Home რუბრიკები საზოგადოება ლევან დოლიძე: გამარჯვების დღეს გილოცავთ, ძვირფასო ვეტერანებო!

ლევან დოლიძე: გამარჯვების დღეს გილოცავთ, ძვირფასო ვეტერანებო!

1945 წლის 9 მაისი! დიდი სამამულო ომის აპოთეოზი _ გამარჯვების დღე! 1418 დღე გრძელდებოდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომი ფაშისტურ გერმანიასთან, უფრო სწორად, ფაშისტურ ევროპასთან (ბრიტანეთის გამოკლებით). დედამიწის ასობით მილიონი ადამიანი ელოდებოდა ამ დღეს და, როგორც იქნა, დადგა 9 მაისი, როდესაც მოსკოვში გამოსცეს უმაღლესი მთავარსარდლის უკანასკნელი ბრძანება. იმ დროისთვის საბჭოთა ჯარი 10,5 მილიონზე მეტ მეომარს ითვლიდა; არც მანამდე და არც შემდგომ ასეთი მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალა არავის ჰყოლია. ამ დიდ ომზე ათასობით წიგნი და ათიათასობით სტატია დაიწერა. მე, როგორც ქართველს, ერთი საკითხი მაინტერესებდა, რომელზეც ამომწურავ პასუხს ვერსად ვპოულობდი, კერძოდ, რა წვლილი შეიტანა საქართველომ და მისმა მოსახლეობამ ამ გამარჯვებაში, რომელმაც პლანეტა იხსნა . . ყავისფერი ჭირისგან. სამწუხაროდ, ის წყაროები, რომელთაც გავეცანი, ჩემს კითხვაზე იძლეოდა მხოლოდ მიახლოებულ პასუხს; ამიტომ შევხვდი ჩემს უფროს კოლეგას, რომელიც 50 წელზე მეტია, ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს და თითქმის ამდენივე დრო მიუძღვნა სამხედრო თემას. თავის დროზე მისი რესპონდენტები გახლდნენ გამოჩენილი საბჭოთა მთავარსარდლები: გენერალური შტაბის უფროსი, მარშალი ალექსანდრე ვასილევსკი, მარშალი ივანე ბაგრამიანი, არმიის გენერალი პავლე ბატოვი და სხვ. ვესაუბრები საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატს, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის დიპლომანტს, საქართველოს გენერალიტეტის მემატიანეს, ოთხი წიგნის, მრავალი ბროშურისა და ბუკლეტის ავტორს, ღირსების ორდენოსანს _ ლევან დოლიძეს.


_ ბატონო ლევან, თუ გახსოვთ 1945 წლის 9 მაისის დღე თბილისში?

_ ჩვენს ეზოს მაშინდელ ძერჟინსკის ქუჩის ექვს ნომერში, «ამშვენებდა» მხოლოდ ერთი «შავი თეფში» (ასე ეძახდნენ იმ დროს ხმამაღლა მოლაპარაკეს); მასთან შეიკრიბა მთელი ჩვენი მრავალეროვანი მეზობლობა _ ნორჩი და ხანშიშესული. საკავშირო დიქტორმა, განთქმულმა იური ლევიტანმა წაიკითხა უმაღლესი მთავარსარდლის _ ი. ბ. სტალინის უკანასკნელი ბრძანება წითელი არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტისადმი, რომლის თქვენი მკითხველისთვის სიტყვა-სიტყვით გაცნობა დღეს მიზანშეწონილად მიმაჩნია: «1945 წლის 8 მაისს ბერლინში გერმანიის უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერა აქტს გერმანული შეიარაღებული ძალების უპირობო კაპიტულაციაზე. დიდი სამამულო ომი, რომელსაც აწარმოებდა საბჭოთა ხალხი გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, გამარჯვებით დასრულდა. გერმანია განადგურებულია.

ამხანაგო წითელარმიელებო, წითელფლოტელებო, სერჟანტებო, ზემდეგებო, არმიისა და ფლოტის ოფიცრებო, გენერლებო, ადმირალებო და მარშლებო, გილოცავთ თქვენ დიდი სამამულო ომის გამარჯვებით დასრულებას.

გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად, დღეს, 9 მაისს, გამარჯვების დღეს 22:00 საათზე, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი _ მოსკოვი, სამშობლოს სახელით, 30 საარტილერიო ზალპით ათასი ქვემეხიდან სალუტს აძლევს წითელი არმიის ჯარებს, სამხედრო-საზღვაო ნაწილებს და გემებს, რომლებმაც მოიპოვეს ეს ბრწყინვალე გამარჯვება.

მარადიული დიდება გმირებს, რომლებიც დაეცნენ ბრძოლებში ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის!

გაუმარჯოს ძლევამოსილ წითელ არმიას და სამხედრო-საზღვაო ფლოტს!»

მაშინ ექვსი წლის ვიყავი და ასეთი გახარებული თბილისი, როგორც 1945 წლის 9 მაისს იყო, დღემდე არ მინახავს! ჩვენი საცხოვრებელი სახლი ლავრენტი ბერიას სახელობის (ახლანდელი თავისუფლების) მოედნიდან სულ რაღაც ასიოდე მეტრში მდებარეობდა. ბავშვებმა უმალ იქითკენ გავქუსლეთ. მახსოვს საყოველთაო ზეიმი, ცრემლები, სიცილი. ყველანი _ დიდები და პატარები მთელი ძალით გავყვიროდით: «ვაშა! ვაშააა!!!»

ჩვენ, ბავშვებს, ხელში აგვიტაცებდნენ და გვაბურთავებდნენ. თვალებით ვეძებდი მამას, მეგონა, მას ან მე ვიცნობდი, ან ის მიცნობდა. ძალიან მინდოდა მისი ნახვა, ომიდან გმირად, ორდენებითა და სამხრეებით დაბრუნებულისა… ერთი თვის ვიყავი, როცა 1939-ში მამა ჯარში გაიწვიეს. იგი დაიღუპა ხარკოვთან 1942 წელს, მაგრამ დედა ამაზე არაფერს მეუბნებოდა…

იმ დღეს, 1945 წლის 9 მაისს თბილისის, მგონი, ყველა სახლის ფანჯრიდან ისროდნენ! ისროდა ყველა, ვისაც იარაღი ჰქონდა. დამამახსოვრდა, აგრეთვე, მოედანზე დიდი ავტომანქანები უზარმაზარი პროჟექტორებით, რომლებიც ღამის ცას ანათებდნენ  და საზეიმო სალუტის ეფექტს აძლიერებდნენ. ერთი სიტყვით, იყო გამარჯვებით გამოწვეული სახალხო ბედნიერება!

_ ბატონო ლევან, რა წვლილი შეიტანა საქართველომ ამ დიდ გამარჯვებაში? ვიცი, რომ მოპოვებული გაქვთ უტყუარი სტატისტიკა.

_ ომის სტატისტიკა ულმობელია და ტრაგიკული, განსაკუთრებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობის გამაოგნებელმა ენთუზიაზმმა გააოცა არა მხოლოდ მაშინდელი საკავშირო მთავრობის წევრები, არამედ თვით სტალინიც! როდესაც საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი ახმოვანებდა სტატისტიკურ მონაცემებს, ასახელებდა საქართველოს მოსახლეობის მონაწილეობის ციფრებს ამ საშინელ ომში, საკავშირო სხდომის დარბაზში ჯერ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ კი ტაშმა იქუხა!

რამდენიმე ასეულ ცოცხლადდარჩენილ ომის ვეტერანს კარგად უნდა ახსოვდეს 1941 წლის ივნის-ივლისში ქართულ სამხედრო კომისარიატებთან მოხალისეთა გრძელი რიგები. არც თუ ისე ცოტა ფაქტია, როდესაც ერთი ოჯახიდან ფრონტზე მიდიოდა გასაწვევი ასაკის ყველა ძმა. გასული საუკუნის 70-იან წლებში გაზეთ «თბილისში» და «ვეჩერნი თბილისში» მიმყავდა სპეციალური რუბრიკა «ძმათა სისხლით». ჩემს მასალებში ვწერდი 5-6, ხანდახან 7 ძმაზე, რომლებიც ერთ ოჯახიდან წავიდნენ საომრად!

ეს არაა ხმამაღალი სიტყვები, ეს არაა ტრაბახი, მხოლოდ ფაქტია: საქართველომ ფრონტზე მეომრებად გააგზავნა თავის მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი, რაც, პროპორციულად თუ ავიღეთ, მსოფლიოში ყველაზე დიდი მაჩვენებელია!

