Home რუბრიკები პოლიტიკა ნარკოტიკები და პოლიტიკა

ნარკოტიკები და პოლიტიკა

ნარკოტიკები და პოლიტიკა

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #9, 2021 .

ისლამური სახელმწიფო

ისლამური სახელმწიფო” (ISIS) _ აკონტროლებდა ერაყისა და სირიის საკმაოდ დიდ ტერიტორიებს. მან თავისი სიმდიდრით, სამხედრო შესაძლებლობითა და გაკონტროლებული ტერიტორიის ფართობით გადააჭარბაალქაიდას”. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის წყაროები ადასტურებენ, რომ ISIS ჰქონდა 3 მილიონი აშშ დოლარი დღეში მხოლოდ ნავთობის გაყიდვიდან. დაფინანსებას “ისლამური სახელმწიფო” საკუთარი წევრების კრიმინალური საქმიანობიდან, მათ შორის ნარკოტიკებიდან, სხვა სუნიტური ქვეყნებიდანაც იღებდა. იგი წარმოადგენდა ისტორიაში ყველაზე მდიდარ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც ზუსტად იყენებდა “ჰეზბოლას” ტაქტიკას, აყალიბებდა ადგილობრივ მთავრობას სირიასა და ერაყში და ცდილობდა, ხელში ჩაეგდო სახელმწიფოთა მმართველობის ფუნქციები. ტერორიზმი მათ ყველაზე მძლავრ იარაღად მიაჩნდათ და ამ გზით ცდილობდნენ, დაესაჯათ და დაეშინებინათ დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც.

მსოფლიო თანამეგობრობას მრავალი წელი დიდი ეკონომიკური ძალისხმევა და საკმაოდ დიდი ოდენობის ადამიანური რესურსი დასჭირდა, რათა შეეჩერებინა “ისლამური სახელმწიფოს” გაძლიერება და შეეკვეცა მისი მოქმედების არეალი. სამწუხაროდ, ამ პრობლემის გადაჭრა კიდევ ბევრ ძალისხმევასა და სახელმწიფოთა მუდმივად ერთიან მოქმედებას მოითხოვს.

დავუბრუნდეთ საკვლევ ნარკოტიკების თემას. მსოფლიო თანამეგობრობის მიერ განხორციელებული მრავალმხრივი ღონისძიებების მიუხედავად, პლანეტაზე ოპიუმის ყაყაჩოს (ხაშხაშის) ნათესების ოდენობა არ მცირდება. მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 5000 ტონა ოპიუმს აწარმოებენ, რომელიც საერთაშორისო ნარკობიზნესს 480-500 ტონა ჰეროინის დამზადების საშუალებას აძლევს. ბოლო 20 წლის განმავლობაში დანაშაულებრივმა ორგანიზაციებმა მსოფლიოში დაახლოებით 90 000 ტონა ოპიუმი აწარმოეს, დაამზადეს 9 000 ტონა ჰეროინი.

მიზეზები კი იგივეა, რაც წინა საუკუნეში _ არ არსებობს ერთიანი მიდგომა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ. რიგი სახელმწიფოების ხელმძღვანელები ვერ ან არ აცნობიერებენ, რომ ნარკოტიკები მსოფლიო პრობლემაა და რომ ვერც ერთი სახელმწიფო თავის ტერიტორიის ფარგლებში დამოუკიდებლად ვერ მიაღწევს წარმატებას მასთან ბრძოლაში. ხშირად ასეთი ხელმძღვანელები საჯაროდ ხელს აწერენ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ტრაქტატებს, ზურგს უკან კი ხელს უწყობენ მისი წარმოებისა და ტრანზიტის დაცული არხების არსებობას.

სწორედ ამ პრობლემას მიეძღვნა ამერიკელი კონგრესმენის, ალფრედ მაკკოის, მიერ 1972 წელს გამოქვეყნებული წიგნი “ჰეროინის პოლიტიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში”. ექვსასგვერდიან ნაშრომში ფუნდამენტურად არის გააანალიზებული ნარკოტიკების პოლიტიკურად გამოყენების ისტორია მისი აღმოჩენიდან დღემდე, მათ მნიშვნელობა ინდოჩინეთისა და ვიეტნამის ომებს შორის პერიოდში.

მოქალაქისთვის, რომელიც მოწმეა ნარკოტიკებით მომრავლებული ყოველდღიური საშინელებების, ვერ წარმოუდგენია, რომ მთავრობებიც კი რამენაირად იყოს ჩართული ამ საწამლავით საერთაშორისო სპეკულაციაში. არადა, მსოფლიო ისტორია საპირისპიროს ადასტურებს, ამის ნათელი მაგალითია, შემდეგი ისტორიული ფაქტი:

ცივი ომისპერიოდში, როცა ძალაუფლების მოპოვებისთვის კონკურენცია დომინირებდა, ნარკოტიკების პრობლემაც საერთო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩინეთის რესპუბლიკაში ოპიუმის წარმოებასა და ჰეროინის დამზადებასთან წარმოქმნილი პოლიტიკური დაპირისპირება.

50-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰეროინის ექსპორტისა და ნარკოტიკებით ნაღდი ფულის მოპოვების მიზნით ჩინეთი მტრებისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.

60-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის განხეთქილება ჩამოვარდა, საბჭოთა კავშირმა მაოისტების წინააღმდეგ მსგავსი კამპანია წამოიწყო.

ყველას გასაოცრად, აშშ-მა ჩინეთს დაუჭირა მხარი და ამტკიცებდა, რომ საბჭოთა კავშირი ცილს სწამებდა დიდ ჩინელ ხალხს. ცხადია, საერთაშორისო დებოშის მთავარი ფაქტორი ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის მიმდინარე ცივი ომის პოლიტიკა და გეოპოლიტიკური ინტერესები იყო.

იგივე ისტორია გვიჩვენებს, რომ დიპლომატები, საიდუმლო აგენტები და პოლიციელები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში სამ დონეზე იყვნენ ჩართული:

* შემთხვევითი თანამონაწილეობა იმ პირებთან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ნარკოტიკებით არაკანონიერ საქმიანობაში;

* ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის გაწეული დახმარება, რომელიც ხელს აფარებს ნარკოდანაშაულში მონაწილე ადამიანებს და ლმობიერია მათი მოქმედების მიმართ;

* აქტიური თანამონაწილეობა კოკაინის, ოპიუმისა და ჰეროინის ტრანსპორტირებაში.

ბედის ირონია კი ისაა, რომ ნარკოტიკები მთელი სისასტიკით სჯიდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც საკუთარი მოქმედებით თუ უმოქმედობით ახალისებდნენ მის წარმოება-მოხმარებას.

ოპიუმის ყაყაჩოს ნათესები ავღანეთში და მისი პროდუქტების გავრცელების ვექტორები

ბოლო წლებში ავღანეთში ჩამოყალიბდა მძლავრი საწარმოო და ფინანსური სისტემა, რომელიც მოიცავდა ინდუსტრიის ყველა სტადიას: ოპიუმის ყაყაჩოსაგან ნედლეულის შეგროვებას, საწყობებში ცენტრალიზებულად გადაზიდვას. ოპიუმის პროდუქტის _ ჰეროინის დიდი ნაწილი ადგილზე მზადდება, რადგან იგი წონაშიც ნაკლებია, არ აქვს ოპიუმისათვის დამახასიათებელი მკვეთრი სუნი და გადასაზიდად უფრო ადვილია თეთრი ფერის ფხვნილის სახით (რძის ფხვნილი, საკვები ფქვილი, პარფიუმერიის ნაწარმი და სხვა დასახელებით).

ავღანეთში 400 ლაბორატორიაზე მეტი ფუნქციობს, მათ შორის 80-მდე უშუალოდ ავღანეთის-პაკისტანის-ირანის-ტაჯიკეთის საზღვარზეა განთავსებული. მორფინისა და ჰეროინის დამზადების შემდეგ გასაღების ქვეყნებში მისი ტრანსპორტირება ქვევით მოცემული მარშრუტებით ხორციელდება:

1.ავღანეთიდან ცენტრალურ აზიაში და შემდეგ დასავლეთში ჩრდილოეთის ანაბრეშუმის გზით”;

2.ავღანეთიდან ირანის გავლით თურქეთში ან აზერბაიჯანში და შემდეგ ბალკანეთის მარშრუტით სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიმართულებით.

ჰეროინის ძველი და ახალი მარშრუტები

ბოლო წლების მონაცემები მიგვითითებს, რომ ადამიანები ევროპაში ოპიუმის პროდუქტებიდან განსაკუთრებით ხშირად ჰეროინს მოიხმარენ, რომელიც ყველაზე დამაზიანებელია ევროპის კონტინენტის ნარკომომხმარებელთათვის. უკანონო ბაზარზე სხვა ოპიატებითაც ვაჭრობენ, ესენია: მორფინი, ომნოპონი, კოდეინი და ა.შ.

კვლევების საფუძველზე ევროპაში, სადაც 1,5 მილიონი ოპიატების მომხმარებელია, წელიწადში 250-300 ტონა ჰეროინის მოთხოვნილებაა, თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს უკანონო ბრუნვიდან ევროპაში 19,7 ტონა ჰეროინი ამოიღეს. უნდა გავითვალისწიოთ, რომ თურქეთში, რომელიც ბალკანური მიმართულებით ევროპისთვის ჰეროინის მთავარი მიმწოდებელია, ბოლო ათწლეულში ჰეროინის ყველაზე დიდი პარტიებია ამოღებული: 2017 წელს _ 17,4 ტონა, 2018 წელს _ 17,7 ტონა. უნდა ვივარაუდოთ, რომ უკანონო ნარკოტიკის გარკვეული რაოდენობა სპეცსამსახურების ყურადღების მიღმა რჩება.

ევროპაში ჰეროინის უდიდესი ნაწილიოქროს ნახევარმთვარისქვეყნებიდან _ ავღანეთიდან, ირანიდან და პაკისტანიდან შედის.

ბოლო პერიოდში ვითარდება ახალი მარშრუტები: ავღანური ჰეროინის გადანაწილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბელგია და ნიდერლანდები. ისინი ამარაგებენ ყველაზე მსხვილ მომხმარებელ ქვეყანას _ გაერთიანებულ სამეფოს, ბოლო წლებში კი _ საფრანგეთს, გერმანიასა და ესპანეთს. ჰეროინის გადაზიდვას ევროკავშირში თურქული და სხვა აზიური კრიმინალური დაჯგუფებები განაგებენ.

ევროპა ნარკოტიკებით მარაგდება ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, ირანის აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან სუეცის არხის გავლითაც. პაკისტანის გავლით ავღანური ჰეროინი ევროპაში საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების გზით შეაქვთ: იზრდება ყარაჩის საზღვაო პორტის მნიშვნელობა.

სულ უფრო ხშირად გამოიყენებენ შავი და კასპიის ზღვების აუზის მიმართულებას, რომელიც იწყება ირანში, გადის კასპიის ზღვით აზერბაიჯანზე, საქართველოზე, უკრაინასა და რუმინეთზე.

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თურქეთი ტრადიციულად მაინც ევროკავშირში ჰეროინის ტრაფიკის მთავარ დერეფნად რჩება. ზუსტად აქ იწყებაოქროს სამკუთხედისქვეყნებიდან ნარკოტიკების გადაზიდვის ბალკანეთის მარშრუტი და სინთეზური ნარკოტიკები და პრეკურსორები კი საპირისპირო მიმართულებით გადაიზიდება.

როგორც კი ოპიუმის წარმოებამ ავღანეთში სამხრეთ პროვინციებისკენ გადაინაცვლა, ნარკოტიკების გადაზიდვამ “აბრეშუმის” გზიდან “ბალკანეთის” მიმართულებით გადაინაცვლა. ბალკანეთის გზის ევროპულ მონაკვეთზე 2010 წელს ამოიღეს ჰეროინის თითქმის 60% (1996 წელს _ მხოლოდ 6%). ნარკოტიკები გადააქვთ მცირე პარტიებით (20-200კგ) სატვირთო და მსუბუქ ავტომანქანებში, ავტობუსებში მოწყობილი სამალავებით.

ექსპერტების დაკვირვებით, ბალკანეთის ტერიტორიაზე (ალბანეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია) წარმოიქმნა ახალი ნარკოსამკუთხედი, რომელშიც ჰეროინი რაფინირდება, საწყობდება და დასავლეთ ევროპაში ვრცელდება.

ნარკოტიკებთან მებრძოლი სპეცსამსახურების გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ნარკოტიკების ყველაზე რთული, შენიღბული და მკაცრად კონსპირირებული გზა თურქმენეთის მარშრუტი აღმოჩნდა. ამ მიმართულებით გადაზიდული ჰეროინი კუშკისა და მარის ვილაიეთებში (რაიონებში), შემდეგ თურქმენბაშიდან (კრასნოვოდსკი) ასტრახანში საწყობდებოდა. შემდეგ გადაჰქონდათ ნოვოროსიისკში, იქიდან გემებით _ დანიშნულების ადგილზე. ჩართული იყო საჰაერო გზაც _ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან, ნოვოსიბირსკიდან, სამარიდან და .. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამოთვლით, ჰეროინზე რუსეთის მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქ ყოველწლიურად 75 ტონა ჰეროინი ილექება. უახლოეს პერიოდში გაიზრდება რუსეთის, როგორც ევროკავშირში მთავარი ტრანზიტული დერეფნის, როლი, რასაც განაპირობებს ავღანეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის არსებული საზღვრების გამჭვირვალობა, ხოლო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებული მყარი კავშირები, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის ამ პრობლემასთან ეფექტიან ბრძოლას. მაგალითად, 2019 წელს ტაჯიკმა მესაზღვრეებმა უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს მხოლოდ 172 კგ ჰეროინი.

დასასრული შემდეგ ნომერში

ჯემალ ჯანაშიაიურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

უშიშროების გენერალმაიორი

ჯემალ ჯანაშია

2 COMMENTS

  1. დავითი – ბატონო ჯემალ დარწმუნებული ვარ თქვენ როგორც საქართველოს ნარკოტიკებთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს პირველი ჩამომყალიბებელი და ხელმძღვანელი (ბოდიშს გიხდით თუ ზუსტად ვერ დავასახალე ეს ბიურო) ძალიან კარგად იცით თუ პირველად, ანუ 60-იანი წლების შუადან, ვინ დაიწყო ნარკოტიკული ნივთიერებების ექსპორტი დასავლეთში და რომელი ტერიტორია გამოიყენებოდა ძირითადად მისი ექსპორტისათვის. რასაკვირველია თქვენ იცით, რომ ეს სსრკ-ს სპეცსამსახურები და მათი წარმომადგენლები იყვნენ. დარწმუნებული ვარ თქვენ ისიც კარგად მოგეხსებეთ, რომ სწორედ ამიტომ მოხდა ე.წ. ,,კანონიერი ქურდი”-ს ორდენის აღდგნა სსრკ-ს ტერიტორიაზე, რათა მათი მეშვეობით ეწარმოებინა სპეცსამსახურებს ნარკოტიკების ტრანზიტი. რატომ დუმხართ ამაზე?????????? ბარემ ისიც თქვით, რომ სსრკ 1979 წელს იმისთვის შეიჭრა ავღანეთში, რომ სწორედ ეს იყო მიზეზი თუ არ ვცდები ავღანეთის იმ დროის პრეზიდენტის ამინის გადაყენებისა და მისი შეცვლის. მაშინ აშშ მართლაც კარგად მოიქცა, მაგრამ შემდეგ თვითონ რომ შეჯლიგინდა ავღანეთში და უფრო უარესი რომ გააკეთა და დღემდე აგრძელებს, დემოკრატიის ლოზუნგით, რატომ ამას არ ამბობთ? რატომ არ ამბობთ, რომ ჩინეთმა მაგიტომ დაიწყო სსრკ-ს წინააღმდეგ მოქმედება, რომ აშშ-მ დაუმტკიცა მას, რომ სსრკ ავღანეთში სწორედაც რომ ნარკოტიკების გამო შეიჭრა და იქიდან საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. სწორედაც, რომ ჩინეთმა იცოდა და იცის ის საზარელი მოვლენები რაც ნარკოტიკებს მოჰყვება ხოლმე რადგანაც ინგლისმა და აშშ-მ მე-19 საუკუნის ბოლოს 40 მილიონი ჩინელი შესვა ინდურ ოპიუმზე და იქიდან გამოტანილი სახსრებით დაიწყეს ამ ქვეყნებმა სწრაფი ინდუსტიალიზაცია, რითაც მთელ მსოფლიოს გადაასწრეს და კიდევ ათასი სხვა რასაც თუ ინებებთ გაგახსენებთ, რადგან თქვენ ოსტატურად უვლით გვერდს. სათქმელი უნდა ითქვას თავს ნუ იკავებთ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ თქვენ ეს ყველაფერი და ამაზე მეტიც ძალიან კარგად იცით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  2. დავითი – ჰო კიდევ სსრკ-ს იქ ყოფნის დროს მხოლოდ ოპიუმი გამოჰქონდათ, აი აშშ-მ ტექნოლოგიური პროცესიც ჩაიტანა და ლაბორატორიები შექმნა, სწორედ ამიტომ მიდიოდა და მიდის პაკისტანიდან ამდენი ქიმიური ელემენტები. ღრმა პატივისცემით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here