Home რუბრიკები საზოგადოება დავით სოკოლოვის ვარსკვლავი

დავით სოკოლოვის ვარსკვლავი

დავით სოკოლოვის ვარსკვლავი

გასული კვირის ხუთშაბათს, ანუ 2021 წლის 4 თებერვალს ვარსკვლავი გაუხსნეს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ლეგენდარულ დიქტორსა და წამყვანს, ჩვენს საყვარელ და უაღრესად პატივსაცემ პიროვნებას _ დავით სოკოლოვს. ჩვენს დათოს.

ჩვენსას-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი კლასელია. 11 წელიწადი ერთად ვიყავით 1954 წლის XI-მეორე კლასის გამოშვება. სტალინის სახელობის იყო მაშინ ჩვენი სკოლა _ ვაჟთა პირველი საშუალო საცდელი. ამჟამად _ პირველი გიმნაზია.

45 მოსწავლე _ ომის თაობა.

ახლა ხუთიოდე დავრჩით…

ამას იმიტომ ვწერ, რომ მეკუთვნოდა მისვლა და მივედი კიდეც ვარსკვლავის გახსნაზე, ჩვენი კლასის სახელით მისალოცად.

იმიტომაც თუნდაც, რომ 11 წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით დათო და მე ტელერადიოკომიტეტში.

დავით სოკოლოვის ვარსკვლავი

ქართულ ელექტრონულ ჟურნალისტიკას ვემსახურებოდით, რომელსაც, ჰე, როდიდან გვინდოდა კვალში ჩავდგომოდით.

გვინდოდა, დავაპირეთ და 1949 წელს მივედით მაშინდელ სახელმწიფო რადიოკომიტეტში “პიონერთა დაფიონის” წამყვანების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დათო სოკოლოვი, იაგო დუმბაძე და ამ სტრიქონების ავტორი. იაგოსა და მე, არ ვარგიხართო, გვითხრეს და უკან გამოგვისტუმრეს.

დათო დაიტოვეს.

“სახარე ხბოს სასკორავში ეტყობაო”.

ეტყობოდა.

მას შემდეგ 70 წელზე მეტი გავიდა და ხალხის სხვა ბრძნული ფორმულის  დროც დაუდგა ბატონ დავითს: ბებერი ხარის რქანიცა ხნავენო.

ხნავენ და მერე ისე, ლეკალოში გამოყვანილივით გაჰყავს ხნული. ამ ორ მიჯნას შორის არის მოქცეული ჩვენი მეგობრის, უნიკალური დავით სოკოლოვის მამულიშვილური ცხოვრება და მოღვაწეობა.

დავით სოკოლოვის ვარსკვლავი

იგი იყო და რჩება ქართული იდენტობის წმინდა სამებიდან ერთ-ერთის _ ენის განუმეორებელ მსახურად _ მისი ქართული (დღეს ასე წარყვნილი) მიჩნეულია სანიმუშო ქართულ მეტყველებად და მისი ჩანაწერი ინახებოდა, როგორც ეტალონი.

ახლა სად არის ან ვინმეს თუ ახსოვს, მართალი გითხრათ, არ ვიცი…

მაგრამ მაინც ახსოვთ, რისი მოწმენიც ვიყავით ფუნიკულიორზე, საიდანაც დაიწყო ქართული ტელემაუწყებლობა, გამართული ზეიმის მონაწილენი, ჭეშმარიტი გულშემატკივრები, დავით სოკოლოვის გულწრფელი თაყვანისმცემლები. განწყობა _ ალალი და მართალი, რაღაც მშობლიური, შინაურული.

განსაკუთრებული.

ამ არაჩვეულებრიობის ავტორები _ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლობის მედიის დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე _ თავს დასტრიალებდნენ ბატონ დავითს, ნიავს არ აკარებდნენ. _ ცოტაც და გავდივართ პირდაპირ ეთერშიო, _ უბოდიშებდნენ, შეგაწუხეთო.

აქვე ვიტყვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი 80-ზე მეტ ვეტერან ჟურნალისტს ინახავს, პენსია დაუნიშნა თავისი ბიუჯეტიდან. სულის ამოთქმასავითაა იმ დროს, როცა სახელმწიფოს აქ და სხვაგანაც ყველა ერთ თარგზე ჰყავს მოჭრილი…

მადლობის სიტყვები უთხრეს სოკოლოვს, ღირსეულად შეაფასეს მისი ღვაწლი, პროფესიონალიზმი და საქმის ერთგულება “ვარსკვლავის გახსნის” ზეიმზე მისულმა კოლეგებმა, რომლებთან ერთადაც უმუშავია  და იმათაც, ვისაც სხვისგან გაუგია ამ დიდებული კაცის ამბავი.

მეც მათქმევინეს…

და როცა “წერად დავჯექ” ინფორმაციისა ამ ღირსშესანიშნავი ამბის შესახებ, ჩავიხედე ინტერნეტში და გულიც გამისკდა: დავით სოკოლოვი გარდაიცვალაო, იუწყებოდა ყველაფრის მცოდნე სოციალური ქსელი 2018 წელს გავრცელებულ ჭორს.

ეგ არაფერი, ჩემო დათო! პირიქით _ ხომ წაგიკითხავს მარკ ტვენისეული შეფასება მისი გარდაცვალების შესახებ პრესაში გამოქვეყნებული ცნობის თაობაზე: 1897 წლის 2 ივლისს New York journal-ში დაიბეჭდა მისი დეპეშა ლონდონიდან _ “ცნობები ჩემი სიკვდილის შესახებ ფრიად გადაჭარბებულია”.

თანამედროვეთა აღიარებით, მას, ჭეშმარიტად ამერიკელ მწერალსა და ორატორს, არ დაუკარგავს მისთვის დამახასიათებელი იუმორის გრძნობა.

კარგის ნიშანია: შენც დიდხანს იცოცხლებ!

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here