ლამის ერთი თვე გასულა მას შემდეგ, რაც მკითხველმა “საქართველო და მსოფლიოს” 2020 წლის ბოლო ნომერი იხილა და ამიტომ გაზეთის “მკეთებელი” კოლექტივი ამ ხნის განმავლობაში მომხდარი მოვლენების პასიური დამკვირვებლის როლში აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, თქვენს მონა–მორჩილს ისღა დამრჩენოდა, რომ ამ ხნის განმავლობაში მასმედიაში ნანახ–მოსმენილის ძირითადი აზრი, გნებავთ, ლაიტმოტივი, კომპიუტერის მეხსიერების თაროზე (თუ ასე თქმა შეიძლება) შემომედო, რათა “არდადეგების” შემდგომ უფრო ვრცელი, გონებაში გააზრებული ანალიზის სახით მიმეწოდებინა მკითხველისთვის…
როდესაც მასმედიას ვახსენებ, ქართულ მასმედიას არ ვგულისხმობ. უფრო მეტიც, ქართულ ტელევიზიებსა და პრესას, შესაბამისად, თითქმის არც ვუყურებ და არც ვკითხულობ! “თითქმის” იმას ნიშნავს, რომ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხანდახან ქართულ მედიასაც იძულებით გადავავლებ ხოლმე თვალს. მედიას, რომელიც ხანდახან კი არა, როგორც წესი, ყოველთვის წაგებულია სხვა ქვეყნების მასმედიებთან შედარებისას. როდესაც ვამბობ სხვა ქვეყნების მასმედიას, ანგლოსაქსების მიერ გაკონტროლებულ მასმედიას ვგულისხმობ, რადგან “პრადვინუტი” ქართველებივით ინგლისურად ვერ ვჟღურტულებ და ამიტომ ვაშინგტონ, ნიუ-იორკ და სხვა “პოსტები” ჩემთვის, რომ იტყვიან, ჩინურია. სამაგიეროდ ქართულზე არანაკლებ რუსულ ენას ვფლობ და მისი საშუალებით კარგად ვიცი, რა ხდება როგორც კრემლის მიერ გაკონტროლებულ მასმედიაში, ასევე ანგლოსაქსების ტელევიზია-გაზეთებშიც და, შესაბამისად, მათ ქვეყნებშიც…
ზემოთქმულიდან გამომდინარე (და იქიდანაც, რასაც ქვემოთ ვიტყვი), უფრო შორსაც წავალ და თამამად განვაცხადებ, რომ ყველაზე თავისუფალი რუსეთის მასმედიაა და, აქედან გამომდინარე (იქიდანაც, რაც დღეს აშშ-ში ხდება), მსოფლიოს ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანა რუსეთის იმპერიაა. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებითა და დათქმით, რომ ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია _ ვისაც რუსეთის ტელევიზიის პოლიტიკური თოკ-შოუ “საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად” ერთხელ მაინც უნახავს, ჩემს მოსაზრებას ნამდვილად დაეთანხმება. იქ ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან რუსი პოლიტოლოგ-ექსპერტები და მათი დასავლელი (წაიკითხე აშშ) კოლეგები, რომლებიც შეუზღუდავად კამათობენ, დავობენ, ერთმანეთის მსოფლმხედველობის პროპაგანდასაც ეწევიან _ ასეთი რამ ხომ შეუძლებელია ანგლოსაქსების მიერ გაკონტროლებულ ამერიკულ ტელევიზიებში? აღარაფერს ვიტყვი აშშ-ის სატელიტ ქვეყნებზე ევროპაში, აგრეთვე, პოსტსაბჭოთა უკრაინასა და საქართველოზე… მაგრამ “თავისუფალი საქართველოს” მასმედიაზე არაფერი ვთქვათ?
როდესაც ამერიკაში ცნობილი მოვლენები ვითარდებოდა, რომლებმაც უკვე შეცვალა მსოფლიო (ერთი თვისწინანდელ დროებას ვგულისხმობ), ქართული მედია, ძირითადად, იმ “უმნიშვნელოვანესი” საკითხით იყო დაკავებული _ ვინ შევიდოდა და ვინ არა საქართველოს ფარჩაკების პარლამენტში.
ამ უაზრო იწილო-ბიწილოს დროს რუსული მედიის საშუალებით შევიტყვე, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომელთა საერთო კაპიტალი 2 ტრილიონი დოლარია და მათ კომპანიებში 200 მილიონი ადამიანი მუშაობს, კლუბში გაერთიანდნენ. ამ 27 რჩეულ უმდიდრეს პირს თვით რომის პაპი ფრანცისკე მეთაურობს და ამ გაერთიანებას (“საბჭო ინკლუზიური კაპიტალიზმისთვის”) კაპიტალიზმის მცველებს უწოდებენ.
ამასთანავე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეთაურებმა უკვე მიმართეს მსხვილ კომპანიებს, კოვიდპანდემიის ხმაურის ფონზე განახორციელონ მსოფლიო ეკონომიკის გადატვირთვა, შეცვალონ ჩვენი ცხოვრების ტრადიციული წესები, რაც იმას ნიშნავს, რომ, როგორც თავადვე განაცხადეს (დააანონსეს), ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ.
ეკონომიკა, რომ იტყვიან, ჩემი სუსტი წერტილია და ამიტომ რას ნიშნავს “მსოფლიო ეკონომიკის გადატვირთვა” და თანაც “კოვიდპანდემიის ხმაურის ფონზე”, ბოლომდე ვერ გამიგია, მაგრამ, რაც შეეხება “ყველაფრის თავიდან დაწყებას”, ამ, ერთი შეხედვით უწყინარ ფაზაში სად არის “ძაღლის თავი დამარხული”, ანუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს უმდიდრესი ლიბერასტების მიერ მსოფლიოს დე ფაქტო მმართველობა, ნათლად ვხედავ. და, რასაც ვერ ვხედავ, გენეტიკურად ვგრძნობ. ხმამაღალ ნათქვამად თუ არ ჩამითვლით, იმ გენებით ვგრძნობ, რომლებითაც გმირ წინაპართა ხსოვნა, სამშობლოს სიყვარული მემკვიდრეობით გადმომეცა…
ამერიკის კონგრესმა უნდა განიხილოს წარმომადგენელთა პალატის მიერ თავის რეგლამენტში შესწორების შეტანის წინადადება (როგორც ერთ-ერთი “უმნიშვნელოვანესი”). ამ კანონპროექტით უნდა აიკრძალოს გენდერული შინაარსის შემცველი სიტყვების გამოყენება, ე.ი., “კაცი” და “ქალი”. მათ მაგივრად უნდა იხმარონ “დელეგატი” ან “წარმომადგენელი”. ამერიკელი კანონმდებლები, წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელ ნენსი პელოსის ინიციატივით, უფრო შორს წასვლასაც აპირებენ… ტრადიციული “მამისა” და “დედის”, აგრეთვე, “და-ძმის” ნაცვლად, განზრახულია მათი ჩანაცვლება, შესაბამისად, “მშობლებითა” და “ნათესავით”.
იქიდან გამომდინარე, რომ აშშ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისედაც საკმარისზე მეტი ქალი კონგრესმენია და თანაც სულ მალე აშშ–ის ისტორიაში პირველად ვიცეპრეზიდენტის პოსტზე ქალბატონ კამალა ჰარისს დაამტკიცებენ, შაპიტოს ცირკი, რომელსაც ნელ–ნელა, მაგრამ შეუქცევადად ემსგავსება აშშ–ის კონგრესი და საერთოდ მთელი აშშ, საინტერესო სანახაობას გვპირდება.
თუმცა რაღა გვპირდება?! შაპიტოს ცირკის ბოლო განყოფილება იმით დაიწყო, რომ აშშ–ის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს ხალხთან კომუნიკაციის ყველანაირი საშუალება მოუსპეს (ტელევიზიებით დაწყებული და “ტვიტერით” თუ სხვა სოციალური ქსელებით დამთავრებული) მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის მცირერიცხოვანმა (?) მომხრეებმა აშშ–ის დემოკრატიის ტაძარი, გნებავთ, სიმბოლო, შტურმით აიღეს და იქაურობა დაარბიეს.
ეს ყველაფერი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართულ კარგად დადგმულ პროვოკაციას ჰგავდა, რათა მისთვის მომავალში ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალათ, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც _ კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადეს და ახლა ჯერი აშშ-ის სენატზეა, რომლის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის დამტკიცება ჯერჯერობით სათუო საქმედ ჩანს.
ზემოთ ვახსენე ქართული მედიის ყურადღების მიღმა დარჩენილი კაპიტალიზმის დამცველთა კლუბი რომის პაპის მეთაურობით. ამ კლუბს ე.წ. მსოფლიო მთავრობაც შეიძლება ვუწოდოთ. მთავრობა, რომლის არსებობას ბევრი დღესაც უარყოფს და მსგავს მოსაზრებას ე.წ. შეთქმულების თეორიად მიიჩნევს. მილიარდერების მიერ კაპიტალიზმის დამცველთა კლუბის დაარსება ნიღბის ჩამოხსნას ნიშნავს და დონალდ ტრამპის თავზე დატეხილი უბედურება სწორედ ამ ძალების შემოქმედებაა.
“არ არსებობს ლიბერალზე უფრო მძვინვარე მხეცი”, _ ჭეშმარიტად ბრძანა არქიმანდრიტმა რაფაელმა (კარელინი) და ის, რაც ხდება დასავლეთში, კონკრეტულად აშშ-ში, ამ სიმხეცის ნათელი დასტურია. აშშ-ის სპეცსამსახურებმა ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს ე.წ. ტრამპისტებზე (ასეთი ტერმინიც გაჩნდა), რომლებსაც სამსახურებიდან ათავისუფლებენ და დისკრიმინაციის წნეხში ატარებენ.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ განაცხადა: “ჩვენ კარგი მახსოვრობა და გრძელი ხელები გვაქვს. როცა იქნება, ყველას სათითაოდ მოგაკითხავთ”. ასეთი რამ 1930-იანი წლების “ენ-კა-ვე-დეს” წარმომადგენლებაც კი არ უთქვამთ. უფრო მეტიც _ გფბ-ის მაღალჩინოსნის ზემოხსენებული “როცა იქნება”-ს რაც შეიძლება სწრაფად აღსასრულებლად აშშ-ის მთავრობამ ფულადი ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეებს ამოიცნობს და, საერთოდ, ტრამპისტების გამოვლენაში დაეხმარება სპეცსამსახურებს… ამ ე.წ. ჩაშვებით ფულის მშოვნელთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა _ შვილმა დედა “ჩაუშვა”, დამ _ ძმა, მეზობელმა _ მეზობელი და ა.შ.
ამერიკელები პავლიკ მოროზოვები ყოფილან. არ ვიცი, რა მოხდება 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციისას. არადა, ამ “საზეიმო” ცერემონიის დასაცავად კაპიტოლიუმიდან 1 კილომეტრის რადიუსში რკინის ღობე აღმართეს და 35 ათასი გვარდიელია მობილიზებული, მაგრამ ერთი რამ ახლავე შეიძლება ითქვას _ დონალდ ტრამპი, რომელიც წინა არჩევნებში ვაშინგტონის ჭაობის ამოშრობას დაჰპირდა საკუთარ ამომრჩევლებს, იმავე ჭაობმა თვითონ ჩაითრია…
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-სა და მის სატელიტ ქვეყნებში ანგლოსაქსების ლიბერალური დიქტატურა დამყარდა, დიქტატურა, რომელიც წალეკვით ემუქრება ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენებულ კულტურულ კაცობრიობას.
ამ დიქტატურის ტაიფუნის ერთადერთი შემაკავებელი ძალა მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთია და, რა სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად აშკარა საფრთხისა, მაინც ჯიუტად დგას ლიბერასტული დასავლეთის, ჩვენი “სტრატეგიული მოკავშირე” აშშ-ის პოლიტიკურ ფარვატერში…
დავით მხეიძე