ასობით დაპატიმრებული, 5 დაღუპული, 2 თვითმკვლელობა _ ასეთია შედეგები ამერიკელთა უპრეცედენტო მცდელობებისა, ძალით შეეხსენებინათ ყველასთვის არჩევანი, რომელიც ნოემბერში გააკეთეს. კაპიტოლიუმის შტურმიდან 3 კვირის შემდეგ პოლიცია კვლავ განაგრძობს ბრალდების წარდგენას შფოთისთავებისთვის. მათ შორის არიან ულტრამემარჯვენე თვალსაზრისის მომხრენი, დონალდ ტრამპის ფანატიკოსი მიმდევრები და, უბრალოდ, უცნაური პიროვნებები. როგორ აგებენ ისინი პასუხს ჩადენილის გამო?
სასჯელი არ დააყოვნებს
“სპორტდარბაზის მფლობელს ვიქტორვილიდან ბრალდება წაუყენეს”, “ფედერალებმა ილინოისეული მამაკაცი დააკავეს”, “სან-ანტონიოდან ორი პირი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა” _ ასეთი ცნობები ვაშინგტონში 6 იანვარს მომხდარი მოვლენების მონაწილეთა დაპატიმრების შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება. სულ იდენტიფიცირებულია 400 ადამიანი, დაპატიმრებულია 150 და, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ეჭვმიტანილთა სია ყოველ საათში იზრდება.
“კოლეგები სამართალდამცავი ორგანოებიდან ყველაფერს აკეთებენ”, _ განაცხადა კოლუმბიის ოლქის გენპროკურორმა მაიკლ შერვინმა. ამას ხელს უწყობენ რიგითი ამერიკელებიც: ბევრი ენთუზიაზმით გამოეხმაურა გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) თხოვნას, დაესმინათ ნაცნობები, რომლებიც შტურმში მონაწილეობდნენ. სულ ბიუროში შევიდა 200 ათასზე მეტი განცხადება, მათ შორის კანონის დამრღვევთა ნათესავებისგან”.
“ინციდენტი ისეთი აღმაშფოთებელია, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი “ჩაუშვა” , _ მიმართა გფბ–ს წარმომადგენელმა სტივენ დ’ანტუონომ თამემამულეებს, _ ასეთი არჩევანი მტკივნეულია, მაგრამ თქვენ მაინც აიღეთ ტელეფონები და აკრიფეთ ნომერი, იმიტომ, რომ იცოდით: ეს მართებული გადაწყვეტილებაა”.
ტეხასელი პავლიკ მოროზოვი
18 წლის ჯეკსონ რეფიტმა კაპიტოლიუმის შტურმში თავისი მამის მონაწილეობის შესახებ პოლიციას აცნობა, შემდეგ ოჯახთან კავშირი გაწყვიტა და მიიმალა. “მე უნდა ვაჩვენო ადამიანებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს მოწოდებაზე გამოხმაურება ნორმალური ამბავია. სწორ გზას მორალური კომპასი გვიჩვენებს”, _ თქვა ჯეკსონ რეფეტმა ტელეკომპანია ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ყმაწვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მისმა მამამ ოჯახში მოყვა, როგორ შეიარაღდა და წავიდა დედაქალაქში ქვეყნის დასაცავად და ყველაფერს იღებდა კამერით, რომელიც ჩაფხუტზე ჰქონდა მიმაგრებული.
“ეს მოხვდა ყველა ახალი ამბების გამოშვებაში. თქვენ, ალბათ, ნახეთ ის _ ლურჯ ქურთუკში, ჩაფხუტში კამერითა და ჯავშანჟილეტით”, _ შეახსენა ტელემაყურებელს რეფიტმა და დასძინა: “მოვლენების ადგილიდან მამა ისეთ ეს-ემ-ესებს წერდა, რომ ჩანდა, აღფრთოვანებული იყო”.
მამაკაცი, რომელიც შტურმიდან მეათე დღეს დააპატიმრეს, თითქოს შვილს ემუქრებოდა და მოითხოვდა, წაეშალა ყველაფერი, რასაც მისი კომპრომეტაცია შეეძლო, წინააღმდეგ შემთხვევაში “გააკეთებდა იმას, რაც უნდა გაეკეთებინა”. რეფიტმა ეს სიტყვები სიცოცხლისთვის სახიფათო მუქარად შეაფასა. მისი თქმით, დედამ და დამ არაფერი იცოდნენ, სანამ ტელეეკრანზე მისი ინტერვიუ არ ნახეს. ბიჭი ახლა შიშობს, რომ სამუდამოდ გააგდებენ სახლიდან და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის გადახდას ვეღარ შეძლებს, ამიტომ ე.წ. კრაუდფანდინგურ (სახალხო დაფინანსების) პლატფორმა GoFundM-ზე სასწრაფოდ შექმნა აკაუნტი და ახლა ხალხს სთხოვს ფულის გადარიცხვას. რამდენიმე დღეში თითქმის 60 ათასი დოლარი შეაგროვა. რეფიტის დედამ დაადასტურა, რომ მამა დაემუქრა შვილებს. თითქოს ეთქვას: “თუ დამასმენთ, თქვენ გამყიდველები იქნებით, ასეთებს კი ხვრეტენ”. ამასთანავე, ქალი ხშირად იმეორებდა, რომ მისი ქმარი მოსიყვარულე მამა, ერთგული მეგობარი, ნამდვილი პატრიოტია და არავის უფიქრია, რომ მისი სიტყვები რეალური საფრთხის შემცველია.
გაირკვა, რომ მამაკაცი წევრია ე.წ. სამპროცენტიანთა ორგანიზაციისა, რომელიც ულტრამემარჯვენეთა გასამხედროებული დაჯგუფბაა. ამ დაჯგუფების წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ტირანიისგან იცავენ ქვეყნის ფუნდამენტურ ფასეულობებს. დაჯგუფების დასახელება მომდინარეობს მცდარი მტკიცებულებისგან, რომ აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ბრიტანელების წინააღმდეგ მხოლოდ ამერიკაში გადასახლებულთა 3 პროცენტი იბრძოდა.
ასეა თუ ისე, სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს ბევრი რადიკალური გაერთიანება, რომლებიც 6 იანვარს კონგრესის შენობასთან გაემართნენ თავიანთი თვალსაზრისის დასაცავად.
მემარჯვენეთა საქმე
ჯესიკა უტოკინსმა, დონოვან კოულმა და თომას კოლდუელმა, იუსტიციის სამინისტროს დასკვნით, ჯერ კიდევ 2020 წლის 6 ნოემბერს მოილაპარაკეს, რომ კონგრესისთვის ხელი შეეშალათ მუშაობაში. სამივე პირი ორგანიზაცია “ფიცის შემნახველთა” (OATH KEEPERS) წევრია. მათ უკვე წაუყენეს შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდება. გამოძიების ვარაუდით, ისინი კაპიტოლიუმზე შეტევისას კოორდინირებულად მოქმედებდნენ. ახლა მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. უფრო ცნობილი დაჯგუფება _ Proud Boys-იც (“ამაყი ბიჭები”) მონაწილეობდა შტურმში, _ ვარაუდობენ პროკურორები და სამართალდამცველებმა ამ დაჯგფუების 6 წევრი უკვე დააპატიმრეს, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი ჯოზეფ ბიგსი. ყოფილი სამხედრო თითქოს ასამდე ადამიანს ხელმძღვანელობდა შტურმის მომენტში. Proud Boys-ი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და დაპირისპირებულია მემარცხენე აქტივისტებთან. ორგანიზაციის კიდევ ერთმა წევრმა “ტვიტერში” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პარლამენტის შენობაში სიგარეტითაა გამოსახული. ფოტოს ჰქონდა წარწერა: “სალამი კაპიტოლიუმიდან”. ის ჰონოლულუში დააპატიმრეს, როცა ვაშინგტონიდან დაბრუნდა.
შტურმის მონაწილეებს აკავშირებენ კონსპიროლოგიურ მოძრაობა QANON–თანაც. ამ მოძრაობის მიმდევრები ვარაუდობენ, რომ ტრამპი საიდუმლო გუნდთან ერთად ებრძვის ეშმაკის თაყვანისმცემლებს _ პედოფილებს დემოკრატიული პარტიიდან, მედიაინდუსტრიიდან და ჰოლივუდიდან.
აიოველი დაგ ჯენსენი კაპიტოლიუმში შეიჭრა მაისურით, რომელსაც ეწერა QAnon-ის სლოგანი: Trust the Plan (“გწამდეს გეგმის”). მას 5 მუხლით წაუყენეს ბრალდება, მათ შორის არის შენობაში უკანონო შეჭრა, ხულიგნობა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა.
ამ მოძრაობას მიეკუთვნება ჯეიკობ ჩენსლი, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც Q-Shaman-ი (შამან Q). ის არის ცნობილი ნახევრად შიშველი მამაკაცი, ბეწვიანი მოსაცმელითა და რქებით თავზე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით “მე გამომგზავნა Q-მ” და რომლის ფოტომაც მსოფლიო მოიარა. ციხეში მან უარი თქვა პატიმრის საკვებზე და განაცხადა, რომ, შამანური დიეტის შესაბამისად, იკვებება მხოლოდ ბიოპროდუქტებით. გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიკობ ჩენსლი ადრე ფლოტში მსახურობდა, მაგრამ დაითხოვეს, რადგან უარი განაცხადა ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე.
ჩვეულებრივი ადამიანები
კაპიტოლიუმზე შტურმში ისეთებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც დაკავშირებულნი არ არიან საეჭვო ორგანიზაციებთან. მედიასაშუალებების ყურადღება მიიპყრო რობერტ ჰეკერმა, მამაკაცმა, რომლის მაისურზეც ეწერა “Camp Auschwitz” (“ბანაკი აუშვიცი (ოსვენციმი _ ნ.კ.)”. ის ვირჯინიაში დააპატიმრეს ფედერალურ შენობაში უკანონო შეჭრის გამო. რატომ აირჩია მან ასეთი სამოსი და სლოგანი კაპიტოლიუმში შეჭრისას, უცნობია, მაგრამ, ზოგიერთის აზრით, ჰეკერს სურდა, ეჩვენებინა, რომ უარყოფს ჰოლოკოსტს.
“ყმაწვილი კათედრიდან” _ ადამ ჯონსონი შეეცადა, კაპიტოლიუმიდან გაეტანა კვარცხლბეკი, რომელზეც სიტყვით გამოსვლისას დგება ხოლმე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი. ფოტოგრაფიებზე ის ბედნიერ ადამიანად გამოიყურება _ იღიმება და ხელს იქნევს. მისი დაპატიმრების შემდეგ ადვოკატები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ბრალის დამამტკიცებელი ფოტოები ხომ მსოფლიოს თითქმის ყველა გამოცემებში დაიბეჭდა. “არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა, _ დაიჩივლა ერთ-ერთმა ადვოკატმა, _ მე არ ვარ ჯადოქარი, არც ჩემი კოლეგაა. არსებობს ფოტოგრაფიები, რომლებზეც კლიენტი გამოსახულია ფედერალურ შენობაში სახელმწიფო საკუთრებით ხელში”. მამაკაცი 25 ათასი დოლარის გირაოთი გაათავისუფლეს, მაგრამ მას ემუქრება სასჯელი კაპიტოლიუმში უკანონოდ შეჭრისა და სახელმწიფო საკუთრების მიტაცების გამო.
არკანზასელმა რიჩარდ ბარნეტმა სახელი გაითქვა ფოტოს წყალობით, რომელზეც ის გამოსახულია ნენსი პელოსის კაბინეტში. ბარნეტი სავარძელში ზის და ფეხები მაგიდაზე აქვს დაწყობილი. ის, აგრეთვე, გადაიღეს ქუჩაში მიმავალი, ხელში საქაღალდით, რომელიც ნენსი პელოსის კაბინეტიდან გამოიტანა, ამიტომ სხვა ბრალდებებთან ერთად მას სახელმწიფო დოკუმენტების მოპარვის ბრალდებასაც წაუყენებენ. ნენსი პელოსის დაეკარგა კიდევ ერთი ნივთი _ ნოუთბუკი. ის 22 წლის პენსილვანიელმა რაილი უილისმა მოიპარა. ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა ქალის ყოფილმა შეყვარებულმა: რეილის მეგობრებმა მამაკაცს აყურებინეს ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ გააქვს ქალს პელოსის კაბინეტიდან, სავარაუდოდ, კომპიუტერი. სამართალდამცველთა აზრით, ქალს სურდა, ეს ტექნიკური მოწყობილობა რუსეთში მეგობრისთვის გაეგზავნა, რომელიც შემდეგ მას სპეცსამსახურების წარმომადგენლებს გადასცემდა. გამოძიების ფედერალურ ბიუროში განაცხადეს, უილისს რუსებისთვის ნოუთბუკი არ გადაუცია. რაილი დააპატიმრეს და რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალდება, მათ შორის სახელმწიფო საკუთრების ქურდობა და მართლმსაჯულებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ნოუთბუკი ვერ იპოვეს, ქალი კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს და ჯერჯერობით შინ იმყოფება დედის მეთვალყურეობის ქვეშ.
დაპატიმრებულთა უმრავლესობას წაყენებული აქვს წვრილმანი დანაშაულის ბრალდება, მაგალითად, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრა. ასეთი, სულ ცოტა, 74 ადამიანია. მათ 6 თვიდან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუკი კაპიტოლიუმის შეჭრის მომენტში იარაღი ჰქონდათ.
სამართალდამცველების ხელში კი სულ უფრო მეტი სამხილი ხვდება და, როგორც პროკურორები ამბობენ, მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებების რაოდენობა მოიმატებს, მაგალითად, პოლიციელებზე თავდასხმის. უკვე 15 ადამიანს წაუყენეს ეს ბრალდება, ისიც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ შტურმში დამნაშავენი არიან სამართალდამცველებიც: კაპიტოლიუმის პოლიცია მზად არ აღმოჩნდა მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა საპროტესტო აქციის შესახებ. სამართალდამცველების დაბნეულობამ 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ კონტი იძულებული შეიქნა, მოებოდიშებინა. კაპიტოლიუმის გადასარჩენად 850 პოლიციელი გაგზავნეს, კიდევ 250 შენობის მისადგომებს იცავდა.
შეტევის შემდეგ ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხაზინას 8,8 მლნ დოლარი დაუჯდა.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა