24 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ მცირერიცხოვან აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებად წარმოდგენილმა “ნაცმოძრაობის” პარტიულმა აქტივმა პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვები გააპროტესტა და კომენდანტის საათის დემონსტრაციულად დარღვევა დააანონსა. მეტიც, ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართეს და განაცხადეს, რომ, თუ მმართველი გუნდი მოქმედ შეზღუდვებს დაუყოვნებლივ არ მოხსნის, ისინი მათ პრინციპულად დაარღვევენ. თუმცა აქციაზე იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც უკვე დაარღვიეს ეს აკრძალვები და ამაზე საჯაროდ ისაუბრეს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახალდაბრუნებულმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დემონსტრაციულად მიმართა, რომ იგი შეგნებულად არღვევს იზოლაციის წესს და არ აპირებს, დაემორჩილოს შეზღუდვებს, რომელიც “არაგონივრულია”: “ბატონო გახარია, პერსონალურად, სიმბოლურად და დემონსტრაციულად ვარღვევ თქვენ მიერ დაწესებულ წესს _ არ ვარ სახლში, ვარ გარეთ. ხელში მიჭირავს ტესტის პასუხი, რომლითაც ჯანმრთელი ვარ და, მითხარით, რატომ უნდა ვიჯდე სახლში?” _ ეს განცხადება პარტიის ლიდერმა სამართალდამცველების თანდასწრებით გააკეთა, მაგრამ ძალოვანებს კანონდარღვევაზე რეაქცია არ ჰქონიათ…
ცნობისთვის: 24 იანვარს (იმ დღეს, როცა ვაშაძემ “ნაცმოძრაობის” პარტიულ აქციაზე მთავრობის დადგენილება დემონსტრაციულად დაარღვია), საღამოს 21-დან მეორე დღის დილის 5 საათამდე პოლიციამ მოქმედი შეზღუდვების დარღვევის 729 ფაქტი გამოავლინა. მათგან 641 მოქალაქე პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა, ხოლო 88 _ კომენდანტის საათის დარღვევისთვის.
რატომ აძლევს მთავრობა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ პარტიულ აქტივს შეზღუდვების დარღვევის “ექსკლუზიურ” უფლებას და არის თუ არა ეს შერჩევითი სამართალი, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.
_ ქალბატონო ნანა, მთავრობის ადმინისტრაციასთან 24 იანვარს გამართულ აქციაზე ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს დემონსტრაციულად დაარღვევენ. მეტიც, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამ აქციაზე დაარღვია ეს შეზღუდვა და ამის შესახებ ტრიბუნიდან დემონსტრაციულად მიმართა პრემიერს. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებს რეაქცია არ ჰქონიათ. არადა, ყოველდღე ასობით მოქალაქეს აჯარიმებენ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის და ა.შ. რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან კანონდარღვევის ფაქტებზე?
_ ოპოზიცია, რომელსაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, ფაქტობრივად, გამოფიტულია, თითოეული პარტიის თუ ლიდერის დონეზე განულებულები არიან და ხვდებიან, რომ მათი პოლიტიკური ცხოვრების წუთები დათვლილია. აი, გამომდინარე აქედან, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და მიდიან ყველაფერზე. ახლა რა არის მათი მთავარი ორიენტირი. ცხადია, ამ ე.წ. ოპოზიციას არ აქვს არანაირი მხარდაჭერა, არ აქვს არანაირი რესურსი, გარდა იმ ძალიან მცირერიცხოვანი აქტივისა, რომელიც ზომბირებული ჰყავს და პროცესების მშვიდობიან დინამიკაზე არაა ორიენტირებული. ისინი ორიენტირებულნი არიან მხოლოდ არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე, შუღლზე, დაპირისპირებასა და ძალადობაზე, რომლის პროვოცირების მცდელობასაც რეგულარულად ვხედავთ სხვადასხვა ფორმით…
რაც შეეხება შეკითხვას, რატომ აქვთ ამ ძალებს ძალადობისა და კანონდარღვევის ექსკლუზიური უფლება, ჩვენს უახლოეს პოლიტიკურ წარსულს თუ გადავხედავთ, ვგულისხმობ, ბოლო 5-10 წლის გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ხელისუფლების შეცვლიდან დღემდე, “ნაცმოძრაობას” მის განაყოფებთან ერთად ყოველთვის ჰქონდა “ოცნების” მსგავსი “ექსკლუზივები”. ეს იყო “კოაბიტაცია”, რომლითაც, პრაქტიკულად, თვალი დახუჭეს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე. ეს იყო გამოუძიებელი საქმეები, დაუსჯელი კრიმინალები და, რაც მთავარია, ეს იყო მთავარ ოპოზიციურ ძალად ნაციონალების გამოცხადება, რომლითაც მწვანე შუქი აუნთეს ქვეყანაში პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ დანაშაულს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაში, აღმასრულებელსა და ა.შ., დატოვეს ძველი სახეები, რომლებიც პირდაპირ რეჟიმთან ასოცირდებოდნენ. აი, ეს იყო ის “ექსკლუზივები”, რომლებმაც ქვეყანაში სამართლიანობის განცდა მოკლა. “ნაცმოძრაობას” ადრე გარკვეული დასავლური ძალები მფარველობდნენ და მათ წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ფორმის სამართლებრივი დევნა ფასდებოდა, როგორც პოლიტიკური რეპრესია. დღეს კი, როცა ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია სრულად გაკოტრებულია და დასავლეთიც კი აღარ უჭერს მხარს მათ დესტრუქციულ ქმედებებს, გაუგებარია, რატომ იჩენს ხელისუფლება ასეთ უსუსურობას. რატომ არ რეაგირებს თუნდაც იმ ფაქტებზე, როცა გამოდიან პარტიის ლიდერები და დემონსტრაციულად აცხადებენ, არ დავემორჩილებით კანონსო, თუმცა არათუ აცხადებენ, აკეთებენ კიდეც ამ ყველაფერს…
_ ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს შემაკავებელი ფაქტორი მმართველი გუნდისთვის?
_ ვფიქრობ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ზედმეტი აურზაური არ სურთ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ დამნაშავეების დასჯა არ არის აურზაური. ჯერ ერთი, აუცილებელი არ არის, კანონდამრღვევის მიმართ დემონსტრაციულად განახორციელო კანონის შესაბამისი მოქმედებები, ამისთვის სხვა ფორმაც შეიძლება გამოიძებნოს…
_ მაგალითად?
_ მაგალითად, შეიძლება მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიკაცია, რომლებიც პრინციპულად, პროვოკაციის მიზნით არღვევენ რეგულაციებს, და მათ შინ მიუტანონ ჯარიმების ქვითრები.
_ თუ არ გადაიხდიან? სხვათა შორის, ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ “უკანონო” ჯარიმების გადახდას არ აპირებენ.
_ ასეთ შემთხვევაშიც არსებობს მართლმსაჯულების განხორციელების მექანიზმები, მაგალითად, ქონების დაყადაღება, როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქის მიმართ ხდება. ეს ხომ ძალიან მარტივია. სხვა შემთხვევაში, რა გამოდის: მე და თქვენ პირბადე სწორად რომ არ გვეკეთოს, გვაჯარიმებენ და ვიღაც ვაშაძეს, თავისი პარტიული აქტივით, უფლება აქვს, მთავრობის სახლთან დემონსტრაციულად დაარღვიოს კანონი?!
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ რიგ შემთხვევებში თვალის დახუჭვას კანონდარღვევების მიზანმიმართულ ფაქტებზე, შეიძლება, ვიღაცას ზედმეტი თავისტკივილი არ სურს მმართველ გუნდში; შეიძლება, ვიღაცას პოლიტიკური სიმშვიდე სჭირდება თავისი პოლიტიკური სტაბილურობისთვის, მაგრამ რა მიზანიც არ უნდა არსებობდეს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ნაციონალებისა და მათი ერთი მუჭა პარტიული აქტივისთვის პრივილეგიების მინიჭებით კარგავენ უფრო მნიშვნელოვანს, ისინი კარგავენ საზოგადოების ნდობას და, რაც მთავარია, ადამიანებში კლავენ განცდას, რომ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ. როცა რიგით მოქალაქეს უმცირეს რამეზეც პასუხი მოეთხოვება, ვიღაცას ექსკლუზიური უფლება აქვს, ფეხქვეშ გათელოს მთავრობის დადგენილება, ვიღაცას ელემენტარული 50-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობისთვის შეიძლება ქონება დაუყადაღონ და ვიღაცას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონების მოპარვა ეპატიება.
_ ინტერვიუს დასაწყისში თქვით, რომ პოლიტიკურად განულებული ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი. ბოლო პერიოდში დაპირისპირების პროვოცირების რამდენიმე მცდელობა ვნახეთ. მათ შორის იყო ბუკნარში მომხდარი ინციდენტი, რომლის გამოყენებასაც “ნაცმოძრაობა” აქტიურად ცდილობდა, იყო რუსეთში ნავალნის დაკავების გამო მიმდინარე პროცესების გამოყენების მცდელობაც, რომლის გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ რამდენიმე დღის წინათ გამართული აქციაც… ეს ყველაფერი ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია რევოლუციური სცენარისთვის ემზადება?
_ ისინი რევოლუციური სცენარისთვის კი არ ემზადებიან, ისინი რევოლუციური სცენარისთვის არიან შექმნილნი. მათი პოლიტიკური მსოფლმხედველობა აგებულია ერთ მარტივ ლოგიკაზე: დასახული მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულია _ ძალადობაც, წამებაც, კაცის კვლაც, შევარდნა, ჭორების შეთხზვა, საზოგადოების ზომბირება და ა.შ. თუმცა აქ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი: რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად საკმარისი არ არის მხოლოდ გეგმა, რადგან, რაც არ უნდა სწორად იყოს ეს გეგმა დასახული, მის შესრულებას დიდი მხარდაჭერა სჭირდება.
_ მხარდაჭერას რაც შეეხება, ოპოზიცია დიდ იმედს ამყარებს ბაიდენის ადმინისტრაციაზე. როგორ ფიქრობთ, მის პირობებში “ნაცმოძრაობას” უფრო მეტი ხელშეუხებლობა და კანონზე მაღლა დგომის “ექსკლუზივიც” ხომ არ ექნება, რაც მას გარკვეულწილად ხელსაც შეუწყობს ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის პროვოცირებაში?
_ მხარდაჭერას როდესაც ვამბობ, უწინარესად, ვგულისხმობ საზოგადოების მხარდაჭერას, რომელიც ნაციონალებს არ აქვთ და არც არასდროს არ ექნებათ. რაც შეეხება “თეთრი სახლის” ახალ ადმინისტრაციას, კი შეიძლება, მათგან რაღაც მხარდაჭერა მიიღონ და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ სურათს ვერ შეცვლის. ამაში დარწმუნებული ვარ. ბაიდენი კი არა, ასი ბაიდენიც რომ იყოს ერთად, თუ ქვეყნის შიგნით 4-მილიონიანი მოსახლეობა მხარს არ გიჭერს, ვერ დაგეხმარება. აი, ეს არის რეალობა, ამიტომ მთავარი საკითხი აქ ის კი არ არის, რას აპირებენ ნაციონალები და გამოუვათ თუ არა მათ რევოლუცია თავიანთ განაყოფებთან ერთად, მთავარია, ხელისუფლება რატომ არ არის ვითარების ადეკვატური. ხელისუფლება ნამდვილად არ არის ადეკვატური და ეს ნათლად ჩანს იმაშიც, რომ ხელშეუხებლობის პრივილეგიას აძლევს კრიმინალებს…
_ ეს ყველაფერი როგორ შეიძლება შეიცვალოს? როგორ შეიძლება, საზოგადოებამ დაანახვოს ხელისუფლებას, რომ საჭიროა პრინციპული, სამართლიანი მიდგომა?
_ სიმართლე გითხრათ, არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ხვალ-ზეგ გონს მოვა და მკაცრ ზომებს მიმართავს იმ პოლიტიკური დამნაშავეების მიმართ, რომლებსაც თავის დროზე ყველაფრის უფლება მისცა. ეს აღემატება მმართველი გუნდის ნებასაც და შესაძლებლობებსაც, ამიტომ ამ თვალსაზრისით ცვლილებებს ნაკლებად ველოდები. მეორე მხრივ, ოპოზიციური სპექტრი მუდმივად თვითგანადგურების რეჟიმშია, ამიტომ ვფიქრობ, ამ დესტრუქციული ძალებისგან ქვეყანას საფრთხე ნაკლებად ემუქრება. პრობლემა უფრო ის არის, რომ რეალური პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბება ვერ ხერხდება; ალტერნატივის, რომელიც ძირეულად შეცვლიდა სისტემას; შეცვლიდა დღის წესრიგს და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამდა მავნე პრაქტიკას, რომლიდანაც სარგებელს ყველა იღებს, სახელმწიფოსა და ხალხის გარდა…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია