რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესო აქციები ჩატარდა. მეზობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების სინქრონულად საქართველოშიც გაიმართა ქუჩის აქციები… თბილისში ნავალნის მხარდასაჭერად, მართალია, მოკრძალებულად გამოვიდნენ _ მხოლოდ რამდენიმე ლოზუნგი ჩანდა, მაგრამ ე.წ. ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები საქართველოში არეულობისა და საპროტესტო ტალღის აგორებას რომ ცდილობენ, ფაქტია. არის თუ არა რუსეთსა და საქართველოში ერთდროულად გამართული საპროტესტო აქციები მართული და, თუ მართულია, ვის მიერ _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი რევაზ კილასონია:
_ ალექსეი ნავალნი, რომელიც სათავეში უდგას ლიბერალურ პარტია “მომავლის რუსეთს”, აშკარად დასავლეთის პროექტია, რომელიც შექმნეს იმისთვის, რომ რუსეთზე რაღაც ფორმით მუდმივი ზემოქმედება განახორციელონ. ნავალნიზე დიდი წარმოდგენა არავის აქვს და მათ შორის, არც მე, ის რუსეთში ამინდს ვერ შექმნის.
სამწუხაროა ის, რაც თბილისში ხდება; სამწუხაროა, გამუდმებით ხბოს აღტაცებით პროცესების ყურება. ქართველებმა უნდა მოიშალონ ეს ჩვევა, უფრო ზუსტად, თავიდან ამოიგდონ ის აზრი, რომ რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოვა ისეთი ადამიანი, რომელიც იფიქრებს საქართველოზე. ეს არასოდეს მოხდება და არ მოხდება განა იმიტომ, რომ რუსებს სძულთ ქართველები, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არ ფიქრობს თავის თავზე.
500 წელიწადზე მეტია, რუსეთი უძლიერესი ქვეყანაა თავისი “ველიკოდერჟავული” იდეით. მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, არავინ გვეკითხება. ფაქტია: რუსეთი არასდროს დათმობს პოზიციებს არც გლობალურ პოლიტიკაში და არც რეგიონში, მათ შორის, არც კავკასიაში. საქართველოსთვის აუცილებელია, გააანალიზოს ისტორიული წარსული და პოლიტიკა; აუცილებელია, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ გააანალიზოს, რა ურთიერთობები აქვს რუსეთს სხვა ქვეყნებთან, რა ძვრები მიმდინარეობს, როგორი მოჩვენებითია დასავლეთის ბრძოლა რუსეთთან, რადგან დასავლეთი ყოველთვის მზადაა, ითანამშრომლოს რუსეთთან ღიად თუ ფარულად, თუკი მათ ინტერესებში რუსული გავლენა შედის ამა თუ იმ ქვეყნის გავლენის აღსაკვეთად და სწორედ ახლაა ეს მომენტი _ ჩინეთის მზარდი გავლენის აღვეთა, რაშიც რუსეთთან ერთად დადგება დასავლეთი და არა მხოლოდ დასავლეთი.
ძალიან დიდი სირცხვილია, რომ საქართველო, ეს უძველესი ქვეყანა, “ფოჩიანი კანფეტებით” იხიბლებოდა. თუ გვინდა, რომ მივბაძოთ დასავლეთს (პოლიტიკოსები ხომ თვლიან, რომ დასავლეთია “ცივილიზაციის აკვანი”), უნდა ვიყოთ რაციონალურები, ნებისმიერი ქმედებისას გამოვიდეთ ნაციონალური ინტერესებიდან, ვიმოქმედოთ პრაგმატულად და ჩვენი საქციელი ქვეყნისთვის მომგებიან, გრძელვადიან პრესპექტივაზე გავთვალოთ და არა დასავლეთის გავლენის სფეროების გაძლიერების პერსპექტივაზე ჩვენს რეგიონში.
სამწუხაროდ, ჩვენთან პირიქით ხდება, ოღონდ ვინმემ ეროვნულ ინტერესებს ან კონსერვატიულ ფლანგს დაარტყას და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება _ ნავალნი თუ ვინმე სხვა…
ნავალნი ქართველებს გვიწოდებს “გრიზუნებს”, ქართველი ლიბერალების მიერ შეთხზული სიტყვის თარგმანის თუ შერქმეული მეტსახელის “ღრუზინებიდან” გამომდინარე. ნავალნი თანახმა იყო, რომ 2008 წლის ომში რუსეთს დავებომბეთ და ეს რეალობაა.
როდესაც რუსეთში დაძაბული პროცესები მიმდინარეობს, ჩვენთვის, პატარა საქართველოსთვის, სასურველი, უფრო მეტიც, აუცილებელია, განზე გავდგეთ, რადგან იქ განვითარებული არასასურველი პროცესების ჩვენს ქვეყანაში გადმოტანა უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, კიდევ უფრო გაართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, რაც ნამდვილად არ გვაძლევს ხელს და, თუ ვინმეს ჭკუა აქვს, ამას უნდა ხვდებოდეს.
_ ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთში მართული პროცესები მიმდინარეობს, თქვენც თქვით, რომ ნავალნი დასავლეთის პროექტია. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოშიც იმავე ცენტრიდან იმართება პროცესები?
_ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე, დამოუკიდებლად მოღვაწე პოლიტიკოსი, ყველა მათგანი მართულია და მართულია არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ დასავლეთის, და მხოლოდ იმ მიზნით, რომ საქართველოსა და რეგიონში განავრცოს საკუთარი გავლენები. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ განა საღად მოაზროვნე ადამიანს სხვა აზრი გაუჩნდება, როდესაც მათ ქმედებებს უყურებს?
_ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების პოზიციას?
_ ხელისუფლება, ერთი შეხედვით, თითქოს ფრთხილობს განცხადებების გაკეთებას რუსეთში მიმდინარე პროცესებზე, რომლებმაც საქართველოშიც გადმოინაცვლა. ისინი ცდილობენ, ნავალნისაც ასიამოვნონ და აქ არსებული, ე.წ. ოპოზიცია და მათი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დააკნინონ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს _ ნავალნი ვაჟკაცია, ის რუსეთში ჩავიდა და თავი დააჭერინა მთავრობას, სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც თავს აფარებს უკრაინასო… მოკლედ, ნავალნი დადებითად მოიხსენიეს, რაც იმის აშკარა დადასტურებაა, რომ ესენიც “ვიღაცის” გავლენის ქვეშ არიან, მათ, ფაქტობრივად, თქვეს, რომ ნავალნი უკეთესია, ვიდრე პუტინი. დიდი განსხვავება არსებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რეალურად არ არსებობს.
ავიღოთ თუნდაც პანდემია, რომელიც არსებობს, პანდემიის გამო არის აკრძალვებიც, მაგრამ… ყველა აკრძალვა უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და უნდა იყოს ადეკვატური. ყოვლად დაუშვებელია კომენდანტის საათი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს და რომლის ახსნაც დღემდე ვერ შეძლეს. ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ამბობს, _შეზღუდვები არსებობს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში; მათ ვეტყვი: _ არ ვეთანხმები, რადგან თუკი რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში არის შეზღუდვები, მთავრობა სერიოზულ დახმარებას უწევს ბიზნესსაც და დასაქმებულებსაც, სადაც ეს არ ხდება, იქ პროტესტია და წინააღმდეგობა…
_ წინააღმდეგობა შეზღუდვების გამო თბილისშიც დაიწყო…
_ სწორედ მაგაზე მინდოდა მეთქვა. შეზღუდვების გამო აქციებს ვინ მართავს? _ ადამიანები, რომლებიც ნაცების პერიოდში “ქადაგებდნენ”, ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი დანაშაულის წინააღმდეგო, ახლა საპროტესტო აქციაზე გამოდიან და ამის უფლება არ აქვთ. ვერც შეკრებენ ხალხს, ეს რომელიღაც ქვეყნის გავლენით ხდება…
ხელისუფლებისთვის სჯობს, რუსეთში აგორებულმა საპროტესტო აქციებმა აქ არ გადმოინაცვლოს, რადგან იქ მიმდინარე პროცესები გაცილებით დიდ დონეზე გადაწყდება, ვიდრე ჩვენ ვართ… მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ჩვენგან გადადგმული ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ნაბიჯი უარყოფითად აისახება.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ამ საპროტესტო მუხტით, რომელიც ახლა ე.წ. ოპოზიციამ დაიწყო, თავის სათქმელს ამბობს, რადგან, თვითონ აშკარად არ სურს პოზიციის გამოხატვა?
_ არ გამოვრიცხავ, რადგან “ქართულ ოცნებას” ახასიათებს მსგავსი რამ, მათ ეს გაუკეთებიათ. ეს ხელისუფლება არ არის რუსეთის მიმართ რადიკალური განცხადებებითა და ქმედებებით გამორჩეული, მაგრამ რუსეთში მიმდინარე პროცესების თბილისში გადმონაცვლების არაღკვეთა ცუდი იქნება.
ხელისუფლება გაკოტრებულია, ისინი სამართალდამცავების ზურგს უკან მდგარი ადამიანები არიან, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა გამარგინალებულია, ხალხიც დაიღალა პოლიტიკოსების უაზრო თამაშით. არავის აინტერესებს ამ ქვეყანაში, ვინ პროტესტს გამოხატავს და ვინ პარლამენტში შევა, რადგან შედეგი ყველგან ერთი და იგივე იქნება.
საქართველო ფსკერზეა და ეს ფაქტია. ყველაზე კარგი, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარებიდან ჩანს, არის ის, რომ გამოთავისუფლებულია პოლიტიკური ველი. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გამოჩნდება ახალი, მართლაც ეროვნული ძალა, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს და არა დაკვეთით, რომელიც ამ პატარა ქვეყანას უფსკულში გადაჩეხავს.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი