კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 100 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. სამწუხაროდ, 2 მილიონზე მეტი გარდაიცვალა და ამ რიცხვში საქართველოს წილიც არის _ 3 ათასზე მეტი გარდაცვლილი გვყავს. ვირუსი ჩვენთან 250 ათას ადამიანზე მეტს შეხვდა, მაშინ, როცა ეს რაოდენობა ჩინეთში 100 ათასს არ აჭარბებს. ეს ყველაფერი ცალკე საუბრის თემაა და არაერთხელ გამოჩნდა, რომ საკუთარ თავს როგორმე თვითონვე უნდა ვუშველოთ და თითოეული ჩვენგანი მაქსიმლურად შეეცადოს, როგორც საკუთარი თავი, ისე გარშემომყოფნი დაიცვას. პირბადის ტარება სასიამოვნო არავისთვისაა, მაგრამ ისე ჩანს, პირბადე არის ერთადერთი (და არა ერთ–ერთი) საშუალება, რომელიც თავის დასაცავად შემოგვრჩა და ის მაინც გამოვიყენოთ ჯეროვნად.
ზესახელმწიფოებმა ვაქცინის შესაქმნელად მზადება ვირუსის გამოჩენიდან ლამის ერთ კვირაში დაიწყეს. ის, რომ ვაქცინა ასე მცირე დროში ვერ იქნებოდა (თავიდან 6 თვე დასახელდა), ყველასთვის თუ არა, სპეციალისტებისთვის მაინც დღესავით ნათელი იყო. მარტივ მაგალითს გეტყვით: ელემენტარული გამაყუჩებელი წამალი რომ დამტკიცდეს და წარმოებაში ჩაუშვან, 2-დან 4 წლამდე ხანგრძლივობის ციკლი უნდა გაიაროს _ ჩატარდეს კვლევა, უკუჩვენებები შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს წამლის მწარმოებელი სერთიფიკატს. ჰოდა, როცა საუბარი ლამის მთელი დედამიწის მოსახლეობის აცრაზეა, ვაქცინა ნახევარ წელიწადში ვერ იქნებოდა. ასეა თუ ისე, რამდენიმე მეცნიერმა მოახერხა ვაქცინის შექმნა, რომელიც ჯანმომ სასწრაფოდ აღიარა (სხვა გზა არ ჰქონდა) და დაიწყო ამ ვაქცინის წარმოება. გამონაკლისი მხოლოდ რუსეთია. რუსმა მეცნიერებმაც შექმნეს ვაქცინა და რუსეთში ვაქცინაცია უკვე მასიურად მიმდინარეობს, მაგრამ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა რუსულ ვაქცინას ვერ ყიდულობს. მიზეზი მარტივია _ სანქციებდაწესებულ რუსეთს ვაქცინა რომ გამოართვა, გამოვა, რომ მისი გჯერა და ამას დასავლეთი არ აკეთებს, არ აკეთებს ადამიანების, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ხარჯზე და ყველაფერს პოლიტიკის გამკაცრებით ნიღბავს. ვერ გეტყვით, რატომ არ ვცდილობთ, შევიძინოთ რუსული ვაქცინა, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა…
ჰოდა, როცა რამდენიმე ვაქცინა დამტკიცდა, რიგში სწორედ ზესახელმწიფოები ჩადგნენ და მოურიდებლად განაცხადეს, რომ ჯერ მათი ქვეყნის მოქალაქეები აიცრებიან, შემდეგ _ მეორე რანგის ქვეყნები, შემდეგ _ მესამე რანგის და ბოლოს ე.წ. ბანანის რესპუბლიკები. ტერმინი “ბანანის რესპუბლიკა” აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში-უმცროსმა გამოიყენა და მე ნუ შემრისხავთ. საქართველო მესამე რანგის ქვეყნებშია და, შესაბამისად, ვაქცინა ჩვენამდე გვიან მოაღწევს. როგორც ხელისუფლება გვეუბნება, “ეს გვიან”, ალბათ, შემოდგომა იქნება, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ შემოდგომაზე საქართველოში მასობრივი აცრები ვერანაირად ვერ დაიწყება.
ვაქცინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწარმოებელ კომპანია ASTRAZENECA-ს ვაქცინა ევროკავშირის 27 ქვეყნისთვის უნდა მიეწოდებინა და 80 მილიონი დოზა უნდა გაეცა, მაგრამ… წარმოების პრობლემების გამო, AstraZeneca წლის პირველ კვარტალში, ევროკავშირს კოვიდ 19-ის ვაქცინის 31 მილიონ დოზას მიაწვდის, რაც დაგეგმილზე 60%-ით ნაკლებია. ASTRAZENECA–ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში დადასტურებულია, რომ მიწოდებული ვაქცინების რაოდენობა ნაკლები იქნება, თუმცა კომპანია რაოდენობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.
“წარმოების ადგილზე პროდუქციის შემცირების გამო თავდაპირველად მიწოდებული რაოდენობა უფრო მცირე იქნება, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი”, _ ასეთი მშრალი განცხადება გააკეთეს ASTRAZENECA-ს წარმომადგენლებმა.
საქართველო კი არა, ვირუსთან საბრძოლველად მსოფლიოს ჯანდაცვა რომ ვერ აღმოჩნდა მზად, უკვე შევიტყვეთ. ახლა ირკვევა, რომ ვაქცინის წარმოებისთვის საჭირო პროდუქციის მოძიებაც პრობლემურია და, რაც მთავარია, პრობლემური ჩვენთვის, მესამე რანგის ქვეყნებისთვის კი არა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვისაა. ვიღაცებმა ისიც თქვეს, _ ეს ყველაფერი ვაქცინაზე ფასის აწევის გამო კეთდება, ერთი დოზა დაახლოებით 19-დან 22 ევრომდე მერყეობსო და მწარმოებლებს ეიაფებათო. შეთქმულების თეორიების მომხრე არ ვარ და, იმედია, ოდესმე ტყუილ-მართალიც გაირკვევა. ახლა აქცენტის გაკეთება სხვა რამეზე გვსურს.
ევროკავშირი და ამერიკა ხომ გვეუბნება, თქვენთვის კარი ფართოდ გავაღეთ და, რომ შემოხვიდეთ, რეფორმებია საჭიროო. რეფორმების რაობასა და ოდენობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა არა მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ამას გვთავაზობს, არამედ ჩვენს ხელისუფლებასაც (წინამორბედთა მსგავსად, მაპ-ზე უკეთესის მოლოდინში ვართ მუდამ). ხომ გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ დასავლური ღირებულებების მქონენი გავხდით და, როგორც ძირძველი ევროპელები, ტოლ-სწორად დაგვიყენეს?! ჰოდა, როცა საქმე საქმეზე მიდგა და ურთიერთობა ადამიანების სიცოცხლემდე დავიდა, მესამე ხარისხის აღმოვჩნდით, “ატბროსკი ობშჩესტვა”, როგორც ადრე ამბობდნენ ხოლმე და არავის აინტერესებს, რა მოუვა საქართველოსა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების მოსახლეობას. ჯერ ამერიკისა და ევროკავშირის ცისფერსისხლიანი მოსახლეობა უნდა აიცრას, ჯერ ისინი უნდა გადარჩნენ, თორემ ჩვენ ერთ დღესაც გავწყვეტილვართ. ეს ყველაფერი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენს მოსახლეობაზე დასავლეთს არც არასდროს უფიქრია, არც იფიქრებს და საქართველო მხოლოდ მათთვის ხელსაყრელი ტერიტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო სჭირდება. საქართველო ყველაზე კარგი პოლიგონია რუსეთთან საომრად, აქეთ _ შავ ზღვაზე გასასვლელი, იქით _ პირდაპირი სახმელეთო საზღვარი რუსეთთან და ნატო თავის რაკეტების განსალაგებლად უკეთეს ადგილს ვერც იპოვის. ჰო, ნატო ის ორგანიზაციაა, კარს რომ არ გვიღებს, მაგრამ მუდმივად გვეუბნება: კაკუნი არ შეწყვიტოთო, და ჩვენც, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, კარგა ხანია, ვაკაკუნებთ.
დასავლეთმა დანარჩენ მსოფლიოს პირდაპირ უთხრა, რომ პრიორიტეტი ჯერ საკუთარი ხალხია და მერე _ დანარჩენები, არანაირ თანასწორობაზე საუბარი არ არის და არც იქნება. რეალურად არც არასდროს ყოფილა, თუმცა გვარწმუნებდნენ, რომ თანასწორები ვართ, ევროკავშირის ქვეყნებშიც უვიზოდ გვიშვებენ, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, უბრალოდ, არა გვითხრეს.
ამის პარალელურად საქართველოს ხელისუფლება საყოველთაო ვაქცინაციის დაწყების ვადებზე გვესაბრება: ჯერ ზამთარშიო; მერე გაზაფხულზე, ოღონდ რისკ-ჯგუფებსო; მერე ზაფხულშიო და ახლა გვითხრეს, რომ შემოდგომაზე უნდა ველოდოთ ვაქცინას. როგორ გგონიათ, ხელისუფლებაში არ იციან, რეალურად რა ხდება და როდის იქნება შანსი იმისა, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვიდეს? იციან და თანაც ჩვენზე კარგად, მაგრამ იმას ხომ არ გვეტყვიან, ევროკავშირი და ამერიკა ვაქცინას არ გვაძლევენ, ჯერ თავისთვის უნდათო? არც იმას გვეტყვიან, რუსული ვაქცინის ავკარგიანობაზე ვერ ვმსჯელობთ, აგვიკრძალა სტრატეგიულმა პარტნიორმა და როგორმე უნდა გავძლოთ, სანამ ვაქცინა ჩვენამდე მოაღწევსო. ერთი მხრივ, ამ ყველაფერში სარგებლის ნახვა შეიძლება _ სასწრაფოდ დამზადებულ ვაქცინას არაერთი უკუჩვენება აღმოაჩნდა და ხარვეზების გასწორება მიმდინარეობს. ეს ჩვენ ხარჯზე არ მოხდება, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ცივილიზებული მსოფლიო უფრო მეტ ზარალს ელოდება ვირუსისგან, ვიდრე წარმოგვიდგენია და ამიტომ რისკავს. აი, ეს არის გასათვალისწინებელი და, თუ ბრიტანეთის პრემიერის სიტყვებსაც გავითვალისწინებთ, დასკვნების გამოტანა მარტივდება. ბორის ჯონსონმა ყოველგვარი შელამაზების გარეშე თქვა, მუტაციაგანცდილი ვირუსი გაცილებით მეტ ადამიანს შეიწირავს, ვიდრე ეს პირველ ჯერზე იყოო. პირველ ჯერზე 2 მილიონს გავცდით და ახლა ზესახელმწიფოების აჩქარებაც გასაგებია.
ნამდვილად ძნელია პროგნოზირება, როდის გვექნება ვაქცინა საქართველოში. ცალკე პრობლემაა ის, რომ ჩვენთან მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს ვირუსის არსებობის, უბრალოდ, არ სჯერა და ისინი აცრაზეც უარს იტყვიან. სავარაუდოდ, ამიტომ იქმნება საყოველთაო ბაზა, რომელშიც აცრილები და ასაცრელები იქნებიან შეყვანილი და ვინც აცრაზე უარს იტყვის, მოგზაურობასა და სხვა ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებს. ეს საყოველთაო ბაზაც ცალკე კითხვის ნიშნებს აჩენს და მოსახლეობაში სერიოზულ ეჭვს იწვევს, ეს ლოგიკურიცაა…
ამ ყველაფრიდან ჩვენთვის მთავარი სწორი დასკვნების გაკეთებაა. რამდენჯერაც მიეცა შანსი ევროპასა და ამერიკას, რომ ჩვენთვის ხელი ეკრა, იმდენჯერ გამოიყენა და ახლაც, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, “თანასწორი სტრატეგიული პარტნიორები” მოულოდნელად მესამე ხარისხის ქვეყნის რიგებში აღმოვჩნდით და, პრაქტიკულად, ბედის ანაბარად მიგვატოვეს. მორალი ერთია: საკუთარ თავს ჩვენ უნდა მივხედოთ და ევროპა-ამერიკის იმედად ყოფნას გადავეჩვიოთ.
ბესო ბარბაქაძე