Home რუბრიკები საზოგადოება ანზორ თოთაძე: საქართველოში ეროვნულ უმრავლესობას ქართველები უნდა შეადგენდნენ!

ანზორ თოთაძე: საქართველოში ეროვნულ უმრავლესობას ქართველები უნდა შეადგენდნენ!

1146

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა რომ კატასტროფულია და ქართველები გადაშენების პირას ვართ, ეს ყველას კარგად მოეხსენება. ამ მხრივ განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა «ნაციონალური მოძრაობის» მმართველობის პერიოდში. დღეს უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდს ეწეოდასაბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა «ნაციონალური მოძრაობა» ქვეყნის მართვას ჩამოაცილა, მაგრამ მათი ნაავკაცარი იმდენად საფუძვლიანი და დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან აცილება, მყისიერი და ძალზე ეფექტური მეთოდების გამოყენების გარეშე, შეუძლებელია. გაერომ უკვე დაგვისვა დიაგნოზი _ შარშანწინ ხომ მომაკვდავ ერთა სიაში შეგვიყვანა, ახლახან უფრო დაგვიკონკრეტა ჩვენი სატკივარი _ 50 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდებაო. ჯერ რანი ვართ და რაღა დავრჩებით? ანდა საერთოდ გადავრჩებით? _ აი, ესაა საკითხავი. ამ და სხვა საჭირბოროტო თემებზე «საქართველო და მსოფლიოს» დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თათაძე ესაუბრა.


_ ბატონო ანზორ, თქვენთვის გაეროს სტატისტიკა, რომ 50 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონზე მეტი კაცით შემცირდება, უცხო არ უნდა იყოს. მუდამ იმას აცხადებდით, რომ, თუ საგანგებო ღონისძიებები არ გატარდა ქვეყანაში, ქართველები მალე გადავშენდებითო.

_ სამწუხაროდ, გაერომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც მე წლების განმავლობაში ყველა ტრიბუნიდან, როცა კი საშუალება მომეცემოდა, ხმამაღლა ვაცხადებდი. თუ სასწრაფოდ არ შევაჩერეთ მოსახლეობის დეპოპულაცია, საგანგებო ღონისძიებები არ გავატარეთ, საქართველოს მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდება. ამის ნიშნები უკვე შეინიშნება რაჭაში. ამჟამად რაჭაში 20 ათასი კაცი ცხოვრობს. უკვე 42 წელია, რაც იქ, მოსახლეობის ბუნებრივი მატების მხრივ, უმძიმესი მდგომარეობაა _ ამ რეგიონში ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. შეიძლება ითქვას, შობადობის შემთხვევები უკვე იშვიათია რაჭაში. 2011 წელს 415 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მოსახლეობის შემცირებას ხელს უწყობს მიგრაციის პროცესიც. თუ ასე გაგრძელდა, 15-20 წელიწადში რაჭაში მოსახლეობა საერთოდ აღარ იქნება.

_ შესაძლოა, რაჭა ისეთივე «ეთნოგრაფიულ მუზეუმად» გადაიქცეს, როგორიც ხევსურეთია?

_ შესაძლოა კი არა, ამის უტყუარი საფრთხე არსებობს და, თუ სასწრაფოდ არ ვიღონეთ რამე, რაჭა მართლა მუზეუმი გახდება.

სამწუხაროდ, ქართველები ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ და მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოდით, ციფრებით მოგახსენებთ: 1960-69 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატება 574 ათასი კაცი იყო. 2000-2009 წლებში კი _ მხოლოდ 53 ათასი, ანუ თითქმის ათჯერ ნაკლები. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ქართველებით დასახლებულ რეგიონებში. მოსახლეობის კლება დაფიქსირდა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-თიანეთში, გურიასა და კახეთში. მხოლოდ 3 რეგიონში იყო მოსახლეობის მატება _ სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში. შეიძლება ითქვას, აჭარის ხარჯზე ცოტა მოვითქვით სული ქართველებმა.

 _ ამ 53 ათასი კაციდან რამდენია ქართველი და რამდენი სხვა ეროვნებისა, როგორ გავიგოთ?

_ სამწუხაროდ, ეს არ ვიცით, მაგრამ, რადგანაც ქართველებით დასახლებულ ყველა რეგიონში კლებაა, აჭარის გარდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალზე შევმცირდით ქართველები. დაბეჯითებით შემიძლია თქმა, რომ საქართველოში ქართველები, თუ ასე გაგრძელდა, მალე უმცირესობაში აღმოვჩნდებით. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ განგებ არ ჩაატარა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, თორემ გვეცოდინებოდა, ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფების მიხედვით, ვინ და რამდენი ვცხოვრობთ საქართველოში. იმასაც მოგახსენებთ, რატომ არ ჩაატარა მოსახლეობის აღწერა სააკაშვილმა. ეს რომ გაეკეთებინა, მაშინ გაცხადდებოდა ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა, რაც «ნაციონალურ მოძრაობას», მოგეხსენებათ, ხელს არ აძლევდა. სწორედ ხელოვნურად გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობა იყო მუდამ არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი საშუალება მათთვის. მეორეც, საყოველთაო აღწერა დაადგენდა ეჭვმიუტანლად, რომ ქართველი ერი გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამას თავად «ნაციონალთა» მიერ ჩატარებული აღწერა დაადასტურებდა. თუ დროულად არ ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, მერე შეიძლება ძალზე გვიანი იყოს. შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ ქართველები, არა თუ უფსკრულის პირას ვიმყოფებით, უკვე გადაჩეხილნიც ვართ ამ უფსკრულში და ჩვენსავე მიწა-წყალზე უმცირესობაში ვიმყოფებით.

_ ახლა ლიბერალი დემოკრატები აყვირდებიან, რა წესია, რომ მოსახლეობას ეროვნული და ეთნიკური ნიშნით ითვლით, საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია და ყველა ერთნაირი უფლებებით სარგებლობსო. საქართველოს კონსტიტუციასაც მოიშველიებენ _ იქაც ეგრე სწერიაო.

_ ვინც რამდენი უნდა, იმდენი იყვიროს. ქართველი ხალხი არის ამ ქვეყნის პატრონი, ქართველი არის ტიტულარი ერი, რომელმაც სახელი დაარქვა ქვეყანას. ყველა ტიტულარი ერი, ბუნებრივია, ცდილობს, იყოს ყველაზე  მრავალრიცხოვანი ერი თავის ქვეყანაში. ამას ცდილობენ გერმანელები, იტალიელები, ფრანგები… ვინც ჩამოვთვალე, ამ ქვეყნებზე დემოკრატიულია საქართველო? თუ  ფრანგებსა და გერმანელებს ლიბერალიზმში გაეჯიბრებიან «ნაციონალთა» მეხოტბენი?

_ ბოლოს ყველაზე მეტნი როდის ვიყავით?

_ 1992 წელს საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონ 427 ათასი იყო.

_ ისე, «ნაციონალურ სტატისტიკას» თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ამ 20 წლის მანძილზე 1 მილიონითაც არ ვართ შემცირებული. სამოქალაქო რეესტრმა წინასაარჩევნოდ 4 მილიონ 497 ათასი საქართველოს მოქალაქე დააფიქსირა.

_ სამოქალაქო რეესტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ  გააყალბა ეს მონაცემები. ეს იყო «წინასაარჩევნო დემოგრაფია». წეღან უკვე  გითხარით, თუ რაში სჭირდებოდათ «ნაციონალებს» ეს ყალბი სტატისტიკა. აქვე ერთ ფაქტორზეც მოგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი ხომ დღენიადაგ გვარწმუნებდა, რომ საქართველოში ეკონომიკური ბუმია და ქვეყანა აღმავლობის გზაზეა? ჰოდა, თუ ქვეყანა ვითარდება, ცხადია, იქ მოსახლეობამაც უნდა იმატოს. აი, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ასეთი არარეალური მონაცემები დადო  გიორგი ვაშაძემ. რეალურად, ამ ადამიანმა საერთოდ არ იცის, რა არის დემოგრაფია, განგებ დაამახინჯა მონაცემები და შეცდომაში შეიყვანა გაეროც. თუმცა, ვაშაძის სტატისტიკასაც რომ დავუჯეროთ, მაინც კატასტროფის წინაშე ვდგავართ. გაეროს მონაცემებით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 28%-ით,  ანუ 1 მილიონ 170 ათასი კაცით შემცირდება. გამოდის, რომ «ვაშაძის სტატისტიკის» მიხედვითაც კი, იმ დროს 3 მილიონ-ნახევარი იქნება საქართველოს მოსახლეობა. გაერომ ეს დასკვნა ხომ იმ მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა, რომლებიც ოფიციალურად მიაწოდა ყოფილმა ხელისუფლებამ…

_ და თუ «ვაშაძის სტატისტიკას» არ დავუჯერებთ და რეალურ მონაცემებს დავეყრდნობით, მაშინ?

_ მაშინ უფრო ცუდად არის ჩვენი საქმე. ქართველი დემოგრაფების სარწმუნო ინფორმაციით, დღეს საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 800 ათას კაცს შეადგენს.

გამოდის, რომ 2 მილიონიც აღარ ვიქნებით 2050 წლისთვის და მომაკვდავ ერთა სიაშიც სამართლიანად შეგვიყვანეს. იმავე პერიოდისთვის კი ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა გაიზრდება: სომხეთისა _ 7%-ით, ხოლო აზერბაიჯანისა _ 34%-ით. ჩვენთვის საგანგაშო ის არის, რომ ბოლო პერიოდში დაირღვა კავკასიაში ისტორიულად ჩამოყალიბებული მოსახლეობის ბალანსი. მაგალითად, 1926 წელს კავკასიის მთელი მოსახლეობის 35% საქართველოში ცხოვრობდა, ანუ ყოველი მესამე ადამიანი. ამჟამად კი კავკასიის მხოლოდ ყოველი მე-19 ადამიანი ცხოვრობს საქართველოში.

_ რამდენად სახიფათოა დემოგრაფიულად ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნისთვის უცხოტომელებზე  ჩვენი მიწების ბითუმად მიყიდვის ტენდეცია?

_ მიხეილ სააკაშვილის ამპარტავნებამ, პიროვნულმა ამბიციებმა და არც თუ მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელმა გადაწყვეტილებებმა შეიწირა ქვეყნის ინტერესები. სააკაშვილი და მისი «ნაციონალური მოძრაობა» ყველაფერს აკეთებდნენ ეროვნული ცნობიერების შელახვისთვის, ქართული ტრადიციების გაუფასურებისთვის, ქართველი კაცის მენტალიტეტის შეცვლისთვის. ქართველ ხალხს ბოლო 9 წლის მანძილზე ბევრი ისეთი რამ მოახვიეს თავს, რაც არა თუ უცხოა მისთვის, არამედ შეურაცხმყოფელიც; აძალებდნენ, ამას უნდა შეეგუოო. გარეშე მტერი არ უზამდა საქართველოს იმას, რაც სააკაშვილმა გაუკეთა.

როცა ერისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციები, ნიშან-თვისებები იკარგება, ენასაც ძალიან უჭირს. ეროვნული ცნობიერების დაქვეითება გარდაუვალია და საბოლოოდ ერის დემოგრაფიული გენოფონდი კვდება. ეს კი სხვა არაფერია, თუ  არა ერის ამოწყვეტა.

მარტო 2012 წელს უცხოელებზე მიწების მიყიდვის 534 ფაქტი დაფიქსირდა. უცხოელი აქ ორი და სამი ჰექტარი მიწის საყიდლად არ ჩამოვა, 2 ჰექტარის საფასური და მეტიც გზის ხარჯი აქვს. ათეულობით და ასეულობით ჰექტარ ქართულ მიწას ყიდულობენ ჩინელები, სამხრეთ აფრიკელი ბურები, ინდოელები…  მახსოვს, «ნაციონალურმა ტელევიზიებმა» გვახარეს, ბურებმა კახეთში მიწები იყიდეს და ახლა აჭარაში წავიდნენ, იქაური სავარგულები რომ დაათვალიერონ და შეიძინონო. თბილისის ზღვაზე, მოგეხსენებათ, 127 ათას ჩინელს უპირებენ ჩამოსახლებას. იმ კომპანიამ, რომელიც მათ ჩამოსახლებას აპირებს, სახელმწიფოსგან 434 ჰექტარი მიწა იყიდა და იცით, რამდენი გადაიხადა 1 კვადრატულ მეტრში? 3 ცენტი! ეს 3 ცენტი 5 თეთრია. მითხარით ერთი, გნებავთ, თბილისის ზღვაზე, გნებავთ, თბილისში, ნებისმიერ ადგილას, მოგყიდით ვინმე 1კვ მ მიწას 5 თეთრად? ამ ამბავს ძალზე ცუდი გარიგების სუნი უდის, სავაჭრო საგანი კი, ეჭვი არ მეპარება, ქართველი ხალხის ინტერესებია. ქუთაისშიც მომრავლდნენ ჩინელები. ღმერთმა ქნას, გადავრჩეთ ქართველები, მოვმრავლდეთ, მაგრამ მერე სად უნდა წავიდეთ? ჩვენსავე ქვეყანაში ფეხის მოსაკიდებელ მიწას აღარ გვიტოვებენ. რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს მიწების უცხოელებზე გაყიდვის მორატორიუმი.

_ ამას სპეციალური კანონების მიღება დასჭირდება, რასაც დიდი აყალმაყალი მოჰყვება «ნაციონალთა» და მათი მომხრეების მხრიდან.

_ თუ მორატორიუმი არ გამოცხადდა, მაშინ ჩათვალეთ, რომ დაღუპულები ვართ. ვისაც რა უნდა, თქვას, ილაპარაკოს… ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესებზე წინ არანაირი ფასეულობა და ღირებულება არ უნდა დავაყენოთ. შემიძლია ჩამოგითვალოთ ათეულობთ ქვეყანა, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ  მიწა რომ იყიდოს, უამრავი წინაპირობა უნდა შეასრულოს. ისრაელში მიწის ერთ გოჯსაც არ მიჰყიდიან უცხოელს. ისრაელშიც მრავლად არიან ლიბერალური იდეების  მომხრეები, მაგრამ ისინი ჯერ თავიანთი ქვეყნის ინტერესებს აყენებენ წინ და მერე _ ლიბერალურ იდეებს. საქართველოც მცირემიწიანი ქვეყანაა, თანაც, ვიმეორებ, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგომი და რა დროს მიწების გაყიდვაა?

_ ბატონო ანზორ, საქართველოს უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთ საშუალებად სპეციალური დემოგრაფიული ფონდის დაარსება მიგაჩნდათ. «საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი» უკვე დაარსდა და მის დამფუძნებელთა შორის თქვენც ბრძანდებით. შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ფონდი გადაგვარჩენს?

_ ეს ფონდი ის წამალია, რომელიც ნელ-ნელა გააუმჯობესებს ქვეყნის უმძიმეს დემოგრაფიულ მდგომარეობას, სწორედ ამ ფონდმა უნდა იკისროს ისტორიული მისია _ არ მოხდეს ქართველი ერის დემოგრაფიული წყვეტა, ანუ გადაშენება.

თავისთავად, ფონდის დაფუძნება დიდი საქმეა, მაგრამ მთავარი ის არის, როგორ სოლიდარობას გამოუცხადებს მას ქართველი ხალხი. სოლიდური თანხების მოზიდვის გარეშე, ფონდი მნიშვნელოვან და მასშტაბურ გეგმებს ვერ განახორციელებს.

_ «საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდს» ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა აქვს და უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოლიდური თანხების შემოწირვას აპირებს ფონდისთვის. ვფიქრობ, სასტარტოდ შესანიშნავი პირობები გაქვთ.

_ ერთი კაცის, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის, მხარდაჭერით, ფონდი თავის ისტორიულ მისიას ვერ შეასრულებს. ფონდის დაფუძნებას წინ უძღოდა პარლამენტისა და «ქართული ოცნების» ერთობლივი კონფერენცია. ამ კონფერენციაზე გადაწყდა ფონდის დაფუძნება. ფონდის დამფუძნებლები არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ფრაქცია «ქართული ოცნების» თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი, «ქართული ოცნების» წევრი, ექსპერტი თამარ ჩიბურდანიძე,  ფონდის თანადამფუძნებელი მეც გახლავართ და ექსპერტთა ჯგუფს ვუხელმძღვანელებ. ფონდის საპატიო წევრები არიან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მომღერლები თამარ გვერდწითელი და ვალერი მელაძე. სამივე მათგანი ფონდის სათათბიროს წევრებიც არიან. საპატიო თავმჯდომარე გახლავთ დიმიტრი ხუნდაძე. როდესაც დიმიტრი ხუნდაძემ მოახსენა ბიძინა ივანიშვილს ფონდის შესახებ, ის არც კი დაფიქრებულა, მაშინვე განაცხადა, რომ ფონდს ყველანაირად დაეხმარებოდა _ ფინანსურადაც და სხვა მხრივაც გვერდით დაუდგებოდა.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფონდის ერთერთი დამფუძნებელი საქართველოს საპატრიარქოა.

_ ფონდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. იურიდიული შეხება საპატრიარქოს ამ ფონდთან არა აქვს.

_ რა ღონისძიებების გატარებას აპირებს ფონდი დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად?

_ ჯერ უნდა ჩატარდეს  მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება დეტალებზე ლაპარაკი. ეს აღწერა დაგვანახებს, რა გვჭირს, რა დღეში ვართ და მერე შესაბამის ღონისძიებებს განვახორციელებთ. თუ დიაგნოზი არ დაუსვი ავადმყოფს, ისე ხომ ვერ  უმკურნალებ? ამ აღწერის შედეგები იქნება ჩვენი, ქართველი ხალხის, დიაგნოზი.

_ ეტყობა, ძალიან მძიმედ ვართ ავად და ამიტომაც გაურბოდა ამ დიაგნოზის დასმას ჩვენთვის «ნაციონალური მოძრაობა». მით უფრო, მისი მმართველობის წლებში ნამეტანი დავმძიმდით.

_ კი, ძალიან მძიმედ ვართ ავად, ამას წყალი არ გაუვა. აღწერა გვიჩვენებს, რა გვჭირს კონკრეტულად.

_ ბატონო ანზორ, შესაძლოა, ჯერ დეტალურად ვერ მითხრათ, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს ფონდი სამომავლოდ, მაგრამ მათი ნაწილი მაინც არ არის გამოკვეთილი?

_ ყველა ოჯახს, რომელიც მესამე შვილს გააჩენს, დაენიშნება დახმარება. ეს ერთჯერადი დახმარება არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ყოველთვიური დახმარება და არანაკლებ საარსებო მინიმუმისა. თანაც, ამ მესამე ბავშვმა ეს დახმარება უნდა მიიღოს 18 წლამდე. მოკლედ, იმდენი უნდა მივცეთ ოჯახს, რომ მე-3 ბავშვის გაჩენა ოჯახის ბიუჯეტს არ უნდა დაეტყოს, მისი გაზრდა-შენახვის ხარჯი მთლიანად ფონდმა უნდა გადაფაროს.

_ რა დააშავეს პირველმა და მეორე ბავშვებმა ანდა მრავალშვილიანმა ოჯახებმა?

_ არც არაფერი, მაგრამ ქვეყანაში არსებული უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობის გამო, აუცილებელია, აქცენტი მესამე შვილზე გაკეთდეს. პირველ და მეორე ბავშვზე რომ გავცეთ დახმარება, წლიურად ეს თანხა, რამდენიმე მილიარდია, საქართველოს ბიუჯეტზე მეტია. ამის მობილიზებას ფონდი ვერ შეძლებს, ამიტომაც უმჯობესია, საშური საქმე გავაკეთოთ _ ერს მესამე შვილი ამრავლებს. ეს აქსიომაა და ამაზე არც ღირს კამათი. ჩვენი გაანგარიშებით, თუ ყველა დაგეგმილი ღონისძიება გატარდა, 11 წელიწადში 138 ათასი მესამე ბავშვი დაიბადება საქართველოში და აქედან 78 ათასი ფონდის მიერ გაწეული მუშაობის დამსახურება იქნება.

_ ეს რამდენად შეცვლის ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას?

_ საგრძნობლად შეცვლის, თუმცა დეტალებზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. ეს ისეთი საქმეა, რომ «მოსავალი» შემოდგომით კი არა, 20-25 წლის შემდეგ უნდა დავითვალოთ. მთავარია, საქმე დაიძრას.

განსაკუთრებული ღონისძიებები გატარდება ქვეყნის რეგიონებში, სადაც შობადობა დაბალია. ეს სწორედ ის რეგიონებია, რომლებიც ქართველებითაა დასახლებული და ამის თქმას არ ვერიდები: რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია… კი, სასურველია, დასაწყისშივე მთელი საქართველო მოვიცვათ, მაგრამ, სავარაუდოდ, ამის საშუალება ჯერ არ გვექნება. სადაც სასწრაფოდაა მისახედი საქმე, ჯერ იქ უნდა მივხედოთ, სადაც ბუნებრივი მატების მხრივ დადებითი მაჩვენებელი გვაქვს, მერე იმ რეგიონებსაც მივხედავთ. რა და როგორ გაკეთდება, ამაზე ჯერ მიჭირს კონკრეტულად ლაპარაკი, მაგრამ ფონდი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ  ქართველებით დასახლებულ   რეგიონებში შობადობამ იმატოს.

ფონდი დააფინანსებს უშვილო წყვილების მკურნალობას. რა და როგორ გაკეთდება ამ მიმართულებთ, დეტალურად უახლოეს მომავალში მოგახსენებთ.

ასევე, საგანგებო ღონისძიებების გატარებას ვაპირებთ საზღვრისპირა რეგიონებში. იქ არის სოფლები, რომლებიც დღე-დღეზე დაიცლება. ამ ხალხს უნდა მივხედოთ და მივცეთ საშუალება, არ მიატოვონ თავიანთი კუთხე. ყაზბეგში, მაგალითად, 4900 კაცი ცხოვრობს და მათი უმეტესობა ზამთარში ტოვებს რაიონს. ანალოგიური მდგომარეობაა მთელ მთიანეთში. თუ სოლიდარობა იქნება, ფონდი თავის საქმეს გააკეთებს და იმედია, დემოგრაფიულ კატასტროფასაც ავიცილებთ თავიდან.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

1 COMMENT

  1. ბატონო ანზორ,ქართველები იურიდიულად ვარსებობთ?, აბა ჩაიხედეთ თქვენს პირადობაში რა, ვერ ნახეთ ჩანაწერი "ქართველი"?, მაშინ უნდა ავყვირებულიყავით,როდესაც კარინა ბურჯანაძემ ნათელაშვილის ხელმოწერით პარლამენტში რომ გამოიტანა განსახილველად პირადოიბის საბუთში ეროვნულობის გრაფის ამოღების შესახებ, ეხლა რომ მამა აბრამის ბატკნად მოაქვს თავი! ასე მოკლე მახსოვრობის რატომ ვართ ქართველები?,ამის გამო უფლებებით სომხები,აზერბაიჯანლები,ახლახან შემომძვრალნი ჩინელები,ქურთები და ვინ აღარ,უფლებებით გაგვიტოლდნენ!!!რადგანაც ისინიც საქართველოს მოქ.არიან

  2. ბატონო ლევან თქვენ გინდათ თქვათ რომ პირადობის მოწმობაში ეროვნულობის განმსაზღვრელი გრაფის ამოღებამდე ქართველებს მეტი უფლებები გვქონდა ვიდრე სომხებს ან აზერბაიჯანელებს? ზღაპარია. დღეს პრობლემა მდგომარეობს საქათველოს მიწების გადარცენა მოქალაქეობის არ მქონე პირებისაგან, რომელნიც გაცილებით მეტნი შეიძლება აღმოჩნდნენ სომხებზეც და აზერბაიჯანელებზეც. ქვეყანა ეკუთვნის მას ვისაც ეკუთვნის მიწა. ჩვენ ასე თუ ისე შეგვწევს ძალა ვაკონტროლოთ აზერბაიჯანული ან სომხური მოსახლეობის ქმედებები. რამდენად შესაძლებელი იქნება კონტროლი ინდოელების, ჩინელების ან სხვა მრავალრიცხოვანი ერების, რომელთა რიცხვი ასობით მილიონს აჭარბებს, მხარს უჭერს ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფო და გააჩნია გაცილებით მეტი ფინანსური სახსრები ვიდრე ჩვენს მოქალაქეებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here