Home რუბრიკები საზოგადოება სანამ გლობალური დათბობის მიზეზით აქ გამოსაგზავნ ნაგავს გააძვირებენ, ჩვენი მიწა დავამუშავოთ და...

სანამ გლობალური დათბობის მიზეზით აქ გამოსაგზავნ ნაგავს გააძვირებენ, ჩვენი მიწა დავამუშავოთ და იმდენი მაინც შევქმნათ, თავის გამოკვება შევძლოთ

სანამ გლობალური დათბობის მიზეზით აქ გამოსაგზავნ ნაგავს გააძვირებენ, ჩვენი მიწა დავამუშავოთ და იმდენი მაინც შევქმნათ, თავის გამოკვება შევძლოთ

ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო ისე დატოვა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგება თუ შეთანხმება ვერ მოახერხა. როგორც კრილოვის იგავარაკშია, ყველამ თავისკენ გაქაჩა და საბოლოოდ, პოლიტიკური კრიზისი ადგილიდან ვერ დაიძრა.

დანიელსონი წავიდა, და, სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსები არ გაიყოლა, ისინი აქ დარჩნენ და ყოველდღიურად ვუსმენთ, როგორ ემუქრება ერთი მეორეს ევროპითა და ამერიკით. 15 მაისისთვის აქციაც დაგვიანონსეს: ქუჩაში გამოვალთ და ვადამდელ არჩევნებს მოვითხოვთო, რასაც ხელისუფლება, სავარაუდოდ, წაუყრუებს. იქით ციხეში მყოფმა ნიკა მელიამ განაცხადა, დიდი-დიდი, 8-9 თვეს მომიწევს ციხეში ყოფნაო. ვერ გეტყვით, რამდენჯერ გვაქვს ეს ფილმი ნანახი, რამდენჯერ გვინახავს ქუჩაში გამოსული ხალხი და, საზოგადად, თუ აცნობიერებთ, რომ ყველაზე ხშირად ქართველები ვაპროტესტებთ ამა თუ იმ ძალის სათავეში ყოფნას და მისი შეცვლა გვსურს. გამოდის, ვერ მოვიყვანეთ ის ხელისუფლება, რომელსაც ტაშს დავუკრავდით და ქუჩაში, მის გასაკრიტიკებლად კი არა, მადლობის სათქმელად გამოვიდოდით.

ჰოდა, როცა ქართველი საზოგადოებისთვის მთავარ განსახილველ თემად გოგი წულაიას მამაკაცური შესაძლებლობები იქცა, არც ერთ სხვა ქვეყანაში ამაზე, საუბრით კი არა, ფიქრითაც კი არავინ დაიღლიდა თავს, მაგრამ ჩვენ ხომ პოლიტიკით ვცხოვრობთ, ჩვენ ხომ ლამის ყველა მინისტრს კი არა, ყველა პარლამენტარს სახელითა და გვარით ვიცნობთ, იმიტომ, რომ სხვა საქმე და საკეთებელი თითქოს აღარ არის.

ამასობაში მსოფლიო ახალ მტერს აანონსებს და ეს მტერი შიმშილია. გლობალური დათბობის პროგნოზის გათვალისწინებით, ცივილიზებული მსოფლიო ამტკიცებს, რომ 2022 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში მოსავალი 40%-ით შემცირდება, ანუ განახევრდება. ეს ვარაუდი თუ ახდა, შიმშილს ვერსად გავექცევით, მაგრამ… გლობალურ დათბობაზე ცნობილი პირებიდან ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი დონალდ ტრამპმა დასვა. თუ გახსოვთ, ტრამპი რამდენიმე ისეთ თემას შეეხო, ტაბუდადებულად რომ ითვლებოდა. აქეთ ნატოს დაფინანსება შეამცირა, იქით _ გლობალური დათბობის კვლევის ცენტრს შეუწყვიტა დაფინანსება, მერე სხვადასხვა საერთაშორისო კავშირებსა თუ ფონდებს მიდგა და… პრეზიდენტობა ფუკასავით ააცალეს. ახლა რამდენიც უნდა იყვიროს, ის მხოლოდ მილიარდერი იქნება და არა მძლავრი სახელმწიფოს პირველი პირი. გლობალური დათბობის პარალელურად, იმასაც ამბობენ, რომ მოსავალს მილიარდობით კალია ანადგურებს, რომლებმაც აფრიკიდან გეზი აზიასა და ევროპისკენ აიღეს და გზად ყველაფერს მუსრს ავლებენ. კალია კი არა, ადამიანების მომაკვდინებელი ვირუსია გაშვებული სამყაროში და კალიების განადგურება რატომ გახდა პრობლემა, ვერ ვხვდებით. 4 წლის წინათ აღმოსავლეთ საქართველოში იყო კალიების შემოსევა და მოსახლეობა სიხარულს არ მალავდა. რატომ? იმიტომ, რომ შინაური ფრინველი სწორედ ამ კალიებით იკვებებოდა და ყოველდღიურად ათასობით მწერს ავლებდნენ მუსრს. ეგ კი არა, ერთი კაცი, რომელსაც ინდაურების ფერმა ჰქონდა, ყველაზე ბედნიერი იყო _ სამასამდე ინდაური ისე ანადგურებდა მავნე მწერს, როგორც დიდგორში დავითის ჯარი მომხვდურთ.

გლობალური დათბობის თემა თითქოს მაშინ წამოიწევს წინ, როცა მსოფლიოში საწუწუნო არაფერია. ახლაც, მასშტაბური ომები აღარ მიმდინარეობს, კონფლიქტის ზონები სულ იყო და იქნება, პანდემიაც თითქოს ნელ-ნელა ექვემდებარება მართვას და აგერ, ბატონო, გლობალური დათბობის თემა ისევ გააქტიურეს, თანაც როგორ _ ორ წელიწადში მოსავლის 40-პროცენტიან კლებას პროგნოზირებენ. ისე, საინტერესოა, ამ გლობალური დათბობის პირობებში, ამ კალიების შემოსევის ფონზე, მაგალითად, რუსეთი როგორ ახერხებს ყოველწლიურად ხორბლის რეკორდული მოსავლის მიღებას? კალია, პირველ რიგში, სწორედ მარცვლოვან კულტურებს ერჩის და, გვალვა თუ აზიანებს, პირველ რიგში _ ერთწლოვან მარცვლოვნებს. რუსეთის რეკორდულ მაჩვენებლებში ეჭვის შეტანა რომც მოგვინდეს, არ გამოვა, რადგან ამ ქვეყნის მიერ იმპორტირებული ხორბლის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და მაშინ სხვა ქვეყნებმაც უნდა იცრუონ, რუსეთისგან ხორბალს ვყიდულობთო და არ იყიდონ. ნავთობის, ბუნებრივი აირისა და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროდუქტის მთავარ იმპორტიორად გადაქცევის შემდეგ რუსეთი ნელნელა ჩამოყალიბდა მსოფლიოში ხორბლის მწარმოებელ უმსხვილეს სახელმწიფოდ და, თუ ასე განაგრძო, პირველობას არავის დაუთმობს. იქ სოფლის მეურნეობის დარგი კონკრეტული მიმართულებით განავითარეს, არ მიედმოედვნენ სხვადასხვა სფეროს, ისე, როგორც ჩვენთან, ხან შავ მოცვს რომ უნდა გადავერჩინეთ, ხან _ ფოთის ბაყაყს და ხან კიდევ _ თხილს.

ცოდვა გამხელილი სჯობს და, ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი კრიზისის ხელოვნურად შექმნის მცდელობას. იმის შიშს, რომ მოსახლეობაში პანიკა დაითესოს, რომელიმე სახელმწიფომ ეგებ საჭიროზე მეტი მარაგიც შექმნას, ან უბრალოდ, პროდუქტის გაძვირება არავის გაუკვირდეს.

