თუკი ეს არ არის ხანდაზმული პოლიტიკური კლოუნის ბუფონადა, მაშინ ჩვენ წინაშეა პრობლემა, რომლის მოგვარებაც მოგვიწევს ყველას, მათ შორის სხვა ამერიკასაც
სიმბოლურია, რომ ამერიკის ახალმა ლიდერმა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე პირველი სიტყვა წარმოთქვა შენობაში, რომელიც ჰარი ტრუმენის სახელს ატარებს _ აშშ–ის პრეზიდენტის, რომელმაც ცივი ომი გააჩაღა საბჭოთა კავშირთან. აშშ–ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, საგარეო პოლიტიკური სპიჩი შესრულებული იყო ამერიკელი პოლიტიკოსების აღმაფრთოვანებელი ეპითეტების ტრადიციულ სტილში და გაჟღენთილი ჰეგემონის ნარცისიზმით.
ჯოზეფ ბაიდენის სიტყვის კვინტესენცია თითქოს წინამორბედი პრეზიდენტების საარქივო დოკუმენტებიდან იყო გადაწერილი: ამერიკა უნდა იყოს დიადი, როგორც არასდროს, და უფრო ნაკლებზე ჩვენ თანახმა არ ვართ! აშშ-ის გლობალური ძლიერება ჯო ბაიდენის ალფა და ომეგაა, მისი არქიმედესეული ბერკეტი.
და, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა მიმართული იქნება “ამერიკის ყველაზე სანუკვარი დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად: თავისუფლების, შესაძლებლობების, საყოველთაო უფლებების, კანონის უზენაესობისა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემის”.
როგორ არის გაგებული თეთრი სახლის ახალი უფროსის მიერ “დემოკრატიული ფასეულობების დაცვა”, ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა წარმოაჩინა. უკრაინაში ამერიკის საელჩო, რომელიც უკვე ასრულებს ახალი ადმინისტრაციის მითითებებს, მიესალმა “სხვაგვარად მოაზროვნე” ტელევიზიების ეთერიდან გათიშვას.
ორი კვირის წინათ ანალოგიური რამ მოხდა თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პრეზიდენტმა დაუსაბუთებლად უწოდა შფოთისთავები, მეამბოხეები და “შინაური ტერორისტები” სხვაგვარად მოაზროვნე ამერიკელებს, რომლებიც არ დაეთანხმნენ საეჭვო არჩევნების შედეგებს. ბაიდენმა მათი ქმედებების მკაცრად აღკვეთა მოითხოვა.
ამასთანავე, ბაიდენმა რუსეთზე საუბრისას, რომელიც, მისი აზრით, ძალისხმევას არ იშურებს თავისუფლებებისა და მშვიდობიანი შეკრებების ჩასახშობად, ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ჩამოყალიბების ცენტრალურ პუნქტად გამოაცხადა დასავლეთის აგენტურის ძირგამომთხრელი მოქმედებები რუსეთში. ამით მან, პრაქტიკულად, ამოწურა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მომავალი ურთიერთობის თემა. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ აშშ–ის პრეზიდენტის მოწოდება “ახალი სიცოცხლის შთაბერვაზე” ამერიკის სამხედრო–პოლიტიკური კავშირებისთვის, რომელთა წვერი მიმართული უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
სრულიად აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას განზრახული აქვს, იმოქმედოს ორი საწინააღმდეგო ლოგიკის შესაბამისად, რომელიც ბევრისთვის ცნობილია, როგორც ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა (პოლიტიკური ორსახოვნობა). ამერიკის განსაკუთრებულობის პრინციპი და სახე “მთაზე წმინდა სახლისა”, რომლის ბინადარნიც მოწოდებულნი უნდა იყვნენ, იმბრძანებლონ პლანეტის სხვა მცხოვრებლებზე, კვლავ რჩება “ამერიკული სამყაროს” ცენტრში, რომლის განმტკიცებასაც ცდილობს ბაიდენი.
ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა დემოკრატიული საჩვენებელი გამათრახების პირველ ობიექტად აირჩია ბოლო დღეებში აქტუალური მიანმა (ბირმა), რომელსაც კატეგორიულად მოსთხოვა, სასწრაფოდ გამოსწორდეს. “ბირმელმა სამხედროებმა უარი უნდა თქვან ძალაუფლებაზე, რომელიც მათ მიიტაცეს, გაათავისუფლონ ადვოკატები, აქტივისტები და სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც დააკავეს, გააუქმონ შეზღუდვები ტელეკომუნიკაციებზე და თავი შეიკავონ ძალადობისგან”. იმ თვალსაზრისით, რომ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი აშშ–ისთვის არ არსებობს, ბაიდენს ახალი არაფერი უთქვამს.
ამასთანავე, მან სრულიად გაამართლა შიში იმ ექსპერტებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, თავისი არამდგრადი მდგომარეობის გამტკიცების მიზნით, შეიძლება გადადგას რადიკალური ნაბიჯები ამერიკული საზოგადოების გარდაქმნისკენ მოსახლეობის იმ ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად ხელისუფლებაში მოსულთა საარჩევნო ბაზას შეადგენს.
ბაიდენმა საშუალო კლასისა და ამერიკის “მუშათა ოჯახების” ინტერესები ტრანსგენდერების, ლგბტ–თემის, მიგრანტებისა და ფერადკანიანთა ინტერესებზე გაცილებით ქვემოთ დააყენა. და ეს არ არის ამერიკის ახალი პრეზიდენტის სპიჩრაიტერების დაუდევრობა _ ეს “ახალი კურსის” არსია. მთავარი მიზანი ამერიკის გადაქცევაა მაქსიმალურად ხელსაყრელ მოედნად ბაიდენის უკან (და ბაიდენს ზემოთ) მდგომი ტრანსნაციონალური ტიპის ფინანსურ–ეკონომიკური დაჯგუფებისთვის.
აი ამონარიდები ბაიდენის სიტყვებიდან:
* “და კიდევ უფრო რომ აღვადგინოთ ჩვენი მორალური ლიდერობა, მე, აგრეთვე, გამოვცემ პრეზიდენტის განმარტებით ბარათს სააგენტოებისთვის, რათა გამოვაცოცხლოთ ჩვენი ლიდერობა ლგბტ-თემის საკითხებში და ეს გავაკეთოთ საერთაშორისო დონეზე. ვიზრუნებთ იმაზე, რომ დიპლომატია და უცხოური დახმარება მიმართული იყოს ამ ადამიანების უფლებების წინ წამოსაწევად, მათ შორის კრიმინალიზაციასთან ბრძოლის გზით და ლგბტ დევნილების დასაცავად, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ…
* პოსტის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ხელი მოვაწერე ბრძანებულებას, რომელიც აუქმებს საძულველ, დისკრიმინაციულ აკრძალვას მუსლიმანებისთვის, გავაუქმე აკრძალვა შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერების მსახურებაზე…
* გადავდგით ნაბიჯები სისტემურ რასიზმთან და თეთრების უპირატესობის უბედურებასთან საბრძოლველად. ჩვენს ქვეყანაში რასობრივი თანამშრომლობა იქნება არა უბრალო საკითხი ჩვენი ადმინისტრაციის ერთი განყოფილებისთვის, არამედ ეს იქნება მთელი ჩვენი ადმინისტრაციის საქმე”…
ამ დაპირებების ბოლო პუნქტი აშიშვლებს იმ ირაციონალური, საღი აზრის საწინააღმდეგო მენტალური საწყისის არსს, რომელიც დღეს გამარჯვებას ზეიმობს ამერიკაში. ეს ჰგავს გია დანელიას შედევრ “ქინ–ძა–ძა”-დან “შარვლების ფერად დიფერენციაციას”, ოღონდ ამერიკულ ვერიანტს, როცა ადამიანებს ახარისხებენ და გამოარჩევენ არა მათი ღირსებების, ნიჭისა და გამოცდილების, არამედ კანის ფერის ან სექსუალური ორიენტიაციის მიხედვით _ ეს არის ბოლო ინსტანცია საზოგადოების გადაჩეხვისა ყველაზე ღრმა უფსკრულში. ეს სიძულვილზე არაადამიანურობასა და თავხედობაზე დაფუძნებული “ჩვეულებრივი ფაშიზმია”.
და ეს არ არის მხოლოდ განზრახულობათა დეკლარაცია. დღეს ჰოლივუდში იწუნებენ სცენარებს ფილმებისა, რომლებშიც არ არის ლგბტ თემატიკა ან ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, ხოლო აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განკარგულებით უნდა აღმოფხვრას რასობრივი და გენდერული “დისპროპორცია” შეიარაღებულ ძალებში.
ნორმალური, “ტოლერანტობით” დაუსნეულებელი ადამიანი ამას იდიოტიზმად ჩათვლის, მაგრამ აქ არის რკინისებური ლოგიკა, რომელიც პასუხობს მათ ინტერესებს, ვინც ხელში ჩაიგდო უკიდეგანო ძალაუფლება აშშ-ში. სწორედ აბსოლუტური ძალაუფლება არის ყველაზე შავბნელი ნაცისტური დიქტატურის დამყარების წინაპირობა.
ბაიდენის სიტყვაში ყველაზე მეტი ფარისევლობა გამოჩნდა, როცა მან დაიცვა “თავისუფალი პრესა”. “მიგვაჩნია, რომ თავისუფალი პრესა მოწინააღმდეგე არ არის, თავისუფალი პრესა აუცილებელია ჯანმრთელი დემოკრატიისთვის”.
მოისმინო ლაპარაკი “ჯანმრთელ დემოკრატიაზე” იმ პრეზიდენტისგან, რომელიც ხელისუფლების სათავეში იმის წყალობით მოვიდა, რომ “თავისუფალი პრესა” წნეხში მოაქციეს ბაიდენის უკან მდგომმა მძლავრმა ჩრდილოვანმა ძალებმა, ყოველგვარ ზღვარს სცდება.
აი ასეთია ტრანსგენდერული დემოკრატიის მანიფესტის იდეოლოგიური მიმართულებები. მანიფესტმა ზუსტად წარმოაჩინა მხოლოდ ის, რომ ამერიკა ერთგულია თავისი განსაკუთრებულობის შესახებ რწმენისა და იმის, რომ უფლება აქვს, თავისი წარმოდგენები მოახვიოს თავს დანარჩენ მსოფლიოს.
და, თუკი ეს არ არის ხანდაზმული პოლიტიკური კლოუნის ბუფონადა, მაშინ ჩვენ წინაშეა პრობლემა, რომლის მოგვარებაც მოგვიწევს ყველას, მათ შორის სხვა ამერიკასაც.
e-nevos.su–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