Home რუბრიკები საზოგადოება ჩიტირეკიები

ჩიტირეკიები

ჩიტირეკიები

ახალმა რეალობამ გამახსენა ვაჟაფშაველას წერილიჩიტირეკია”; ამ რეალობამ, რომელიც პარტიიდან პარტიაშიმხტუნავივაიპოლიტიკოსების საქციელზე დაკვირვებულ ადამიანებს სულაც არ გაჰკვირვებიათ; არ გაჰკვირვებია იმ ხალხს, რომლის სახელითაც ეს ჩიტირეკიები ხშირად აკეთებდნენ განცხადებებს, გამოთქვამდნენ პროტესტს და თავიანთი გულისნადების ასასრულებლად ფარად ისევ და ისევ რიგით მოქალაქეებს იყენებდნენ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. რატომ? იმიტომ, რომხალხი, მართლა ბრმა და ყრუ ხომ არ არის, ვერ იცნოს თავის კეთილისმყოფელი, თავის მოყვარე და მტერი ერთმანერთში აურიოს”?!…”უნდა ამოიძრონ თავიდან ეგ ფიქრი, რომ ხალხის მოტყუილება ადვილი მოსახერხებელი იყოს. შეიძლება ხალხი დროებით დაიმორჩილონ, მაგრამ ეს არ იქნება სამუდამოდ” (“შავბნელი ამბები”).

ვაჟა-ფშაველამ 1905 წელს, საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, თქვა ეს. თურმე მაშინაც ყოფილან ჩიტირეკიები და მაშინაც არ სცოდნიათ იმ უბედურებს, რომ “სიტყვა სხვაა, საქმე – სხვა და მათ შუა უზარმაზარი ჯურღმულია” და “ტყუილად ვინმე მოელის ნდობის მოპოვებას იმ დრომდე, ვიდრე სიტყვასა და საქმეს შორის არ დამყარდება სრული თანხმობა”, სანამ მათი მოქმედება არ იქნება მიმართული ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ.

ასეა, შალიკოს ფანჩატურშიერთსულ და ერთხორცად შეკრულოოპოზიციავ! მხოლოდ საკუთარ ტყავსა და კეთილდღეობაზე ფიქრის გამოა, რომ დღესმარტივ მამრავლებადდაიშალეთ; გაიშიფრეთ ბოლომდე _ სად და რატომ იყავით შემძვრალნი და რის იმედად უკმევდით გუნდრუკს ერთმანეთს.

 

ბევრი უღრინეს მთავრობას, ფეხებიც უბაკუნეს, მაგრამ საბოლოოდ რა გამოვიდა? რა და _ ბევრი ვეცადე ჩემთვისო, გამომივიდა შენთვისო. დიახ, ვიცი, რომ ხალხური ანდაზა ამას პირიქით ამბობს, მაგრამ ჩვენს დროში ხომ ყველაფერი უკუღმაა?! ჰოდა, ოპოზიციისთვისაც ბედის ბორბალი შესაბამისად დატრიალდა: გაერთიანდნენ კიდეც _ ისინიც კი, ვინც ადრე ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდა, გვერდიგვერდ დადგნენ, “ძალა ერთობაშიაო”…

მაგრამ ვაი ამისთანა მეგობრობას და ერთმანეთის ქება-დიდებას!

რატომ?

პასუხს დიდ ფშაველს დავესესხები, რადგან სწორედ რომ ზუსტად და ლამაზად ერგება მათ დიდი პოეტის ეს სიტყვები: დიდხანს ვერ გასტანს იმათი მეგობრობა, მალე კინკლაობა მოუვათ! აბა ეს არის კიდეც სეირი, როცა ჩიტირეკია ჩიტირეკიას ურაკუნებს თავში და გამოუქვეყნებს: შენ ეს არა ხარ, მე რას მატყუებ, შვილოსან, რაც მე ვარ, ის შენა, სხვები მოატყუე, მე ნუ! ერთი ჩიტირეკია მეორეს თავისას ეუბნება და ამითი გულსა სტკენს. ჩემი არ გითხრა, გული რით დაგწვაო, ნათქვამია”.

განა ქართული სატელევიზიო სივრცე მსგავსი პოლემიკების ნიღვარს არ მიაქვს? აქაც მომრავლდნენ ჩიტირეკიები. თქვენს მტერს, თუ ჩიტირეკიამ მასმედიაში შეაღწია: ვისგანაც არაფერს გამოელის, იმათ მუდამ ლანძღავს, უსამართლოებს ეძახის, რა არის, დაანახოს ქვეყანას, რომ სიმართლის მოყვარული ვარო. იმას კი, ვისგანაც რასმე გამოელის, აქებს და ადიდებს, მაგრამ, თუ რასაც მოელოდა, ის სასყიდელი არ მიიღო, ჩქარა იმასაც ლანძღვას დაუწყებს; გუშინ ვისაც აქებდა, დღეს…”

ჩიტირეკიები

მაგრამ, თუ ერთმანერთს აუხირდენ ჩიტირეკიები, მეტისმეტად ატკენენ ერთმანერთს გულსა, ისე ძლიერ აწყენინებენ, რომ იოტის ოდენად პატიოსნის მქონე კაცი თავს მოიკლავს, მაგრამ იმათ ერთსაც ეშინიან და მეორესაც, ამიტომ თავის კაცურის ღირსების შემოფარგლვას, დაფარვას შეურაცხყოფისაგან მარტო სიტყვების კაკუნით ცდილობენ!”

ვინც მიხვდა, რომ სიტყვების კაკუნით საკუთარ ღირსებას ვერ დაიცავდა, სხვა გამოსავლის ძებნა დაიწყო. ყველას გრიგოლ ვაშაძემ დაასწრო, თანამდებობაც დატოვა და პარტიაც.

ახლა კი “ევროპული საქართველო”, რომელიც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2016 წლის არჩევნების შემდეგ გამოეყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად პირველად მონაწილეობდა, ამომრჩევლის ხმების 3,79%-ით 5 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა და სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, მგონი, იშლება.

ამ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ, თანაპარტიელებს საახალწლოდ სიურპრიზი მოუმზადა _ “ევროპული საქართველო” 28 დეკემბერს დატოვა. “ეს არანაირად არ არის “ევროპული საქართველოდან” გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს, რომ გამოაჩინოს”, _ გვარწმუნებდა, უფრო ზუსტად, თავს ირწმუნებდა მაშინ დავით ბაქრაძე და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ “ყველა ასეთ ბინძურ ჭორს მინდა ვუპასუხო, რომ ეს ასე არ არისო”.

არ არის და ნუ არის! მაგრამ აგერ გიგი უგულავაც რომ გარბის (როგორც თვითონ ამბობს, საკუთარი პრინციპების ერთგულების გამო, თორემ ჩვენ, აბა, სად ვართ მისი პრინციპულობის “დამნახველი”?!), აქაოდა, “არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” შედეგი ძალიან ცუდი იყოო?!

“მომავალ ყრილობაზე აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად”, _ განაცხადა გიგი უგულავამ.

და, აჰა, მორიგი ახალი ამბავიც _ დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.

თქვა, რომ პარტიის ყრილობაზე, რომელიც ორ თვეში გაიმართება, თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს. ბაქრაძემ გადაწყვეტილების მიზეზებად პარტიისთვის საპარლამენტო არჩევნების “ცუდი შედეგები”, მისი, როგორც თავმჯდომარის, პასუხისმგებლობა და გუნდის განახლების საჭიროება დაასახელა.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, კი ბაქრაძისა და უგულავას გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება. იგი აქტიურ პოლიტიკაში რჩება. ლიდერების განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე პარტიიდან წასვლის შესახებ “ევროპული საქართველოს” კიდევ ერთმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, განაცხადა.

“მოძრაობა თავისუფლებისთვის” _ ასეთი იყო ამ პარტიის დევიზი. ჰოდა, “მოძრაობენ” თავისუფლად: ხელახლა გადაჯგუფდებიან სხვადასხვა პარტიაში, სხვა ნიღბითა და სხვა როლში გამოჩნდებიან ცოტა ხანში პოლიტიკურ სცენაზე და მერე ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი, თუ მაყურებელს ნერვებმა საბოლოოდ არ უმტყუნა და “სცენიდან” სამუდამოდ არ გააძევა.

უსამართლობა იქნება?

P.S. მაგრამ, თუქვეყანა წყვდიადით მოცულია”, “იქ სინათლეს ტყუილად ეძიებ, ვერ იპოვნი.

რატომ? არ არის თუ?

შეიძლება იყოს, მაგრამ ისეთ ალაგას არის დამწყვდეული, გარეშე ადამიანს გაუჭირდება მისი თვალით დანახვა”.

სინათლის მფლობელად ვაჟაფშაველას ინტელიგენცია მიაჩნდა: “დიაღ, ინტელიგენციამ უნდა გამოსცეს ეს ნათელი, მან უნდა მოჰფინოს ნათელი უმრავლესობის ბნელ გონებას, განასპეტაკოს ერის გრძნობა, მოაშოროს ჟანგი და ჭუჭყი მის გულს” (“დაკვირვება”).

ვაჟა-ფშაველა

ყოველდღიური ფიქრები

როგორიც ალხანა, ისეთი ჩალხანაო, ნათქვამია. ოღონდაც როგორიც კაცია, ფიქრებიც ისეთი აქვს: ავაზაკს ავაზაკური ფიქრები მოსდის თავში, ვაჭარს ვაჭრული, მუშას მუშური, ქალს ქალური, კაცს კაცური და სხვ. და სხვ.

დიაღ, არც ერთს ქალს არა აქვს იდეალად დასახული, გამოჩენილი მხედარი იყოს, ღონიერი, კარგი მსროლელი, ანუ, მოკლედ რომ ვსთქვათ, სჭირდეს უხვად რუსთაველისებური “სამამაცონი ზნენი”. აგრეთვე, ვერც ერთს ნამდვილს მამაკაცს ვერ დამისახელებთ, თავი მოსწონდეს მითი და ყოყოჩობდეს, სახელოვანი “ქსლისა მბეჭველი” ვარო. საერთო თვისება კი, როგორც მამაკაცთა, ისე დედაკაცთ, აქვთ ღვთისაგან მონიჭებული: არც ერთი მამაკაცი არ დაიწუნებს მამაცობას, ე. ი. მამაცი იყოს, როგორც არც ერთი ქალი არ შეგიძლიანთ იპოვოთ დედამიწის ზურგზედ, რომ სატრფიალოდ არ მიაჩნდეს და არ ნატრობდეს ტურფა, შვენიერი ვიყოვო. მაშასადამე, სიკარგე, სიკეთე ყველას თავისებურად ესმის სქესისა, წოდებისა, ხელობისა და სხვ. მიხედვით. ხალხიც ხომ ამბობს აღტაცებით, მოტრფიალე სიკარგისა, სიკეთისა:

რა კარგია კაი კაცი,

კარგს ანდეზედ აგებული:

სოფელი ჰყავს მადლიერი,

სწორის გული მოგებული.

როგორც მამაკაცს, ისე დედაკაცს უნდა, რომ კარგს ეძახდნენ. ხოლო რა არის კარგი და ან ვის ეკუთვნის ღირსეულად ეს სახელწოდება, განსამარტავი, გასაჩხრეკი და გამოსაკვლევია. ფილოსოფოსებს რომ დავუგდოთ ყური, როგორც, მაგალითად, სპენსერს, ამბობენ: კარგი ის არის, რაც მიზნის მიღწევას გვიადვილებსო; კარგი ცული – მჭრელი და მახვილიანია; კაი თოფი _ მართლმსროლელი და ძლიერი; კაი ცხენი _ მალხაზი, მარდი, ღონიერი, გამძლე და სხვ. და სხვ. მაგალითები აუარებელი შეიძლება დავასახელოთ. ძალიან კარგი.

ახლა ის ვიკითხოთ, კაი კაცი ვინღაა? ვის უნდა ვეძახდეთ კარგს საერთოდ! ვგონებ, რომ ამაზედ პასუხის მიცემა არ უნდა იყოს ადვილი, როგორც ზოგსა ჰგონია. კარგი ვაჭარი ვინ არისო, ვიკითხოთ, ამის პასუხი ადვილია, _ ვინც მანეთს სამ ოთხს, ან კიდევ მეტსაც მოაგებინებს. კარგი მეომარი? _ ვინც მტერს ბევრსა ჰკლავს. კაი მონადირე? _ ვინც თოფს კარგად ესვრის და ნადირსაც ბევრსა ჰხოცავს. “კაი ქართველიაო”, _ ვამბობთ ხშირად. მაშ ვინაა კაი ქართველი? _ ვისაც უყვარს საქართველო და იმის წყლულებს მალამოდ ედება, – ვინც მის სარგოს ჰფიქრობს და აკეთებს. ასევე ითქმის რუსსა, ფრანგსა, ინგლისელსა, თათარსა და სხვებზედ, სხვა ან რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ქართველობას, რუსობას, ფრანგობას, თუ კი ამ ღირსებას მოკლებული იქნება?! მაინც და მაინც ამითი კაი კაცის ვინაობა არ განიმარტების. ჯერ ისევ აუხსნელი, გაუგებარი რჩება ასახსნელი საგანი. თუ სიკეთე ადამიანის პირადის სარგებლობის მიღწევით განისაზღვრება, კაი კაცი ის უნდა იყოს, ვინც თავისს პირადს ყოფა-ცხოვრებას გაიუმჯობესებს, გასჭრის და გაჰკვეთს თავისდა სასარგებლოდ. ნუთუ ასე უნდა გვესმოდეს სიკეთე? _ არა, მე სხვაგვარად ვსჯი და ვფიქრობ. კაი ცული ბევრს საქმეს გააკეთებს, თუმც ხშირად მოხდება, რომ პირი მოსტყდეს და დაეჟღლას, მაგრამ სხვას _ ადამიანს ბევრსა ჰრგებს; კაი ცხენი ბევრჯელ დაიღლება, ბევრჯელ გაიბანება ოფლში, ბევრს ტანჯვასა ჰნახავს, მაგრამ მხედარს კი ბევრს ასიამოვნებს. სანთელიც იმითია კარგი, რომ თვით იწვება და სხვას კი გზას უნათებს, წყვდიადს აქარწყლებს, ნათელს გვფენს, უხილავს მიდამოს ხილულადა ჰქმნის და სხვანი. ერთის სიტყვით, კარგს რასაც ვხედავთ, ბუნებაში ყოფილა თავისთვის უსარგებლო, ხოლო სხვისთვის სასარგებლო, სახეირო. მაშასადამე, თვით ბუნება გვაძლევს საზომს სიკარგისა და უვარგისობისას და ჩვენც კაცთ ეს არ გვესმის, თუნდაც რომ გვესმოდეს, მაინც ყურადღებით არ ვეპყრობით ამ ბუნების კანონს, მისს განაჩენს.

განათლებამ ბევრი რამ ბუნებრივი უარჰყო და თავისს გემოვნებაზე გადააკეთა, თავისის აზრის, მისწრაფების სასარგებლოდ გამოიყენა, ხოლო უარყოფა აზრისა და გრძნობისა, რომელზედაც დაფუძნებულია ადამიანის სიავკარგე, დღესაქამომდე ვერ გაუბედნია. ისტორიაც კარგ კაცებად იმათ ასახელებს, ვინც ამ მხრივ ყოფილა გამოჩენილი, ვისაც სხვისთვის რამ ურგია და არა მარტო თავისი თავი ჰხსოვნებია, თავისი ჯიბე და კუჭი.

სხვის რგება, სხვისთვის შემწეობის მიცემა ან კი რითია დასაწუნი? ამას დაიწუნებს მხოლოდ რეგვენი კაცი და ბრიყვი საზოგადოება. თუ კი ყველა სხვის შემწეობით, სხვისი შველით ვიქნებით გამსჭვალული, სხვა ჩვენთვის იქნება, სხვას ჩვენთვის ენდომება კეთილი, _ ეს იგივე თავისის თავის შველა გამოდის, თუმც სხვა ფერით, სხვა წესით, რომელიც უფრო ღვთიურია, უფრო კაცობრივი, რადგან ამგვარი დამოკიდებულება ერთისა მეორესთან სპობს შურს, მტრობას კაცთა შორის. სავალალოა მხოლოდ ის მოვლენა, საბრალოა მხოლოდ მრავალთათვის თავდადებული ადამიანი, სხვებისთვის კეთილის მომქმედი, მშველელი და თითონ კი მოკლებული შველას მოყვასთაგან. არ ახალია და ძველი ეს მოვლენა მხოლოდ იქ, სადაც ბნელა, _ რეგვენს, ბრიყვს საზოგადოებაში. ესე იგივე მონობაა, იგივე ბატონ-ყმობაა, თუმცა უფრო ნაყოფიერი, ვიდრე პირველი, მაგრამ უსამართლობით და უმადურობით მონათლული. სხვის რგებაზე დამდგარი ადამიანი, ბრიყვს საზოგადოებაში, მუდამ ზარალშია, იგი ზვარაკია ტარიგად შეწირული. ან მონა და ყმა რა მოგებაში იყო ბატონის ხელში _ მისი შრომა, ჯანი, ოფლი სხვას ასარგებლებდა და მას მხოლოდ ტანჯვა-ვაება ჰრჩებოდა! არც მონობას ჩაუვლია ისე, სარგებლობა არ მოეტანოს, ვინაიდგან მეცნიერება და ხელოვნება მან დაჰბადა, და არც დღევანდელი “კაი-კაცის” ღვაწლი ჩაივლის ისე, რომ ქვეყანას, მისს ყოფაცხოვრებას არაფერი არგოს. ქვეყანასაც უყვარს კაი კაცი და ყველასაც ჰსურს მისი თვალით ნახვა, რომელ ერსაც უნდა ეკუთვნოდეს იგი, ჩვენთან, მაგალითად, არავითარი კავშირი და არაფერი ნათესაობა არა აქვს დევეტს, ბურების სარდალს, მაგრამ ყველასაც გვიყვარს იგი, რადგან თავგანწირულად იბრძვის თავისის ქვეყნის გულისათვის. ამიტომ არც გამიკვირდა, როცა ერთმა ჩემმა მეგობარმა სადილის დროს, თუმცა თავისი მეუღლე და ხუთი ვაჟიშვილი თვალებში შესჩერებოდა, იმათ თვალი და გული მოარიდა, ჟურნალი “ნივა” მოითხოვა და პირველად დევეტის სადღეგრძელო დალია, მისი სურათი მაჩვენა და ზედაც ეს სიტყვები დააყოლა: “ნახე, რა ბიჭია, ვენაცვალე ღმერთშიო!” რა თქმა უნდა, ინგლისელებიც მოვიგონეთ… მოვიგონეთ ძალმომრეობა, უწამებელი ყოვლისა, თვინიერ თავისა თვისისა.

ძალამცა სთქვა: “კარგი ვარ,

ჩემია მთა და ბარიო,

გავარღვევ ზღვასა და კლდესა,

ვით ფხვიერს მიწას ბარიო;

შიშის ზარს დასცემს ყველასა

ჩემი შუბი და ხმალიო,

არაფერს ჰკითხავს ხატ-ღმერთსა,

მათ კანონს, ჩემი გვარიო,

წავლეკავ ქვეყნიერებას

როგორაც დელგმის ღვარიო,

სისხლის ზღვა ჩემი ხმალია

და ნაცარ-ტუტა _ ფარიო”.

წყეულიმცა ხარ, წყეული,

მიწაში შესაფარიო!

განა მარტო კაი კაცია ჩვენთვის სასიამოვნო? კაი საქმეც კარგი რამ გახლავთ, ვინაიდგან იგია ნამშო იმავე კარგის ადამიანისა, თორემ ცუდისა და უკეთურებისაგან უკეთურების მეტს რას უნდა მოველოდეთ?

კოკასა შიგან რაცა სდგას,

იგივე წარმოსდინდების.

დიაღ, ესაა, მკითხველო, ჩემი ყოველდღიური ფიქრი. სხვა ფიქრებიც, განა არა, ბევრი გამირბენს თავში, ზოგი მაღალი, ზოგი დაბალი, მაგრამ ეს ფიქრი კი ყველა იმათ დასტრიალებს თავსა, ვითა არწივი მდელოსა ყვავილოვანსა. ყვავილოვნობა თავის ქებაში არ ჩამომართოთ, რადგან შხამიანი ყვავილი და ბალახიც ბევრი დგას სხვა ყვავილთა შორის.… ნურც ეს გაგიკვირდებათ, რომ “კაი კაცი” და “კაი საქმე” გამხდომოდეს ყოველდღიურ ფიქრად, რადგან ჩვენი ერის და ქვეყნის ფიქრი დღეს ესევეა და მეც, როგორც ერთს, მრავალთა შორის, ესევე მეფიქრება და მენატრება. მშიერი პურს კითხულობს: “ნეტარ იყვნენ მშიერნი და მწყურვალნი სიმართლისათვის (სიკეთისათვის), რამეთუ იგინი განძღნენ”…

ვისც ჰშიან, სწყურან კეთილი,

იგი მეგულვის კაცადა,

ყველა თხაც არა ვარგია

ბელადადა და ვაცადა.

ვინ მოგვცემს კაი კაცებსა

ან კაი საქმეს სიდამა?

_ მიწა არ აღმოაცენებს,

არც ჩამოხდება ციდამა,

თუ თითონ არ გავკეთდებით

თავის გრძნობით და ჭკვიდამა,

ნუღარ უმტყუვნებს, გამაგრდეს,

ვინაც კეთილი იწამა.

თუ შვილნი არ ვევარგებით,

რა ქნას სამშობლო მიწამა _

უთავო, უენპირომა

ქვიშამ, ლამმა და თიხამა?!

სწორედ კაი დროს ჩამოვაგდე სიტყვა კაი კაცსა და კაი საქმეზე, დიდმარხვას ეს შეჰფერის და უხდება. დიაღაც, მაგრამ, მაგარი ის არის, რომ სადღაა დიდი მარხვა? ნუ ვიტყვით ქალაქებს, სოფლებშიაც კი ძალასა და მნიშვნელობას მოკლებულია იგი. “ვრეკავ ზარს და რისთვის? ერთი მლოცავი არ შემოჰყოფს საყდარში თავსაო”, _ შემომჩიოდა ერთი სოფლელი სულიერი მამა: “აბა მიბრძანდი სომხების ეკლესიაში, ტევა აღარ არის, ნემსი არ ჩავარდება დაბლაო, აღარა გვაქვს ხალხის თვალში მნიშვნელობა აღარც ჩვენ და აღარც ჩვენს წირვა-ლოცვასაო”. _ რატომ მეთქი? აქ მოძღვარმა მრავალი საბუთი წამოაყენა და, სხვათა შორის, ის, რომ სასულიერო მთავრობა არ გვინიშნავს კაი ჯამაგირებს, რათა ხალხთან სათხოვარი არაფერი გვქონდესო, სიძულილი მღვდელს და მრევლს შორის, მაშასადამე, ანგარიშებისა გამო ყოფილა. საწყალი მთავრობა, ყველაფერი იმას უნდა დავაბრალოთ მაშინაც კი, როცა ჩვენი ბრალია, დამნაშავენი თითონ ჩვენა ვართ. მაშ მღვდელი და დიაკვანი რომ გალოთდნენ, ესეც მთავრობის ბრალი იქნება? აგრეთვე სხვა უწესო ყოფაქცევა, რომელიც არ შეჰშვენის და არ შეჰფერის სასულიერო კაცს, როგორც წარმომადგენელს სჯულსარწმუნოებისას, უნდა მოვახვიოთ იმავე მთავრობას?..

ამ საგანზედ ამჟამად ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ხოლო სავალალოა და ფრიად საწყენი ეს მოვლენა, ესეთი სარწმუნოებრივი გულგრილობა ერისა.

ვაჟა ფშაველა, 1901 წ.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here