Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველობაზე უარის თქმით წინ _ ევროკავშირის წევრობისკენ!

ქართველობაზე უარის თქმით წინ _ ევროკავშირის წევრობისკენ!

ევროპას ცეცხლი უკიდია

ახალი ყაიდის მქადაგებლები გამოჩნდნენ განათლებულ ევროპაში _ ნეოლიბერალიზმის ქურუმები: რაც უფრო მიუღებელი და უაზროა მათი პოსტულატები, მით უფრო კატეგორიულია და ქუხს, ვითარცა იერიქონის საყვირი.

ამის კიდევ ერთი წინასაახალწლო დადასტურება იყო ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენლის (კაცმა არ იცის, ვისი არჩეულია) _ ჟოზეფ ბარელის განცხადება, რომლითაც მან მოუწოდა ევროპის (და არა მხოლოდ ევროპის) ქვეყნებს, უარი თქვან თავიანთ იდენტურობაზე, ეროვნულ კუთვნილებაზე.

უარყონ, დაივიწყონ, რადგან თურმე იდენტურობა დამღუპველია, მოგკლავს, გაგანადგურებს, გაგაქრობს!

ყოჩაღ, ჟორა!

აი, რა თქვა ბარელმა ჟოზეფ-ჟორიკამ _ უზენაესმა წარმომადგენელმა განათლებული ევროპისა, ჩვენი გონების ფორმირების გურუმ და სულიერების უმაღლესმა ქურუმმა:

ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ეროვნული ინტერესების ვიწროშუბლა განსაზღვრაზე, აგრეთვე, ეთნიკური ან რელიგიური ფასეულობების გამო ურთიერთისგან დაცილებაზე შემოერთების ნაცვლად. იდენტურობამ შეიძლება მოგკლას. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს საკუთარი ინდივიდუალობა, შეიძლება რამდენიმე პიროვნებას ერთდროულადაც კი. ჩვენ უნდა დავძლიოთ იდენტურობათა ბრძოლა. უნდა გავნაგრძოთ ბრძოლა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისთვის, ევროპული კავშირის ქვაკუთხედის დასაცავად”.

გაითავისა თუ არა სრულად ევროპამ ამ უაზროდ დახვავებული შეგონებების დედააზრი _ იდენტურობის ერთგულება ერის სასიკვდილო განაჩენია?

როგორ აფასებენ ბარელის “თეორიას” სერიოზული ანალიტიკოსები?

ჩვენი პუბლიკაცია ამაზეა.

ბარელის ქადაგება მოწმობს, რომ ევროკავშირში სერიოზული კრიზისია. მთელ რიგ ქვეყნებს არ სურთ, ბრიუსელის მხრიდან სანქციების მოსალოდნელი დაწესებისა და ფულადი დახმარების შეწყვეტის მუქარის მიუხედავად, დაკარგონ დამოუკიდებლობა და საკუთარი იდენტურობა. კარგა ხნის წინათ ბარელი იმავეს ამბობდა ბალკანეთზე, ბოსნია-ჰერცოგოვინაზე. იქ იდენტურობის საკითხი ძალიან მწვავედ იდგა და დგას. ადამიანებს, რომლებიც ბალკანეთსა და ბრიუსელში ცხოვრობენ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ იდენტურობაზე, ცხოვრებაზე, საერთოდ. ორი სრულიად განსხვავებული კულტურაა. ბარელი მათ მოუწოდებდა, დაევიწყებინათ საკუთარი თავი და გაერთიანებულიყვნენ უძირო, უჯიშო, უისტორიო ევროპულ მასად.

როდის იყო ევროპა გაერთიანებული?!

ფაშისტური რაიხის დამთრგუნველი რეჟიმის პერიოდში გაერთიანება სამხედრო აგრესიის შედეგი იყო.

ბარელის მოწოდება ამ ისტორიული ექსპერიმენტისკენ ხომ არ უბიძგებს თანამედროვე ევროპას, მათ შორის ჩვენც, რომლებიც ევროკავშირში გაერთიანების შესახებ 2024 წლისთვის ვაპირებთ განაცხადის შეტანას?

ექსპერტების აზრით, დღევანდელი ევროკავშირი არის კიდევ ერთი მცდელობა ევროპის გაერთიანებისა თითქოს მშვიდობიან საწყისებზე, მაგრამ, რაც დრო გადის, უფრო ნათელი ხდება, რომ მშვიდობის მტრედით ხელში ამ ახალი ექსპერიმენტის განხორციელება ვერ ხერხდება. პროცესის მდინარებამ გამორეცხა პროპაგანდისტული დანაშრევები, გააშიშვლა ქვაკუთხედი და ძირითადი მიმართულება: ნებით არ გსურთ _ გაიძულებთ.

ჩვენზეც ამ მეთოდით მოქმედებენ, თაფლაკვერის რეპრესიული მეთოდით, რომელიც ნებაყოფლობითობის პრინციპით არის შეზავებული: საკუთარი ნებით უარი თქვით საკუთარ იდენტურობაზე, ხოლო ზემოქმედებაზე, დაძალებაზე (იქნება თუ არა) შემდეგ ვილაპარაკოთ.

ან _ არაფერი ვთქვათ. რადგან პატივდებული ვიქნებით ევროკავშირის წევრობის, ევროკავშირის იდენტურობის.

მაგრამ ვინმეს უნახავს ეს იდეალური გაერთიანება, რომელიც აპრიორი უნდა დავიჯეროთ?

აპრიორი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ შეეცადნენ ევროპის კონსტიტუციის შექმნას, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შეძლეს.

ევროპის იდენტურობა დღესაც არ არსებობს. თუმცა დროშაც აქვთ და ევროპარლამენტიც მუშაობს, აცხადებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ გვეყვარება ერთმანეთი, აყვავდება ქვეყნები, მგელი და ცხვარი ერთად მოძოვს.

ასეთ მომავალს ნიკიტა ხრუშჩოვი 20 წელიწადში გვპირდებოდა ნახევარი საუკუნის წინათ.

გმადლობთ, ყელამდე ვართ სავსე!

ოღონდ, ხრუშჩოვის კომუნიზმისგან განსხვავებით, ამჯერად უარი უნდა ვთქვათ საკუთარ ეკონომიკაზე, საკუთარ მრეწველობაზე, ეროვნულ ინსტიტუტებზე, არმიაზე.

ისტორიკოსები გვაფრთხილებენ, რომ საკუთარ იდენტურობაზე უარის თქმა ნიშნავსჭეშმარიტი არიელობისდამკვიდრებისთვის ხელის შეწყობას.

ლაპარაკია ახალი ინკარნაციის ევროპელ ზეადამიანზე, რომელიც ყველასთვის სამაგალითო და მსოფლიოს განმგებელი იქნება.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს არის ევროპული ფილოსოფიის ავადმყოფური, სიღრმისეული, სერიოზული პრობლემა, რომელიც ახასიათებს ამ პროექტს და ყოველთვის მასვე უბრუნდება სხვადასხვა კუთხით.

თეოლოგები ამტკიცებენ, რომ, ამასთან ერთად, ამჯერად უძლიერესად უტევენ ქრისტიანულ ფესვებს, ცდილობენ მართლმადიდებლობის მხოლოდ რაღაც მსგავსის შენარჩუნებას.

ეს თეორია, რომელიც ისტორიის ყოველ ახალ ეტაპზე მეორდება და ყოველ ჯერზე კატასტროფით მთავრდება, დღეს კვლავ გამომზეურდა ახალი პრობლემების ფონზე: ჯერ ქადაგებისა და შეგონების სახით მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გაძლიერებული გამოხდომით, მაგრამ მომდევნო ეტაპი, დიდი ალბათობით, იქნება ძალადობა საკუთარ თავზე და მის მიღმაც.

მაგალითისთვის დავასახელოთ ბრძოლა ტერორისტების წინააღმდეგ, რომელსაც ევროპა ახორციელებს საკუთარი ისტორიის დავიწყების საშუალებით. რადიკალური ისლამი, ყველაფერთან ერთად, გაძლიერდა ევროპელების მიერ ისტორიის, რწმენის, კულტურის, ტრადიციების და .. დავიწყების ხარჯზე. ევროპელებმა დაკარგეს ცხოვრების შეგრძნების უნარი, ხოლო ადამიანებს, რომლებიც აღმოსავლეთიდან ჩადიან, ეს უფრო ძლიერი აქვთ და სათავისოდ იყენებენ: ამ ფონზე ძლიერდება სხვადასხვა რადიკალური მიმდინარეობა, აგრესიული მოძრაობა.

კონცეფციური ხაფანგი

ევროპელები, _ გვეუბნებიან მკვლევარები, _ ამ უცნაურ კონცეფციურ ხაფანგში მოექცნენ, რაც საკუთარ თავზე უარის თქმის შედეგია და მათ არნახულად ასუსტებს.

მაგრამ მაინცდამაინც აქეთ მოუწოდებენ სხვებს.

მათ შორის ჩვენც, რადგან ფიქრობენ, რომ ამ სხვათა მეშვეობით გადაწყვეტენ თავიანთ პრობლემებს. უცნაური ლოგიკაა.

მაგრამ ასეთია საკუთარ იდენტობაზე უარის თქმის შედეგი.

პრინციპული ექსპერტები განგვიმარტავენ, რომ ევროპელების სიძნელეების დაძლევის გზა გადის სხვების იძულებაზე უარყონ საკუთარი იდენტურობა: ამიტომ ახლა სხვები, მაგალითად, ჩვენც (ქართველები) უნდა დაგვარწმუნონ, დავივიწყოთ საკუთარი მეობა. მაშინ ჩვენც მათნაირები გავხდებით, ოღონდ _ უსუსტესნი, სუსტებზე უსუსტესნი, მაშასადამე, მათი მორჩილი და ჩვენით მანიპულირება ასგზის გაიოლდება.

რის დამტკიცებაც იყო საჭირო.

ეს პრინციპი ყველაზე ვრცელდება. ცხადია, ევროპა ამ გაიძვერობას უსიტყვოდ არ დამორჩილებია… უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ერთი და იმავე სქესის წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანას. პოლონეთის 100-მა ქალაქმა და რეგიონმა (რაც ქვეყნის თითქმის მესამედია) მიიღო რეზოლუცია ლგბტისგან თავისუფალი ზონების შექმნის შესახებ. აღშფოთდა და გადაირია ამის გამო ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი: ლგბტ-ისგან თავისუფალი ზონები არის ადამიანურნობისგან თავისუფალი ზონები, მათ არ აქვთ ადგილი ჩვენს კავშირშიო.

ხოლო, როცა საფრანგეთში გადაწყვიტეს მრავალცოლიანობის წინააღმდეგ კანონის მიღება, ისეთი აურზაური ატყდა, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უკან დაიხია და განმარტა, რომ ჩვენ მხოლოდ ისეთი შემთხვევების წინააღმდეგ გამოვდივართ, როცა პოლიგამია იძულებითიაო.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არასდროს აღმოჩნდება ასეთ ორჭოფულ მდგომარეობაში.

საით ჰხვალ?

“ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს”, რაც, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა 17 დეკემბერს, წმ. ბარბარეს დღესასწაულის დღეს სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, “დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში, სულში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას”.

და სრულიად საქართველოს მართლმადიდებლურ მრევლს წარუდგინა მის მიერ დაწერილი ლოცვა:

მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ, უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ _ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ!”

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here