ვიქტორ გოცირიძის და “თბილგვირაბმშენის” ტექნიკური ხელმძღვანელობის უდავო დამსახურებაა, რომ მათ შეძლეს, არაერთი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში ჩაებათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სხვა ორგანიზაციები. მაგალითად, აკადემიაში აითვისეს დაპრესილი ბეტონისგან აგებული გვირაბის სამაგრის გაანგარიშების ახალი, დიდი ეკონომიური ეფექტის მქონე მეთოდი, დაეხმარნენ მეტრომშენებლებს მიწისქვეშა თერმულ და აგრესიულ წყლებთან ბრძოლის დიდი სირთულეების დაძლევაში.
1966 წლის იანვარში თბილისის მეტროპოლიტენის პირველი რიგის ექვსმა სადგურმა ფართოდ გაუღო კარი მგზავრებს.
მეტრომშენებლობაზე ჩამოყალიბდა ინჟინერთა პროფესიული კოლექტივი, რომელსაც გვირაბმშენებლობის დარგში ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეეძლო.
ვიქტორ გოცირიძის ხელმღვანელობის დროს “თბილგვირაბმშენმა” ააგო 300-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი, რომელთაც დღესაც არ დაუკარგავს სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა.
მაგალითად, თბილისში, მეტეხის პლატოს ავტოსაგზაო გვირაბი, რიკოთის გვირაბები, 100-დან 250 მეტრის სიგრძის გალერეა ზესტაფონისა და ჭიათურის 41-კილომეტრიან სარკინიგზო ხაზზე, ბერშუეთის ჰიდროტექნიკური გვირაბი, ავტოსაგზაო გვირაბები ხუნევში და ბზიფი-რიწის გზაზე, მცხეთის სარკინიგზო გვირაბი.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მშენებლობა იყო საავტომობილო გზა კავკასიის მთავარ ქედზე (ტრანსკავკასიის მაგისტრალი).
ახალი ათონის მღვიმის უნიკალური კომპლექსის შექმნისათვის ვიქტორ გოცირიძეს, როგორც სამუშაოთა ხელმძღვანელს, 1977 წლის სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
თბილისში “გვირაბმშენი” აშენებდა მტკვრის სანაპიროს, ხიდებს, გვირაბებს, მიწისქვეშა გადასასვლელებს. “თბილგვირაბმშენმა” ააგო საქვეყნოდ ცნობილი ყვარლის უნიკალური მიწისქვეშა ღვინის საცავი გამონამუშევრის სიგრე 7,5 კილომეტრი იყო. ამ კომპლექსმა ფრანგი და სხვ აუცხოელი მეღვინეების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამას ემატება 24 სარკინიგზო გვირაბი ზესტაფონში, ჭიათურის ხაზზე (თითოეულის სიგრძე 110-დან 1071 მეტრია), სამი ავტოსაგზაო გვირაბი საქართველოს სამხედრო გზაზე საერთო სიგრძით 1129 მეტრი, მარტყოფის, ტირიფონის, ტაშისკარის, ნადარბაზევის, კრწანისის, ალგეთის, წებელდის, ლამისყანის ჰიდროტექნიკური გვირაბები სიგრძით 350-დან 1740 მეტრამდე.
საუკუნესთან წილნაყარი
ვიქტორ გოცირიძე 35 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა “თბილგვირაბმშენს”. მისი ბიოგრაფია მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე დაბადებული თაობის თავგადასავალია, თაობისა, რომელსაც ბედმა გასავლელად ძნელი გზა არგუნა, მაგრამ რწმენამ და თავისი ქვეყნის სიყვარულმა შეაძლებინა იმ ეპოქის ადამიანებს დაეძლიათ ნებისმიერი სირთულეები, ეშენებინათ ახალი ქვეყანა. ამას მიუკერძოებელი სტატისტიკა თვალნათლივ ადასტურებს.
ვიქტორ გოცირიძე იყო დაუღალავი და ინიციატივიანი პროფესიონალი. ახლისადმი მისწრაფება და შესაშური ალღო ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ მეტროს სადგურები ექსპლუატაციაში ვადამდე და მაღალი ხარისხით ბარდებოდა”.
“ეს იყო უდიდესი ენერგიის, უჩვეულო შრომისუნარიანი ადამიანი. მის მიერ წამოწყებული ნებისმიერი საქმის წარმატების საწინდარი იყო მისი ის თვისება, რომ კოლექტივის საქმიანობა საჭირო კალაპოტით წაეყვანა. ამავე დროს იგი გასაკვირად მომხიბლავი ადამიანი იყო, რომელსაც, როგორც იტყვიან, კოლექტივში საღი მორალური კლიმატის შექმნა შეეძლო”.
ესაა მხოლოდ ორი ამონარიდი ვიქტორ გოცირიძის მეგობრებისა და თანამშრომლების მოგონებებიდან. ისინი პატივს მიაგებენ იმ ადამიანის ხსოვნას, რომელსაც მიიჩნევენ გაბედულ ინჟინრად და ჩინებულ ორგანიზატორად, ამავე დროს გულისხმიერ და კაცთმოყვარე პიროვნებად.
ბოლოთქმის ნაცვლად
წინათ “მეტრომშენში” მუშაობა გაცილებით უფრო პრესქტიჟული იყო, ვიდრე დღეს ნებისმიერ ბიუროკრატიულ სტრუქტურაში ან ბანკში საქმიანობა. ამიტომ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები ზაფხულობით, მესამე შრომითი სემესტრის დროს სიამოვნებით მიდიოდნენ მეტრომშენში ნებისმიერ ადგილზე სამუშაოდ, რომელიც კი მათ არჩეულ პროფესიას შეესაბამებოდა. “მეტრომშენი” იყო მეორე უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მომავალ ინჟინრებს, უწინარეს ყოვლისა კი, სამთოელებს პრაქტიკული საქმიანობის საფუძვლებს აზიარებდა.
სხვებთან ერთად ვიყავი მეც, როგორც სამთო ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც 1972 წელს პრაქტიკული საქმიანობა დავიწყე მეტროსადგურ “წერეთლის” მშენებლობაზე გვირაბგამყვანთა ცნობილი ბრიგადის ხელმძღვანელის გიორგი მესხის კოლექტივში. შემდეგ წელს ამირან ზარქუას ბრიგადაში გადავედი.
კარგი ხელფასი გვქონდა.
აფეთქებითი სამუშაოები, ქანების გადამაგრება, თაღების დაბეტონება დაასე შემდეგ მაშინ ავითვისე. ხელით ვმუშაობდით, ნიჩბებით, სად იყო ის ტექნიკა, რომლითაც დღეს გვირაბგამყვანები არიან აღჭურვილები! განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო დახრილ გვირაბში, სადაც გაყინვის მეთოდით ვაწარმოებდით გამაგრებით სამუშაოებს.
იმხანად პირველად შევხვდი ვიქტორ გოცირიძეს და ჩვენი ურთიერთობა წლობით გაგრძელდა: მაძლევდა დავალებებს, მირჩევდა, მასწავლიდა, მამოწმებდა.
საოცრად გულთბილი იყო ახალგაზრდების მიმართ. ჩვენც გვეამაყებოდა, რომ ასეთი, საქვეყნოდ აღიარებული პიროვნება გვყავდა მასწავლებლად და ხელმძღვანელად.
ამასობაში გვაკვირდებოდა, გვარჩევდა, ანუ, როგორც იტყვიან, სამომავლო კადრების სელექციას ეწეოდა. ეტყობა, მე გამომარჩია, დამიახლოვა და თავისთან, მეტრომშენში მიმიპატიჟა _ ჯერ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმღვანელად, შემდეგ პარტკომის მდივნად. რვა წელიწადი მომიწია მასთან მუშაობა, გვერდიდან არ მიცილებდა.
არასოდეს დამავიწყდება ერთი საყურადღებო ფაქტი, რომლითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა ბატონ ვიქტორის მზრუნველი დამოკიდებულება ახალგაზრდა კადრების მიმართ.
“კომკავშირული ქალაქი” თბილისიდან მოშორებით, რუსთავის გზაზე მდებარეობდა. მე, როგორც მეტრომშენის ახალგაზრდობის ხელმძღვანელს, ხშირად მიხდებოდა იქ ასვლა და სამუშაოს კოორდინირება-შემოწმება. ვიქტორ გოცირიძე, ჟიული შარტავასთვის დაპირების შესრულებაზე ზრუნავდა და ყოველ კვირას იქ იყო ხოლმე. ერთხელ დაინტერესდა და მკითხა, როგორ ამოდიხარო? ტაქსით-მეთქი ვუპასუხე. მაშინ მთელი ხელფასი ამაზე დაგეხარჯებაო, და მანქანა მომცა _ ახალი “ჟიგული”. იმ დროს ისე არ იყო, როგორც დღეს, როცა ყოველ მესამე მანქანა აქვს ნაყიდი. ძალიან შეგვიწყო ხელი ამ სატრანსპორტო საშუალებამ _ ჩვენი საქმიანობა გაცილებით ოპერატიული გახდა.
ბატონი ვიქტორი ყოველთვის მაგალითის მომცემი იყო, შემართული საქმისთვის, ყურადღებიანი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სამსახურში მისვლა ვინმეს დაესწრო. უზარმაზარი კოლექტივის შრომის არაჩვეულებრივი ორგანიზატორი იყო, ერთი შეხედვით არკვევდა, სად რა სუსტი წერტილი იყო და ოპერატიულად ასწორებდა.
ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ მენთეშაშვილი, გურამ გაბუნია ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც მუდამ მხარში გვედგნენ. მხოლოდ ერთ მაგალითს დაგისახელებთ ამის დასადასტურებლად. ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად რომ გადაიყვანეს, ჩასაბარებელი გვქონდა “ვარკეთილის” სადგური, რომლის მწყობრში ჩასაყენებლად აუცილებელი იყო სპეციალური ელექტროკაბელი, რომელიც ამიერკავკასიაში ვერსად მოვიძიეთ, საერთოდ არ იყო. თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა რეზერვში აუცილებელ შემთხვევაში გამოსაყენებლად. ვიქტორ გოცირიძე მოსკოვში დაუკავშირდა თენგიზ მენთეშაშვილს, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნად მუშაობდა, აუხსნა სიტუაცია და მას შემდეგ, რაც შენვარდნაძე საქმეში ჩაერია, უფრო ზუსტად, სამ დღეში ოთხმა ტრაილერმა თბილისში ჩამოიტანა ის “საოცნებო” საკაბელო მეურნეობა და “ვარკეთილი” ჩადგა თბილისელების სამსახურში.
ახლა იოლად მოსაყოლია, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შევძელით იმ დროს, როცა ელექტროენერგიით დაწყებული ყველაფრის დეფიციტი იყო, თავიდან ბოლომდე გადათხრილი პროსპექტის აღდგენა და მეტროპოლიტენის ამ ხაზის მწყობრში ჩაყენება ბატონ ვიქტორ გოცირიძის აღზრდილმა მეტრომშენებელთა თაობამ. ამ სადგურის ღია მეთოდით მშენებლობის მეთოდიც მისი შემოქმედების ერთი ნიმუში იყო.
ეს მოხდა 2000 წლის 3 აპრილს.
თბილისის მეტროს მშენებლობის ფეხზე დაყენებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ნიკო ლეკიშვილს (სახელმწიფო მინისტრს), თბილისის მერებს _ ბადრი შოშიტაიშვილსა და ვანო ზოდელავას (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები!).
1997 წელს, ურთულეს ვითარებაში მეტრომშენის უფროსად დამნიშნეს, ამაზე თქვენს გაზეთშიც მისაუბრია, ამიტომ ამჯერად მხოლოდ ერთს დავუმატებ.
მოსკოვის მეტრომშენის უფროსმა იური კოშელევმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია: იმავე წლის ოქტომბრის დასაწყისში საბურღი დანადგარებით, სანგრევი ჩაქუჩებით, მანქანა-იარაღების ნაწილებით, ნახევარი მილიონი მანეთის საიზოლაციო მასალებით თუ საბურავებით დატვირთული სამი ტრაილერიგამოგვიგზავნა, რამაც შეგვაძლებინა, დაგვეწყო კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლა.
დავძენ იმასაც, რომ კოშელევმა ჩემი თხოვნით 300 ჩვენი უმუშევარი მეტრომშენებელი მოსკოვში მიიღო და პროფესიის მიხედვით დაასაქმა. ისიც სათქმელია, რომ ჩვენი მუშების საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაში დიდად დაგვეხმარა იოსებ ორჯონიკიძე, რომელიც მოსკოვის მერის მოადგილედ მუშაობდა. დაახლოებით 250 მეტრომშენებელი დღესაც მოსკოვში არის დასაქმებული და იქიდან არჩენენ თავიანთ ოჯახებს.
შემდეგ, დამატებით 170 ჩვენი კადრის მუშა სვერდლოვსკში ჩავიყვანეთ. ეკატერინობურგის მეტროპოლიტენის მშენებლობა ჩვენ დავიწყეთ (თამაზ ასანიძის ხელმძღვანელობით) _ მეტროს ხუთი სადგური ჩვენ ავუშენეთ.
ვიქტორ გოცირიძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო ზრუნვა “მეტრომშენსა” და მეტრომშენებლობაზე; საქმის კეთებისას მისთვის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობდა. მას პატივს სცემდნენ ისინიც კი, ვინც პირადად არ იცნობდა. იყო ღირსეული ტრადიციების ღირსეული მატარებელი.
ბიძინა სონღულაშვილი,
ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი, “თბილმეტრომშენის” უფროსი 1997-2000 წლებში, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში 2000-2003 წლებში