ჩვენ სხვისთვის ვართ რამე თუ არა? _ ეს კითხვა მხოლოდ დღეს არ წამოჭრილა ქართველი ერის წინაშე. უწინაც ბევრი უფიქრიათ ჩვენს წინაპრებს ამ საკითხზე, რადგან “ეს მიწის–ყელი, რომელსაც კავკასიას ეძახიან, რომელიც აზიისა და ევროპის კარად ყოფილა უწინ და რომლის დაპყრობისათვის ბევრი სხვადასხვა ხალხის სისხლი დაღვრილა, მაინც ისევ კარად დარჩა და ხალხთა შორის შუღლისა და ცილების მიზეზად იქნება კიდეც” (ილია). ჰოდა, არ გველევა ამ მიზეზით არც “სტრატეგიული პარტნიორები”, არც “გულითადი მეგობრები”… რომლებიც, როგორც სურთ, ისე აფათურებენ ხელს ჩვენს ცხოვრებაში, გვკარნახობენ წესებს, მეტიც _ ერთმანეთზე განაწყენებულნი მათთან გავრბივართ საჩივლელად და მათი დახმარებით ვცდილობთ ერთმანეთის დამცრობასა თუ ჩაწიხლვას…
დღეს ერთი გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით ცალ–ცალკე დაგორავს ზოგი აქეთ, ზოგი იქით და “თუ არაფერს აკეთებს, თავის მოძმეს მაინც აბეზღებს ღმერთთანაც და კაცთანაც.
რატომ?
“ის შემკრებელობითი, დიდებული ერთიანი აზრი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ქართველობაში უნდა ხედავდეს, ის სახელი, რომელიც ყველას გვერქვა, დაირღვა, ჩვენის გონებიდამ ამოშრა”.
აი ასე განვთვითეულდით.
ამჯერად ევროსაბჭოს გამოგზავნილ კაცზე ვამყარებთ იმედს, რომელიც თბილისში 12 მარტს ჩამოვიდა, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი. ეს პოლიტიკური ფიგურა შვედი დიპლომატი კრისტიან დენიელსონია, რომელმაც საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი უნდა განმუხტოს, ანუ ჩვენს ოჯახურ საქმეებში ჩაყოს ცხვირი. ხომ გაგიგონიათ, “სხვა სხვის ომში ბრძენიაო”, ჰოდა, ახლა ამ უცხო კაცის იმედად ვართ, კაცის, რომლისთვისაც საქართველოც და ქართველებიც უცხოა, სხვაა და თვითონაც, როგორც სხვა, ისე მოიქცეოდა…
მაგრამ რამდენად მოახერხა მოლაპარაკებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება; რაზე დაახევინა უკან როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და რამდენად შეასრულებს დადებით როლს ეს ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოს წინსვლის საქმეში, აწი გამოჩნდება. ამჯერადაც გამოჩნდება, რომ სხვას შენი დარდი იმდენად აქვს, რამდენადაც ეს მას აძლევს ხელს.
ერის დღევანდელ სათქმელს ეხმიანება და პირდაპირ მიზანში ხვდება ილიას წერილი “ზოგიერთი რამ”, რომელიც 1866-1876 წლებით არის დათარიღებული და ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს გრ. ორბელიანის სტრიქონები “თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა”, რომელიც ერთგვარი მინიშნებაა ჩვენთვისაც.
“აბა, მკითხველო, შენ მე ყური მომიგდე: მე გეტყვი და შენ დალაგებით და აუჩქარებლივ მისმინე. მე წინათვე ვიცი, რომ მასზედ, რასაც მე ვიტყვი, გული დაგეთანაღრება, აიტკიცები და შესწუხდები, მაგრამ შენ კი, მკითხველო, იქნება ის არ იცოდე, რომ თითო სიტყვას, რასაც ეს წერილი ქვევით მოგახსენებს, იქნება თითო კოშტი სისხლიც თან ამოჰყოლოდეს.
რაზედ გაიჭირე საქმეო, მეტყვი შენ. იმისთვის, ჩემო ძმაო თუ დაო, რომ “თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა”-ო, ჩვენის პოეტის არ იყოს”.
ამას მოჰყვება მთავარი საკითხი: სად არის ქართველი და ქართველობა? აი დღევანდელობის, როგორც ილია იტყოდა, წყევლაკრულვიანი საკითხავი _ სად არის ქართველობა?! როგორ წახდა ისე, რომ უცხოელს ეხვეწება; ძმები ვერ მოვრიგდით და შენ დაგვიდგინე სამართალიო?! ნუთუ ასე, უცხოელების კარნახით, აშენდება ქართული სახელმწიფო?!
“ერთი ეს მინდა გკითხო: ვართ-ღა სადმე? როგორ თუ ვართ-ღაო, შემომიტევ წყრომით. თუ შენ, ჩემო მკითხველო, ადამიანობა, კაცური-კაცობა ხელში მჩვრად არ გადაგიქცევია, ვიცი, რომ ამ კითხვაზედ ძარღვი ჩაგწყდება; ისიც ვიცი, რა ტკივილიც ამოგაკვნესებს; მაგრამ ესეც უნდა იცოდე, რომ ბალღამში ამოვლებულს ჭეშმარიტებასაც ვაჟკაცური მოსმენა უნდა. რით ვერ გაიგე, რომ ჩვენ უბედურნი ვართ!.. ყური მომიგდე.
პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულს გუბეს, რომელსაც ჩვენ, ქვეყნის სამასხარაოდ, ცხოვრებას ვეძახით, რომელშიაც ჩვენ, რაღაც დაუდეგარის კმაყოფილებით, ვჭყუპალაობთ, და რომლიდამაც ათასი სხვადასხვა-ფერი ნაკადული იწრიტება ცალ-ცალკე და სხვადასხვა გზით მიდის, და “რაოდენადაც ერთმანეთზედ შორსა ვალს, ეგოდენ დაუძლურდების”, _ ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლივ დააკვირდე, მაშინ შენც ჩემთან ამოიკვნესებ და იტყვი: “ვართ-ღაო!”
ილიამ, მხოლოდ ის კაცი გვეტყვის, ბრმანი ყოფილხართო, რომელსაც უნდა, შავი ფიქრები თავიდან მალე მოიშოროს. ასეთი კაცები დღესაც გვყვანან და ჩვენ უმადურებსა და დაუნახავებს გვიწოდებენ, რაკი ხელისუფლებას მოასფალტებული გზის, გადარგული ხის თუ სკვერის კეთილმოწყობისთვის ოდა არ ვუძღვენით… განა ვერ შევამჩნიეთ ან არ მოგვეწონა, მაგრამ იმ გზისა თუ სკვერის კიდეზე ნაგვის ურნაში გადაყუდებულ უპოვარს რომ ვუყურებთ, აღარაფერი გვიხარია. ქართველ კაცს თავის სამშობლოში სამათხოვროდ რომ გაუხდა საქმე, ეს ერის უდიდესი ტრაგედიაა. ტრაგედიაა ისიც, რომ პოლიტიკური ნიშნით დახარისხებულია მთელი საზოგადოება _ ქოცს ნაცი სძულს, შესაბამისად, მათ მხარდამჭერებს _ ერთმანეთი, ანუ დას _ ძმა, ბიძაშვილს _ მამიდაშვილი, მეზობელს _ მეზობელი… ლანძღავენ და ჭამენ ერთმანეთს. დგას სიძულვილის კორიანტელი.
“ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთს თესლზედ აღმოსულნი? _ ალბათ, ამ შემთხვევაშიაც ვერ დაფარავდა გაოცებას დიდი ილია. _ …ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთისა და იგივე ხორცისა და სულისა ნაყოფნი და ერთის დედის _ საქართველოს ძუძუთი გაზრდილნი?”
ეს ოპოზიცია ხელისუფლებას გზას რომ უღობავს და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს სიკეთის ქმნაში, ხელისუფლება კი მხოლოდ მისი შემოტევების მოგერიებას რომ უნდება, ხალხი რა დღეშია ამ დროს, არავინ კითხულობს. ხალხს სწორედ ამ დროს ერთნაირი სიხარბით სწოვენ სისხლს ბანკირები, ვაჭრუკანები თუ ბიზნესმენები. “ნუთუ ესენი თვითეულად ცალკე და ყოველნივე ერთად ქართველი ჰგონია ვისმე!”
“თქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მაგ თვითეულის გზები ერთად იყრება საყოველთაო საქართველოს სიკეთისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის–მეთქი. ის საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თვითეულის ჩვენგანის ჭკვა, გონება, ფიქრი, გრძნობა, სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთაო საქართველოს კეთილდღეობისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის: ჩემი ლხინი შენი ლხინი არ არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის. ქართველი საყოველთაო სახელია და კიდევ ამას გკითხავ: საყოველთაო რა გვაქვს? ჩვენში არის: “მე თუ შენ, შენ თუ მე”, და ორივენი ერთად კი არა”.
დიახ, დღეს ერთი გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით ცალ–ცალკე დაგორავს ზოგი აქეთ, ზოგი იქით და “თუ არაფერს აკეთებს, თავის მოძმეს მაინც აბეზღებს ღმერთთანაც და კაცთანაც.
რატომ?
“ის შემკრებელობითი, დიდებული ერთიანი აზრი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ქართველობაში უნდა ხედავდეს, ის სახელი, რომელიც ყველას გვერქვა, დაირღვა, ჩვენის გონებიდამ ამოშრა”.
და ახლა არის ქოცი, ნაცი, ლიბერალი თუ კონსერვატორი და ა. შ.
“მაგრამ მეტყვიან: ეგ ყველა ხალხში არისო. მართალია, მაგრამ არა ეგრე გულსაკლავად, როგორც ჩვენშია. იქ, სხვა ხალხში, საცა თვითეულს პირს თავის დამოკიდებულება თავის ხალხთან არ შეუწყვეტია და სისხლში და ხორცში გამჯდარი აქვს, იქ მაგისთანა სახელები შინაურობაში იხმარება ურთიერთის გასარჩევად და არა საქვეყნოდ, საგარეოდ. მარსელში მცხოვრებელი ფრანციელი, რასაკვირველია, ფრანციელსვე ეტყვის, მარსელელი ვარო, მაგრამ უცხოქვეყნელს კი ეტყვის, ფრანციელი ვარო. ეგ იმას ნიშნავს, რომ იგი შინაურობაში მარსელელია და გარეობაში _ ფრანციელი. უცხოსათვის ერთი იმათგანია, საცა ყველანი ამისათვის ცხოვრობენ და ყველასათვის თითონა ცხოვრობს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი ძალა _ ჩემი ხალხის ძალააო, ჩემი სიკეთე _ ჩემი ხალხის სიკეთეაო, რომ ჩემი სისხლი ყოველს ფრანციელთან ერთად დუღსო, ყოველის ფრანციელის ცხოვრების ძარღვი ჩემის ცხოვრების ძარღვიაო, და თუ გინდაო, ყოვლის ფრანციელის ავად და კარგად მყოფობას ჩემს მაჯაზედ შეატყობო. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი წყენა უცხოსაგან _ ჩემი ხალხის წყენააო, და ჩემი ხალხის წყენა _ ჩემი საკუთარი წყენააო.
…ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში _ ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია და “ჩვენ” _ იშვიათი!”
ამიტომ
განვთვითეულდით,
“ცალ-ცალკე დავიშალენით, ასო-ასოდ დავიჭერით, და მაგ განთვითეულებამ, ცალ-ცალკეობამ ყოველგან და ყოველს-ფერში ის საქმე გვიყო, რაც ეზოპეს ზღაპარში თვითეულს წკეპლას მოუვიდა, ერთად ძნელად გადასამტვრევს. ამის შემდეგ, რასაკვირველია, საერთო სახელი აღარ შეგვრჩებოდა, და აკი აღარ შეგვრჩა.
რაკი ის დიდებული ქართველობის აზრი, ის საყოველთაო სახელი გონებიდამ გამოგვეცალა, ჩვენი გონება დაიფუყა, სულით და ხორცით დავკუწმაწდით. გონება ჩვენი, როგორც ყოველივე საგანი, რომელიც დაიფუყება, შეგვივიწროვდა, დაგვისუსტდა და, რასაკვირველია, ვეღარაფერს ფართოსა და დიდს აზრს ვეღარ დაიტევდა და ვერ ზიდავდა. ამ მიზეზით ყოველივე აზრი, ფიქრი, სურვილი, გრძნობა დაგვინამცეცდა, გონებითად, ზნეობითად დავპატარავდით. მას აქეთ, რასაც კი ხელი მოვკიდეთ, ვეღარ მოვერივენით, რასაც კი გონების თვალით დავაკვირდით, გონებაში ვერ დავიტიეთ; ავიღეთ ყოველი იგი და დავანაკუწეთ, იმოდენა ნამცეცებად ვაქციეთ, რამოდენის ზიდვასაც თვითეულის ჩვენგანის ღონე შესძლებდა, რადგანაც მთელის ზიდვისათვის საერთო მხარი აღარა გვქონდა”.
როგორც ილია ამბობს, “იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითეულება _ ეგ ჭირთაჭირი არა მეფობს, იქ მაგ სიტყვის (მამულის _ დ. ა.) აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითეულსა _ მთელის ხალხისა და მთელს ხალხს _ თვითეულისა ჭირი და ლხინი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი და პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღველითა ნაღვლობს, ლხენითა ლხინობს, დღეობითა და დიდებითა _ დღესასწაულობს. იქ მაგ სიტყვაში ყოველია და ყოველში ყველა არის.
ჩვენში? ჩვენშიაც მაგ სიტყვას მაგეთი მნიშვნელობა ჰქონია თურმე. იცი როდის? როცა ჩემი “მე” და შენი “მე” ჩვენის ერთიანის ხალხის ცხოვრების საყევარში ერთად ბმულა.
ახლაო, მკითხავ, მკითხველო? ნუთუ მაგას კითხვა-ღა უნდა? განა შენ თითონ არ იცი, რომ ეხლა ეგ დიდებული სიტყვა თვითეულის ჩვენგანის გათავთავებულს უძრავს ქონებასა ნიშნავს და არა მთელის ხალხის სამშობლოს, _ ბინასა, რომელიც ქვისა და კირის მაგიერ ჩვენის მამა-პაპის სისხლითა და ძვლებით დამყარებულია. სადღაა მამული? ხორცის დაუძლურებას სულის დაუძლურებაც ზედ მისდევს: განვთვითეულდით, და რამოდენადაც თვითეული ჩვენგანი მთელს ქართველობაზედ უძლურია და პატარა, იმოდენად თვითეულის ჩვენგანის აზრი საყოველთაო საგანზედ დაუძლურდა, დაპატარავდა. ჩვენს დაფუყებულს და შევიწროებულს გონებას სადღა შეეძლო ექონია ის ვრცელი და დიდებული აზრი დიდებული სიტყვისა?”
“ზღვა კოვზით არ დაილევავო, ნათქვამია. აი თუ არ დაილევა, სად არის მამულის ყოვლად-მპყრობელი, ვრცელი, ფრთაგასაშლელი მნიშვნელობა?
განვიმეორებ, განვთვითეულდით, და თვითეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასათვის ადვილად საზიდია. თვითეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა. რაღა უნდა გვექნა ამის შემდეგ? ავიღეთ და მთელი მამული, ერთიანი ჩვენი ბინა დავყავით, გავინამცეცეთ თვითეულის ღონის კვალობაზედ ასე, რომ ზიდვაც შესაძლო ყოფილიყო ჩვენის ქონდრის-კაცობისათვის და დაპატარავებულს ტვინშიაც მოთავსებულიყო. დავაქციეთ ჩვენი დიდი ერთიანი სამშობლო ოჯახი, რომლის ბოძად იყო ერთიანი მხარი მთელის ქართველობისა, და მის ნაშთის ნამტვრევებისაგან პატარ-პატარა ხუხულები ავაშენეთ, რომელსაც საზოგადო სახელი “მამული” დავარქვით და რომელშიაც ჩვენც დავეტივენით, და ჩვენი ამომშრალის ტვინის და გონების აზრიც დავტივეთ; დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი; დიდი “მამული” დავშალეთ, პატარები გავიკეთეთ, და აქაც გავამართლეთ ჩვენის რუსთაველის სიტყვა: ყოველი მზგავსი მზგავსსა შობსო.
თვითეულმან ჩვენგანმან თავისი ხვედრი, დიდის “მამულის” ნაშთი, თავთავად შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა და საზოგადო სახელი “მამული” თავის კერძო მამულს დაარქვა და თქვა: თუ მე არ ვიქნებიო, ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო. ამ სახით თვითეული ჩვენგანი თავის შემოღობილში შეიკეტა, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აიჩინა; და რომ თვითეულმან ჩვენგანმან საერთო საქმეს თვალი მოაშორა და გონება თავისი საერთო საგანზედ აღარ ავარჯიშა, ის გონებაც ისე დაუბრმავდა, რომ იგი თავის ქონების ღობის იქით ვეღარ გადაუცილებია, რომ თავის მოძმეს გაეხმაუროს მაინცა”.
საკუთარ თავში ჩავიკეტეთ, ერთმანეთს შევატოვეთ პოზიცია და ოპოზიცია და ამით ქვეყნის დამაქცევარ აგიზგიზებულ კოცონს კიდევ ერთი მუგუზალი შევუკეთეთ. ხალხი აღარ ენდობა პოლიტიკოსებს, “ამიტომაც დავშორდით ჩვენ ერთმანეთსა, შენ იქით წახველ და მე აქეთ წამოვედი, და მას აქეთ მე და შენ ერთად აღარ გვილაპარაკნია. დიდის ხნის ულაპარაკობამ, როგორც აზრით, ისე სიტყვითაც, ერთმანეთს დაგვაშორა. ერთიერთმანეთის სიტყვას ყური გადავაჩვიეთ: შენ ჩემი სიტყვა ან სულ არ გესმის, და თუ გესმის, შენებურად გესმის, მე კიდევ შენი სიტყვა ჩემებურად მესმის. ამიტომაც ქართველი ვეღარავის გვიცვნია, თუმცა კი ყველანი ქართულად ვლაპარაკობთ. რად მოხდა ესე? იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ყოველსფერში გავთავთავდით, აზრი და ყოველი საგანი გავითავთავეთ და სიტყვაც, რომელიც მარტო აზრისა და საგნის ნიშანია, გათავთავდა…”
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე