Home რუბრიკები საზოგადოება ბავშვების სახელით გეკითხებით ამ აბდაუბდის შემოქმედთ: თქვენ ასე გასწავლიდნენ?

ბავშვების სახელით გეკითხებით ამ აბდაუბდის შემოქმედთ: თქვენ ასე გასწავლიდნენ?

ბავშვების სახელით გეკითხებით ამ აბდაუბდის შემოქმედთ: თქვენ ასე გასწავლიდნენ?

დიდი ხანია, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი ცხოვრება ისე მიდის, რომ კარგი რამ თუ გვჭირს, უნდა გვიკვირდეს, ავი კი საკვირველი აღარ არის. ასეთ ყოფაში ადამიანებს მომავლის შიში გაუჩნდათ.

საიდან მოჰქრის ეს შიში?

სათავიდან. სათავე კი ჩვენი მომავალი თაობის სწავლააღზრდის საქმეა.

როგორც დიდი ილია ბრძანებს, ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ, რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა”, ამიტომ მასწავლებელს ამ ძნელად წასაკითხი ქარაგმისა თუ არა გაეგება რა, ის ბავშვსაც დაღუპავს და ქვეყანასაც, მით უფრო იმ სახელმწიფოში, რომელშიც ხშირ შემთხვევაში კატებს აყეფებენ ძაღლების ნაცვლად.

გავიხსენოთ საქართველოს განათლების მინისტრები ვინ იყვნენ წლების განმავლობაში: ნაციონალების პერიოდში _ ალექსანდრე ლომაია, გია ნოდია, ნიკა გვარამია, დიმიტრი შაშკინიმათი სახელები, განათლების გარდა, ალბათ, ბევრ რამეს აგონებს მკითხველს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი _ 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი მარგველაშვილი დაინიშნა. გაპრეზიდენტებამდე, ანუ მინისტრად ყოფნის ერთი წლის განმავლობაში მან ყურადღება სისტემის დეპოლიტიზაციასა და პედაგოგთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სასკოლო ავტობუსებისა და უფასო სახელმძღვანელოების პროგრამებზე გაამახვილა.

 თამარ სანიკიძეს განათლების მინისტრის პოსტი სამი წლის განმავლობაში, 2013 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში, ეკავა. მის სახელს უკავშირდება მანდატურის სამსახურის რეფორმა; მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა.

ალექსანდრე ჯეჯელავა კი განათლების მინისტრი სულ ერთი წელიწადი იყო და საზოგადოების ალაპარაკება მხოლოდ ზღაპრებისადმი თავისი დამოკიდებულებითა და ვაშლების პროექტით მოახერხა. ბევრს გაუჩნდა მაშინ სურვილი, ერთი ამის თავში ჩამახედაო, როცა მინისტრისგან ასეთ ბოდვას ისმენდა:

* “კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა, მასთან ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი, თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია”;

* “ისეთი რაღაცეები მახსოვს, რაც აი არაფერში არ გამომდგომია, დაჟე თამადაც ვიყავი და ვთამადობდი და იქაც არ გამომადგა ეს ლექსების სწავლა”;

ანბანი

* “სამი წლის წინ ეროვნული გამოცდების ბარიერი ოცდაერთი ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ, სამი მაიმუნი რომ შეგეშვა და უბრალოდ შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები”. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მისი აზრით, ყველა ბავშვი მაიმუნია, რომელსაც უმაღლესი განათლების მიღების პრეტენზია არ აქვს.

ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის ბუფეტებში საკვების კონტროლსა და ჯანსაღი კვების ხელშეწყობაზეც საუბრობდა. ამ ინიციატივას უკავშირდებოდა სკოლებში დიდ შესვენებებზე ვაშლების დარიგების პროექტიც, რომელიც მისმა შემცვლელმა აღარ გააგრძელა.

ბატიაშვილი გამომრჩა. ალბათ, იმიტომ, რომ სათქმელიც არაფერია.

ამჟამად განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელია და შესაძლოა, ისიც მალე გამოცვალონ, რადგან ასეთია ხელისუფალთა პრაქტიკა _ მინისტრები სკამის გათბობასაც ვერ ასწრებენ, უცებვე ან სხვა სამუშაოზე გადაჰყავთ, ან საერთოდ თავიდან იშორებენ.

მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ გავიხსენეთ, რომ, როგორც ჩანს, არც ერთ მათგანს აზრად არ მოსვლია პირველკლასელთა სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების გადახედვა; მასწავლებელი კი ხმას არ იღებს, რადგან, უნიჭოდ შედგენილი სასწავლო პროგრამების წინააღმდეგ რომ წავიდეს, ვაითუ სამსახური დაკარგოს. მაგრამ, როგორც ერის მამა ამბობს, “თვალებზე ხელის მიფარებას თავის-დღეში არავისთვის ხეირი არ მოუტანია. ჭირი დანახული სჯობს დაფარულსა, თუმცა ორივ ჭირია და არც ერთი არ არის სანატრელიო”, ხოლოსატკივარი არას უზამს კაცს, თუ მიზეზი თავისს დროზე გაუგეო”.

ჩვენც, მოდით, თვალებზე ხელს ნუ ავიფარებთ და ამჯერად ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო (მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით) პრობლემებზე ვისაუბროთ, რადგან მომავალი თაობის სწავლააღზრდის საქმეში თავიდან უმნიშვნელოდ მიჩნეული დეტალი, შესაძლოა, შემდეგ უზარმაზარ პრობლემად იქცეს.

ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო. დღეს ონლაინ გაკვეთილები ბევრ მშობელს აძლევს საშუალებას, შვილთან ერთად დაესწროს გაკვეთილებს და იმაზე მეტი ხარვეზი დაინახოს, ვიდრე ამას სხვა შემთხვევაში შეძლებდა. მაშ, ასე, დავიწყოთ:

ქართულის მასწავლებელმა პირველკლასელებს ერთ-ერთ გაკვეთილზე აუხსნა, რომ ვინ კითხვა მხოლოდ ადამიანს დაესმის, დანარჩენს _ სულიერსაც და უსულოსაც _ რა. ბავშვებმა ეს მშვენივრად გაიგეს, მაგრამ სახელმძღვანელოში ასეთი რამ აღმოაჩინეს (იხ. ფოტო): წერია _ ვისი ხმაა? ქვემოთ კი დახატულია ბატი, კატა, ფუტკარი და ცხვარი, ასევე მოცემულია სიტყვები _ კიკინებს, ზუზუნებს, სისინებს, კნავის.

აი “ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილი” რომ არ იყოს ბავშვი, შეიძლება არც კი გასჩენოდა კითხვები ამ ლაფსუსზე (თუ შეიძლება ლაფსუსი ეწოდოს), რომელსაც მასწავლებელმა რატომღაც თვალი აარიდა და არაფერი თქვა.

ეს “ქარაგმით დაწერილი” კი არ ისვენებს და კითხვას კითხვაზე გისვამს ონლაინ გაკვეთილის წყალობით მის “მარწუხებში” მოქცეულ მშობელს ან ბებია-ბაბუას: ნათია მასწავლებელმა ხომ თქვა, _ ვინ მხოლოდ ადამიანს დაესმისო? კატაზე განა შეიძლება თქვა ვინ, ან ბატზე, ან ფუტკარზეო?! და კვდება სიცილით… და შენგან პასუხს ელოდება, შენ კი ბრინჯივით დაბნეული ხარ არა იმიტომ, რომ პასუხი არ გაქვს, არამედ არ გინდა, შენს პატარას აქედანვე დაანახვო ის დაუდევრობა, უყურადღებობა (სხვა რა შეიძლება ამას დაარქვა), რომელსაც განათლების მესვეურნი სასკოლო სახელმძღვანელოების მიმართ იჩენენ. თუმცა ზემოთ ხსენებულ მაგალითში სხვა ხარვეზიც არის: კითხვაზე “ვისი ხმაა?” პასუხად “ბატი სისინებს” და ა.შ. არ ივარგებს. კიდევ კარგი, ამ “ძნელ საცნობელ” არსებებს ტექსტებში ზოგან არასწორად დასმული სასვენი ნიშნების შემჩნევა ჯერ რომ არ შეუძლიათ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგად სკოლებში ვითომ დაბრუნებული იაკობ გოგებაშვილისდედა ენა”, მეორე სემესტრი დაიწყო და ჯერ ხელში არც მასწავლებელს აუღია და არც მოსწავლეს.

რაც შეეხება წერას, ანუ პირველკლასელთათვის ასოების სწორად მოხაზვის სწავლებას, დღეს იმაზე გაცილებით მეტი თვალსაჩინოება არსებობს, ვიდრე იმბნელპერიოდში, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს რვეულში ამოუწერდა ხოლმე თითოეულ ასოს ნიმუშად. ახლა რამდენიმე რვეული აქვს ერთ ბავშვს, რომელთაც რატომღაცდაბეჭდილ რვეულებსეძახიან მასწავლებელიც და მოსწავლეც. მაგრამ, პრობლემა რვეულების სიმრავლე კი არა, ის არის, რომ თითოეულ მათგანში ესა თუ ის ასო სხვადასხვაგვარადაა მოხაზული (იხ. ფოტოები). აი, მაგალითად, ვასწავლით, როგორ უნდა მოხაზოს ასო”. ერთ რვეულში”- ფეხი ოდნავ მოხრილია, მეორე რვეულში _ ლარივით სწორი; ერთგან”- თავი მარყუჟს ჰგავს, ზოგან სწორი ხაზებითაა მოცემული; ზოგანერთ უჯრაში წერია, ზოგან მისი განიერი მუცელი ხაზებს გარეთ არის გადასულიანუ, რა გამოდის: ერთ რვეულში ასე დაწეროს და მეორეში ისე? აბა, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო? იგივე შეიძლება ითქვას სხვა ასოებზეც.

ისევ გამოჩნდება იმის მთქმელი, _ რა მნიშვნელობა აქვს, ასე დაწერს თუ ისეო. თუ არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ საჯაროდ, ხმამაღლა უპასუხეთ მათ კითხვებს: რომელია სწორი _ აქ რატომ წერია ასე და იმ რვეულში ისე? აქ თუ არ შეიძლება გადავცდე ხაზს, იქ რატომ შეიძლებაო?..

და კიდევ: პირველკლასელებს, რომლებმაც ჯერჯერობით მხოლოდ 20 ასოს წერა იციან, მათემატიკის გაკვეთილზე ამოცანის მოკლედ ჩაწერას სთხოვენ, ანუ ნასწავლი და სასწავლი ასოების წერას

ჰოდა, ამ ბავშვების სახელით გეკითხებით ამ აბდაუბდის შემოქმედთ: თქვენ ასე გასწავლიდნენ?

მავანმა შეიძლება დამამუნათოს: ქვეყანა თავზე გვექცევა, ეკონომიკა ჩამოშლილია, სიღატაკე და ეპიდემია მძვინვარებს და შენ ასეთ წვრილმანებზე ტვინს ბურღავო…

ამგვარად ფიქრია სწორედ მომავალი თაობისა და საერთოდ, ქვეყნის დამღუპველი, მერწმუნეთ. ჩემი თუ არ გჯერათ, ჩვენს სახელოვან წინაპრებს მაინც უგდეთ ყური და მათი რჩევებით იხელმძღვანელეთ. ვაჟა-ფშაველა (ილიაზე საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ და თანაც არაერთხელ) არა მხოლოდ ქართველი კლასიკოსი პოეტია, არამედ მასწავლებელიც. თავისი პედაგოგიური საქმიანობიდან გამომდინარე, მან საინტერესო და ყურადსაღები მოსაზრებები გამოთქვა ბავშვის სწავლა-აღზრდის საკითხზე. მისი ცნობილი წერილია “საუბარი ბავშვებზედ”, სადაც იგი წერს, რომ კაცის სწავლაცოდნა მიდის იმ წესზე, როგორზედაც ქოხის აშენება. ჯერ საძირკველს ჩააგდებენ, მერე კედლებს ამოიყვანენდა სწორედ ამ საძირკვლის სიმყარეზეა დამოკიდებული მომავალი შენობის ბედიო. ჩვენი შვილების განათლებას საძირკველი პირველ კლასში ეყრება და ამიტომაც სჭირდება მათ სახელმძღვანელოებსა და სასწავლო პროგრამებს განსაკუთრებული გულმოდგინებით შედგენა და გამოცემა.

ვაჟა ფშაველა

საუბარი ბავშვებზედ

როგორც უზარმაზარ საყდარში იმყოფება ღმერთი, ისე პატარაში. ხალხიც ესეა. ერთი მეორისაგან გაირჩევა გარეგანად, მაგრამ შინაარსი, სული ღვთისა უდგიათ.

თუ სული ყველას ერთი აქვს, მაშ მდიდარი, ღარიბი, გვაროვანი, უგვარო, ნასწავლი და უსწავლი, შეიძლება კეთილი კაცი იყოს, არ იყოს გაიძვერა, მცარცვავი, მღლეტელი, ქვეყნის შემაწუხებელი.

ღმერთმა გააჩინა კაცი, ჩაუდგა იმას თავისი სული. სული არის ძალა, იარაღი, რომელიც უნდა მოიხმაროს კაცმა, რომ გახდეს ჭკვიანი, გონიერი, პატიოსანი, შეიძინოს სწავლა, გამოიცადოს და ეს თავისი გამოცდილება შვილებსაც გადასცეს.

სულით კაცი ყველა სხვა ცხოველზე მაღლა სდგას. რაც უნდა ასწავლო ცხოველს, იმას არ შეუძლიან თავისი სწავლა შვილებს მოახმაროს. ამაზედ ქვევით მოვილაპარაკებთ. ჯერჯერობით საჭიროა გავიგოთ, რაზეა დამოკიდებული კაცის სიავკარგე. რაკი გვეცოდინება მიზეზი ჩვენის შვილების გაფუჭების და გაკეთებისა, ყველა _ მდიდარი და ღარიბი _ ეცდება, აიცილოს ეს ბოროტება თავიდგან.

ამისათვის ძლიერ საჭიროა, ღრმად ჩავიბეჭდოთ გონებაში, რომ ღმერთს, ქვეყნიერობის შემოქმედს ერთი კანონი აქვს, რომელსაც ერთნაირად ემორჩილება, როგორც დიდი კაცი, ისე ბეჩავი. როგორც მაღალი ტანის კაცი, ისე დაბალი იღებს ცოდნას ცოტცოტობით და უცებ ვერ განათლდება.

კაცის სწავლაცოდნა მიდის იმ წესზე, როგორზედაც ქოხის აშენება. ჯერ საძირკველს ჩააგდებენ, მერე კედლებს ამოიყვანენ. ძელზე ძელს დასდებენ, ან ფიცარს ფიცარზე დაამწყნობენ, ისე კაცის სწავლაა _ ძველს სწავლას კაცი უმატებს ახალახალს, ცოდნა იზდება, კაცი ნათლდება. ავიღოთ მაგალითი და დავაკვირდეთ, იქიდამ შევიტყობთ, კაცი როგორც იძენს სწავლას…

დროა დავიწყოთ საუბარი ბავშვებზედ.

კაცი პირველ დაბადების დღეებში გონებით უბრალო ცხოვლის შვილზედ მაღლა არ სდგას; ის იხედება აქეთ-იქით, მაგრამ ვერაფერს ხედავს, ვერც ამჩნევს; ესმის, მაგრამ ვერ იგნებს, რასაც ელაპარაკები. დედა ძუძუს ძალი-ძალად მიაჩვევს. ჩვილ ბავშს, თუ მახინჯი არ არის, აქვს ყველა ხუთი გრძნობა: სითბოს, სიცივეს, შიმშილს, წყურვილს, სინათლეს, სიბნელეს, ხმაურობას, სიჩუმეს ყმაწვილი გრძნობს. მაგრამ გრძნობა და შეგნება ერთი როდია. ჩვენ მაგალითად ყველანი ვგრძნობთ მზის სითბოს, მაგრამ ყველამ კი არ იცის, ვერ შეუგნია საიდამ და როგორ მოდის ჩვენამდე ეს სხივი. ყველანი ვგრძნობთ წვიმის ნამს, მაგრამ ყველამ კი არ ვიცით საიდგან და როგორ კეთდება ეს ნამი, როგორა ჩნდება ღრუბლები. ყმაწვილიც ესეთია გარეგანი გრძნობით _ გრძნობს როგორც ჩვენ, მაგრამ ჯერ კიდევ დროა საჭირო, კარგა ხანმა უნდა გაიაროს, რომ შეიგნოს, გაიგოს რასაცა გრძნობს. მართლაც, როგორ გაიცნობს ბავში გარეშე მოვლენებს? ისე, როგორც ჩვენ. ხან ერთი საგანი ჩაუვარდება ბავშის გრძნობას ხელში, ხან მეორე: ზოგი უფრო ხშირად, ზოგი იშვიათად. ბალღი რასაც ხშირად ხედავს, რაც ხშირად შაემთხვევა, იმდენად უფრო გამოიცდება, საგნის და შემთხვევის თვისებასაც უფრო კარგა გაიგებს.

რაც ბავში უფრო ბევრს სხვადასხვანაირ საგნებს ხედავს, იმდენად გონება უფრო ეხსნება.

სოფლელი ბალღი გონების გახსნილობით დაბლა სდგას ქალაქელზე. საკვირველიც არ არის.

ქალაქელი ბავში უფრო ბევრს სხვადასხვანაირს საგნებს, ხალხს ხედავს, უფრო ბევრს გაიგონებს, მინამ სოფლელი.

მდიდარს ოჯახში ძალიან ბთხილად უნდა ზდა ბავშს, ხშირად ის ვერ მოინელებს რაც ესმის და რასაცა ხედავს. ბალღი გონებით ცოცხალია. რასაც თვალით დაინახავს, ან ყურით გაიგონებს ყველას გაუმაძღრად უკვირდება, სუყველაფერი უნდა გაიგოს: ლოკავს და სუნავს, სინჯავს ხელებით, რასაც კი მისწვდება. ხშირად ცეცხლსაც მიეტანება. დიდსაც არა აქვს ისეთი დაკვირვებითი ნიჭი, როგორც ბალღს. რამდენიმე თვის განმავლობაში ათასნაირს ნიშნებს, საგნების თვისებებს მოკრეფავს, მოაგროვებს გონებაში, იმდენს დაიხსომებს, ჩვენ, დიდებს სად შეგვიძლიან იმდენის დახსომება

“ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო”, ტყუილად არ ამბობს ქართული ანდაზა. რაკი ერთხელ რამეს მიეჩვევა კაცი, შემდეგ გადაჩვევა ძნელია, ეცოდინება, რომ ცუდი ჩვეულების პატრონია, მაგრამ მაინც კიდევ ვერ დასთრგუნავს ძვალ-რბილში გამჯდარს ჩვეულებას. თამბაქოს წევის მავნებლობა, თუ ჯანისათვის არა, ჯიბისათვის მაინც ყველამ იცის, მაგრამ ჩიბუხს კიდე ვერ ანებებენ თავსა.

აბა ყველამ გავსინჯოთ ჩვენი ცუდი ჩვეულებანი და კარგად დაუკვირდეთ, თუ მაში აღზდა არ იყოს დამნაშავე. ბევრი არ დაიჯერებს და იტყვის, რასაც წერა-მწერალი დაუწერს კაცს, ისე გათავდება მისი ბოლო.

ბევრი მაგალითი მინახავს, მამაც კარგი ჰყოლიყოს შვილსა, კარგი მაგალითებიც ენახოს და ნამდვილი გველი, ქვეყნის ამომგდები გამოსულიყოს. ხშირად ეგრეც მოხდება ხოლმე, მაგრამ ბედისწერა აქ არაფერს შუაშია. რა უყოთ, ზოგი კაცი ავადმყოფობის გამო გულფიცხი გულ-ანჯახია, _ მჭამელი, ბოროტი, დაუდეგარი, ამისთანა ბევრი მაგალითი ხდება, მაგრამ ეს შემთხვევები ჩემს ნათქომს მაინც არ ეწინააღმდეგებიან.

ბოროტი არ იბადება არადროს კაცი. მის გაბოროტებაში გამზდელი, მშობლები, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე.

ბოროტება, სიგულფიცხე, ბრაზი, ბავშის გულში ცოტცოტობით იზდება, ამაში ჩვენი უყურადღებობა და ცუდი მაგალითია.

ცოლშვილში ხშირად თავდაუჭერლად ვიქცევით, რასაც უნდა ვამბობთ, რასაც უნდა ვშვრებით, არ უყურებთ არც გონებას, არც სვინიდისს.

ბავშების მახვილი გონება ამას იბეჭდავს გონებაში და გულში, მოსწონს, კარგი გონია. არც ერთი სიტყვა და საქმე, რომლისაც ჩვენ თვითონ გვრცხვენიან შემდეგ, ბავშს არ გამოეპარება.

ამიტომ, რაც უნდა კეთილი გვინდოდეს შვილებისათვის, თუ კეთილს არ გავაგონებთ, კარგს მაგალითს არ ვაჩვენებთ, შვილების სიკეთით დატკბობას ვერ მოვესწრებით. ერთს კაცს უნდოდა მუხიდამ ნავის გაკეთება, მაგრამ ბოლოს კბილის საჩიჩქნი ჩხირის მეტი ვერაფერი გააკეთა. ეს დაიხსომეთ, მკვიდრად, ნუ დაივიწყებთ! ხომ გახსოვსთ, ვაჭარს რომ უნდოდა შვილის გადიდკაცება და ციმბირში კი ამოაყოფინა თავი. მარტო სურვილი და სიკეთის სიყვარული შვილებისადმი არ კმარა; ცოდნა, შეგნებაა საჭირო.

ბევრი დამრჩა სათქმელი: ყველაფერს კაცი ერთბაშად ვერ იტყვის. უნდა, მხოლოდ, ჩვენს თავს დავეკითხოთ, როგორ მოვიქცეთ შვილებთან? ამისთვის საჭიროა შვილებზედ თვალყური გვეჭიროს და კარგი მაგალითი ვაჩვენოთ. შვილებს თვალყურს კარგად მაშინ ვადევნებთ, როდესაც შვილები გვეყვარება, ამიტომ ყველაზე საჭირო სიყვარულია. მე, თუ კაცი მიყვარს, იმისთვის არაფერს დავიშურებ.

დედ-მამამ უნდა შვილებს შესწირონ თვისი სიცოცხლე. უმეტესი ჩვენი ფიქრი, ყურადღება, შვილებზე უნდა იყოს მიქცეული. თუ შვილები გვეყვარება, რასაკვირველია, იმათაც შეუყვარდებით; რაკი დაინახავენ, რომ გვიყვარს შვილები, გვენდობიან კიდეც, რჩევას გაგვიგონებენ, მაგალითს ჩვენგნით აიღებენ და ეცდებიან, ჩვენ დაგვემსგავსონ.

ყმაწვილს თუ დედმამის რჩევა, სიტყვა არ სწამს, საქმე მორჩომილია, აღარც მაგალითს ექნება ძალა.

თუ გვინდა, ჩვენს სიტყვას შვილებმა ფასი დასდონ, ხუმრობითაც ტყუილი არ უნდა უთხრათ და სხვებსაც უნდა ვსთხოვოთ, ტყუილს არ მიაჩვიონ ჩვენი შვილები. ცხოვრებაში ბევრს განსაცდელს მოელის კაცი, ბევრჯელ დასჭირდება იმას ტყუილის თქმა. ამიტომ მშობლებმა უბრალო ხუმრობაშიც, ტყუილს უნდა თავი დაანებონ.

შვილები რაკი გვეყვარება, სასტიკად. მხეცურად არ მოვეპყრობით. შურით და ცემით ბოროტი კაცი ვის გაუკეთილებია?

ცემით დაშინება შეიძლება კაცისა, გაპატიოსნება კი _ არაოდეს. სული, მხოლოდ სული, მოქმედობს სულზე, მხოლოდ გული იცნობს გულსა.

სიყვარულით და ჩაგონებით შეიძლება ასწავლოს შვილს მშობელმა სიყვარული, გულკეთილობა და გონიერება.

ვინ დაუჯერებს ამგვარს რჩევას: “გცემ და შემიყვარე, მე ტყუილებს გეტყვი, შენ მუდამ მართალი მილაპარაკეო, ტუტუცს, გიჟს, დაგიძახებ, არაფერს გასმევ, არც გაჭმევ, შენ მარტო ითმინე და პატივი მეციო”.

ყველამ იცის ამნაირი რჩევის უვარგისობა და იმიტომ ვერცა ვინ ბედავს.

ბუნება იმნაირია ყველა კაცისა, რომ შეუძლიან გახდეს ჭკვიანი, პატიოსანი, ნასწავლი და გამოცდილი. ძალა, რომელიც კაცსა აქვს, მას ამაღლებს, ბევრს საკვირველს საქმეს ჩაადენინებს. მაგრამ მარტოკა კაცს იმდენი ძალ-ღონე არა აქვს, რამდენიც მთელს ხალხის გროვას, კაცობრიობას. მთელს კაცობრიობას შეუძლიან გადასცეს თავისი გამოცდილება ახალ-თაობას, _ ყველა ახალგაზდას, თუკი იმას სურს, ისარგებლოს სხვის გამოცდილებით. სხვის გამოცდილება უადვილებს კაცს ცხოვრებას, ასწავლის გზებს: ძველი თაობისას, ახლის ხომ თვალწინ ექნება, ამითი უფრო ღონე მოემატება კაცს, უფრო წინ წავა.

ამიტომ ყველასთვის საჭიროა, როგორც თხილი, კრიფოს სწავლა, გამოცდილება და გადასცეს ახალთაობას, _ შვილებს და შვილიშვილებს.

ერთი დრო იყო, ჩვენმა წინაპარმა, ველურმა კაცმა, თავის ფეხების და ხელების მეტი არაფერი იცოდა.

საჭირო იყო მისთვის გარსშემორტყმულის ბუნების გაცნობა: დადიოდა ფეხით საცოდავად, ვიდრე შაეძლო, იყო უსახლკარო, ხშირად მშიერი, ხის ფესვებს და ქერქს სუტავდა. ჭიაღუებს სჭამდა. მაგრამ დრომ გაიარა, იმის შვილიშვილმა უფრო ჭკვა ისწავლა. დააშინაურეს გარეული ცხენი, მოახტა ზედა, გააქანა და გამოაქანა. დაიწყო შორს მგზავრობა დიდ მანძილზე. პაპასაებ არ უჭირდებოდა სიარული. გაიარა ბევრმა დრომ, მოიგონა კაცმა ჯერ ურემი, მერე ფაეტონი. შემდეგ კარეტა. კარეტას შარა გზა უნდოდა, ისიც გააკეთა. ემძიმა ცხენით სიარული, მოიგონა რკინისგზა და დაფრინავს ფრინველივით, ერთი თვის ცხენით სავალს გზას ერთს დღეში მიდის. მოუნდა წყალში ცურვა. მოიგონა ჯერ ლვილი (პატარა ნავი), მერე ნავი, ნავს შემდეგ გემი, გემი შეცვალა ორთქლის მატარებლად და ცურავს ზღვაში, არც გზას კითხულობს, არც თანამქროლს ქარსა. ეს კიდევ არაფერი. მოსწყინდა კაცს დედამიწაზე სირბილი და მოიწადინა ცაში აფრენა. გააკეთა ჰაერით სავსე ბურთი, მიაკრა ბოლოზე ერთი კალათი, ჩაჯდა შიგ, ასცილდა მეხის მსროლელს ღრუბლებს და გვერდიდამ გადმოეხედა ქვეყანას.

ველური კაცი თავის სიტყვას ხშირად ხატავდა. მინამ იმის ხმა ისმოდა _ სიტყვაც გვესმოდა, მოკვდა _ სუყველაფერი დაგვავიწყდა, მიწამ ჩათქა ის უჩინრად, დედამიწის ზურგზე მის სახსოვრად აღარაფერი დარჩა; ეძნელა ესე ცხოვრება კაცსა; მოიგონა ანბანი, ანბანს მოჰყვა წიგნების ბეჭდვა. დღეს კაცი თავის აზრს, ცოდნას, ფიქრებს სწერს ქაღალდზე, თუნდა მოკვდეს, იმისი აზრი არ დაიკარგება. ნაწერებიდამ ყველაფერს მის გამოცდილებას, ცოდნას, ხელის გულზე გადმოვიწყობთ. შეიქნა უკვდავი კაცის ფიქრი და რჩევა.

ბეჭდვის წყალობით კაცის სიტყვა ერთის კუთხიდამ მეორე ქვეყნის კუთხეში მოექცევა.

არც ამას დასჯერდა კაცი. იმან მოინდომა, რომ მისი სიტყვა ერთს წუთში ერთის წლის სავალზე გაეგოთ. ამისათვის კაცმა მოიგონა ტელეგრაფი და გააფრინა თავისი აზრი ტყვიაზე უჩქარესად.

ამოდენა ოსტატობა კაცმა სულ სწავლის, მეცნიერების წყალობით გამოიჩინა. რამდენი რამე სხვა მოიგონეს ნასწავლებმა ქვეყნის სასარგებლოდ და გადმოგვცეს, გვაჩუქეს მზად მოგონებული, _ ხელმეორედ აღარ დაგვჭირდება ამეებზე თავის მტვრევა.

ბევრი სიკეთე დათესეს ჩვენზედ წინაპართა, ჩვენც უნდა ვეცადოთ, მოგონებულს ახალი რამე მიუმატოთ ქვეყნის სასარგებლოდ.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here