_ მაინც რამდენი, ბატონო ლევან?

_ ზუსტად გეტყვით _ 687 ათას 590 ადამიანი! მაშინ, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, 1939 წლის საკავშირო აღწერის მონაცემებით, შეადგენდა 3 მილიონ 540 ათას 760 ადამიანს. არადა, ეს ხომ ყოველი მეხუთე საქართველოს მცხოვრები იყო, თან ყველაზე ენერგიული, ყველაზე ახალგაზრდა, რომელიც ყველგან და ყოველთვის ერის ბირთვი გახლდათ.

მოქმედ არმიაში გაწვეული ჩვენი თანამემამულეებისგან შეიქმნებოდა, დაახლოებით, 60 სამხედრო დროის სრულფასოვანი საბჭოთა ფეხოსანთა დივიზია.

თითქმის 300 ათასი ჩვენი მეომარი დარჩა ბრძოლის ველზე, ანუ ყოველი მეთორმეტე! საქართველოს მაშინდელი მოსახლეობიდან ომმა თითქმის ამოძირკვა მისი საუკეთესო ნაწილი _ ახალგაზრდობა…

დღემდე საქართველო გრძნობს სამხედრო ზარალს, უკვე მეოთხე დემოგრაფიული ტალღიდან ვერ ინაზღაურებს დანაკარგს! ძალიან, ძალიან დიდხანს ქართველი ქალები ძაძებში იყვნენ გახვეულნი…

_ რაც მთავარია, ბატონო ლევან, ეს მსხვერპლი არ იყო უაზრო.

_ გეთანხმებით… საქართველოს ბევრი რამ აქვს საამაყო. ჩვენი თანამემამულე იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი, საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი! დაწყებული სტალინიდან, საქართველოდან წარგზავნილებს ჰქონდათ სსრკ-ში არსებული ყველა სამხედრო წოდება, საბჭოთა კავშირის ადმირალის ჩათვლით. ჩვენი ფრონტელები დაჯილდოვდნენ სსრკ-ის ყველა მედლითა და ორდენით. მათი რიცხვი 277 ათას 684-ს უდრის.

აქედან საქართველოს 169 სახელოვან შვილს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მათ შორის არიან პირველი ქართველი საბჭოთა კავშირის გმირი, მომავალში ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ნანეიშვილი და სერჟანტი მელიტონ ქანთარია, რომელმაც დამხობილი რაიხსტაგის გუმბათზე გამარჯვების წითელი დროშა აღმართა; ძირძველ თბილისელს, მფრინავ ვიტალი პოპკოვს კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ორჯერ მიენიჭა!

ყველა ფრონტზე, ნაკლებად ცნობილი ირანული ფრონტის ჩათვლით, თავი ისახელეს 84 გენერალმა და ადმირალმა საქართველოდან; აქედან ქართველი იყო _ 59, სომეხი _ 9, რუსი _ 8, ებრაელი _ 4, ოსი _ 3 და ერთი აფხაზი. ჩვენი სამი თანამემამულე არმიებს სარდლობდნენ: გენერალ-პოლკოვნიკები _ კონსტანტინე ლესელიძე, პორფირე ჩანჩიბაძე და გენერალ-ლეიტენანტი, ძირძველი თბილისელი _ ვლადიმერ ლვოვი. შვიდი ჩვენი გენერალი სათავეში ედგა კორპუსებს, 20 გენერალი მეთაურობდა დივიზიებს. 364 საქართველოს მკვიდრმა ომი დაასრულა პოლკოვნიკის და პირველი რანგის კაპიტნის წოდებებით.

_ რამდენადაც ვიცი, ქართველებმა თავი ისახელეს, აგრეთვე, საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთაც, ხომ ასეა?

_ დიახ. ალექსანდრე მანაგაძე გახდა იუგოსლავიის ეროვნულ გმირი. მე კარგად მახსოვს ბატონი ალექსანდრეს აღტაცებული მოთხრობები მაგ მშვენიერ ქვეყანაზე, მის შეხვედრებზე იუგოსლავიის ლიდერთან _ იოსიპ ბროზ ტიტოსთან.

მეორე მსოფლიო ომში «იტალიის ეროვნული გმირის» წოდება მხოლოდ ორ უცხოელს ერგო: რუს ფიოდორ პოლეტაევს და ქართველ ფორე მოსულიშვილს. 1971 წლის მარტში, მოსკოვში, იტალიის ელჩმა საბჭოთა კავშირში ფორე მოსულიშვილის ძმებს გადასცა ოქროს მედალი «სამხედრო გმირობისთვის» და ბრძანა, რომ იტალიას მარადიულად ეხსომება ქართველი მეომრის გმირობა.

_ ქართველ პარტიზანებზეც მსმენია.

_ პარტიზანულ ბრძოლებშიც ისახელეს თავი ჩვენმა თანამემამულეებმა. თავგანწირვის მაგალითებს იძლეოდნენ ქართველები ლეგენდარულ უკრაინულ პარტიზანულ დივიზიაში, რომელსაც მეთაურობდა სიდორ კოვპაკი. ამ დივიზიის პირველი პოლკის მეთაურს, დავით ბაქრაძეს, მამაცობისთვის და განსაკუთრებული დამსახურებისთვის უკრაინულ პარტიზანულ მოძრაობაში მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ასობით ქართველი პარტიზანი იბრძოდა არა მხოლოდ უკრაინასა და ბელორუსიაში, არამედ იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, სლოვაკეთში, იუგოსლავიაში, ბელგიაში, პოლონეთში და სხვაგან. ცნობილია ქართული ბატალიონის აჯანყება ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე, სადაც ზუსტად 60 წლის წინ გაიხსნა ძეგლი დაღუპული ქართველი გმირების პატივსაცემად; იქიდან მოყოლებული მათი საძმო სასაფლაო წითელ ტიტებშია ჩაფლული.

_ კიდევ კარგი, რომ სააკაშვილს _ ჰოლანდიელების სიძეს ხელი არ მიუწვდა ტექსელის მემორიალის ასაფეთქებლად

_ მოდით, ამ დიდებულ დღესასწაულზე გაზეთის ფურცლები არ გავსვაროთ იმ არაადამიანების სახელებით, რომლებმაც შეურაცხყვეს ფაშიზმთან დაღუპულ მილიონობით მეომართა ხსოვნა. არ ვახსენოთ იმათი სახელი, ვინც სახელწოდება შეუცვალა მსოფლიოს სამხედრო დიდების ქალაქს _ სტალინგრადს; არ ვახსენოთ ჩვენი ზნედაცემული ვაითანამემამულეები, რომლებმაც ააფეთქეს საბრძოლო დიდების ძეგლები და მემორიალები, სახელწოდებები შეუცვალეს მოედნებს, ქუჩებს და სკოლებს, რომლებიც ატარებდნენ დიდი სამამულო ომის გმირების სახელებს; არ ვახსენოთ ის კაცუნები, რომლებმაც გორში _ სტალინის მშობლიურ ქალაქში, ღამით ქურდულად მოხსნეს ბელადის ძეგლი… ეს ქონდრისკაცები, დაე, ღმერთმა განსაჯოს!

არ შეიძლება, საქართველოს მედიკოსები არ ვახსენოთ, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს მტერზე საერთო გამარჯვებაში. ომის პირველივე დღეებიდან საქართველოს საავადმყოფოები და ჯანმრთელობის კერები გადაიქცა ევაკოჰოსპიტლებად. ჩვენს რესპუბლიკაში მუშაობდა 72 ჰოსპიტალი. მათი წყალობით, ათიათასობით მეომარი ისევ მწყობრში ჩადგა. ამ სამედიცინო დაწესებულებებში ნებაყოფლობით და უანგაროდ შრომობდნენ ქართველი მხედართმთავრების, ოფიცრების ცოლები და ქვრივები. ერთ-ერთი მათგანი იყო დიდებული ქალბატონი, ლეგენდარული გენერლის _ კონსტანტინე ლესელიძის მეუღლე ნინო შეწირული, რომლის 16 წლის ვაჟი _ ოთარი მამასთან გაიქცა ფრონტზე მოხალისედ და ომის დამთავრებამდე იბრძოდა სახელგანთქმულ მე-18 სადესანტო არმიაში. სხვათა შორის, ასეთი მაგალითები უამრავია. სტალინგრადის ბრძოლის გმირის, ავიაციის გენერლის _ ესტატე ტატანაშვილის შვილი, ისიც სახელად ოთარი, გაიპარა მამასთან სტალინგრადში. სიტყვამ მოიტანა და, საქართველომ შეიფარა ათიათასობით ობოლი ბავშვი!

უფლება არ გვაქვს, ცალკე არ გამოვყოთ ორი ჩვენი თანამემამულე  მედიკოსი, რომელთა სიმამაცემ, განსაკუთრებულმა პიროვნულმა თვისებებმა და უმაღლესმა პროფესიონალიზმმა მოუტანა მათ უდიდესი ავტორიტეტი ჯარსა და ფლოტში. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი ქირურგი, საკავშირო სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი და სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი იუსტინე ჯანელიძე. იუსტინე ივლიანის ძემ პირველმა რუსეთში და, შესაძლოა, მსოფლიოშიც გააკეთა იმ დროისთვის (1913 წ.) ურთულესი ოპერაცია გულზე. იმ წვლილისთვის, რომელიც შეიტანა გამარჯვების საქმეში, ბატონი იუსტინე დაჯილდოვდა სტალინის სახელობის პირველი ხარისხის პრემიით. მისი სახელი და საქმე დღესაც წმინდაა სანკტ-პეტერბურგში, სადაც იუსტინე ჯანელიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

მეორე  მხცოვანი ექიმი, საკავშირო სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი სიმონ გრიგოლავა ომის წლებში მოღვაწეობდა საბჭოთა არმიის მთავარი ქირურგის მოადგილედ. 1943 წელს ბატონი სიმონიც გახდა სტალინური პრემიის ლაურეატი, ასევე, პირველი ხარისხისა. სიმონ სიმონის ძემ, პირველმა საბჭოთა კავშირში, კუთვნილი პრემია მთლიანად გადასცა დაობლებულ ლენინგრადელ ბავშვებს…

საქართველოს ასეულათასობით მშრომელი გმირობას იჩენდა! მართალია, ჩვენს ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, ის არ იბომბებოდა, მაგრამ ამით ცხოვრება არ იყო უფრო იოლი. ომის დაწყებიდანვე საქართველოს მოაწყდა ლტოლვილთა უზარმაზარი ტალღა, მათ შორის, ევაკუირებული სამეცნიერო, სასწავლო დაწესებულებები და კულტურის კოლექტივები. საკმარისია ითქვას, რომ ჩვენთან განთავსდა და უმოკლეს დროში შეუდგა პროდუქციის გამოშვებას 20-ზე მეტი მსხვილი ევაკუირებული საწარმო. მაგალითად, თბილისში «გადმობარგებულმა» ავიაქარხანამ უკვე 1941 წლის ნოემბერში დაიწყო თვითმფრინავების გამოშვება, ხოლო ბათუმსა და ფოთში სამხედრო გემებს არემონტებდნენ.

განსაკუთრებული კრიტიკული მდგომარეობა საქართველოში შეიქმნა 1942 წლის ზაფხულში, როდესაც ყირიმში, როსტოვთან და ხარკოვთან სასტიკად დამარცხებული წითელი არმია ჩრდილოეთ კავკასიისკენ იხევდა. ჰიტლერი, ახორციელებდა რა ამიერკავკასიის დაპყრობის მის მიერვე შედგენილი გეგმის _ «ბლაუ-III»-ს მესამე სტადიას, რაც საბოლოოდ ითვალისწინებდა ნავთობით უმდიდრეს ბაქოსთან გასვლას, კავკასიისკენ უზარმაზარი ძალები დაძრა. მის შემადგენლობაში იმყოფებოდა ცნობილი რჩეული ალპური დივიზია «ედელვაისი». მტერმა მოახერხა და დაიკავა კავკასიის მთავარი უღელტეხილები, 5-ათასიანი ჯარი ქალაქ გუდაუთას 25 კილომეტრით მიუახლოვდა. და, აი, ამ უმძიმეს ვითარებაშიც, როდესაც ჩვენი ჩეკისტები და მესაზღვრეები, გენერალ-ლეიტენანტ ნესტორ ლაბაძის მეთაურობით, ყოველდღიურად აკავებდნენ მტრის სადივერსიო ჯგუფებს, როდესაც ამიერკავკასიის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ თურქეთის მილიონიანი ჯარი დისლოცირებულია საქართველოს საზღვართან და ელოდება მხოლოდ ფაშისტური ჯარების შემოჭრას ჩვენს ქვეყანაში, ქართველი ხალხი არ შედრკა და 70 წლის წინ შეუძლებელიც შეძლო _ ჯართან ერთად გაიმარჯვა კავკასიისთვის ბრძოლაში. საქართველოს მოსახლეობა დაეხმარა საბჭოთა მეომრებს ცოცხალი ძალით, საბრძოლო მასალებით, ტექნიკით, სურსათით, ტანსაცმლით; 50 ათასზე მეტი ადამიანი დაჯილდოვდა მედლით «კავკასიის დაცვისთვის».

საკმარისია, ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობამ მარტო 1942 წლის პირველი იანვრისთვის გადასცა მეომრებს 20 ათას 700 წყვილი ნაბდის ჩექმები, 65 ათას 150 წყვილი შალის ხელთათმანი, 53 ათას 300 წყვილი თბილი საცვალი, 139 ათას 220 წყვილი შალის წინდა, ათი ათასობით დაბამბული ჯუბა და მრავალი სხვა; და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. უკვე 1943 წელს საქართველოს მრეწველობა, 1939 წელთან შედარებით, ორჯერ(!!!) გაიზარდა. კავკასიის ბრძოლის მონაწილეებს საქართველო აწვდიდა ყველაფერ აუცილებელს: ადგილზე ამზადებდა ჭურვებსა და ნაღმებს, ავტომატებსა და ტყვიამფრქვევებს, ნაღმტყორცნებს, ვაზნებსა და მრავალ სხვას.

მთლიანად ომის საჭიროებისთვის საქართველოს მოსახლეობამ პირადი დანაზოგიდან გადასცა 3 მილიარდ 150 მილიონი მანეთი. შეგროვილი თანხით აშენდა რამდენიმე ავიაესკადრილია, სატანკო კოლონა, წყალქვეშა ნავი «საბჭოთა სვანეთი», რომელიც გადაეცა ლეგენდარულ იაროსლავ იოსელიანს _ საბჭოთა კავშირის გმირს, I რანგის კაპიტანს. ომის წლებში იაროსლავ იოსელიანმა ჩაძირა მტრის 16 გემი და მათ მიაყოლა 40 ათასი ფაშისტი. ჰიტლერმა ქართველ კაპიტანს «დიდი პატივი» დასდო _ იაროსლავ იოსელიანი შეიყვანა თავისი პირადი მტრების სიაში!..

_ ბატონო ლევან, გვიახლოვდება დიადი გამარჯვების 68- წლისთავი. რას ეტყვით რამდენიმე ასეულ ცოცხლადდარჩენილ ვეტერანს?

_ ჩვენო ძვირფასო მამებო და ბაბუებო! ვამაყობთ თქვენით, ვამაყობთ თქვენს თანამებრძოლთა დიდი და დაუმარცხებელი არმიით, რომლებიც, არნახული სიძნელეების მიუხედავად, თამამად მიდიოდნენ ბრძოლაში შეძახილებით «სამშობლოსთვის! სტალინისთვის!» ბრძანების გარეშე, ნებაყოფლობით საკუთარი სხეულით ეფარებოდნენ ამბრაზურებს, ხელყუმბარების შეკვრით უვარდებოდნენ მტრის ტანკებს და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩენდნენ თანამებრძოლებს. მხოლოდ ასეთი გმირობით შეიძლებოდა ჭკვიანი, ძლიერი, კარგად შეიარაღებული და ვერაგი მტრის დამარცხება; იმ მტრის, რომელმაც სულ რამდენიმე კვირაში მუხლებზე დააჩოქა თითქმის მთელი ევროპა!

გილოცავთ გამარჯვების დღეს, ძვირფასო ვეტერანებო! მარადიული ხსოვნა 300 ათას დაღუპულ ქართველ მეომარს!

…სამწუხაროდ, დიდი სამამულო ომის ისტორიაში ჯერ კიდევ ბევრი თეთრი ლაქაა, ძალიან მინდა, რომ ჩვენ მაგალითი ავიღოთ ებრაელი ხალხისგან, რომელმაც ზუსტად დაადგინა ყველა ებრაელი ჯარისკაცის ვინაობა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ და თითოეულ მათგანს პატივი მიაგო!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. მე ვამაყობ რომ ჩემი ბაბუები იბრძოდნენ ამ ომში რომელთაგან ერთ-ერთი საბჭოთა კავშირის გმირი იყო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here