Home რუბრიკები საზოგადოება გულიკო ზუმბაძე: სამართლიანობის აღდგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება

გულიკო ზუმბაძე: სამართლიანობის აღდგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება

601

29 მარტს თბილისის საკრებულოში მომხდარი ფარსის თაობაზე «საქართველო და მსოფლიო» ესაუბრა  ფრაქცია «ქართული ოცნება თბილისელების» თავმჯდომარეს _ გულიკო ზუმბაძეს.

_ ქალბატონო გულიკო, თქვენი აზრით, რეალურად რა მოხდა 29 მარტს საკრებულოში?

_ «ნაცმოძრაობამ» ისე, რომ არავინ არაფერი ვიცოდით, შემოიტანა 2012 წლის ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება. თქვენ იცით, რომ 2012 წელი საარჩევნო წელი იყო და ისიც იცით, თუ როგორ არამიზნობრივად იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული და რა კოლოსალური თანხები იქნა გაფლანგული.  «ნაცმოძრაობამ» ეს საკითხი ამ ხმაურის ფონზე შემოაპარა და თავისთვის მისაღები ფორმით «დაამტკიცა». ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის ირგვლივ თითიდან გამოწოვილი ხმაურითა და აჟიოტაჟით, მათ შეძლეს ამ ძირითადი საკითხის  გადაფარვა. სამადაშვილთან დაკავშირებით კი არაფერი მომხდარა. ის ისევ საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა, ბოლო წუთს მათ შეძლეს 24 ხმის როგორღაც შეკოწიწება და კიდევ სამი თვით გაგრძელდა გარანტირებული თავმჯდომარეობის ვადა.

_ ეს როგორ მოხდა, «ოცნება» მოტყუვდა?

_ იმ დღეს სულ 24  საკითხი იყო განსახილველი, ერთის მხრივ, «ნაციონალებმა» ხმაური გამოიწვიეს თავმჯდომარის გადაყენების საკითხით, რომელიც დღის წესრიგში არ იდგა, და ამით მოხდა მანიპულირება; მეორე მხრივ კი, შემოაპარეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად განსახილველი იყო და რეალურად ამხელა ხმაურს სწორედ 2012 წლის ბუჯეტის დამტკიცების გეგმა იმსახურებდა. მათ ამგვარი მეთოდები აპრობირებული და დიდი ხნის ნასწავლი აქვთ, თუმცა, ჩემს კოლეგებს  გულწრფელად მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი მხრიდან კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის გონივრული ნაბიჯები ვერ იდგმება ხოლმე.

გიგი უგულავა ერთპიროვნულად მართავს ქალაქს და ქალაქის მთელი სისტემა მორგებული აქვს თავისი პარტიული მდგრადობის შენარჩუნებაზე, შესაბამისად _ ბიუჯეტიც. დღევანდელ რეალობაში ერთადერთ გადამრჩენ რგოლად მათ სწორედ თბილისი მიაჩნიათ, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ სწორედ რეჟიმის პირობებში, მაშინ, როცა მათ ხელთ იყო თბილისიც და  ყველა სამინისტრო თუ სხვა სამთავრობო სტრუქტურა, არნახულად წააგეს არჩევნები თბილისში. ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან და ამ სისტემაში მაქსიმალურად ამოქმედებას აპირებენ იმ სერიოზული ბერკეტებისა, რომლებიც მათ იქ გააჩნიათ, რადგან სხვაგან მათ უკვე არაფერი  შერჩათ. ამით ფიქრობენ «ნაციონალური მოძრაობის» წევრთა გარკვეული რაოდენობის შენარჩუნებას. ამ ეტაპზე, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, «ქართული ოცნება» ვერ აკონტროლებს ვერც ბიუჯეტს, ვერც სისტემას, ვერც გამგებლებს, რომლებიც პოლიტიკით უფრო არიან დაკავებულნი, ვიდრე ადგილობრივი პრობლემების მოგვარებით და «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკას ატარებენ.

_ «ნაციონალები» კარგ თვითრეკლამას  ეწევიან, რასაც ვერ ვიტყვით «ოცნებაზე», რისი ბრალია ეს, «ოცნებას» არ ჰყავს კარგი პიარმენეჯერები?

_ მსგავს რამეს მაშინ ვიფიქრებდი, თუ «ოცნება» წააგებდა არჩევნებს, ჩვენ გვახსოვს, წინასაარჩევნო კამპანია როგორ მიმდინარეობდა. Mმიუხედავად არნახული ზეწოლისა, საარჩევნო კამპანია იმდენად კარგად იყო დაგეგმილი, რომ შედეგიც შესაბამისი მოჰყვა. ამას გარდა, თავად ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგად იცის რეკლამისა და პიარის მნიშვნელობა. მე მინდა ვთქვა შემდეგი: როცა აქ ადამიანი მოდის და ხედავს, რომ ჩვენ «ოცნების» წარმომადგენლები ვართ, ის ითხოვს ჩვენგან კონკრეტულ მოქმედებებს და კონკრეტული საკითხების გადაჭრას. მას არ აინტერესებს, აქ ჩვენ უმცირესობაში ვართ თუ უმრავლესობაში და ყველა ბენეფიციარი  ამაში, შესაძლოა, ვერც ერკვეოდეს. რიგი საკითხები არის ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი. გვეჩვენება, რომ ძალიან სწრაფ და ეფექტურ ნაბიჯებს ვერ დგამს ჯანდაცვის სამინისტრო. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბრიფინგიც ჩავატარეთ და მოვუწოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს, განსაკუთრებით კი სოციალური მომსახურების სააგენტოს, მაქსიმალურად გადაიხედოს საკადრო პოლიტიკა და მაქსიმალურად სწრაფად მივიდეს დახმარება იმ ადამიანებამდე, რომლებსაც ის ესაჭიროება და რის გარეშეც მათი ყოფა ყოველდღიურად მძიმდება. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რეჟიმის პერიოდში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამ დახმარებებს დაუმსახურებლად იღებდნენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმაც აღნიშნა და ბრძანა, რომ მიმდინარეობს სოციალურად დაუცველთა ხელახალი აღრიცხვიანობა, რაც გარკვეულ პერიოდს საჭიროებს.

_ სამართლიანობის აღდგენის საკითხს მინდა შევეხოთ, რადგან ეს იყო ხალხის ძირითადი მოთხოვნა. რამდენად დაკმაყოფილდა იგი?

_ სამართლიანობის აღდგენა ძირითადია, რასაც ხალხი მოითხოვდა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, სხვადასხვა მიზეზის გამო, იმავე სასამართლოს ან პროკურატურის გამო, რომელიც «ნაციონალური მოძრაობის» პრობებში აღზევდა. იმ პროკურორების გამო, რომლებიც წინასწარ «შეკერილ» საქმეებს უდებდნენ მოსამართლეებს და ისინიც შემდეგ ამას ამტკიცებდნენ. სხვათა შორის უსამართლობის განცდა დასაქმების კუთხითაც ჩნდება. ჩვენთვის ეს ცნობილია, მაგრამ დასაქმებულების სამსახურებიდან გაშვებით პრობლემა არ მოგვარდება. მთავარია, რომ ხალხთან მჭიდრო კონტაქტი არსებობდეს. ყველაფრის გაგება შეიძლება, რატომ ვერ უწყვიტავ ადამიანს ამათუ იმ პრობლემას, მაგრამ უნდა არსებობდეს მაქსიმალური კონტაქტი ხალხსა და დეპუტატებს შორის და, როგორც ვიცი,  «ოცნების» ყველა მაჟორიტარი დეპუტატი ამას აკეთებს. ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ მას ყურადღებას აქცევენ. ეს აუცილებელია.

_ რამდენად შედგა კოაბიტაცია ძველ და ახალ მთავრობებს შორის და რა ხდება ამ კუთხით საკრებულოში?

_ კლასიკური გაგებით, კოაბიტაცია ჩვენ შემთხვევაში არც შედგა და ვერც შედგება, რადგან, ერთის მხრივ, არის ხალხის მოთხოვნა, აღსრულდეს სამართალი და დაისაჯონ დამნაშავეები და მეორე მხრივ, _ ამერიკის, ევროპისა და მთელი დასავლეთის მოთხოვნა თანაცხოვრებისა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაშია «ოცნება» ამ დროს. ჩემი აზრით, ჩვენ კიდევ ძალიან კარგად ვართმევთ თავს ამოცანას. «ოცნებისა» და პირადად ბატონი უსუფაშვილის მხრიდან ძალიან გონიერი ნაბიჯები იდგმება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მილიარდები დახარჯა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია განვითარებულიყო. ასევე იგი იყო «ვარდების რევოლუციის» ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და რა გამოდის? _ «ვარდების რევოლუციის» ტრიუმფატორი «ნაციონალების» რომლებიც  ამერიკის მხარდაჭერით სარგებლობდნენ 9 წლის მანძილზე, რეფორმატორ-დემოკრატები კი არა, კრიმინალების ბანდა ყოფილა…  ამერიკა დიდი სიფრთხილით ეკიდება ნებისმიერ საკითხს და განსაკუთრებით საკუთარი ამომრჩევლებისა თუ მოსახლეობის შეხედულებებს ითვალისწინებს. ამის გამო კი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს, რამხელა სკანდალი შეიძლება აგორდეს, რასაც სააკაშვილი ძალიან კარგად იყენებს სათავისოდ. მან და მისმა პარტიის წევრებმა დაირქვეს პოლიტიკური დევნილობის მსხვერპლის სახელი და ახლა ამით ლავირებს მთელი «ნაციონალური მოძრაობა».

ესაუბრა ეკა კახიანი

 

1 COMMENT

  1. მეცოდება ეს ქალი მართლა ოღონდ,არანაირი გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებობეი ამას არ აქვს ცდილობს მიბაძოს სხვას და ვითომ ხმამაღალი განცხადებები აკეთოს, სინამდვილეში ძალიან დაბალი დონეა

  2. ვარდენის სახელს მართლა ამართლებთ თქვენი შეფასებებით. თქვენნაირად არ დავეცემი, მაგრამ ამ ქალბატონს, თქვენს სიძულვილით სავსე დიაცებს, ნამდვილად არ შევადარებ!

  3. ნეტავი ეს აზრზე იყოს რა საქმეზეა საკრებულოში, რასაკვირველია ძლივს შეაკოწიწებდნენ უმრავლესობას ნაციონალები, 7 კაცი ფინანსურში დააბარებინეს და 2 "მოიპარეს", ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ, მაგრამ ის 24 ადამიანი ხომ რეალურად გმირია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here