Home რუბრიკები საზოგადოება პურის ფასი, შესაძლოა, 1,50 ლარიც კი გახდეს და ეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის...

პურის ფასი, შესაძლოა, 1,50 ლარიც კი გახდეს და ეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება

პურის ფასი, შესაძლოა, 1,50 ლარიც კი გახდეს და ეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება

ალბათ, ნახევარ წელზე მეტია, პრაქტიკულად, ყოველ ნომერში ვწერდით, რომ საქართველოს გაზაფხულისთვის ხორბლის პრობლემა შეექმნებოდა. კატეგორიულად ვთხოვდით ხელისუფლებას, რუსეთს ხორბლის თაობაზე დალაპარაკებოდა, რადგან პურის ფქვილისთვის საჭირო ხორბალი ასი პროცენტით სწორედ რუსეთიდან შემოდიოდა და, იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოელმა მეზობელმა წინა წლებთან შედარებით წარმოება საგრძნობლად გაზარდა, მსოფლიოშიც მოიმატა მოთხოვნამ და, ალტერნატიული გზების ძიებას ვინ ჩივის, აწყობილი გზის გამაგრებაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ყური არავინ გვათხოვა, ხელისუფლებამ დაგვარწმუნა, რომ პურის ფქვილის პრობლემა არ შეიქმნებოდა (არ უთქვამთ, რუსეთის კეთილი ნების იმედად ვართო) და გაძვირებული ფქვილის სუბსიდირება დაიწყო.

ჯერ ერთხელ გაკეთდა სუბსიდია, როცა ერთი ტომრის ფასმა 53-დან 60 ლარამდე მოიმატა, მერე 68 ლარი გახდა ტომარა და ხელისუფლებამ ამის თანხაც გამონახა (რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი გადასახადებიდან მიღებული ფულით), ახლა კი ერთი ტომარა ფქვილის ფასი 72 ლარი გახდება და ორი ვარიანტია _ ხელისუფლებამ ან სუბსიდიაზე უნდა თქვას უარი, ან ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური (დაახლოებით ასი მილიონი) თანხა უნდა გამონახოს და პური არ გაგვიძვიროს. არის მესამე ვარიანტიც _ უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო ცვლილებები დღგ ან საბაჟო გადასახადების მოხსნის კუთხით, რაც გაძვირების პროპორციული იქნება. ასე გააკეთა აზერბაიჯანმა, რომელმაც დღგ ჯაჭვი გაათავისუფლა, ასე გააკეთა თურქეთმა, როცა საიმპორტო ბაჟი მოხსნა, და ასე აკეთებენ ის სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, არც ბიუჯეტს ავნონ და არც მოსახლეობას.

სანამ ძირითად სათქმელზე გადავალთ, საინტერესო სტატისტიკას გაგაცნობთ _ ხელისუფლება გასულ წელს გვიმტკიცებდა, ალტერნატიული გზები ვნახეთ, ამერიკიდან, საფრანგეთიდან და უზბეკეთიდან შემოვიტანეთ ხორბალიო. ე..ი., ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რომ რუსული ბაზარი ჩაენაცვლებინა და, რა თქმა უნდა, კარგია, როცა რამდენიმე ალტერნატიული გზა გაქვს, ეს კონკურენციას ზრდის, კონკურენცია კი ფასებს ამცირებს, მაგრამ…

2019 წელს რუსეთიდან შემოტანილ ხორბალში, საერთო ჯამში, 90,6 მილიონი დოლარი გადავიხადეთ, ხოლო 2020 წელს _ 107,3 მილიონი. რა გამოდის? მოვიძიეთ ალტერნატიული გზები და რუსეთიდან უფრო მეტი ხორბალი დაგვჭირდა? და იმას რატომ არავინ ამბობს, რომ იგივე უზბეკეთი, რომელიც ხორბალს ყიდის, მთლიანად რუსეთზე რომ არის მიბმული, ანუ რუსეთს იქაური ხორბლის წარმოება 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული და რეალურად, ისინი მართავენ ყველაფერს?

ახლა რაც შეეხება მთავარს:

რუსეთმა დაანონსებული რეგულაციები აამოქმედა და ხორბლის იმპორტი შეზღუდა. დაწესდა კვოტები და ახალი საბაჟო ტარიფები. 15 თებერვლიდან რუსეთიდან მხოლოდ 17,5 მილიონი ტონა მარცვლეულის იმპორტია დაშვებული, თითოეულ ტონაზე კი 25 ევროს საბაჟო გადასახადი მოქმედებს, რომელიც 1 მარტიდან 50 ევრო გახდება. რეგულაციები ამით არ მთავრდება _ 1 ივლისიდან ქვეყანა ე.წ. მცურავი ბაჟის ახალი მექანიზმის (საერთაშორისო ფასს გამოკლებული 200 დოლარი და მიღებული სხვაობის 70%) ამოქმედებას განიხილავს, რათა მარცვლეულის იმპორტი ახალი მოსავლის მიღების შემდეგაც გააკონტროლოს. საინტერესოა, რომ რუსეთს ეს შეზღუდვები ყველა ქვეყნისთვის არ აქვს. ევრაზიული კავშირის წევრები ხორბალს განუსაზღვრელი რაოდენობით და, რაც მთავარია, იმავე ფასით იღებენ.

ახლა აუცილებლად გამოხტება ვინმე “პატრიოტი” და იტყვის: ევრაზიულ კავშირში შესვლას გვთავაზობთო? არა, ბატონებო, კავშირში შესვლას კი არა, იმას გთავაზობთ, რასაც აქამდე გთავაზობდით _ დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან და ისაუბრეთ თანამშრომლობაზე შუამავლების გარეშე. ისაუბრეთ პურზე, ვაქცინაზე, ქართულ ღვინოებსა და მინერალურ წყლებზე, ისაუბრეთ ეკონომიკურ ურთიერთობაზევაღიაროთ, რომ ყველაზე დიდი ბაზარი საქართველოსთვის სწორედ რუსეთია და, რუსული ბაზარი რომ არა, პროდუქციას, უბრალოდ, ვერსად გავიტანდით. რაც მთავარია, ვერ გავიტანდით იმ ფასად, რა ფასადაც რუსეთში გაგვაქვს, და იქიდან შემოსული მილიარდობით დოლარიც (ჰო, მილიარდობით) ქართულ ეკონომიკას სულის მოთქმის საშუალებას ვერ მისცემდა.

დღევანდელი მდგომარეობით, ხორბალი კვოტირებულია და, ძალიანაც რომ გვინდოდეს, რუსეთი ჩვენთვის სახელმწიფო კანონს არ შეცვლის. აქ მხოლოდ ჩვენზე არ არის საუბარი, სხვა ქვეყნებზეცაა და ლოგიკურია, რუსული მხარე პარტნიორებს უპირატეს მდგომარეობაში რომ აყენებს. შესაბამისად, დაგვიდგება ის პერიოდი, რომელზეც არაერთხელ დაგვიწერია _ დაგვჭირდება პურის ფქვილის საწარმოებელი ხორბალი და ახლა ნამდვილად უნდა ვეძებდეთ ალტერნატიულ გზებს. შედეგად, მივედით იქამდე, სადაც დასავლეთს პირდაპირ თუ ირიბად მივყავდით _ ხორბალი აუცილებლად ევროპაში უნდა ვეძებოთ და მნიშვნელობა აღარ ექნება ფასს, იძულებული ვიქნებით, ნებისმიერ ფასად ვიყიდოთ. ევროპა უკვე თავის პირობებს გვიკარნახებს _ რა ფასადაც სურს, იმ ფასად მოგვყიდის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტს და ამ ყველაფერს ორი მიზეზის გამო ვერ გავაპროტესტებთ: პირველი მიზეზი საჭიროება გახლავთ. იძულებული ვიქნებით, ვიყიდოთ; და მეორე მიზეზიც _ ევროპისთვის ოდესმე რაიმე გაგვიპროტესტებია?!

1 მარტიდან სახელმწიფო სუბსიდია დასრულდება კომუნალურებზე, ხოლო 1 აპრილიდან _ პურის ფქვილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ მარტის ბოლოს მოსახლეობას გაზრდილი კომუნალურების გადახდა მოუწევს, უდიდესი შანსია იმისა, რომ 1 აპრილს, მაღაზიაში შესულს, პური საგრძნობლად გაძვირებული დახვდეს და ვაგლახ, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა არ იქნება. ისიც ვაღიაროთ, რომ პურის ფქვილის სუბსიდიის კვლავ გაგრძელება, უბრალოდ, თავის მოტყუება იქნება. ჩვენ მიერ შევსებული ბიუჯეტიდან მოხდება ეს ყველაფერი, უბრალოდ, ნაკლებად ვიგრძნობთ, რადგან ყოველდღიურად არ მოგვიწევს გაძვირებულ პურში ფულის გადახდა და ამას, ჩვენ ნაცვლად, სახელმწიფო გააკეთებს.

სამწუხაროდ, უკვე გვიანია თითზე კბენა და იმაზე ფიქრი, რა მოხდებოდა, ეკონომიკურ საკითხებზე რუსეთთან რომ გვესაუბრა. ახლა მთავარია, ალტერნატიული, ოღონდ რეალური გზები მოვიძიოთ, მაგრამ ეს გზა ჯერჯერობით არ ჩანს. პანდემიის პირობებში საკვები პროდუქტები ისე მუშაობდა, რომ ლაბორატორიებში საკვების გამოყვანის შესაძლებლობაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ. თუ აქამდე ხმამაღლა საუბარს ერიდებოდნენ, ახლა ბილ გეითსმაც კი აღნიშნა: დროა, საკვები ლაბორატორიებში შევქმნათ, ის საკვები, რომელიც სასარგებლო იქნება და ნატურალური პროდუქტისგან განსხვავება მინიმუმამდე იქნება დაყვანილიო. ასე, ლაბორატორიებში აპირებენ კვერცხის, ხორცის, ბოსტნეულისა თუ ბაღჩეულის გამოყვანას და, რამდენად იქნება კოლბაში დამზადებული ხორცის ნაჭერი ჩვეულებრივი ხორცის თვისებების მქონე, თავად განსაჯეთ. ეჭვი გვაქვს, ექსპერიმენტებს სწორედ საქართველოს დარ ქვეყნებზე ჩაატარებენ და ისიც საფიქრებელია, ვინმემ სწორედ ლაბორატორიაში დამზადებული ფქვილით არ იფიქროს ჩვენი გამოკვება. მით უმეტეს, ეს ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, 1990-იან წლებში ისეთ პურს ვჭამდით, საქონლისთვის რომ იყო დამზადებული. მაშინ გადავრჩით, ახლა გადარჩენა გაგვიჭირდება, რადგან მაშინ არც ვირუსი მძვინვარებდა და იმ პურს ქართულ მიწაზე მოყვანილ პროდუქტს ვატანდით. ახლა ესეც აღარ არის, ელემენტარულად, კარტოფილის კარგი მოსავალი რომ მივიღოთ, 12 სახის შხამქიმიკატი უნდა შევიტანოთ დათესვიდან მოსავლის აღებამდე. შედეგად, თუ ადრე ჰექტარზე ბუნებრივ პირობებში 15 ტონამდე კარტოფილი მოდიოდა, ახლა, შხამქიმიკატებით, მოსავლიანობა 30-35 ტონამდე არის გაზრდილი.

ისევ ხორბალს დავუბრუნდეთ. პურის უმსხვილესი მწარმოებლები უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ იძულებული იქნებიან, ფასს მოუმატონ და, თუ დღეს ეს მატება, სულ ცოტა, 20-თეთრია, 1 აპრილს 40 თეთრს მიღწევს. შედეგად, პურის ფასი, შესაძლოა, 1,50 ლარიც კი გახდეს, ეს კი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება, უმუშევრად მყოფი ხალხი ძირითადად სწორედ პურის ყიდვასა და ჭამაზეა ჩამოკიდებულგამოკიდებული და მისი გაძვირება საბოლოოდ წააქცევს. ხელისუფლება, უკვე მერამდენედ, დასავლელი პარტნიორების იმედად არის, მაგრამ ეჭვი გვაქვს, ისინი მოიქცევიან ისე, როგორც იქცეოდნენ 30 წლის განმავლობაში: არც უარს გვეტყვიან, არც მოგვცემენ მისაღებ ფასად და საბოლოოდ, მაინც აიძულებენ ხელისუფლებას, ტაში დაუკრას.

არის ასეთი ნორვეგიელი ექსპერტი, ერიკ რეინერტი. 2016 წელს მას ჭკუას საქართველოს ხელისუფლებაც დაეკითხა, მაგრამ ისე ჩანს, ნორვეგიელის ხედვა მიუღებელი აღმოჩნდა. ჰოდა, სწორედ ერიკ რეინერტმა თქვა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ: სამწუხაროა, რომ საქართველოს ექსპორტში, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობა გააქვსო. ჰო, გააქვსო და არა _ გაყავსო, რადგან ისიც კი მიხვდა, რომ უსულო საგნებივით გვექცევიან და აგერ, მორიგი ექსპორტი მალე დაიწყება _ გერმანიაში გაგვიტანენ. ჩვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე, კვოტა დაწესებული არ არის.

ბესო ბარბაქაძე

P.S. დაახლოებით 70 წლის წინათ გერმანიაში ტანკებით შევედით, ახლა კი თოხებით შევდივართ. პროგრესია, რას ერჩი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here