“ამერიკული წარმოების ზოგიერთ საკვებ პროდუქტში, რომლებიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, მძიმე ტოქსიკური ლითონების _ ტყვიის, კადმიუმის, აგრეთვე, დარიშხანის შემცველობის მაღალი დონე აღმოაჩინეს. “ამ ნივთიერებებმა შეიძლება ნევროლოგიური დარღვევები გამოიწვიოს ბავშვებში”, _ ნათქვამია აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნაში.
ეკონომიკური და სამომხმარებლო პოლიტიკის ქვეკომიტეტის ექსპერტებმა შეისწავლეს კომპანიების _ Gerber-ის, Nurture Inc-ის, Hain Celestial Group Inc-ისა და Beech Nutrition-ის დოკუმენტები, რომლებიც კომპანიებმა ნებაყოფლობით წარუდგინეს ექსპერტებს ბავშვთა საკვებში მძიმე ლითონების არსებობა-არარსებობის შესამოწმებლად. კომპანიებმა: Walmart-მა, Campbell-მა და Sprout Organic Foods-მა უარი განაცხადეს სპეციალისტებთან თანამშრომლობაზე.
“ქვეკომიტეტის გამოძიების შედეგები ადასტურებს, რომ კომერციული ბავშვთა საკვები შეიცავს დარიშხანს, ტყვიას, ვერცხლისწყალსა და კადმიუმს. ეს მძიმე ტოქსიკური ლითონები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ახალშობილებისა და ბაგა–ბაღის ასაკის ბავშვებისთვის. მწარმოებლები შეგნებულად ყიდიან ამ პროდუქტს. მიუხედავად შიდა სტანდარტებისა და ანალიზების შედეგებისა, იარლიყზე არ არსებობს არანაირი გამაფრთხილებელი წარწერა”, _ ნათქვამია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეკონომიკური და სამომხმარებლო პოლიტიკის ქვეკომიტეტის ექსპერტთა მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნაში.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტოქსიკური მძიმე ლითონები იწვევს “IQ-ს დაქვეითებას”, აგრეთვე, “ახალშობილთა ნევროლოგიური განვითარების შენელებას”.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ზემოაღნიშნული 4 მძიმე ლითონი სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, “განსაკუთრებით ახალშობილელისა და ბავშვებისთვის”.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა