30-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ყოფილ სოციალისტურ საქართველოს მისტირის. უფროს თაობასთან ერთად ქვეყნის განვითარების ერთადერთ სწორ გზად მომავალი თაობაც სოციალიზმს მიიჩნევს. სოციალიზმი ერთგვარ მოდურ მიმდევრობად იქცა დასავლეთის ქვეყნებშიც. “ნეოლიბერალურმა კაპიტალიზმმა და საბაზრო ეკონომიკამ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, არ გაამართლა”, _ ამბობს “სოციალისტური კოალიცია აღორძინებისთვის” ერთ–ერთი ხელმძღვანელი თემურ ფიფია და თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ პროგრამას სთავაზობს საზოგადოებას. “საქართველო და მსოფლიოს” თემურ ფიფია ესაუბრება:
_ სოციალიზმი ყველა სოციალური უბედურების წამალია. სოციალიზმი შვებაა მშრომელი მოსახლეობისთვის. სოციალიზმი ქვეყნის განვითარების ერთადერთი სწორი გზაა. საქართველოში დამყარებული კაპიტალისტური სისტემა მშრომელი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგო, ანტიხალხური სისტემაა. მეცნიერები და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, ექიმები და მასწავლებლები, მომსახურების სფეროს მუშაკები, ბანკისა თუ სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლები, საზღვაო პორტების, რკინიგზის, მეტროპოლიტენის, ელექტროსისტემის მუშაკები, ფაბრიკა-ქარხნების მუშები და ფერმერები განიცდიან ინტენსიურ ექსპლუატაციას. უმუშევართა და მშრომელ მიგრანტთა დიდ არმიასთან ერთად ისინი ჩვენი მოძრაობის სოციალური ბაზაა. საქართველოს სოციალისტური კოალიცია აღორძინებისათვის (შემოკლებით _ სკა) დაიცავს მათ ინტერესებს ბანკირებისა და ბიზნესმენების, მილიარდერებისა თუ სხვადასხვა სფეროს მონოპოლისტების ეკონომიკური და პოლიტიკური დიქტატისაგან.
ჩვენი მიზანია დღევანდელი კრიზისული სისტემის დაძლევა და ახალი სოციალისტური საზოგადოების მშენებლობა საბჭოთა სოციალისტური სისტემისა თუ ევროპული სოციალიზმის მოწინავე გამოცდილების საფუძველზე. ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევის გზაზე სკა-ს გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მშრომელი მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენა შესაბამისი მატერიალური ბაზისა და წარმოების პირობების სასწრაფო უზრუნველყოფის გზით.
_ როგორია თქვენი ანტიკრიზისული გეგმა? ადვილი არ არის დღევანდელი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება, ასევე რთულია საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური ჩიხიდან მისი გამოყვანა.
_ ჩვენ შემუშავებული გვაქვს ანტიკრიზისული პროგრამა. დავიწყებ საგარეო პოლიტიკიდან:
* დაიწყოს იურიდიული და ეკონომიკური ხასიათის წინაპირობების მომზადება საქართველოს ევრაზიულ კავშირში სასწრაფო გაწევრების მიზნით; რუსეთის (ევრაზიული, პოსტსაბჭოთა სივრცის) ბაზარი და იაფი ენერგორესურსები საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციის საწინდარია;
* შეწყდეს ნატოსთან თანამშრომლობა; შეწყდეს ნატოს სამხედრო მისიებში მონაწილეობა და გამოყვანილ იქნას ქართული საჯარისო ფორმირებები უცხო რეგიონებიდან;
* აღსდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან მასთან მჭიდრო ეკონომიკური, სამეცნიერო-კულტურული და სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური კავშირების დამყარების მიზნით;
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი:
* შეიქმნას წინაპირობები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ნაყოფიერი პირდაპირი დიალოგის უზრუნველყოფის მიზნით;
* ზემოჩამოთვლილი საგარეო-პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია (რეალიზაციის დაწყება) ასევე ქმნის წინაპირობებს აფხაზებთან და ოსებთან ნაყოფიერი პირდაპირი დიალოგისთვის;
დიალოგის მთავარი მიზნებია:
* აფხაზების, ქართველებისა და ოსების ერთიან სივრცეში მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა საქართველოს, როგორც თანასწორუფლებიანი და სუვერენული სახელმწიფოს, ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის გზით;
* ურთიერთნდობის აღდგენა და ომის მძიმე მემკვიდრეობის ერთობლივი დაძლევა;
* ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა;
* აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა; სამთავრობო დონეზე ეკონომიკური და ჰუმანიტარული ხასიათის ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება;
* რკინიგზისა და სხვა სატრანსპორტო კორიდორის გახსნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით;
* დარგობრივი ურთიერთთანამშრომლობის აღდგენა-გაფართოება; ერთიანი სამეურნეო სისტემის თანდათანობითი აღდგენა;
* ერთი მხრივ, საქართველოს; ხოლო, მეორე მხრივ, აფხაზური და ოსური მხარის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების აღდგენა და მშობლიურ მხარეში მათი ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა;
* სამხედრო ბიუჯეტის შემცირება და გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების რეალიზაციისკენ.
ეკონომიკა:
* შეიქმნას ეკონომიკისა და სოციალური პროცესების ერთიანი სახელმწიფო მართვის ცენტრალიზებული სისტემა საზოგადოების საწარმოო, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების ეფექტური მართვისთვის მთელი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, ქვეყნის გადაუდებელი რეაბილიტაცია-აღდგენის მიზნით;
* გამოცხადდეს ეკონომიკის აღდგენის ანტიკრიზისული სამწლიანი პერიოდი. შემუშავდეს ეკონომიკის დარგობრივი განვითარების ერთიანი სამწლიანი გეგმა, მიმართული მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენისთვის მინიმალურად აუცილებელი მატერიალური ბაზის შექმნისკენ;
* უარი ითქვას ეკონომიკისა და სოციალური სფეროს მართვაზე ბიზნესის მეშვეობით მისივე ინტერესების შესაბამისად;
* ყველა მსხვილი საწარმოს, რკინიგზის, საზღვაო პორტის, ენერგეტიკული სისტემის, ბუნებრივი რესურსის, მიწის ნაციონალიზაცია;
* შეიქმნას ერთიანი სახელმწიფო საბანკო სისტემა, ხოლო ცენტრალური ბანკი დაექვემდებაროს მთავრობას;
* საშუალო და მცირე ზომის საწარმოთა ბაზაზე შეიქმნას “სახალხო” საწარმოები, რომელთა მართვა-გამგეობის სრული უფლება გადაეცემა მშრომელთა კოლექტივებს;
* შეიზღუდოს ბანკების, ფარმაცევტული, საწვავის იმპორტიორი თუ სხვა მონოპოლიების გამდიდრება ეკონომიკის აღდგენის სამწლიანი ანტიკრიზისულ პერიოდში; კერძო სექტორის ზემოგება მიიმართოს სოციალურად მნიშვნელოვანი პროგრამების რეალიზაციისკენ;
* ამოქმედდეს პრინციპულად ახალი პროგრესული საგადასახადო სისტემა, როგორც მშრომელი უმრავლესობის სასარგებლოდ შემოსავლების ეფექტიანი გადანაწილების ბერკეტი. გათავისუფლდეს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებისაგან მცირე ხელფასები თუ შემოსავლები;
* შეიქმნას სახელმწიფო საწარმოები ფარმაცევტული, საწვავის იმპორტის, პურის, ხილის, თხილისა და ციტრუსების, ღვინის წარმოებისა და სხვა ამჟამად მოქმედი სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროებში, რათა მოხდეს ფასების სახელმწიფო რეგულირება მშრომელი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისად;
* შეიქმნას მანქანა-ტრაქტორთა სადგურების სახელმწიფო სისტემა, რომელიც უფასოდ მოემსახურება კოლექტიურ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს.
სოციალური სფერო:
* შეიქმნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების ერთიანი სახელმწიფო ფონდი უღარიბესი მოსახლეობისათვის მათი უფასოდ განაწილების მიზნით;
* შეიქმნას ერთიანი სახელმწიფო საცხოვრებელი ფონდი უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით:
* შეიქმნას მიუსაფარ ბავშვთა, ასევე მრავალშვილიან ოჯახთა ბავშვების მოვლა-აღზრდისა და სოციალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სისტემა;
* შემუშავდეს უმუშევართა დასაქმების, აგრეთვე, სოციალურად დაუცველთა რეაბილიტაციის ქმედითი სახელმწიფო პროგრამა;
* შემუშავდეს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა;
* დაწესდეს სახელმწიფო რეგულირებადი ფასები მედიკამენტებზე, პურზე, საწვავზე, პირველადი და მასობრივი მოთხოვნის სხვა პროდუქტებზე;
* გამოცხადდეს უპირობო საიპოთეკო ამნისტია; შემუშავდეს დაზარალებულ იპოთეკართა და მენაშენეთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა;
* ერთიანი მინიმალური ხელფასის შემოღება და მისი მიბმა საარსებო მინიმუმთან;
_ ეს ყველაფერი გასაგებია და ძალიან სასიამოვნო მოსასმენიც, მაგრამ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოწყობა ქვეყნისა, რომელიც იმ ყველაფერს განახორციელებს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ?
_ დიახ, ჩვენი ქვეყანა სულ სხვა რელსებზეა, მაგრამ ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობისთვის აუცილებელია:
* ახალი შრომის კოდექსის შემუშავება, რომელიც ეფექტიანად დაიცავს კერძო და სახელმწიფო სფეროში დასაქმებული მშრომელი ადამიანის ინტერესებს;
* პროფკავშირებისა და შრომითი კოლექტივების უფლებების რადიკალური გაფართოება, მათზე კერძო საწარმოთა საქმიანობაზე ზედამხედველობის, ხოლო სახელმწიფო საწარმოთა მართვის უფლებების გავრცელება; სახელმწიფო საწარმოთა დირექტორების არჩევითობა;
* ამომრჩეველთა მიერ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა (ყველა დონის დეპუტატთა) უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ეფექტური სისტემის დანერგვა; პარლამენტის დეპუტატთა იმუნიტეტის გაუქმება;
* მშრომელთა კოლექტივების, პროფკავშირების, მასობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა წამოყენების მექანიზმების დანერგვა;
* ამომრჩეველთა უმრავლესობის მოთხოვნით არაეფექტური პარლამენტის (მთავრობისა და პრემიერ მინისტრის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ეფექტიანი სისტემის დანერგვა;
* პარლამენტის მხრიდან მთავრობის საქმიანობისადმი კონტროლის მექანიზმების რადიკალური გაფართოება;
* სახალხო დამცველის უფლებების რადიკალური გაფართოება;
* სამართალდამცავი ორგანოების ქვესტრუქტურების ხელმძღვანელთა არჩევითობა (უფლებამოსილების შეჩერება) პირდაპირი წესით;
* ყველა დონის მოსამართლეთა არჩევითობა (უფლებამოსილების შეჩერება) პირდაპირი წესით;
* უფასო სასამართლოს უზრუნველყოფა (სახელმწიფო ბაჟების გაუქმება…);
* რეფერენდუმის მოწვევის პირობების გამარტივება.
ვიბრძოლოთ, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მდგომარეობა დღეს, რადგან ხვალ გვიან იქნება. ამ სიტყვებს ისე, ჰაერზე არ ვამბობ. 15 თებერვლიდან დაიწყო ჩვენი ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის გამწესება გერმანიაში. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ და გერმანიაში იაფ მუშახელად წავიდნენ. ეს კატასტროფაა, ეს დაუშვებელია, ეს ფსკერია. ქვეყანა დაიცლება, ქვეყანა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, თავისი ხალხი სამსახურებით უზრუნველყოს, არჩინოს და სხვაზე დამოკიდებული არ იყოს.
ჩვენ ვართ მშრომელი მოსახლეობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა!
ჩვენი დევიზია: მშვიდობა, შრომა, ინტერნაციონალიზმი, სოციალიზმი!
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი