Home რუბრიკები საზოგადოება როცა ახალგაზრდა მეისრეებმა პრესა სხვა ლიანდაგზე გადაიყვანეს

როცა ახალგაზრდა მეისრეებმა პრესა სხვა ლიანდაგზე გადაიყვანეს

გელა ქოქიაშვილი

მეისრე _ რკინიგზაზე მომუშავე ადამიანი, რომელსაც სპეციალური ისრით გადაჰყავს ლიანდაგის მოძრავი ნაწილები ერთი ხაზიდან მეორეზე. ექვემდებარება მთავარ მეისრეს, რომელსაც ხელმძღვანელობს პირადად სადგურის მორიგე.

არსებობდა ასეთი საშტატო ერთეული რკინიგზაზე. უმდაბლესი თანამდებობა. აბსოლუტურად უუფლებო, რომელსაც, თუ რამ გაფუჭდებოდა იმ სისტემაში, ყველა ცოდვას აჰკიდებდნენ ხოლმე.

განტევების ვაცი!

მასობრივი ინფორმაციის მაშინდელ სივრცეში ასეთად განიხილავდნენ ახალგაზრდულ პრესას.

არაფრად აგდებდნენ.

ვიღაც ეგუებოდა. ჩვენ _ არა.

ახალგაზრდა ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი დამოუკიდებელ საქმიანობას რომ შევუდექით და არსებული ვითარების რადიკალურად გამოსწორება უშუალოდ ჩვენი საქმე რომ გახდა, მაშინ გაზეთახალგაზრდა კომუნისტისტირაჟი 52 ათასზე ოდნავ მეტი იყო. სახე და უძალობა ტირაჟიდან გასული შინაბერასი ჰქონდა და მისი პოპულარობა თანდათან მცირდებოდა.

ეს მეორე პლანის გამოცემა მყუდროობის ჩიხიდან ინტენსიური მოძრაობის მაგისტრალზე უნდა გამოგვეყვანა. მეისრეებმა ვიკისრეთ აკრძალვის მავთულხლართებით დაცული დასაშვები უფლებების სივრცის გარღვევა და ყოფნაარყოფნის დანაღმულ ველზე გასვლა.

საქართველოში ქრისტეს შობიდან 1972 წელიწადი იწურებოდა.

იმხანად სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი წესრიგის დარღვევის, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტების საჯაროდ გამოტანა, ოფოციალურად არა, მაგრამ მაინცადამაინც სასურველად არ იყო მიჩნეული.

საბჭოეთში ასეთი ანომალიები არ უნდა არსებობდეს, არ შეიძლება მოხდესო.

მაგრამ იყო, არსებობდა, რასაც ადასტურებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ყოველკვირეული ცნობების კრებული (ყვრლკთ), რომელსაც მკაცრად განსაზღვრული ნომენკლატურული თანამდებობების პირებს უგზავნიდნენ და რომელშიც დროის შვიდდღიან მონაკვეთში ჩადენილი დანაშაულის ფაქტები იყო აღნუსხული.

არ ზაფრავდნენ საზოგადოებრიობას, დღევანდელ მედიაში დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავებით, როცა ტელეარხების, საინფორმაციო სააგენტოებისა და ზოგიერთი ბეჭდური გამოცემისსტინგერი ჟურნალისტებიმაინცდამაინც სასამართლოებში ათენაღამებენრეზონანსულისაქმეების მოსაძიებლად და გასაშუქებლად, ხოლო ადვოკატები ტელეეკრანების მთავარ გმირებად მოგვევლინენ.

და ამას ჰქვია ევროპული მედია.

ახალგაზრდა კომუნისტი

კრიტიკული ჟურნალისტიკის სათავე არის აქ

მხედველობაში მაქვს XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ჟურნალისტიკა, მისი (თუნდაც მხოლოდ ახალგაზრდული პრესის) ისტორიის ერთი მნიშვნელოვანი მიჯნა, რომლის შესახებაც ჩვენს განათლებულ მკითხველებს დღეს მოუთხრობს ბატონი გელა ქოქიაშვილი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, მრავალმხრივ უნიკალური პიროვნება და მამულიშვილი. გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში იგი გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციაში პასუხისმგებელ მდივნად მუშაობდა.

მაშ, ასე:

1972 წლის 28 დეკემბერსახკომშიიბეჭდება წერილისხვისი შვილებიბეთანიის ბავშვთა სახლში შექმნილ წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაზე, რომელსაც ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. დღევანდელი გადასახედიდან გამოჩნდა, რომ სწორედ ეს პუბლიკაცია იყო ერთგვარი რუბიკონი, რომლის გადალახვით ახალგაზრდა ჟურნალისტები დეკლარირებული პრინციპების განხორციელებას პრაქტიკულად შევუდექით.

_ იმ კვირის “სვოდკაში” ამოვიკითხეთ, _ იხსენებს გელა ქოქიაშვილი, _ რომ კოლმეურნეობის მოედანზე, “დახურულ ბაზარში” მილიციელებმა დააკავეს ბეთანიის ბავშვთა სახლიდან გამოპარული ბავშვები, რომლებიც დახლებიდან ხილსა და ბოსტნეულს იპარავდნენ. გამყიდველების განცხადებით, ეს ჩამოძონძილი პატარები რამდენიმე დღის განმავლობაში სტუმრობდნენ აქაურობას.

წერილი ამ ფაქტის აღწერით იწყებოდა:

“თბილისის კიროვის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების ბავშვთა ოთახში სამი ბიჭი შემოიყვანეს. დაუვარცხნელი, ჭუჭყისგან გაზეთილი თმები და გამურული სახეები იმაზე მეტყველებდა, რომ ღამე ცის ქვეშ, ცეცხლის პირას გაეტარებინათ სადღაც. მილიციის მუშაკებმა ისინი მაშინ დააკავეს, როცა კიროვის რაიონის საკოლმეურნეო ბაზარში აღმა-დაღმა დადიოდნენ და დახლებიდან ხილსა და ბოსტნეულს იტაცებდნენ. თავდაპირველად ვინაობა მხოლოდ დიმა ნარსიამ და ვალიკო სულხანიშვილმა გაამხილეს, მესამე კი, ჯიუტად რომ ჩაექინდრა თავი… თოთხმეტი წლის გოგონა მაყვალა ბაღაშვილი აღმოჩნდა”.

დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ მარტოდენ იმ ერთ წელიწადში ბავშვთა სახლიდან 41 აღსაზრდელი გაპარულა. მათი სია უზედამხედველო ბავშვთა მიმღებ-გამანაწილებელი პუნქტის სეიფში ინახებოდა. აშკარად ჩანდა, რომ ბეთანიაში რაღაც უბედურება ტრიალებდა. გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა ადგილზე. სასწრაფოდ შევკარით “ახალგაზრდა კომუნისტის” სარეიდო ჯგუფი: შსს სოციალისტური საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ინსპექტორი . ქორიძე, კიროვის რაიონის შს განყოფილების ბავშვთა ოთახების უფროსი ინსპექტორი . კანდელაკი, საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი . ბაჩილავა და მათთან ერთად მეც _ “ახკომის” კორესპონდენტი.

დავადექით გზას და ბეთანიისკენ რომ უნდა ჩაგვეხვია, ისეთი თოვა დაიწყო, იძულებულები გავხდით, ფეხით ჩავსულიყავით. ეგ არაფერი, ჩავაღწიეთ, მაგრამ თოვლი ისე გვარიანად იყო დადებული, რომ უკან დაბრუნება სათუო გახდა, მაგრამ ამაზე არც გვიფიქრია _ “ხვალემ იზრუნოს ხვალისა”.

სასწრაფოდ დავალუქინეთ საწყობი და კვების ობიექტიდან დავიწყეთ შემოწმება. უამრავი დარღვევა აღმოვაჩინეთ, მათ შორის, ზედმეტობა გარკვეული სახის პროდუქტების, რომელიც აქაურ ხელმძღვანელებს სათავისოდ ჰქონდათ გადანახული და საწყალ ბავშვებს კი აშიმშილებდნენ. კერძების კალორიულობაზე ლაპარაკიც არ ღირდა, საწყობში კი ქვეყნის სამყოფი კარაქი იდო.

რაც უფრო დეტალურად ვეცნობოდით ბავშვთა სახლში შექმნილ სიტუაციას, გვიძლიერდებოდა ეჭვი _ ბავშვებზე ზრუნვის, მათ აღზრდაგანვითარებაზე თავგადადებულ სახელმწიფო დაწესებულებაში ვიყავით თუ პარიზის ჯურღმულების კოლონიაში, რადგან ნანახმა ყოველგვარ მოულოდნელობას გადააჭარბა.

საძილე ოთახებში _ ჩაშავებული ზეწრები და გაყვითლებული, დაფლეთილი ბაშილები, ბალიშებს ქვეშ საოცარი ანტისანიტარია.

ციტატაახკომიდან”: “კარადების მაგივრობას აქ ფანჯრის ღია თაროები და კედელში მიჭედებული ლურსმნები ეწევა. იმ ღია თაროებზე შეყრილი ტანსაცმელი, ლურსმნებზე ჩამოკონწიალებული, ვინ იცის, რამდენი ხნის გაურეცხავი და დაკონკილი ბავშვთა საცვლები… საპირფარეშოდან გამოსული და გაუნიავებელ ოთახში დაგუბებული “სურნელის” რაღაც ახლებური სინთეზური ნაერთი… ჟურნალისტიკის დაუწერელი ეთიკური ნორმები და ზღვარი რომ არა, უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა… დღეს თუ არა, ხვალ სრულიად ადვილი შესაძლებელია, რომელიმე ინფექციურმა ავადმყოფობამ იჩინოს აქ თავი”.

უპატრონოდ მიტოვებულ ფარეხს ჰგავდა აქაურობა, სახელდახელოდ აგებულ ფიცრულს. არადა, ყოველწლიურად ინვენტარის შესაძენად გამოყოფილი თანხა 28 400 მანეთს აღემატებოდა. რაზე დაიხარჯა ეს ფული? ამ შეკითხვაზე რეიდის მონაწილეებმა სამნეო ნაწილის გამგისგან _ გიორგი სტეფანეს ძე გამყრელიძისგან პასუხი ვერ მიიღეს.

ასეთ გარემოში ცხოვრებას, რაც შეიძლება შორს უნდა გაექცე, ამიტომაც გარბოდნენ აქედან პატარები თბილისისკენ _ სამათხოვროდ და საქურდლად.

ასე ზრდიდა სხვის შვილებს ამ სახლის დირექტორი ბაგრატ ვასილის ძე მეგრელაძე, რომელიც შემოწმების შემდეგ გააქტიურდა და თავის მასწავლებლებს შუამავლებად მიგზავნიდა _ ეს ერთი გვაპატიეთ და უეჭველად გამოვსწორდებითო.

რატომ უნდა გვეპატიებია? თუმცა ვნერვიულობდი კი _ კრიტიკა საჯაროდ რომ გამოგაქვს, მავანის მომავალზე პასუხისმგებლობა გეკისრება. მაშინ ასე ვფიქრობდით, ისე კი არა, ახლა ყურმოკრულიფაქტებითრომ ღირსებას ულახავენ პატიოსან ადამიანებს ვიღაც დაინტერესებულის დავალებითა და დაფინანსებით.

ახალი მაკარენკოები

ერთმა ფაქტმა განსაკუთრებით შეგვზარა: ორი მეხუთეკლასელი გოგონა _ ციალა კალახოროვა და ნინა მარტინიუკი წინდების ამარა იდგნენ გაყინულ დერეფანში.

“_ ბავშვებს თოვლზე სრიალის უფლებას მხოლოდ კვირაობით ვაძლევთ. ასეთია ჩვენი დღის რეჟიმი, ამ გოგონებმა კი დაარღვიეს და თოვლზე სრიალი არჩიეს გაკვეთილებზე მისვლას. პედაგოგმა ოთარ ტაბაღუამ ბავშვებს სველი ფეხსაცმელი გახადა და წავიდა.

წავიდა მივლინებით ფოთში(!)

გოგონები თოვლსა და ყინვაში წინდების ამარა დაბრუნდნენ საძინებელ კორპუსში”.

თითქმის ფეხშიშველები.

ესეც კიდევ ერთი ამონარიდი. 28 დეკემბრის წერილიდან. გსმენიათ ასეთი არაადამიანური მოპყრობის შესახებ სხვაგან კიდევ?

ამიტომ ვწერდი აღშფოთებული: და ამგვარ დამოკიდებულებას აღზრდას უწოდებს მასწავლებელი ოთარ ტაბაღუა! სხვები _ კოლეგები, დირექტორი, ვისი თანდასწრებითაც ეს დაუჯერებელი ამბავი ხდება, თავს ისე იჭერენ, ვითომც სხვისი საზრუნავი იყოს ბავშვის სათუთი ბუნება, მისი ჯანმრთელობა, სუსხიან ზამთარში ზოგიერთი აღსაზრდელის უპალტოოდ დატოვება, როდესაც საწყობში 26 ახალი პალტო ინახება”.

ეს _ რაც აღზრდას შეეხება. ახლა სწავლაზეც ვთქვათ. აქაური სკოლის 237 მოსწავლიდან მხოლოდ 8 ბავშვი ჰყავდათ ფრიადოსანი. ისიც პირველ და მეორე კლასებში (!)

ამ გაუნათლებელი და მიგდებული ბავშვების ხარჯზე ბაირამობდა თანამშრომელთა პრივილეგირებული ჯგუფი, მათ შორის, დირექტორის მეუღლე მადლენა ნესტორის ასული მეგრელიძე, ბუღალტერი ანა იოსების ასული ფიჩხულოვა ორ-ორ საშტატო ერთეულზე ჰყავდათ გაფორმებული. დაწყვილებული პროფესიების მუშაკები არ აკლდათ _ მძღოლი-დამლაგებელი, ცეცხლფარეში-დამლაგებელი, მეჯინიბე-დარაჯი, ზეინკალი-მონტიორი. ხოლო დამლაგებლის ათ საშტატო ერთეულზე მხოლოდ შვიდი ადამიანი მუშაობდა.

“ექიმი რევაზ ზაქარიაძე მხოლოდ შაბათ-კვირას ადის ბეთანიაში. კვირის დანარჩენ დღეებში პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მთელ განაკვეთზე მუშაობს.

ბეთანიის ბავშვთა სახლის ყოფილმა ბუღალტერმა ამ ექიმის განრიგი შრომის დისციპლინის დარღვევად ჩათვალა და სამი თვის ხელფასი არ გამოუწერა ზაქარიაძეს. გარდაბნის რაიონის სახალხო სასამართლომ კი უკლებლივ მიაკუთვნა მომჩივანს სამივე თვის ხელფასი სრულად _ 375 მანეთი”.

“იმ დღეს სადილი 2 საათზე დამთავრდა და ვახშამზე მიცემული ოციოდე გრამი ხილფაფა და პური ვითომ საკმარისია მოზარდი ორგანიზმისთვის? და რაოდენ უხერხულიც გინდა იყოს, უნდა ვთქვათ, რომ ასეთი კვება მშიერ ულუფაზე ყოფნაა დიახაც.

საწყობის გამგეს, მიხეილ ლაზარეს ძე ფიოდოროვსა და მზარეულ ჯემალ თვალიაშვილს “რკინისებური დისციპლინა” ჰქონდათ დამყარებული. თავად ადგენდნენ და თავად ხევდნენ მენიუებს, ხშირ შემთხვევაში მოზარდებს განკუთვნილი დღიური ულუფის ღირებულებას საკმაზების _ მიხაკის, აჯიკის, პილპილის ღირებულებით ავსებდნენ”. ესეც ამონარიდებია იმ წერილიდან.

გაყალბების ვირტუოზები იყვნენ.

_ მახსოვს, თქვენ მიერ აღმოჩენილი დარღვევის დიდი გროვიდან როგორ ვარჩევდით მთავარ და დასახსომებელ ხარვეზებს, მკითხველისთვის შემოწმების ოქმის მსგავსი სტატია რომ არ შეგვეჩეჩებინა. ერთი დღე არ გეყოფოდათ ამ ყველაფრის შესასწავლად.

_ ერთ დღეში, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებდით. დიდთოვლობამ ჩაგვკეტა ბეთანიაში ორი დღით, თანაც ისე, რომ თბილისთან კავშირის დამყარება ყოვლად შეუძლებელი გახლდა. არც მიმოსვლა. არც _ ტელეფონი.

მესამე დღეს დავიძარით დედაქალაქისკენ. თოვლი წელამდეა. ერთი კილომეტრი ძლივს გავკვალეთ და ქანცი გამოგველია. ბედად გამოჩნდა ერთი გლეხი მარხილში შებმული ორი ხარით, რომელსაც ჩვენსავით გეზი ხეობიდან ზევით ჰქონდა აღებული.

ნელ-ნელა ამოვედით. აქედან თბილისში ჩაღწევა არ გაგვჭირვებია.

ჩავუჯექი წერილს და დილისთვის რედაქციაში გამზადებული მოვიტანე.

ბევრი ვიფიქრეთ მაშინ სათაურზე.

_ “სხვისი შვილებისდარქმევა თავიდან არ გვინდოდა, რადგან უკვე გამოსული იყო ფილმი ასეთი სათაურით, თუმცა ამ მასალაზე უფრო იყო მორგებული, “სხვათა შვილებიცვთქვით. იყო სხვა ვარიანტები, მაგრამ ბოლოს თავდაპირველზე შევჩერდით.

_ იმ დროს ახალგაზრდა ედუარდ შევარდნაძე რამდენიმე თვის არჩეულია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად, ვასილ მჟავანაძის მაგივრად. ეს ჩვენი წერილი ცეკას ბიუროს სხდომაზე გაიტანეს განსახილველად. ააფრიალა მაშინ “ახკომი” შევარდნაძემ და თქვა: “აი, ასეთი უნდა იყოს ქართული პრესა!” ზუსტად ასე თქვა.

ერთი ფიგურანტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს _ საწყობის გამგე იყო მგონი. დანარჩენები დახსნეს ყველანი.

უამრავი წერილი მივიღეთ მაშინ, გვეხმაურებოდნენ, გვაქებდნენ, გვიწონებდნენ გამბედაობას. მისაბაძი მაგალითი გავხდით ჩვენი მკითხველებისთვის.

ჩვენს რედაქციაში მუშაობდა ვეტერანი ჟურნალისტი შიო ლარცულიანი, რომელიც ყველასი და ყველაფრის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. საქებარი სიტყვა არასოდეს წამოსცდენია. ფილოსოფიური განათლება ჰქონდა მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უკომპრომისო მსჯელობა და ზუსტი დასკვნების გამოტანა მისთვის ორგანული მოთხოვნილება იყო.

აი, ეს უფროსი კოლეგა სარედაქციო თათბირზე სიტყვით გამოვიდა:

_ აქამდე სად ვიყავით?! აი ვინ ყოფილა საქმის გამკეთებელი ხალხი. აი, ეს არის ჟურნალისტიკა. ჩვენ, დანარჩენებმა, ხელები უნდა ავწიოთ. მათი ნაწერი ორლესური ხმალივით არისო და ა.შ. და ა.შ.

ერთ რამესაც აუცილებლად ვიტყვი.

სანამ ამ მასალის წერას დავიწყებდი, ერთი ფიქრი მაწუხებდა, რადგან ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომელსაც ვკისრულობდი, როგორც ავტორი. ხომ ვიცოდი, რომ მათ, ვისზეც ვწერდი, კარგ დღეში არ ჩააგდებდნენ, მაგრამ საქმე ეხებოდა უპატრონო ბავშვების აღზრდა-განათლებას, რაც სახელმწიფოს სახელითა და დავალებით უნდა განეხორციელებინათ, მაგრამ არ აკეთებდნენ უნამუსო ადამიანები, რომლებიც კარაქიან პურს პარავდნენ სხვის შვილებს.

ვცდილობდი, ზედმეტი არ მომსვლოდა, კანონის ჩარჩოებს არ გავცილებოდი. რეალური სურათი წარმედგინა მკითხველებისთვის.

მაშინ ასე ვწერდით ყველანი. დღეს ვისაც რა მოადგება პირზე, ისე რომ აცხობს წერილებს და სიუჟეტებს, ეგრე სად იყო!

ადამიანს უბრალოდ ვერ გავწირავდით.

ახლა ხომ აღარ არის ჟურნალისტიკა, ახლა არის ჭორაობა. ერთ მხარეს არიან ჭორიკნები და მეორე მხარეს _ რაღაც ახალი გესტაპოს წარმომადგენლები, რომლებიც პუბლიცისტებად გვასაღებენ თავს. ან პოლიტიკოსებად იწოდებიან.

გესტაპოელები სააკაშვილის პერიოდში იყვნენ. ახლა მისი რაღაც სექტის წევრები არიან.

უპირველესად, ტელევიზიებს ვგულისხმობ. გაზეთების “მწერალი” ჟურნალისტები უფრო თავშეკავებულები არიან. გაცილებით _ უფრო.

ჩვენ ყველა ადამიანს ვუფრთხილდებოდით, ყოველ სიტყვას ავწონ-დავწონიდით, რადგან სიტყვა იყო აზრი. ქართულად ვწერდით. ახლა? მართალს ამბობდნენ, რომ ჟურნალისტობა მსოფლიოში მეორე უძველესი პროფესია არისო.

მე უკვე მრცხვენია ჩემი პროფესიის და აღარ ვამბობ, რომ ჟურნალისტი ვარ. ვამბობ, რომ ვარ ტელედოკუმენტალისტი.

ცნობისთვის: ბატონ გელა ქოქიაშვილს 150 ფილმი აქვს გადაღებული 1200 ძეგლის აღწერით. აკადემიური სიზუსტით. უფრო მეტი, 320-მდე, გაზეთებში გამოქვეყნდა, მაგრამ წიგნად შეკრული დღემდე ვერ გამოუცია, რადგან დამფინანსებელი არ ჰყავს; დაჯილდოებულია ექვთიმე თაყაიშვილის პრემიითა და ბრინჯაოს დიდი მედლით.

* * *

“ახალგაზრდა კომუნისტში” ამ პირველ რეზონანსულ წერილს კვალში მოჰყვა კრიტიკული პუბლიკაციების გახმაურებული ციკლი: “მოულოდნელი ქუთაისი”, “ექიმის თეთრი ხალათი” (ავტორები გელა ლეჟავა და არმაზ სანებლიძე) და სხვ., რუბრიკა “გულახდილი დიალოგები” და ა.შ.

დასასრულ _ ერთი განმარტება: გელა ქოქიაშვილის მონათხრობში ზოგჯერ რამდენიმე რეპლიკით რომ ვარ ჩართული, იმის გამოა, რომ იმ დროს გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქტორობა მქონდა დაკისრებული.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here