“დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული, ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!”
ნ. ბარათაშვილი
ჩვენს პლანეტაზე უკან-უკან მიმავალმა ცხოვრებამ ჩიხიც გალია და უკვე ზღვარს მიადგა.
საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების დუღილის ტემპერატურა თითქმის მაქსიმუმამდეა ასული. შეგნებული ხალხი შფოთავს და მომავალი სამართლიანი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად შეუმცდარ გზას ეძებს. კაცობრიობის ცხოვრების უკანასკნელმა 50-მა წელიწადმა ისე განვლო დუღილსა და ქოთქოთში, რომ ღირსეული ცხოვრების დამყარებისთვის ამ მორევის ზედაპირზე მოტივტივე, ხალხისთვის უსარგებლო პარტია-მოძრაობებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერავითარი ახალი, ფასეული, დამაჯერებლად გასაგები გზა ვერ შემოგვთავაზეს, პირიქით _ მათი სვლა-გეზი დეგრადაციისკენ მიმართული აღმოჩნდა.
ახლა ხელისუფლება-ოპოზიციისთვისაც გასაგები შეიქნა, რომ ხალხს საბოლოოდ ვეღარ მოატყუებენ ძველი პოლიტტექნოლოგიების გზით, ამიტომ იძულებულნი არიან, ახალი, განსხვავებული ვერსიები შემოგვთავაზონ მომავალი ცხოვრების მოსაწყობად და კვლავ შეგვაყარონ თვალებში ნაცარი. ამიტომ გაათმაგებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ახალ შემოთავაზებებს, რათა განვასხვავოთ მათში ავი და კარგი.
ჩვენდა გასახარად, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” თებერვლის მე-5 ნომერში გამოქვეყნდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ახალგაზრდა დოქტორის, დავით სუხიაშვილის, სტატია, რომელიც ყველა იმ ადამიანის, პროგრესული პოლიტიკური ჯგუფების ყურადღებას მიიქცევს, რომლებიც მზად არიან, სერიოზულად გაიაზრონ პუბლიკაციაში ჩამოყალიბებული თეზისები სამშობლოს გადასარჩენად.
ჩვენ ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ პირს (რომლებსაც ერის წყლული წყლულად ამჩნევია) სკრუპულოზურად წაიკითხონ მითითებული პუბლიკაცია და, თუ საჭიროდ ჩათვლიან, გამოგვეხმაურონ, რათა ერთობლივად გავაანალიზოთ პუბლიკაციის პათოსი და დავსახოთ მომავალი სამოქმედო გზები.
P.S. გაზეთის იმავე ნომრის მე-17 გვერდზე გამოქვეყნებულია არანაკლებ საყურადღებო სტატია, რომელსაც პროგრამის სახით გვთავაზობს გაერთიანების _ “სოციალისტური კოალიცია აღორძინებისთვის” ერთ–ერთი ხელმძღვანელი თემურ ფიფია. გთხოვთ, ამ პროგრამის გულდასმით გაცნობის შემდეგ მასზეც მოგვაწოდოთ თქვენი ხედვა–თვალსაზრისი.
სამოქალაქო აქტივისტები:
მერაბ ზურაბაშვილი _ (მობ.) 597-95-58-01
ბორის რიონისპირელი _ (მობ.) 568-28-20-31