Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: ეს არის სრული ინფანტილიზმი; სრული ილუზია და დემაგოგია, რომელსაც საერთო...

სოსო ცინცაძე: ეს არის სრული ინფანტილიზმი; სრული ილუზია და დემაგოგია, რომელსაც საერთო არაფერი არა აქვს არც პოლტიკასთან და არც დიპლომატიასთან

საქართველოს ქომაგებად კინზინგერისნაირი მოღალატეები შემორჩნენ

სოსო ცინცაძე

11 თებერვალს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმდგენ ორ კონგრესმენს, გერი კონოლსა და ადამ კინზინგერს, თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. სოციალურ ქსელტვიტერშიგამოქვეყნებულ პოსტში მთავრობის მეთაურმა ორივე მათგანს საქართველოს დიდი მეგობრები და ქომაგები უწოდა, რაც, მისი შეფასებით, არა მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული დოკუმენტით, არამედ ადრე გაკეთებული განცხადებებითა თუ ანგარიშებითაც დასტურდება.

გახარიას შეფასებით, მსგავსი დოკუმენტები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ეს მხარდაჭერა კი ადასტურებს, რომ ქვეყანა, როგორც არასდროს, ახლოსაა ნამდვილ დემოკრატიულ ფასეულობებთან, ხოლო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების თვალსაზრისით უპრეცედენტოდ ეფექტიანი ნაბიჯები იდგმება. მოგვიანებით კონოლი-კინზინგერის კანონპროექტს ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც ოვაციები მოჰყვა. ცალკე ხელისუფლების და ცალკე ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის საერთაშორისო დონეზე მოპოვებული მორიგი გამარჯვებაა, თუმცა არც ერთი და არც მეორე ფლანგის წარმომადგენლებს არ განუმარტავთ, რა თვალსაზრისითაა მიღწევა ქვეყნისთვის აღნიშნული აქტი, რას ცვლის ის რეალურად და რა შედეგები მოჰყვება მას.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის მიერ საქართველოს “დიდ მეგობრად და ქომაგად” გამოცხადებული ადამ კინზინგერი დაახლოებით ერთი წლის წინათ გიგი უგულავას დაკავებას და შემდეგ მისთვის თავისუფლების აღკვეთას პოლიტიკურ დევნად აფასებდა: “გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, დღეს დააკავეს და მიუსაჯეს 38 თვე ძველი დანაშაულისთვის, რომელიც წარსულში უკვე მოხდილი ჰქონდა. რბილად ნათქვამი იქნება, რომ ეს მხოლოდ შემაწუხებელია. სასამართლოს გამოყენება იარაღად დემოკრატია არ არის…”

რას ნიშნავს საქართველოსთვის ამერიკელი კონგრესმენების მიერ ინიცირებული მხარდამჭერი აქტი, რა პოლიტიკური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს მას მომავალში და რას უნდა ველოდოთ ამ პროცესის კვალდაკვალ, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

_ ბატონო სოსო, ამ დღეებში ორი ამერიკელი კონგრესმენის _კინზინგერისა და კონოლის _ მიერ წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულმა საქართველოს მხარდამჭერმა აქტმა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ოვაციები გამოიწვია. გაკეთდა შეფასებები, რომ ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოვლინება, რომ ეს ცხადყოფს, რა ახლოს ვართ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და .. ამ ორ კონგრესმენს გიორგი გახარიამ საქართველოს დიდი ქომაგები უწოდათქვენი აზრით, რეალურია ეს შეფასებები? და, რაც მთავარია, რას ცვლის ჩვენთვის მსგავსი დოკუმენტები?

