მეხუთე გამოშვება
“ჩემო კარგო ქვეყანავ,
რაზედ მოგიწყენია…”
ილია
მელიას საბელი
მელია, ამ შემთხვევაში, გრძელი კუდით განთქმულ გარეულ ცხოველს არ ნიშნავს, გვარია არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ ცნობილი ქართული გვარი. არც საბელი ნიშნავს თოკს, რომლითაც ამა თუ იმ ცხოველს ხეზე ან პალოზე აბამენ. ამ შემთხვევაში საბელი მაჯაზე გასაკეთებელ თანამედროვე ელექტრონულ მოწყობილობას ნიშნავს, რომლის საშუალებითაც სამართალდამცავი ორგანოები შინაპატიმრობამისჯილი პირების გადაადგილების პერიმეტრს დისტანციურად აკონტროლებენ. ნიკანორ მელიას, რომელიც ახლა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა, 2019 წლის ივნისში პარლამენტზე შტურმის ორგანიზების ბრალდებით შინაპატიმრობა მიუსაჯეს და მაჯაზე ელექტრონული სამაჯურიც შეაბეს, რომლის მოხსნის უფლება არ ჰქონდა. პოლიტიკური ბრძოლის ექსტაზში შესულმა მელიამ ერთხელაც სამაჯური მოიგლიჯა და შორს მოისროლა ომახიანი შეძახილით “ვერავინ დამაპატიმრებს”. რამდენიმე დღის წინათ სასამართლომ გირაოთი განთავისუფლებულ მელიას აღკვეთის ფორმა პატიმრობით შეუცვალა. ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და მიზეზად სწორედ მელიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. “იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან…” ბატონმა გახარიამ ამ განცხადებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ის საიდუმლო გათქვა, რომ ნიკანორ მელიას დაპატიმრების საკითხს, თურმე, “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი წყვეტდა, სასამართლო კი მხოლოდ რუპორის როლს ასრულებდა. ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” პრემიერმინისტრის ახალი კანდიდატურა წამოაყენა _ ყოფილი პრემიერმინისტრი და მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სულ ესაა, რაც მოხდა, მაგრამ რა დგას ამ მშრალი ფაქტების უკან? ეს უკვე დაფიქრებისა და მსჯელობის საფუძველს გვაძლევს… დავიწყოთ შეკითხვებით:
რატომ არ აუარა გვერდი ხელისუფლებამ ნიკანორ მელიას დაპატიმრებას, თუკი ეს ამბავი დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის შექმნად და პრემიერმინისტრის გადადგომად დაუჯდებოდა? პასუხი ერთია: როგორც ჩანს, ვიღაც ისე იყო გაღიზიანებული მელიას რიტორიკითა და საქციელით, რომ, რადაც უნდა დაჯდომოდა, მწარედ უნდა დაესაჯა. აქ ახალი შეკითხვა ჩნდება: ვინ არის ისეთი გავლენიანი პიროვნება საქართველოში, რომ მმართველი გუნდიდან მას წინააღმდეგობა პრემიერმინისტრმაც კი ვერ გაუწია? ეს შეკითხვა ჯერჯერობით უპასუხოდ დავტოვოთ და სხვა შეკითხვები დავსვათ, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლით: პრემიერმინისტრი გახარია მხოლოდ იმის გამო გადადგა, რომ მისი პოზიცია ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე თავის შეკავების შესახებ მმართველ გუნდში დაუძლეველ წინააღმდეგობას წააწყდა? ეს ვერსია ხომ აშკარად ისეთია, ყურით მოთრეულს რომ უწოდებენ? ჯერ ერთი, რატომ გამოიდებდა გახარია თავს მელიას გამო? მეორეც, ვთქვათ, გარკვეული მოსაზრებით, მან მელიას დაპატიმრებას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მმართველ გუნდში უმრავლესობამ სხვა პოზიცია თუ დაიკავა, რატომ უნდა მიენიჭებინა პრემიერმინისტრს ამ ფაქტისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა, რომ ამის გამო თანამდებობიდან გადამდგარიყო?
ჩნდება ეჭვი, რომ გახარიას გადადგომის უკან სხვა მოტივი და სხვა გარემოება იმალება, მაგრამ რა? იბადება ასეთი შეკითხვა: მელიას დაპატიმრებისგან თავის შეკავება იქნებ გახარიას პირადი ინიციატივა კი არა, აშშ–დან იყო ნაკარნახები? ეს შეკითხვა საფუძველს მოკლებული არ არის, რადგან ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დღემდე რჩება ამერიკელთა მთავარ დასაყრდენ ძალად საქართველოში. ჩემი მოსაზრება, რომ გახარიას დასავლეთი კარნახობდა, მელიასთვის პატიმრობის შეფარდების წინააღმდეგ გამოსულიყო, ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა.
როგორც კი გახარია გადადგა და ვითარება დაიძაბა, დასავლეთში მაშინვე აწრიალდნენ “კეთილისმსურველნი”, რითაც თავიანთი ტენდენციური და მიკერძოებული დამოკიდებულება გაშიფრეს. ჩვენთვის კარგად ცნობილი, მაგრამ არცთუ კარგად მოსაგონარი დევიდ კრამერი ხელისუფლების მიმართ უხეშ და თავხედურ განცხადებას აკეთებს: “როგორც აშშ–დან ჩანს, განსაკუთრებით პრემიერმინისტრ გახარიას გადადგომის გათვალისწინებით, ყოველივე ამის უკან ბატონი ივანიშვილი დგას და, ეს თუ დადასტურდა, სანქციები, პირველ რიგში, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული”.
“ნაციონალურ მოძრაობას” ექომაგება და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ილაშქრებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, რომელიც გიორგი გახარიას გადადგომას ასე აფასებს: “სწორი ნაბიჯი და სწორი ტონი. საქართველოს მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა უფრო მეტი დაპირისპირება”.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა კი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა, თავს ასეთი შინაარსის განცხადების გაკეთების უფლება მისცა: “საქართველოს მთავრობა თუ შეეცდება, რომ ოპოზიციის იზოლირება გააძლიეროს, ჩვენ ამის შესახებ ავლაპარაკდებით და მთავრობას მოუწევს შესაბამისი ფასის გადახდა”.
ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, გახარიას მიერ მელიას სასარგებლო განცხადების გაკეთება დასავლური წრეებიდან მოდიოდეს. თუ დავალება ამერიკელებისგან მოდიოდა და გახარიას მისი შესრულება ჩაუვარდა, ბუნებრივია, იგი იძულებული იქნებოდა, მისი ეს ჩავარდნა გადადგომით გამოესყიდა. ეს უკვე ლოგიკური მსჯელობაა, მაგრამ ვინ არის ის პიროვნება, რომლის გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრებაზე გახარიამ ვერ დაძლია?
ძნელი მისახვედრი არ არის, თუკი, საერთოდ, ვინმე არის ასეთი, ეს ბიძინა ივანიშვილია.
ასეთ შემთხვევაში ჩვენი მსჯელობა ახალ მიმართულებას იღებს და იმაზეც დაგვაფიქრებს, ივანიშვილი, რომელიც შესანიშნავად გრძნობდა თავს მმართველი პარტიის ლიდერის ამპლუაში, ერთბაშად რატომ გაიქცა პოლიტიკური არენიდან და რატომ გადავიდა არაფორმალური მმართველის პოზიციაზე, როდესაც წლების წინათ მართვის ამ ყოვლად მიუღებელი ფორმის დანერგვის გამო მრავალი უსიამოვნება გამოიარა? იმის გამო ხომ არა, რომ დასავლეთიდან ან პირდაპირ უთხრეს, ან გასაგებად მიანიშნეს, მართვის სადავეების ოპოზიციისთვის გადაცემის დრო დადგაო? არც ეს ვერსიაა ხელაღებით უარსაყოფი, ვინაიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მარცხმა და ბაიდენის გამარჯვებამ მსოფლიოში და საქართველოშიც ბევრი რამ თავდაყირა დააყენა. ამას ისიც დაემატა, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, სომხეთის პარალელურად, აზერბაიჯანშიც, სრულიად კანონიერ საფუძველზე, რუსი სამხედროები განთავსდნენ, რაც ამიერკავკასიაში გეოპოლიტიკურ რეალობას პრინციპულად ცვლის, რამაც უკვე გამოიწვია სერიოზული გეოპოლიტიკური რყევები. იქნებ ამ რყევების შედეგია ივანიშვილისა და გახარიას ერთიმეორის მიყოლებით გაქცევა? ცნობილი ამბავია, რომ არავის სურს, მძიმე მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეს. გალაკტიონივით არავინ აცხადებს: “დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოსი”. პოლიტიკა, მოგეხსენებათ, ვერაგი რამეა, სისხლი უყვარს. სხვაც ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოთ, თუმცა, შესაძლებელია, ისეც მოხდეს, რომ არც ერთი ჩვენი ვარაუდი არ გამართლდეს. პოლიტიკური პროცესების ანალიზისას მუდმივად პოლიტიკურ ლაბირინთებში ვრჩებით, მაგრამ ამ პროცესში არც ისაა გამორიცხული, რომ ხელში შეგვრჩეს პოლიტიკისგან შორს მყოფი ერთობ პროზაული რეალობა.
გახარიას ირგვლივ უკვე ქექავენ რაღაცას ე.წ. ირანული სკანდალის სახით, რაშიც ამერიკელები მონაწილეობენ. ნახსენებია ფულის გათეთრება, ვიღაცის უკანონო დაპატიმრება და სხვ. ამ ბინძურ ეპოქაში სულაც არ არის გამორიცხული, რომ გახარია, პოლიტიკას კი არა, კრიმინალურ სიტუაციას გაექცა. რაც შეეხება ივანიშვილს, ცხადია, რომ ისიც რაღაცას გაექცა, მაგრამ ვინაიდან იგი თავისი უზარმაზარი კაპიტალით ასე მარტივად ვერ წავიდოდა, ნაცადი მეთოდი გამოიყენა და არაფორმალური მმართველობის რეჟიმში გადაინაცვლა, რეალურად კი არსად წასულა. ივანიშვილი მართლა რომ წასულიყო, ვერც კობახიძეს დატოვებდა მმართველი პარტიის ლიდერად და, მით უმეტეს, ვერც ღარიბაშვილს გააპრემიერებდა ხელმეორედ. ხომ დღესავით ნათელია, რომ ეს საკადრო გადაადგილებები აშკარად ივანიშვილის ხელწერაა?!
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, პირველი პრემიერობისას მან ჩემი ყურადღება რამდენიმე ნათქვამით მიიქცია: 1. “მე, როგორც პრემიერმინისტრი და საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა!”
2.“რაც მთავარია, ეს ომი (გულისხმობდა დიდ სამამულო ომს _ ვ.კ.) ქართველმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული”.
ამ ორ წინადადებაში თითქოს გამოსჭვივის არასტანდარტული აზროვნებისკენ მიდრეკილება, გაბატონებული იდეოლოგიური შაბლონების დაძლევის სურვილი და მცდელობა, რაც დასაფასებელია, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ეს მისი მყარი მსოფლმხედველობრივი პოზიციაა თუ დღეს ასე მოძალებული დასავლური ნარატივიდან მხოლოდ კონტექსტური ამოვარდნა. უფრო, ალბათ, ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე, ვინაიდან უამრავ სხვა შემთხვევაში მისი განცხადებები არაფრით განსხვავდებოდა და განსხვავდება დასავლეთის “მეხუთე კოლონის” წარმომადგენელთა განცხადებებისგან.
ამიტომ შეკითხვას _ მოიტანს თუ არა სიკეთეს საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, ასე ვუპასუხებ: შეუძლებელია, რამე სასიკეთო ცვლილებები განახორციელოს მთავრობამ, რომელიც ხელუხლებლად ტოვებს საქართველოში ამჟამად მოქმედ პოლიტიკურ–ეკონომიკურ–სოციალურ სისტემას, რომელმაც, დიდი ხანია, კრახი განიცადა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მთავრობას, რომელიც დასავლეთის მიმართულებით განცდილი ოცდაათწლიანი ფიასკოს შემდეგ არ აპირებს დასავლური კურსის შეცვლას და კვლავ ნატოსა და ევროკავშირის ილუზიებში რჩება, პერსპექტივა არ აქვს, ვინაიდან ცხოვრებამ დაგვარწმუნა, რომ ეს გზა პერმანენტული მარცხის, მუდმივი იმედგაცრუებისა და დაუსრულებელი ჯოჯოხეთის გზაა…
მელიას საბელმა, რომელმაც პრემიერმინისტრ გახარიას კარიერა ისე შეიწირა, თითქოს არც არასოდეს ეარსებოს, დაგვარწმუნა, რომ რეგიონში დაწყებულმა მასშტაბურმა რყევებმა მთელი ქართული პოლიტიკური ნაგავი, დღეს რომ ასე ყარს, შესაძლებელია, ისე უცებ ჩარეცხოს და ჩაიტანოს, როგორც გამართული სანიაღვრე სისტემა ჩარეცხავს და ჩაიტანს მოულოდნელად მოვარდნილ ჭუჭყსა და ტალახს…
აუხსნელი საუკუნე
ადამიანისთვის საუკუნე დიდი დროა, ცხოვრებაზე მეტია. არც ისტორიისთვის არის მცირე დრო, ვინაიდან, ეპოქას კი არა, ზოგჯერ ეპოქებს იტევს. თუმცა, ხდება ისე, რომ ზოგიერთი მასშტაბური მოვლენის სრულად გააზრებას საუკუნეც არ ჰყოფნის…
1921 წლის 25 თებერვლიდან საუკუნე გავიდა. მისი მნიშვნელობა დღესაც, საუკუნის გასვლის შემდეგ, ზოგს ასე ესმის, ზოგს _ ისე, ანუ ისტორიული მოვლენის არც გაგებისა და არც შეფასების თვალსაზრისით საზოგადოებრივი კონსენსუსი ჯერ ვერ შედგა. რა იყო ეს მოვლენა _ ისტორიული პროგრესი თუ ისტორიული რეგრესი, საზოგადოებრივი სიკეთე თუ საზოგადოებრივი ბოროტება?
ათასწლეულების განმავლობაში ადამიანთა მიერ შექმნილი საზოგადოებრივი სისტემებისთვის (მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური) დამახასიათებელი იყო ერთი ადამიანის მიერ მეორის ჩაგვრა, ერთი კლასის მიერ მეორის ნაშრომის მითვისება, ერთის გამდიდრება და მეორის გაღატაკება. ეს იყო აღიარებული ნორმა, დაკანონებული ცხოვრების წესი, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი მცდელობა უსასტიკესად ისჯებოდა. საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, რა თქმა უნდა, ფიქრობდა და ვითარებიდან გამოსავალს ეძებდა. ასე ჩამოყალიბდა მარქსისტული სოციალური თეორია და მარქსისა და ენგელსის ავტორობით დაიწერა ყველა დროის პოლიტიკური შედევრი “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”. 1917 წლის ოქტომბერში კი რუსეთში განხორციელდა სოციალისტური რევოლუცია, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ყველაფერი.
რუსეთის სოციალისტური რევოლუციის ბაზაზე შექმნილი საბჭოთა კავშირის სახით, რომლის შემადგენლობაში საქართველოც შევიდა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში ჩამოყალიბდა სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე აგებული სახელმწიფო, რომელშიც არ არსებობდა კერძო საკუთრება წარმოების საშუალებებზე, რომლის შედეგადაც ადამიანის მიერ ადამიანისა და კლასის მიერ კლასის ექსპლოატაცია საფუძველშივე მოისპო. სოციალისტური ეკონომიკის ბაზისზე დაფუძნდა ის სოციალური ზედნაშენი, რომელმაც ადამიანებს მისცა უფასო ბინები, უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასო განათლება, თითქმის უფასო კომუნალური მეურნეობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, გართობისა და დასვენების საშუალებები.
სირთულე იყო ის, რომ ამის შექმნა დაკავშირებული გახლდათ იმ უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვასთან, რომელსაც ყოფილი მჩაგვრელი კლასი _ თავადი, მემამულე, კაპიტალისტი, ბანკირი, მევახშე და ათასი ჯურის სისხლისმწოველი _ უწევდა, რომელსაც მშრომელი ადამიანის ექსპლოატაციის შედეგად განაღდებული მდიდრული ცხოვრება არ ეთმობოდა, ამიტომ ბრძოლამ სამკვდრო-სასიცოცხლო ხასიათი მიიღო. ამ ბრძოლაში შიდა ძალებთან ერთად გარეშე ძალებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც პლანეტაზე სამართლიანი ცხოვრების პრეცედენტის დაშვება არ სურდათ, ვინაიდან სოციალისტურ სისტემაში საკუთარ ხვალინდელ მესაფლავეს ხედავდნენ. ევროპული ცხოვრების წიაღში წარმოშობილი ფაშისტური იდეოლოგია აშშ–მა და ინგლისმა დააფინანსეს, შეაიარაღეს და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წააქეზეს. მეორე მსოფლიო ომი, პრაქტიკულად, კაპიტალისტური დასავლეთის ომი იყო სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ, რომელშიც ფაშისტურმა გერმანიამ მწარე მარცხი იწვნია.
საქართველოში მენშევიკური მთავრობის დამარცხებისა და სოციალისტური საქართველოს ჩამოყალიბების ასი წლისთავის მოახლოების გამო საქართველოში მოქმედი ქართულენოვანი, მაგრამ იდეოლოგიით ამერიკული მედიასაშუალებები თავ-პირს იხოკავენ და 25 თებერვალს ეროვნული გლოვის დღედ აცხადებენ, რითაც ხალხს თავ-გზას უბნევენ. უდანაშაულო მსხვერპლიო, გაჰკივიან, ჟურნალისტები კი შეკითხვასაც არ სვამენ, რით ხსნიან ისინი, ვინც უდანაშაულო მსხვერპლზე ლაპარაკობენ, იმას, რისთვის სჭირდებოდა სტალინს უდანაშაულო მსხვერპლი, რას ერჩოდა მათ? ბრალდებას, რომ საბჭოთა ხელისუფლება უდანაშაულო ხალხს ხოცავდა, თუნდაც ლოგიკას მოკლებული და, როგორც იტყვიან, თითიდან გამოწოვილი ახსნა მაინც ხომ უნდა მოჰყვეს? საქმე ის არის, რომ არ იყვნენ ისინი უდანაშაულონი, ისინი კონტრრევოლუციონერები იყვნენ და სოციალისტური რევოლუციის მონაპოვრის დასასამარებლად იბრძოდნენ. უდანაშაულო ბაბუა დამიხვრიტეს და უდანაშაულო ბებია გადამისახლეს, არგუმენტი არ არის. ათასობით ადამიანს შევხვედრივარ, ვინც უდანაშაულოდ რეპრესირებულ წინაპრებზე წუწუნებდა, მაგრამ არასოდეს შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ეთქვას, მამაჩემი ან ბაბუაჩემი დამნაშავე იყოო. როგორ, საბჭოთა უშიშროება ისე ფილიგრანულად მუშაობდა, რომ არც ერთი დამნაშავე არ დაუსჯია, მხოლოდ ყოველმხრივ გამოკვლეულსა და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდა?! თუნდაც ამ მიდგომაში ხომ ჩანს აბსურდულობა საკითხის ასე დაყენებისა?!
ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ ეპოქის მიერ მოტანილი დაპირისპირება, ადამიანთა გადასახლება, დახვრეტა და დაღვრილი სისხლი კარგია და სასიამოვნო, მაგრამ კაცობრიობა მის მიერ განვლილმა გზამ, იმ გზის უსამართლობამ და ადამიანის მიერ ადამიანის ან სოციალური კლასის მიერ მეორე სოციალური კლასის ჩაგვრამ ამგვარი აუცილებლობის წინაშე დააყენა. გადახედეთ ისტორიას, გადახედეთ მხატვრულ ლიტერატურას, გადახედეთ ფილმებს და აღმოაჩენთ უთანასწორო ცხოვრების წესის მილიონობითა და მილიარდობით მსხვერპლს, დაკანონებული უსამართლობის მიერ გათელილი ადამიანების ცრემლისა და სისხლის ზღვებს, აღმოაჩენთ მშიერი მშრომელებისა და მაძღარი ფუქსავატების ურთიერთობების შემაძრწუნებელ ისტორიებს. კაპიტალისტური სამყარო დღემდე ეჯახება ადამიანის მონობის პრობლემას, დისკრიმინაციის შემზარავ გამოვლინებებს. საბჭოთა პერიოდში ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ კაპიტალისტურმა ეპოქის მობრუნებამ ყოველდღიურ ხმარებაში შემოიტანა ტრეფიკინგის ცნება. ამის შემდეგ ვინ არის ის, ვინც ამბობს, ჩაგრულ მშრომელთა უმრავლესობას უფლება არ ჰქონდა, მჩაგვრელი პარაზიტი უმცირესობის წინააღმდეგ აღმდგარიყოო? ან იმის უფლება არ ჰქონდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საკუთარი სამართლიანი მონაპოვარი დაეცვაო? თუ ჰქონდა უფლება საკუთარი გამარჯვების, საკუთარი სახალხო მონაპოვრის დაცვისა, მაშინ დაპირისპირება და მსხვერპლი გარდაუვალი იყო. ბრძოლა უმსხვერპლოდ სად გაგონილა?! ამიტომ ტენდენციური გაშუქება ისტორიისა, შეგნებული დამახინჯება მისი არსისა და სულისკვეთებისა ნიშნავს იმას, რომ ეს თანამედროვე მჩაგვრელი კასტა და მათ მიერ დაქირავებული ვაჟბატონები და ქალბატონები საბჭოთა ეპოქისა და სოციალისტური იდეების განქიქებით ამ ახალი ეპოქისა და იდეოლოგიის სიბინძურეთა გადაფარვასა და მიჩქმალვას ცდილობენ. ადამიანები, რომლებიც ამ საქართველოდან იმ (საბჭოთა) საქართველოს ლანძღავენ, ამორალური ადამიანები არიან! მათი სურვილია, ვერ ვამჩნევდეთ გავერანებულ ჩვენს სამშობლოს; ნაგვის ყუთებთან მდგარ ჩვენს თანამემამულეებს; მათ ჩაფიქრებული აქვთ, დაგვავიწყონ სამშობლოდან ლუკმაპურის საძებნელად გადახვეწილი დედები, მამები, მეუღლეები, რომლებიც, შვილებისა და ოჯახებისგან შორს მყოფნი, საკუთარ ცრემლში ჩამბალ პურს ილოღნებიან და სული კბილით უჭირავთ; ყველა ის ადამიანი, რომელიც დღევანდელი განახევრებული, გასაცოდავებული, გამათხოვრებული და პატივაყრილი საქართველოდან საბჭოთა საქართველოს აუგად იხსენიებს, დამნაშავეა ხალხის წინაშე, რადგან სულში აფურთხებს ხალხსაც და მის წარსულსაც.
* სანამ ქართველი ხალხი ვერ გააცნობიერებს ჭეშმარიტებას, რომ 25 თებერვალი საქართველოს დაპყრობის დღე კი არა, მისი განთავისუფლების დღეა; მისი ეკონომიკური, სულიერი და კულტურული აღორძინების დასაწყისის დღეა; მისი ყოველმხრივი გასაქანისათვის დასაბამის დადების დღეა, მანამდე საქართველო იმ მდგომარეობაში დარჩება, რა მდგომარეობაშიც იმყოფება _ ტერიტორიულად დაშლილი, ეკონომიკურად განადგურებული, სულიერად და მორალურად მორყეული, დემოგრაფიულად გადაშენებული, საყოველთაო უმუშევრობით წელში გაწყვეტილი, დამშეული, სამათხოვროდ ხელგაწვდილი, დასავლეთის ვალებში ჩამხრჩვალი და ნატოს კართან სამარცხვინოდ ატუზული!
* სანამ საქართველო ვერ მიხვდება, რომ ასკეტურად მცხოვრები სტალინის მიერ შემოთავაზებული გზა გაცილებით სუფთა და სპეტაკია, ვიდრე ქართული ეკლესია-მონასტრების, ქართული მუზეუმებისა და ხაზინის მძარცველ მენშევიკთა გზა, იგი ვერ გამოვა შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან!
* სანამ საქართველო ვერ მიხვდება, რომ დასავლეთის “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რა სახელს იყვნენ და არიან ამოფარებულნი _ “ეროვნულ მოძრაობას”, “მოქალაქეთა კავშირს”, “ნაციონალურ მოძრაობას”, “ქართულ ოცნებას” თუ სხვა რამეს, ქართული საქმის ნაცვლად კაპიტალისტთა საქმის სამსახურში იყვნენ და იქნებიან ჩამდგარნი, ქართველი ხალხი შვებას ვერ იგრძნობს!
ყოველივე ამას იმიტომ როდი მოგახსენებთ, რომ ხვალ საბჭოთა კავშირის აღდგენასა და სოციალისტური სისტემის რეანიმაციის პერსპექტივას ვხედავ, არამედ იმისთვის, რომ გააცნობიეროთ: ამ ავაზაკთა მიერ საბჭოთა წარსულის ლანძღვა მათი მხრიდან უტყუარი აღიარებაა მათ მიერვე მოწონებული და რეკლამირებული თანამედროვე ცხოვრების წესის სრული სიბინძურისა და უბადრუკობისა. საბჭოეთის ნოსტალგიას მხოლოდ ის აჩენს, რომ გამართული ცხოვრება ნანგრევებად აქციეს და ახლა გვიმტკიცებენ, ამ ნანგრევებში ბინადრობა უნდა გერჩივნოთო. ახლა საბჭოთა საქართველოს მეასე წლისთავზე მაინც თამამად და გაბედულად ვუთხრათ მათ: ჩვენ არა, ეს თქვენა ხართ ნანგრევების ბინძური ბინადარნი, ღამურათა და ქვეწარმავალთა შთამომავალნი. ის ტელესტუდიები კი გამოქვაბულებია, რომლებიდანაც თქვენი ავი სისინი და გესლის ნთხევის საზარელი ხმა გაუთავებლად ისმის. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენ თუ ვერა, ისტორია მაინც გამოგრეკავთ მაგ გამოქვაბულებიდან. ხომ გახსოვთ, როგორი გაგრძელება აქვს ილიას სიტყვებს, რომლებიც ამ ნაშრომს ეპიგრაფად წარვუმძღვარე: “აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია!”
ვალერი კვარაცხელია
P.S. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, ნატო ვარშავის პაქტის საპირწონედ შეიქმნაო. ნატოს წევრ საფრანგეთში ბავშვებმაც კი, ალბათ, სკოლის ასაკიდანვე იციან, რომ ნატო შეიქმნა 1949 წელს, ვარშავის პაქტი კი 1955 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო კი არ შეიქმნა ვარშავის ხელშეკრულების საპირწონედ, პირიქით, ვარშავის ხელშეკრულება გაფორმდა ნატოს საპირწონედ.
მაკრონის ეს “ლაფსუსი” იმითაა საყურადღებო, რომ დასავლეთში ფაქტების პირველი ფოტოკამერის ეფექტით (ამოყირავებულად) წარმოდგენა, თეთრზე შავისა და შავზე თეთრის თქმა სიძნელე არაა. წარმოიდგინეთ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტის დონეზე მსოფლიოს გასაგონად ამგვარი სიცრუის “დახეთქება” დასაშვებია, სიცრუის ტირაჟირების რა უკიდეგანო ნებადართულობა აქვთ დასავლეთის “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლებს საქართველოში. ქართველი ხალხი კი იძულებულია 24 საათის განმავლობაში ამ ნაძირალებს უსმინოს.
რაც შეეხება ნიკანორ მელიას, იგი დააპატიმრეს და ელექტრონულ სამაჯურზე გაცილებით საიმედო საბელით მიაბეს პალოზე. საოცარია, დამოუკიდებელ საქართველოშიც ისევე აპატიმრებენ დამნაშავეებს, როგორც საბჭოთა კავშირში აპატიმრებდნენ… ჰმ!
ვ.კ.
დიდი მადლობა ბატონო ვალერი!!! შექმნილი ვითარების უზუსტესი და ამომწურავი ანალიზია!!! დიდი მადლობა!!!
გია.
ბატონო ვალერი თქვენ,ბატონმა გრიშა ონიანმა და ,,საქართველო და მსოფლიო”-მ ამიხილა თვალები და დამანახვა ჭეშმარიტი უახლესი ისტორია. დიდი მადლობა თქვენ და გაზეთის წერილების ყველა ავტრს ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძის მეთაურობით.
საქართველო მენშევიკების გარეშე.