ათასობით სერბმა დაიწყო სასამართლო ბატალიები ნატოს წინააღმდეგ. მათი მიზანი კომპენსაციის მიღებაა გაიშვიათებული ურანის ჭურვებით იუგოსლავიის დაბომბვის გამო. ასეთი იარაღი კიბოს პროვოცირებას რომ იწვევს და ბალკანეთს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებდა, არაერთხელ დაწერილა, მაგრამ ევროპაში მხოლოდ მაშინ შეშინდნენ, როცა კიბო თვით ნატოელებს დაემუქრა და ისტორიაში შევიდა, როგორც “ბალკანეთის სინდრომი”.
“ბალკანეთის სინდრომის” დიაგნოსტიკის შედეგებით პირველად 20 წლის წინათ შეშფოთდნენ _ 2001 წლის იანვარში, როდესაც ნატოსა და ევროკავშირის შტაბ-ბინებში თათბირები ჩატარდა ამ საკითხზე. საუბარი იყო არა საომარ მოქმედებებში მონაწილე პირებისთვის დამახასიათებელ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე, არამედ ლეიკემიასა და სხვა ონკოლოგიურ დაავადებებზე.
ამ მომენტისთვის ონკოლოგიური დაავადებებისგან გარდაცვლილია ნატოს 18 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მონაწილეობდნენ სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოში. მათგან 7 იტალიელია, 5 _ ბელგიელი, 2 _ დანიელი, 2 _ ესპანელი, 1 _ პორტუგალიელი და 1 _ ჩეხი. კიდევ 4 ფრანგსა და 4 ბელგიელს დაუდგინეს ლეიკოზი.
მთავარი ეჭვმიტანილი აღმოჩნდა პენტაგონი, რომელიც გაიშვიათებული ურანის საბრძოლო მასალებს იყენებდა. ამ მასალების დამღუპველ ზემოქმედებაზე რეგიონის ეკოლოგიაზე, აგრეთვე, ბალკანელ სერბებსა და ალბანელებზე იმხანად მხოლოდ მუნჯი არ ლაპარაკობდა, თუმცა ერთია სერბები, მეორე _ ნატოს ჯარისკაცები. საერთაშორისო სკანდალი გარდაუვალი იყო, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა. დისკუსიას წერტილი დაუსვა აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა: “ჯერჯერობით არ არსებობს ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც სამშვიდობო ქვედანაყოფების ჯარისკაცების ჯანმრთელობის პრობლემებს დააკავშირებდა გაიშვიათებული ურანით დამზადებულ იარაღთან”. დაახლოებით იგივე განაცხადეს საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა, ხოლო სასამართლოებმა, რომლებშიც დაზარალებულებმა სარჩელი შეიტანეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარე დაიკავეს.
სურათი თითქოს ნათელია _ ნატოს აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულია. 2000-იანი წლების დასაწყისში აშშ მსოფლიო ჰეგემონია, რომელსაც თავისი გავლენის სფეროებში შეუძლია პოლიტიკოსების დირიჟორობა, პენტაგონი არ წირავს თავისიანებს, როგორ მხეცობაზეც უნდა დაადანაშაულონ ისინი. და უარს არ ამბობს თავის მეთოდებზე ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში. ოლბრაიტი კი, რა თქმა უნდა, ცრუობს და არ შეუძლია, არ იცრუოს, იმიტომ, რომ ის დამნაშავეა სერბების თვალში.
ეს ყველაფერი ასეა ან თითქმის ასეა, მაგრამ, რაც შეეხება გაიშვიათებული ურანისგან დამზადებულ ჭურვებს, აქ საქმე უფრო რთულადაა. სხვათა შორის, ოლბრაიტის ფორმულირება დღესაც აქტუალურია: არ არსებობს ჯანმოს, გაეროს ან სამეცნიერო საზოგადოების ვერდიქტი, რომ მსგავსი ჭურვების გამოყენებამ შეიძლება ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს.
მასმედიაში შეიძლება შეხვდეთ მტკიცებას, რომ ეს გაეროს მიერ აკრძალული იარაღია, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამიანის უფლებების გაეროს კომისია მართლაც მუშაობს გაიშვიათებული ურანისგან დამზადებული საბრძოლო მასალების აკრძალვაზე, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებლად.
გაიშვიათებული ურანისგან დამზადებული საბრძოლო მასალის შექმნაზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტი გერმანელები მუშაობდნენ, 1970-იან წლებში კი პენტაგონის წინაშე დადგა ამერიკული ჭურვების სასწრაფოდ მოდერნიზაციის ამოცანა, რადგან ძველი ჭურვები უეფექტო იყო საბჭოთა ტანკებისა და მძიმე ტექნიკის განახლებული ჯავშნის წინააღმდეგ. ასე დაიწყეს საბრძოლო მასალად გაიშვიათებული ურანის გამოყენება, რომელსაც ამისთვის მნიშვნელოვანი თვისება აქვს _ ძალიან მსუბუქია, ამასთანავე, ძალიან მკვრივი. ამიტომ იყენებენ მას ტანკების ჯავშანში. ცოტა მეტი სიმკვრივე აქვს ოქროს, აგრეთვე, ვოლფრამს, რომელსაც ფართოდ იყენებენ სამხედრო მრეწველობაში. სწორედ ამ ლითონის დეფიციტმა აიძულა ვერმახტი, გადასულიყო ურანზე. ამერიკელებსაც შეექმნათ დეფიციტი და თავიანთ ტერიტორიაზე ვოლფრამის მოპოვებასთან ერთად ამ ლითონს ყიდულობდნენ (დღესაც ყიდულობენ), ძირითადად, ჩინეთისგან. გაიშვიათებული ურანი კი ატომური იარაღის მქონე ყველა სახელმწიფოს აქვს და, სანამ საბრძოლო მასალად გამოიყენებდნენ, უბრალოდ, მის უტილიზაციას ეწეოდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაიშვიათებული ურანისგან ჭურვების დამზადება “ბირთვული კლუბის” ნებისმიერ წევრს თავისუფლად შეუძლია. და დაამზადეს კიდეც, მაგრამ გამოიყენეს მხოლოდ ერაყში (ერაყის პირველ და მეორე ომშიც), ბოსნიასა და მილოშევიჩის იუგოსლავიაში.
მაგალითად, გერმანიას ასეთი ჭურვები არ აქვს. როგორც გერმანიის თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა რუდოლფ შარპინგმა განაცხადა “ბალკანური სინდრომის” სკანდალის პიკზე, “კარგი იქნებოდა, თუ ასეთი იარაღი არავის ექნებოდა”. თუმცა იარაღის ზოგიერთი სპეციალისტი, როგორც რუსი, ისე ამერიკელი, ამბობს, რომ გაიშვიათებული ურანისგან დამზადებულ საბრძოლო მასალას რადიაქტიული საფრთხის შექმნა არ შეუძლია, მაგრამ მას აქვს ტოქსიკურობის საფრთხე _ თუ ასეთი ურანის ნაწილაკები ადამიანის ფილტვებში ან ჭრილობაზე მოხვდება. თუმცა ასეთ შემთხვევებშიც, ჯანმოს ვერდიქტის მიხედვით, ონკოლოგიური დაავადების რისკი მხოლოდ ორი პროცენტით მოიმატებს. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა თვალსაზრისიც _ გაიშვიათებული ურანის მოხვედრა გარემოსა და ადამიანის სხეულში ძალიან სახიფათოა. ამ თვალსაზრისს ავრცელებენ ეკოლოგები, უფლებადამცველები, პაციფისტები, მემარცხენე ლიბერალი აქტივისტები… ამ საკითხში ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, თუმცა თქმა იმისა, რომ გაიშვიათებული ურანი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, მკრეხელობაა. მაგრამ ის მუდამ ახლავს პროპაგანდისტულ დაპირისპირებებს, პოლიტიზებულ განმარტებებს, ემოციებით სპეკულაციას _ ყველაფერს, რაც სდევს ომს, იარაღის ბაზარსა და დიდ პოლიტიკას. ასე იყო 20 წლის წინათ, ასეა დღესაც, მაგრამ რაღაც მაინც შეიცვალა. ახლა, როცა ტერმინი “ბალკანეთის სინდრომი” თითქმის დავიწყებულია, იტალიის სასამართლომ აღიარა მიზეზ–შედეგობრივი კავშირი გაიშვიათებულ ურანსა და ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, რის შემდეგაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაზარალებულ იტალიელებს კომპენსაციები გადაუხადა.
იტალიელი ადვოკატები, რომლებმაც საქმე მოიგეს, ახლა კონსულტაციას უწევენ სერბებს, რომლებსაც გრძელი გზის გავლა მოუწევთ სასამართლოებში, რადგან მათი ქვეყანა არ არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი, მაგრამ მიზანი ანალოგიურია _ მიაღწიონ იმას, რომ ბრიუსელმა საკომპენსაციო თანხები გადაუხადოს დაახლოებით 2 ათასამდე სერბს, რომლებსაც ჯანმრთელობა დაუზიანდათ გაიშვიათებული ურანის ჭურვებით მათი ქვეყნის დაბომბვისას გამო. სერბებისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, გაიშვიათებული ურანის ჯანმრთელობისთვის მავნეობა მითია თუ მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი. აშშ–მა და ნატომ დანაშაული ჩაიდინეს, როცა იუგოსლავია უმოწყალოდ დაბომბეს.
vz.ru–ე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