Home რუბრიკები პოლიტიკა იცვლებიან ადამიანები, არ იცვლება გარემო, არ კეთდება არაფერი, რასაც მოსახლეობა შეაფასებდა წინგადადგმულ...

იცვლებიან ადამიანები, არ იცვლება გარემო, არ კეთდება არაფერი, რასაც მოსახლეობა შეაფასებდა წინგადადგმულ ნაბიჯად

“ოცნებასაც” ზუსტად იგივე ბატონი ჰყავს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავდა

იცვლებიან ადამიანები, არ იცვლება გარემო, არ კეთდება არაფერი, რასაც მოსახლეობა შეაფასებდა წინგადადგმულ ნაბიჯად

მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს უფლებას აძლევდა, საქართველოს მოსახლეობაზე ექსპერიმენტები ჩაეტარებინა. არაერთი პრეპარატის ექსპერიმენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტარდებოდა და პატიმრებმა ხშირ შემთხვევებში არ იცოდნენ, რა წამალს იღებდნენ. ქართველი პატიმრები იყვნენ ჩვეულებრივი საცდელი ბოცვრები, პრეპარატების გამოსაცდელად კომპანიები მილიონებს იხდიან და მასში მონაწილეობას ადამიანები ფულის გამო თანხმდებიან, ჩვენთან კი ეს ყველაფერი უფასო იყო _ პრეპარატებს პატიმრებზე ცდიდნენ, სააკაშვილის გუნდი კი ფულს იღებდა.

ისიც გემახსოვრებათ, ნაციონალების ზეობის პერიოდში კარვები რომ იყო თბილისში რამდენიმე ადგილას გაშლილი და, თუ თავიდან სააკაშვილის ტელევიზიები ისე თუ ასე აშუქებდნენ, შემდეგ ეს თემა მიივიწყეს და არც დასავლელ ელჩებს შეუწუხებიათ თავი. იჯდა ხალხი კარვებში, გადაკეტილი იყო რუსთაველი, პრეზიდენტის რეზიდენციის ცენტრალური შესასვლელი და ხალხს ისე მიავიწყეს ეს ამბავი, იქ ყოფნამ და პროტესტმა აზრი დაკარგა. ახლა რამდენიმე კარავია პარლამენტის წინ გაშლილი და დასავლეთს ერთი ამბავი აქვს ატეხილი.

მიზანი და მიზეზი “ნაციონალური მოძრაობისა” და დასავლეთის წაყრუებისა ხალხში პოლიტიკური ნიჰილიზმის დათესვა იყო. ამომრჩეველი უნდა დარწმუნებულიყო, რომ არანაირი პერსპექტივა და ხიბლი ხელისუფლების შეცვლას არ ექნებოდა. ხალხს უნდა დაეჯერებინა, რომ ან ნაციონალები იქნებოდნენ სამუდამოდ ხელისუფლების სათავეში, ან, ვინც მოვიდოდა, ბევრს არაფერს შეცვლიდა. ეს ავტომატურად მოიტანდა იმას, რომ აქციებზე ხალხი არ გამოვიდოდა, მრავალათასიანი მიტინგები აღარ გაიმართებოდა და ადამიანები გახდებოდნენ რობოტები _ დილით გაიღვიძებდნენ, შეეცდებოდნენ, საჭმლის ფული ეშოვათ, საღამოს ამ ფულით იყიდდნენ საჭმელს, შეჭამდნენ და მეორე დღეს იგივე განმეორდებოდა.

რა მოხდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ? იმედით აღსავსე მოსახლეობა 2012 წელს არჩევნებზე მივიდა და მდუმარე რევოლოუცია მოაწყო, დაშინებულმა ხალხმა ნაციონალების წინააღმდეგ მისცა ხმა და იმედით დაელოდა არა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას, არამედ რეჟიმის გასამართლებას, მაგრამ არც ერთი გამოვიდა და არც მეორე _ არც რეჟიმი გასამართლდა და არც ასე სანუკვარი კეთილდღეობა მოვიდა. კეთილდღეობას ვინ ჩივის, ნელ-ნელა დავიწყეთ უკანსვლა, შემდეგ ტემპი ავკრიფეთ და ახლა ასეთი მოცემულობა გვაქვს _ ყოველი ახალი დღე წინაზე უარესია. გამოდის, რომ რაიმეს შეცვლა ვერც “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა, მაგრამ საქმე ის არის, რომ “ოცნებასაც” ზუსტად ის ბატონი ჰყავს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავდა. ეს იყო და არის დასავლეთის გეგმა და, სამწუხაროდ, წარმატებით ხორციელდება.

თავად განსაჯეთ _ რამდენ ადამიანს აქვს დღეს ქუჩაში გასვლისა და აქციებზე ყოფნის სურვილი? ბოლოს როდის იყო, საკუთარი ნებით საქართველოში რამდენიმე ათეული ათასი კაცი რომ გამოვიდა? ყველაზე მასშტაბური აქცია, რომელიც ხელისუფლებამ (ესეც ქართული პარადოქსია) გამართა, 2019 წლის 14 დეკემბრით თარიღდება. მაშინ მმართველმა გუნდმა ადმინისტრაციული რესურსი სრულად გამოიყენა და გამოჩნდა, რომ თავისუფლების მოედანი საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ოდენობას იტევს. რომ არა სამსახურის დაკარგვის შიში, ასპროცენტიანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ იქ ხალხის ის რაოდენობა ვერ შეიკრიბებოდა, მაგრამ ულუკმაპუროდ დარჩენის პერსპექტივამ, კუჭმა აიძულა საჯარო მოსამსახურეები მისულიყვნენ და ხელისუფლებას დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ მხარდამჭერთა დიდი არმია ჰყავს. არადა, წინა თუ მოქმედ ხელისუფლებას, რომ მოეხერხებინა და პენსიონერებისთვის ღირსეული პენსია მიეცა, მხოლოდ მათი მხარდაჭერა ეყოფოდათ, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სიხარულით დაუდგებოდა გვერდით და ესეც ქართული რეალობისთვის უცნაური მოვლენაა _ თუ აქამდე ყველაფერი ახალგაზრდობით იწყებოდა, სტუდენტური მოძრაობა იყო მოწინავე ფლანგზე, ახლა წინ სწორედ პენსიონერები არიან, თუმცა მათაც მობეზრდათ ტყუილად დგომა, ისინი ხომ არა ერთხელ და ორჯერ მოატყუეს. მოატყუეს ყოველთვის და ყველამ.

პოლიტიკური ნიჰილიზმი რომ გვჭირს, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ. როგორ გგონიათ, რამდენ ადამიანს მოსწონს ხელისუფლება? ძალიან ცოტას, უფრო ცოტას მოსწონს ოპოზიცია. თანაც როგორი ოპოზიცია, რომელშიც 20 პარტიაზე მეტია გაერთიანებული _ მთელი პოლიტიკური სპექტრი იქ არის და ხალხი არ ჰყავთ, აქციებისთვის საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებენ და მათი აქციები საქილიკო თემაა. ხელისუფლების მიერ ბოლოს გამართულ აქციაზე უკვე გითხარით და ყბადაღებული მესამე ძალაც არსად ჩანს. პოლიტიკურ ველზე უნდა გამოჩნდეს ვინმე, ვისაც ხალხი გაჰყება, მაგრამ ეს აღარ იქნება ისეთი მარტივი, როგორც სააკაშვილისა და ივანიშვილის პერიოდში იყო. ორივეს არანორმალურად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ორივემ გაფლანგა ნდობის ლიმიტი, ხალხი არა მხოლოდ მათ, საკუთარი ნებით აღარავის მიჰყვება.

უკმაყოფილო მხოლოდ ის ხალხი კი არ არის, რომელიც თუნდაც დღეს დგას ქუჩაში, უკმაყოფილოა მთელი ერი, მაგრამ ამას ადამიანები ხმამაღლა ვერ ამბობენ. უთქმელობის მიზეზი მხოლოდ შიში არ არის _ უმრავლესობა პროტესტის აზრს, უბრალოდ, ვერ ხედავს. არ ჩანს არავინ, ვისაც გაჰყვებიან, ენდობიან, დაუჯერებენ. ასეთი პოლიტიკოსის მოძებნა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში შეუძლებელი ჩანს. რაც ყველაზე საინტერესოა, საკუთარი ნიშის დაკარგვა არ სურს არც ხელისუფლებასა და არც ოპოზიციას, ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს, არც შემოსავალი აკლიათ და არც შვილების განათლებაზე აქვთ საზრუნავი. მარტივ მაგალითს გეტყვით: პარლამენტში ხომ არ შევიდა ოპოზიციის უდიდესი ნაწილი? 1000-ლარიანი ჯარიმის შიშით, აბსოლუტურად ყველა მათგანმა (ბუბა კიკაბიძემაც კი) შეავსო ქონებრივი დეკლარაცია და ყოველი თვის ბოლოს აბსოლუტურად ყველა მათგანს ერიცხება 4 ათას ლარამდე ხელფასი. მხოლოდ ეს ჯამაგირი აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მშვიდად იდგნენ ქუჩაში, მშვიდად იმოძრაონ ავტომობილებით, დეპუტატის მანდატის გამო არ შეეხოთ არანაირი შეზღუდვა და კომენდანტის საათი. ერთ თითქოს უმნიშვნელო დეტალს არ აქცევს არავინ ყურადღებას: ოპოზიციის წევრები რომ გამოდიან და ბოლო ხმაზე გაჰკივიან, _ არ გვინდა მანდატები, ხელფასებსაც ნუ გვირიცხავთო… ხომ ვერ გვეტყვით, ბატონებო და ქალბატონებო, რომელ ანგარიშზე გერიცხებათ ხელფასი? პარლამენტის საფინანსო სამსახურს დაესიზმრა თქვენი ბანკის ანგარიში? არა; ეს ანგარიშები თვითონვე მიაცუნცულეთ საფინანსოში და ახლა, ხალხის თვალის ასახვევად გაჰკივით, _ ხელფასი არ გვინდაო. რომ არ გდომოდათ, არც ანგარიშებს წარადგენდით და არც ფული დაგერიცხებოდათ.

პრემიერმინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ამბავი ატყდა, ექსპრემიერი ახალ პარტიას შექმნის და ხალხიც მას გაჰყვებაო. გახარია ხეირიანად გადამდგარიც არ იყო, როცა ოპოზიცია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წიხლით შედგა, რადგან მათ სწორედ ზემოხსენებული ნიშის დაკარგვის საფრთხე იგრძნეს, ამიტომ წინასწარვე გაემიჯნენ, გარიყეს, გაწირეს, თათხეს… რაც შეეხება მოსახლეობის ნაწილის აღტყინებასა და ათიათასობით ადამიანის მიერ სოციალურ ქსელში მოწონებულ გახარიას ფოტოს, მოდი, მარტივად ვიკითხოთ: რა გააკეთა თავისი პრემიერობის პერიოდში გახარიამ ისეთი, რის გამოც, შესაძლოა, მას ხალხი გაჰყვეს და ბოლომდე ენდოს?

პანდემიისას კრიზისმენეჯერის განსაკუთრებული უნარი გამოიჩინა და პროცესები მართა? მოსახლეობას ყოფა შეუმსუბუქა, შვება მისცა, ახალი ქარხნების აშენებისა და ხალხის დასაქმების ბრძანება გასცა? ეროვნული ვალუტა გასულ წელს 16%-ით რომ არ გაუფასურებულიყო, რაიმე მოიმოქმედა, შესაბამის სამსახურს დაავალა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა? რეგიონში საქართველო მთავარ მოთამაშედ აქცია? რუსეთთან ურთიერთობის რაღაც დონეზე მოგვარებას მაინც შეეცადა? ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს რაიმე ისეთი გააკეთებინა, რაც მოსახლეობაზე სასიკეთოდ აისახა? სამწუხაროდ, ყველა კთხვაზე პასუხი უარყოფითია, თუმცა საქმე მხოლოდ გახარიაში არ არის. ამავე კითხვებზე უარყოფითი პასუხია მისი წინამორბედის შემთხვევაში, იმის წინამორბედის შემთხვევაშიც და უარყოფითი პასუხი იქნება გახარიას შემცვლელის შემთხვევაშიც. იცვლებიან ადამიანები, არ იცვლება გარემო, არ კეთდება არაფერი, რასაც მოსახლეობა შეაფასებდა წინგადადგმულ ნაბიჯად. ჰო, მოსახლეობა, თორემ… საინტერესო ციფრებს გეტყვით: იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,6%-ით შემცირდა და ეს ყველაზე ცუდი შედეგია 1994 წლის შემდეგ. თურმე 27 წელია, წინ მივდივართ, ყოველწლიური მატება და პროგრესი გვაქვს… გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: შეატყვეთ რამე წინსვლის?! ჰო, 24-საათიანი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიისთვის მადლობა, მაგრამ 21- საუკუნის მეხუთედი რომ მიიწურა და სხვა სათქმელი არაფერია, ეგ არის სწორედ კატასტროფა, ამიტომ ვამბობთ, მოსახლეობამ უნდა თქვს, რომ წინსვლაა, თორემ ევროპა-ამერიკის დასანახავად ფურცელზე დაწერილი ეკონომიკური წინსვლა დიდი ვერაფერი შეღავათი რომ არის, ყველა მიხვდა. სწორედ ამის შემყურე ხალხს სჭირს ნიჰილიზმი და აღარ სჯერა არავისი. პარლამენტის სხდომები იმართება, რაღაც კანონებსაც იღებენ, მაგრამ… გააჩერეთ ქუჩაში ასი ადამიანი და ჰკითხეთ, გასული ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებულმა რომელმა საკანონმდებლო ცვლილებამ იქონია მოსახლეობაზე დადებითი გავლენა. თქვენ თუ გაქვთ პასუხი, ბატონებო, თორემ ხალხი რას გეტყვით, ჩვენზე კარგად გეცოდინებათ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here