1990-იანი წლების მიწურულს ამბობდნენ, რომ 2020 წლისთვის (სახელდობრ, 2020 წელი იყო დასახელებული), მსოფლიო მასშტაბით, მოსავალი ისე შემცირდებოდა, რომ ადამიანები კანიბალიზმს მიჰყოფდნენ ხელს. ჰო, ეს ითქვა მაშინ და აგერ, მოვედით 2021 წლამდე და ჯერჯერობით, ფული თუ გაქვს, შიმშილის პერსპექტივა არ გემუქრება. რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, რომ მთებზე თოვლის საფარი იკლებს, მაგრამ საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან უმნიშვნელოდ და ასეთი კლების პირობებში, საუკუნეები უნდა გავიდეს, თეთრად შეფერილმა მყინვარებმა მიწა რომ გამოაჩინოს. საქართველოს მაგალითზე ვთქვათ, აქცენტი არცთუ იშვიათად სვანეთის მყინვარებზე გაკეთებულა, მაგრამ წელს სვანეთში იმხელა თოვლი მოვიდა, ადგილობრივებს რომ არ ახსოვთ. სვანეთი ახლაც, მარტის მიწურულსაც კი, დათოვლილია და გლობალური დათბობის არაფერი ეტყობა. პირიქით _ მოსახლეობა ამბობს, უხვი თოვლი კარგი მოსავლის გარანტიააო. ერთი ეგაა, ტურიზმის პროპაგანდის შედეგად, სვანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაზარმაცდა, ფულის იოლად შოვნის გზამ მიწის დამუშავებაზე ხელი ააღებინა და გასულ წელს არაერთ ოჯახს კარტოფილიც კი საყიდელი გაუხდა. ეს მაშინ, როცა თავის დროზე ტონობით მოჰყავდათ და ლამის მთელ დასავლეთ საქართველოს სწორედ სვანური კარტოფილით კვებავდნენ. სამწუხაროდ, საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით რაიმე სერიოზული პროექტის განხორციელება ვერ ხერხდება. ჩვენ ე.წ. განვითარებადი ქვეყნის სტატუსი გვაქვს და ამის უფლებას არ მოგვცემენ. მარტივად რომ აგიხსნათ, ბოლო 8 წელიწადში სოფლის მეურნეობაში ჩადებული 2-3 მილიარდი ლარი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. და ეს იმიტომ, რომ ყველაფერს მივედმოვედეთ, უფლება არ მოგვცეს, ერთი კონკრეტული მიმართულება აგვერჩია, თორემ, მაგალითად, მხოლოდ მეცხოველეობის ან მეფუტკრეობის განვითარებისთვის რომ მიგვემართა ეს თანხა, დღეს რეგიონის მასშტაბით მაინც უდიდესი მწარმოებლები ვიქნებოდით.

მეფუტკრეობა, საერთოდ, ცალკე საუბრის თემაა. როგორც კი ევროპა მიხვდა, რომ ქართული თაფლი ევროპულს სჯობდა, მაშინვე ახალი რეგულაცია დაამატა და საქართველოს ევროპულ ბაზარზე თაფლის დიდი ოდენობის გატანა მანამდე შეუზღუდა, სანამ ქვეყნის მასშტაბით წყალანირების პრობლემა არ მოგვარდება და არ გაუქმდება კერძო საპირფარეშოები (ჩეჩმა), რადგან თურმე ფუტკარი იქიდანაც იღებს გარკვეულ ნივთიერებას, რომელიც თაფლში ერევა. საქართველოს მასშტაბით კი წყალანირება, .., “კანალიზაციარომ გაკეთდეს, რამდენიმე მილიარდი ლარია საჭირო. ეს თანხები კი სახელმწიფოს, უბრალოდ, არ აქვს.

ჰოდა, დამოკიდებულ-ჩამოკიდებულები ვართ იმ პროდუქტზე, რომელსაც ევროპა და აზია გვაწვდის. უფრო სწორად, იმ ნაგავზე, რომელიც შემოდის, და ჩვენც უშურველად ვასაღებთ. რატომ ნაგავზე? გემოვნური თვისებები მათ არ აქვთ, ვერ გაიგებ, რას ჭამ და მხოლოდ სტომაქის ამოყორვის პრინციპზე გადაიყვანეს ერი. ვინმეს ახსოვს, რომ საქართველოში იპპ-ის მწარმოებლებმა ვაშლის ფაფების კეთება დაიწყეს, ოღონდ ქართული ვაშლით ნაწარმოები პროდუქტი ევროპასა და ამერიკაში გააქვთ, იქ ნაწარმოები კი აქ შემოაქვთ? როგორც მაშინ აგვიხსნეს, ქართული კარგია, მაგრამ ისე ძვირია, ადგილობრივ მოსახლეობას მისი შეძენის შესაძლებლობა არ აქვსო. ანალოგიური რამ ხდება ყველა მიმართულებით _ კარტოფილი, ხახვი, ნიორი… ყურძენიც კი.

ჰოდა, სანამ გლობალური დათბობის მიზეზით აქ გამოსაგზავნ ნაგავს გააძვირებენ, ეგებ ჯობდეს, მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი დალოცვილი მიწის დამუშავებას და იმდენი მაინც შევქმნათ, საკუთარი თავის გამოკვება შევძლოთ. წყალი და ჰაერი ისეთი გვაქვს, მტერს შეშურდება და საკვები რაღა გახდა?! ადრე თუ ვახერხებდით იმდენის მოყვანას, რომ ლამის 14 რესპუბლიკას ვუნაწილებდით, ვითომ ახლა იმის მეთხუთმეტედიც არ შეგვიძლია?! მთავარია სურვილი და, როგორც ჩანს, “სტრატეგიული პარტნიორების” კეთილი ნება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here