_ დავიწყოთ იმით, რომ კინზინგერი და კონოლი პირველად არ ახდენენ მსგავსი დოკუმენტის ინიცირებას წარმომადგენელთა პალატაში. მათ ეს ადრეც გაკეთეს და მაშინაც არანაკლებ თამამი შეფასებები მოვისმინეთ. პოლიტიკური მნიშვნელობის თვალსაზრისით, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გარკვეული დატვირთვა აქვს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მსგავსი შინაარსის დოკუმენტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ან გნებავთ _ ევროპარლამენტი, სწორად იქნას აღქმული და გააზრებული ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. ამ თვალსაზრისით, მაინცდამაინც ადეკვატურ მიდგომებს ვერ ვხედავ… რაც შეეხება კონკრეტულად შეკითხვას, რას შეცვლის ჩვენთვის მხარდამჭერი აქტი, ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მისი ინიცირების შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში რაღაც დიდი გარღვევა მოხდა და ხვალ-ზეგ სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ, მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია თვითონ ხელისუფლების აღქმა და ინტერპრეტაცია ამ ყველაფრის გარშემო, როცა გვეუბნება, რომ, თურმე, რა მაგრად ვითარდება ქართული დემოკრატია, აგერ ხომ ხედავთ, ამერიკა რამხელა მხარდაჭერას გვიცხადებს. მე, ალბათ, არ გადავაჭარბებ შეფასებაში, თუ ვიტყვი, რომ ეს არის სრული ინფანტილიზმი; სრული ილუზია და დემაგოგია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს არც პოლტიკასთან და მით უფრო არც დიპლომატიასთან. საერთოდ, დიპლომატია არ არის რაღაც რიგითი პროფესია, რომელიც დილეტანტობასა და ზერელე დამოკიდებულებას იტანს. ვერ იტანს და ჩვენ ამაში ყოველდღე ვრწმუნდებით… ახლა რა გზავნილი იყო რეალურად კონოლი-კინზინგერის მიერ ინიცირებული აქტი: პირველი _ ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ ეს ყველაფერი დროში დაემთხვა ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას; და მეორე _ ძალიან მალე დავინახავთ, რომ დასავლეთიდან წამოსული საქებარი სიტყვები, რომლებსაც აქ ხელისუფლება საკმაოდ კარგად იყენებს საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის, შეიძლება მწვავე კრიტიკამ შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და ეს, ალბათ, გასაკვირი არ იქნება, იმიტომ რომ, დასავლეთისთვის მელიას თემა იწყება და მთავრდება იმით, რომ მელია არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მორჩა! აი, ეს არის მათთვის მთავარი, ხოლო დანარჩენი უკვე თანმხლებია…

_ დაახლოებით ერთი წლის წინათ, როცა გიგი უგულავა დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს, კინზინგერი იყო სწორედ ის პიროვნება, რომელმაც ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა დემოკრატია არ არისფიქრობთ, მელიას გამო ატეხილი ამბავიც მსგავსი ზეწოლის მიზეზი შეიძლება იყოს?

_ რა თქმა უნდა. მეტსაც გეტყვით, ზეწოლაც იქნება, მწვავე კრიტიკაც და გარკვეული პოლიტიკური სანქციების თემაც შეიძლება ახსენონ. რაც შეეხება ისევ კონოლი-კინზინგერის მიერ ინიცირებულ აქტს, ამ დოკუმენტით, ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ გვიყურებენ, გვაკვირდებიან და ყველაფერს ხედავენ. დანარჩენს უკვე ძალიან მალე დავინახავთ კონკრეტული ქმედებებით. ერთი რამ უკვე ცხადზე ცხადია და ამას ყველა ვხედავთ _ უნდობლობა ქართული მართლმსაჯულებისადმი ძალიან დიდია, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ქართული მართლმსაჯულება ზოგჯერ მართლაც ძალიან არადამაჯერებელია. საერთოდ, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს ერთგვარ ქრონიკულ დაავადებად ექცა ინსტიტუციების კრიზისი. ამაში, ალბათ, ყველა ვთანხმდებით. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც ვერა და ვერ გვარდება, ამიტომ შეკითხვები, რა თქმა უნდა, გაჩნდება. სხვათა შორის, მახსოვს, ჯერ კიდევ გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც დიპლომატია ერთობ ეგზოტიკური პიროვნებების ხელში იყო, დასავლეთს ორი ძირითადი შეკითხვა ჰქონდა მმართველ გუნდთან: პირველი _ რატომ ხართ ნაციონალისტები? (რაც უარყოფით კონტექსტში მიკერებული ყალბი იარლიყი იყო მაშინდელი ხელისუფლებისთვის) და მეორე _ რას უპირებთ სასამართლოს? აი, იმ დროიდან მოყოლებული პრეტენზიები არ იცვლება. მელიას რაც შეეხება, კი, ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა, მაგრამ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: მელია მათთვის არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ისევე, როგორც ნიკა გვარამია არის ნომერი პირველი ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი. მორჩა, ეს არის მთავარი, ამიტომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი სამართლებრივი დევნა ყოველთვის შეფასებული იქნება პოლიტიკურ რეპრესიად.

_ დავუბრუნდეთ კინზინგერისა და კონოლის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოს მიიყვანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე და .. რეალურია ეს შეფასებები?

_ როგორც გითხარით, ეს არის სრული ინფანტილიზმი. ყველაზე მეტი, რისი გაკეთებაც დღეს დასავლეთს შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, არის არაღიარების პოლიტიკა. მორჩა! მოგვწონს თუ არა, ამის იქით ვერ მიდიან, ამიტომ ამას უნდა დავჯერდეთ. თუმცა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არაღიარება ან რუსეთისთვის არის დიდი პოლიტიკური თუ დიპლომატიური დისკომფორტის შემქმნელი, ან აფხაზებისა და ოსებისთვის, ძალიან ცდება. რაც შეეხება სხვა რეალურ პერსპექტივას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პოლიტიკური არენა, რომელზეც რუსეთიცაა წარმოდგენილი, ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროპაც და ყველა, მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ის, რომ საქართველოს აფხაზებთან, ოსებთან, საერთოდ არ აქვს პოლიტიკა _ არც სწორი, არც მცდარი. დღეს რა მდგომარეობაც გვაქვს, ეს არის სრული უძრაობა, რომელსაც ყველაფერი ჯობია, იმიტომ, რომ მცდარი პოლიტიკა შეცდომებს მაინც გამოკვეთს და დაგანახვებს. აი, აქედან იწყება ყველა სხვა დანარჩენი პრობლემა, რომლებსაც, აგერ უკვე სამი ათეული წელია, ვერ ვაგვარებთ, ამიტომ მერე, როცა რაღაც პრობლემა იქმნება, ვთქვათ, ვიღაცას დაიჭერენ ე.წ. საზღვართან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ტირი, არიქა, გვიშველეთო, ეს არ არის პოლიტიკა; ეს არის, კიდევ ვიმეორებ, პოლიტიკური ბაგა, რომლიდანაც ქვეყანა სასიკეთოს არაფერს არ უნდა ელოდოს…

_ როგორ ფიქრობთ, ამ ხელისუფლების პირობებში შეიძლება, შეიცვალოს ეს მიდგომები?

_ ქართულ-ოსურ, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს თუ გულისხმობთ, არ მგონია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ამაზე თქვენთან ადრეც მისაუბრია. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მოგეხსენებათ, არის აბაშიძეკარასინის ფორმატი, რომელიც თავიდან თითქოს არ იყო ცუდი წამოწყება, მაგრამ შემდეგ დიდი ვერაფერი… დღეს რა ხდება _ მე ზურაბ აბაშიძეს ძალიან კარგად ვიცნობ და როგორც დიპლომატს, როგორც პროფესიონალს, უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ რად გინდა, მას არანაირი უფლებები არ აქვს. სამ თვეში ერთხელ წახვალ, შეხვდები კარასინს, 20 წუთით დაელაპარაკები, ყავას დალევ და წამოხვალ, მორჩა. აი, ამ დონეზეა მისი, როგორც დიპლომატის, უფლებები და ფუნქცია დაყვანილი. სხვა რა გითხრათ, ის, თავის ბუნებიდან გამომდინარე, არ არის ბარიკადებზე ამსვლელი, ის არის ცივილიზებული დიპლომატი, რომელსაც ფრთები დააჭრეს და უთხრეს: იფრინე… რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი პოლიტიკა არ გვაქვს. ეს სრულიად ნათელია, ამიტომ ცხადია, მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. საქართველოს პრემიერის მიერ ქომაგად შერაცხილ კინზინგერს ოჯახის თერთმეტმა წევრმა წერილი მისწერა, რომ ის ეშმაკის ჯარში გაწევრდა, უარყო ქრისტიანული პრინციპებს და პრეზიდენტი ტრამპი, ამიტომ უნდა დატოვოს პოლიტიკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here