკავებული სხვადასხვა უმნიშნველო წვრილმანით, რომელიც ჩვენ გარშემოა; და აი, ამ დროის განმავლობაში, გულისყურის მოკრების ამ მცირე წუთებში, უნდა მივატოვოთ ყველაფერი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის.
“უფალო, დამეხმარე, რათა გავთავისუფლდე ყოველგვარი სიყალბისაგან…”
ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, თქვენ დგახართ იმ საშიშროების წინაშე, რომ საკუთარ თავთან მოიწყენთ; დაე, იყოს ასე; ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენში არაფერი რჩება, რადგან ჩვენი არსების სიღრმეში ღვთის ხატად ვართ შექმნილნი და ყოველგვარი უსარგებლობის ჩამოშორება ძალიან ჰგავს ძველი კედლის მხატვრობის ანდა დიდი მხატვრის ნახატის გაწმენდას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მხატვრის მიერ შექმნილი ჭეშმარიტი სილამაზე უგემოვნო ადამიანებმა გადაღებეს. თავდაპირველად, რაც მეტად ვასუფთავებთ, მით მეტად ჩანს სიცარიელე და გვეჩვენება, რომ მხოლოდ წავახდინეთ ის, რასაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა მცირეოდენი სილამაზე მაინც; თუნდაც ცოტა, მაგრამ მაინც რაღაც იყო. შემდეგ კი ჩვენ უკვე ვიწყებთ ნამდვილი სილამაზის შეცნობას, რომელიც უდიდესმა მხატვარმა თავის ქმნილებაში ჩადო; ჩვენ ვხედავთ უბადრუკობას, შემდეგ შუალედში _ სრულ ქაოსს, მაგრამ, ამავე დროს, შეგვიძლია ჭეშმარიტი სილამაზის ამოცნობაც. და მაშინ აღმოვაჩენთ, რაც ვართ: უბადრუკი არსება, რომელსაც ღმერთი ესაჭიროება, მაგრამ არა იმისთვის, რომ სიცარიელე შეავსოს, არამედ იმისათვის, რომ ღმერთს შეხვდეს.
მაშ ასე, შევუდგეთ ამას და, გარდა ამისა, კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს ვილოცოთ ძალიან მარტივი სიტყვებით: “უფალო, დამეხმარე, რათა გავთავისუფლდე ყოველგვარი სიყალბისაგან და ვიპოვო ჩემი ნამდვილი “მე”.
მწუხარება და სიხარული ღვთის უდიდესი წყალობაა. ხშირად ამ დროს საკუთარ თავს ვხვდებით, როდესაც ვტოვებთ ყველა ჩვენს უმსგავსო ხრიკებს და ვხდებით უვნებელნი, მიუწვდმოელნი ცხოვრების ყველა სიცრუისათვის.
ერთიც უნდა აღინიშნოს: როდესაც ყმაწვილს გოგონა უყვარს, თავის წარმოდგენაში ამკობს მას ყოველგვარი სრულყოფილებით, რომელთაგან, შესაძლოა, არც ერთი არ ჰქონდეს. ძალიან ხშირად ეს გოგონა არარაა; მართლაც მას, უბრალოდ, არარსებულ ღირსებებს მიაწერენ. ასეთი შემთხვევაში კონტაქტი არ მყარდება, რადგან ყმაწვილი მას ისე მიმართავს, როგორც არასებულს. ასევე ხდება ღმერთთანაც. ჩვენ გვაქვს გარკვეული აზრობრივი და მხედველობითი წარმოდგენები ღმერთზე, რომელიც შეკრებილია წიგნებიდან, ტაძარში მოსმენილიდან, იქიდან, რაც ბავშვობაში უფროსებისაგან გვსმენია მის შესახებ; და ძალიან ხშირად ეს სახეები არ გვაძლევენ რეალურ ღმერთთან შეხვედრის შესაძლებლობას. ისინი მთლად ცრუ არაა, რადგან მასში არის ჭეშმარიტების ნაწილი, მაგრამ, ამასთან ერთად, არ შეესაბამება რეალურ ღმერთს. თუ ღმერთთან შეხვედრა გვინდა, ერთის მხრივ, უნდა ვისარგებლოთ იმ ცოდნით, რომელიც შევიძინეთ პირადად კითხვის ანდა მოსმენის საშუალებით, მაგრამ, ამავე დროს, წინსვლა უნდა განვაგრძოთ.
დღევანდელი ჩვენი ცოდნა ღვთის შესახებ გუშინდელი გამოცდილების შედეგია, და თუ მივმართავთ ისეთ ღმერთს, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, მხოლოდ საკუთარ წარსულს დავუწყებთ ყურებას და ყოველთვის ზურგშექცეულნი აღმოვჩნდებით აწმყოსა და მომავალთან. ასეთი მოქცევით ჩვენ ვცდილობთ, შევხვდეთ არა ღმერთს, არამედ იმას, რაც უკვე ვიცით ღმერთის შესახებ. ეს ღვთისმეტყველების ფუნქციის ილუსტრირებაა, რამეთუ ღვთისმეტყველება – ეს არის მთელი ადამიანური ცოდნა ღმერთის შესახებ და არა ის მცირედი, რისი შეტყობაც მის შესახებ ჩვენ უკვე მოვასწარით. თუ გინდათ შეხვდეთ ისეთ ღმერთს, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა მიხვიდეთ მასთანა ცნობილი გამოცდილებით, რათა მან ღმერთთან ახლოს მიგიყვანოთ, მაგრამ შემდეგ უდნა დატოვოთ ეს გამოცდილება და დადგეთ არა იმ ღვთის წინაშე, რომელსაც იცნობთ, არამედ იმ ღმერთის, რომელიც ერთდროულად უკვე ცნობილიცაა და ჯერ კიდევ ამოუცნობიც.
რა იქნება შემდგომ? შესაძლოა, ღმერთი მოვიდეს შენთან, შეგეხმიანოს, უპასუხოს შენს ლოცვებს, შეუძლია, მოვიდეს და გაგრძნობინოს თავისი მყოფობა; მაგრამ მას შეუძლია, არც გააკეთოს ეს; მას შეუძლია, გაგრძნობინოს თავისი არყოფნა და ეს გამოცდილება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პირველი, რადგან ორივე შემთხვევაში ეხებით ღვთაებრივ უფლებას, გამოგეხმაურებათ თუ არა იგი თქვენ.
ასე რომ, შეეცადეთ, იპოვოთ საკუთარი ნამდვილი “მე”, და ღვთის წინაშე დააყენოთ იგი ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, ყოველგვარი ცრუ სახეებისა და კერპების გარეშე. ამაში რომ დაგეხმაროთ, საყრდენი რომ მოგცეთ, გთავაზობთ, ერთი კვირის განმავლობაში ილოცოთ შემდეგი სიტყვებით: “უფალო, დამეხმარე, გავთავისუფლდე შენი ყოველგვარი ცრუ სახისაგან, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს ეს”.
ვისაუბროთ უფალთან გულახდილად
საკუთარი ნამდვილი “მეს” ძიებაში ჩვენ, შესაძლოა, არა მხოლოდ მოგვწყინდეს (რის შესახებაც მე გესაუბრებოდით), არამედ შეგვიპყროს საშინელების, თვით სასოწარკვეთილების გრძნობამდეც კი. სულის ამგვარი სიშიშვლე გვაფხიზლებს; მაშინ ლოცვის დაწყებაც შეგვიძლია. პირველი, რასაც თავი უნდა ავარიდოთ, არის სიცრუე ღვთის წინაშე; ვფიქრობთ, რომ ეს სრულიად ნათელია, და მაინც, ყოველთვის როდი ვიქცევით ასე. ვისაუბროთ უფალთან გულახდილად, ვუთხრათ, ვინც ვართ; არა იმიტომ, რომ მან არ იცის ამის შესახებ; მაგრამ ერთი საქმეა იმ ფაქტის მიღება, რომ ვიღაც ჩვენმა მოყვარულმა იცის ჩვენ შესახებ, და სულ სხვაა, გამოიჩინო მამაცობა და ჭეშმარიტი სიყვარული ამ პიროვნების მიმართ, რათა სიმართლე უთხრა მას და ყველაფერი უამბო საკუთარ თავზე. გულახდილად ვაღიაროთ უფალთან, რომ თავს უხერხულად ვგრძნობთ, როდესაც ამრიგად ვდგავართ მის წინაშე, რომ არ გვაქვს ჭეშმარიტი სურვილი მასთან შეხვედრისა, რომ დავიღალეთ და ძილი გვირჩევნია. მაგრამ, ამასთან ერთად, ვუფრთხილდეთ თვითნებობას ანდა უბრალოდ კადნიერებას მის წინაშე _ ის ჩვენი ღმერთია. ყოველივე ამის შემდეგ კარგი იქნებოდა, სიხარულით დავრჩენილიყავით მასთან მყოფობაში, როგორც ძლიერ მოსიყვარულე ადამიანებთან, რომლებთანაც გულწრფელი სიახლოვე გვაკავშირებს. ჩვენ არ განვიცდით ისეთ სიხარულსა და სიახლოვეს ღმერთთან, რომ უბრალოდ, ვისხდეთ და ვუყუროთ უფალს და ამით ბედნიერნი ვიყოთ. და თუ გვიხდება საუბარი, დაე, იგი გულწრფელი იყოს. მივანდოთ ჩვენი ყოველგვარი საზრუნავი ღმერთს, ვუამბოთ მას ყველაფერი ისე, რომ მან ჩვენს შესახებ ჩვენგანვე შეიტყოს, მივანდოთ მზრუნველობა ჩვენს საზრუნავზე. ახლა, როდესაც იგი ჩვენზე ზრუნავს, სადარდებელი აღარაფერი გვაქვს: თავისუფლად შეგვიძლია ვიფიქროთ მასზე.
ნათელია, რომ ამ კვირის სავარჯიშო იმაში მდგომარეობს, რომ შეუერთო იგი მომდევნო კვირის სავარჯიშოს; ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ღვთის წინაშე დააყენო და ისწავლო, ღმერთს მიანდო ყველა შენი საზრუნავი; იმისათვის, რომ ამაში შეწევნა მიიღო, ყოველდღიურად უნდა გაიმეორო მარტივი და კონკრეტული ლოცვა: “დამეხმარე, ღმერთო, დავივიწყო ყველა საზრუნავი და მთელი ჩემი აზრები მხოლოდ შენკენ მოვმართო”.
სანამ უპასუხოდ დარჩენილ ლოცვებზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა ვთხოვო ღმერთს, რომ განმანათლოს მეც და თქვენც, რამეთუ ეს რთული და, ამავე დროს, ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი თემაა. ეს ერთ-ერთი უდიდესი განსაცდელთაგანია, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება შეემთხვას და რომლის გამოც დამწყებთაც და თვით ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც ლოცვის გამოცდილება აქვთ, ძალიან უჭირთ ლოცვა. ასე ხშირად ლოცულობენ ადამიანები და ეჩვენებათ, რომ ცარიელ ზეცას მიმართავენ.
როდესაც ჩვენთვის ზურგის ქარს ვითხოვთ, არ ვუფიქრდებით იმას, რომ ეს, შესაძლოა, სხვებისთვის ზღვაზე ატეხილი ქარიშხალი აღმოჩნდეს
ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ მათი ლოცვა უაზრო ბავშვობაა. მახსოვს, ერთი ასაკოვანი ადამიანი მიამბობდა, რომ ბავშვობაში მრავალი თვის განმავლობაში სთხოვდა ღმერთს, ებოძებინა მისთვის განსაკუთრებული უნარი, რომელიც მის ბაბუას ჰქონდა _ ყოველ საღამოს გამოეღო კბილები პირიდან და წყლიან ჭიქაში შეენახა ისინი, და რაოდენ ბედნიერი იყო იგი შემდგომ, რომ ღმერთმა მისი სურვილი არ შეასრულა. ხშირად ჩვენი ლოცვა ისევე ბავშვურია, როგორც ეს, და, რასაკვირველია, ისინი აღუსრულებელი რჩება. ძალიან ხშირად დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორად ვლოცულობთ, მაგრამ ვლოცულობთ რაღაცის შესახებ, რაც სხვა ადამიანებსაც ეხება, მათ შესახებ არც კი ვფიქრობთ. როდესაც ჩვენთვის ზურგის ქარს ვითხოვთ, არ ვუფიქრდებით იმას, რომ ეს, შესაძლოა, სხვებისთვის ზღვაზე ატეხილი ქარიშხალი აღმოჩნდეს; მაშინ ღმერთი არ ასრულებს ჩვენს სათხოვარს, რომელიც სხვებს ზიანს მოუტანს.
ამ ორი თვალსაჩინო მომენტის გარდა, არსებობს კიდევ საკითხის სხვა მხარე. უფრო არსებითი და ღრმა: ხდება, რომ ჩვენ მთელი გულით ვლოცულობთ ღვთის წინაშე რაიმეს შესახებ, რომელიც ყველა თვალსაზრისით თითქოს ღირსია, რომ შესმენილ იქნას, მაგრამ მხოლოდ დუმილი გვაქვს პასუხად, ამის გადატანა კი გაცილებით მძიმეა, ვიდრე უარი. თუ ღმერთი გვეტყვის “არა”, ეს მისი მხრიდან მაინც იქნება დადებითი რეაქცია, დუმილი კი თითქოს ღვთის არყოფნაა, და მას ორ განსაცდელთან მივყავართ: როდესაც ჩვენი ლოცვა უპასუხოდ რჩება, ჩვენ ეჭვი გვიპყრობს ან ღვთის, ანდა საკუთარი თავის მიმართ. ღმერთთან დამოკიდებულებაში ჩვენ ეჭვი გვეპარება არა მის ყოვლისშემძლეობაში, არა მის ძალაუფლებაში გააკეთოს ის, რაც შენ გსურს, არამედ მის სიყვარულში, მის მონაწილეობაში. ჩვენ ვითხოვთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, უფალი კი თითქოს ყურადღებას არ გვაქცევს; სად არის მისი სიყვარული, მისი თანაგრძნობა? ეს პირველი განსაცდელია.
არის მეორე განსაცდელიც. ჩვენ ვიცით, რომ თუ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გვექნება, მთებს გადავდგამდით ადგილიდან, და როდესაც ვხედავთ, რომ ადგილიდან არაფერი იძვრის, ვფიქრობთ: “შესაძლოა, ეს ნიშნავს, რომ ჩემი რწმენა რაღაცით ბიწიერი და არაჭეშმარიტია?” ეს კვლავ არამართებულია და მასზე სხვა პასუხი არსებობს: თუ თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ სახარებას, დაინახავთ, რომ მასში მხოლოდ ერთი უპასუხო ლოცვაა. ეს არის ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ თუკი ოდესმე მთელი ისტორიის მანძილზე ღმერთი ვინმეს ლოცვაში მონაწილეობდა, ეს, რასაკვირველია, სწორედ თავისი ძის ლოცვაში ჯვარცმის წინ; ვიცით ისიც, რომ, თუ ოდესმე ყოფილა სრულყოფილი ლოცვის მაგალითი, ეს იყო სწორედ ის შემთხვევა. მაგრამ ღმერთმა ჩათვალა, რომ ღვთაებრივი ტანჯულის რწმენა საკმაოდ ძლიერი იყო იმისათვის, რომ დუმილი აეტანა.
ღმერთი არ პასუხობს ჩვენს ლოცვებს არა მხოლოდ მაშინ, როცა ისინი უღირსია, არამედ მაშინაც, როდესაც ის ჩვენში ისეთ სიღრმეს ხედავს, _ სიღრმესა და რწმენის ძალას, რომ მას შეუძლია გვენდოს იმაში, რომ ჩვენ ერთგულნი ვიქნებით მისი დუმილის შემთხვევაშიც კი.
მახსოვს ერთი უკურნებელი სენით დაავადებული ქალი; მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იგი ღვთის თანამყოფობის შეგრძნებით, შემდეგ კი უეცრად მისი არყოფნა იგრძნო _ მართლაც რეალური არყოფნა. მაშინ მან მომწერა: “თუ შეიძლება, ილოცეთ ღვთის წინაშე, უმჯობესია, რომ მე არასოდეს შევქმნა ილუზია მისი თანამყოფობისა, რომ მივიღო მისი არყოფნა”. მისი რწმენა დიდი იყო. მას შეეძლო, ამ განსაცდელისთვის გაეძლო, და უფალმა გამოაცდევინა თავისი დუმილი და არყოფნა.
“შევვედრებ სულსა ჩემსა ხელთა შენთა, უფალო; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ”
დაიმახსოვრეთ ეს მაგალითები, იფიქრეთ მათზე, რადგან ოდესმე თქვენ, შესაძლოა, აღმოჩნდეთ ასეთივე მდგომარეობაში.
მე ვერავითარ სავარჯიშოს ვერ მოგცემთ; მხოლოდ გახსოვდეთ, რომ უნდა გვქონდეს ურყევი რწმენა და ღვთის სიყვარული და, როდესაც ასეთი განსაცდელი მოვა ჩვენთან, ვიმეოროთ ლოცვა, რომელიც ორი ფრაზისაგან შედგება, რომელიც თვით იესო ქრისტეს მიერაა წარმოთქმული: “შევვედრებ სულსა ჩემსა ხელთა შენთა, უფალო; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ”.
მე შევეცადე, თქვენთვის წარმოდგენა შემექმნა იმ მთავარი გზების შესახებ, რომლითაც ჩვენ ლოცვასთან უნდა მივიდეთ; მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ იმ ყველაფრის აღსრულებით, რაც მე შემოგთავაზეთ, თქვენ ლოცვას ისწავლით? რა თქმა უნდა, არა, რადგან ლოცვა მხოლოდ ძალდატანება როდია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მაშინ, როდესაც ლოცვას ვაპირებთ; ლოცვამ ფესვი უნდა გაიდგას ჩვენს ცხოვრებაში, და თუ ჩვენი ცხოვრება ეწინააღმდეგება ჩვენს ლოცვებს, ანდა ჩვენს ლოცვებს არაფერი აქვს საერთო ჩვენს ცხოვრებასთან, მაშინ ისინი არასოდეს იქნებიან არც ცოცხალნი და არც რეალურნი. რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია, თავი ავარიდოთ ამ სირთულეს, გამოვრიცხოთ ჩვენი ლოცვებიდან ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ლოცვას არ შეესაბამება _ ყველაფერი ის, რისაც ჩვენ გვრცხვენია ანდა საკუთარი თავის წინაშე უხერხულობის გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
მეორე სიძნელე, რომელსაც ჩვენ გამუდმებით ვხვდებით, მეოცნებეობაა: როდესაც ჩვენი ლოცვა სენტიმენტალურ გრძნობებს გამოხატავს და არა იმას, რაც ჩვენი ცხოვრებაა სინამდვილეში.
ამ ორი სიძნელისათვის არსებობს ერთი საერთო გამოსავალი, კერძოდ: ცხოვრება ისე შევაერთოთ ლოცვასთან, რომ ეს იყოს ერთი მთლიანობა, ჩვენი ლოცვა ცხოვრებით აღვასრულოთ. ამაში ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს მზა ლოცვები, რომელთა შესახებაც მე უკვე გესაუბრეთ, რამეთუ ისინი ობიექტური, მკაცრი მაგალითია იმისა, როგორ უნდა ვილოცოთ. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ისინი ჩვენთვის არაბუნებრივია, ეს მართალია იმ აზრით, რომ ისინი გამოხატავენ განუზომლად დიადი ადამიანების ცხოვრებას, ვიდრე ჩვენ ვართ, ჭეშმარიტი ქრისტიანების ცხოვრებას; მაგრამ სწორედ იმიტომ შეგიძლიათ ისარგებლოთ მათით, რომ ეცადოთ გახდეთ ისეთივე ადამიანები, რომელთათვისაც ეს ლოცვა ბუნებრივია.
გახსოვდეთ ქრისტეს სიტყვები: შევვედრებ სულსა ჩემსა ხელთა შენთა. ისინი, რასაკვირველია, ჩვენი საკუთარი გამოცდილების საზღვრებს სცილდება; მაგრამ, თუ ჩვენ ყოველდღიურად ვისწავლით, გავხდეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ეს სიტყვები გალწრფელად წარმოთქვან, მთელი თავისი სიმართლით, ჩვენი ლოცვა არა მხოლოდ რეალური გახდება, არამედ ჩვენ თვითონ გავხდებით რეალურნი, ახალ, ჭეშმარიტ რეალობაში გავხდებით ღვთის ძენი.
თუ თქვენ, მაგალითად, აიღებთ იმ ხუთ ლოცვას, რომელიც მე შემოგთავაზეთ, თუ თქვენ ერთმანეთის მიმდევრობით აიღებთ თითოეულს ამ თხოვნათაგან, თუ შეეცდებით, ისინი დევიზად აქციოთ მთელი დღის განმავლობაში, დაინახავთ, რომ ლოცვა თქვენი ცხოვრების საზომი გახდება, იგი თქვენ ცხოვრების საფუძველს მოგცემთ, მაგრამ თქვენი ცხოვრება თქვენივე მსაჯული გახდება, გამხელთ სიცრუეში, როდესაც წარმოთქვამთ ამ სიტყვებს, ანდა პირიქით, დაადასტურებს იმას, რომ თქვენ მათი ერთგულნი ხართ. აიღეთ თითოეული ლოცვის ყოველი ფრაზა, გამოიყენეთ იგი როგორც წესი, ყოველდღიურად, კვირიდან კვირამდე, სანამ არ გახდებით ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც ეს სიტყვები თვითონ ცხოვრებაა.
ახლა უნდა დავშორდეთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ფიქრით გესაუბრეთ, ჩვენ გვაერთიანებს ლოცვა და საერთო ინტერესი სულიერი ცხოვრების მიმართ; და იყოს უფალი ღმერთი ჩვენი თითოეულ თქვენთაგანთან და ჩვენს შორის უკუნითი უკუნისამდე.
სანამ დავშორდებოდეთ, მე ვთავაზობ მკითხველს, ჩემთან ერთად წარმოთქვას ერთი მოკლე ლოცვა, რომელიც შეგვაერთებს ღვთის ტახტის წინაშე:
უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ. გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.
მამაო! მეც მონასა შენსა _ რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ–ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებასა ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ!
ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.
თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ. მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი.
მასწავე მე ლოცვაი შენი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა. ამინ! (მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი).
გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი”, #32, 2003 წ.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე