რამდენიმე დღის წინათ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ მიკროსაფინანსო დაწესებულებაში შეიჭრა და მძევლად აყვანის იმიტაცია გაითამაშა აზარტული თამაშებისა და კრედიტებისგან გაუსაძლის ყოფაში ჩავარდნილმა სასოწარკვეთილმა მოქალაქემ, რომელმაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ის მოითხოვდა აზარტული თამაშების აკრძალვას, მედიკამენტების გაიაფებასა და ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე პროცენტების შემცირებას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ახალგაზრდა კაცი, ლევან ზურაბაშვილი, ხაშურიდან იყო ჩამოსული თბილისში და მშენებლობაზე მუშაობდა. მის საქციელს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა: ზოგმა თქვა, თამაშის გამო კაცი დედას ქუჩაში რომ დატოვებს, როგორ უნდა შეგეცოდოსო, ზოგმა კი ყველაფერი კომუნიზმის გადმონაშთს მიაწერა. “ხალხს ისე შია, მგონი, საბჭოთა ეპოქაში დავრბუნდით,” _ განაცხადა პარტია “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. რატომ გაკეთდა ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები ლევან ზურაბაშვილის საქციელზე, რატომ არ ებრალება იგი ზოგიერთ მოქალაქეს და რატომ თვლის “გირჩი”, რომ საბჭოთა ეპოქა დაბრუნდა? ამ და სხვა საინტერესო თემებზე კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია გვესაუბრება:
_ ლევან ზურაბაშვილს მხარდაჭერა პირველმა მე გამოვუცხედე და მერე ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამყვა… ზურაბაშვილი დამნაშავეა, შეიჭრა დაწესებულებაში და მძევლები აიყვანა, მაგრამ ის ახალგაზრდა კაცი შეიჭრა იმ დაწესებულებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, _ და არა მარტო ჩვენთან, _ ბოროტების სიმბოლოა. გარდა ამისა, ზურაბაშვილს პირადი გამორჩენის მიზნით არაფერი არ მოუთხოვია, ყველა მისი მოთხოვნა ეხებოდა პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აწუხებს. ის არავის დამუქრებია, მძევლებიც გაათავისუფლა და ხელში სათამაშო ხელყუმბარა ეჭირა. ლევან ზურაბაშვილი არ არის ყაჩაღი და არც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ იყაჩაღებს, ის მშრომელი ადამიანია, ზრდის ბავშვს და პატრონობს დედას.
ზურაბაშვილის მსგავსი ასიათასობით მოქალაქის გასაუბედურებლად ჩვენს ქვეყანაში უდიდესი სისტემა მუშაობს, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა ჩამოაყალიბა. ეს არის კაპიტალიზმის ნეოლიბერალური ფორმა, ყველაზე ანტიადამიანური.
საქართველოს მოსახლეობას უპირისპირდება საფინანსო–საბანკო კაპიტალი, რომელმაც ხელში ჩაიგდო საზოგადოების თითქმის ყველა სფერო. მის ხელშია ეკონომიკის ყველა დარგი, მასმედია, სასამართლო, საკანონმდებლო ორგანო, ჯანდაცვა, განათლება…
შესაძლოა, ეწყინოთ ეროვნული მოძრაობის გულწრფელ, პატიოსან წარმომადგენლებს, მათ ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას _ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, სწორედ მათ მიერ მოწყობილი ანტისოციალისტური, ანტისაბჭოთა გადატრიალების შედეგია.
_ რა დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ ამ გადატრიალებით? თვლით, რომ დავკარგეთ ბევრი? მაგრამ პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, _ ქვეყანაში ისეთი შიმშილია, საბჭოთა ეპოქას მოგაგონებსო…
_ შეკითხვას, რომელიც ახლა თქვენ დამისვით, ჟურნალისტები თავს არიდებენ, ფიქრობენ, რომ მსგავსი შეკითხვის დასმა წარსულის ნოსტალგიაზე მიუთითებს. მათ საერთოდ არ სურთ წარსულზე საუბარი, თვლიან, ის აღარ დაბრუნდება და არც უნდა დაბრუნდესო, მაგრამ თქვენი შეკითხვა აქტუალურია.
რა დავკარგეთ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ? _ ჩვენ დავკარგეთ სიკეთე, ჩვენ დავკარგეთ ადამიანის სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქვეყანა. სახელმწიფო რომ ადამიანზე ზრუნავდეს, ამის დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ ბრძოლაა საჭირო. ამ სისტემას მისტირის ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მშრომელი ხალხი მისტირის იმ ეპოქას და თვლის, რომ საქართველომ წარსულის დავიწყების მცდელობით განვითარების პერსპექტივა დაკარგა.
ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა კერძო საკუთრების დიქტატი. ის, რაც თავის დროზე ეკუთვნოდა ხალხს, მოვსპეთ ისე, რომ სანაცვლოდ რამე სასიკეთო არაფერი არ შეგვიქმნია. რაც გადარჩა, ახლა კერძო პირების ხელშია, მონოპოლისტების ხელში, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის ათ პროცენტსაც არ შეადგენენ, საქართველოში მოსახლეობის 90 პროცენტი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს _ საქართველო სულ რამდენიმე ადამიანისაა.
ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება, რომ ამ წყობას პერსპექტივა არ აქვს მრავალი თვალსაზრისით: არსებული სისტემა არ ემსახურება საზოგადოების არც ერთ ფენას. ამ სისტემით ვერავინ ვერ მიაღწევს წარმატებას. ეს სისტემა ვერ შესთავაზებს საზოგადოებას კრიზისიდან გამოსვლის გეგმასა და გზას. გამოსავალი არის ის, რომ სისტემა შეიცვალოს და ხალხმა ეს იცის.
დღეს ევროპის ქვეყნებიც ილტვიან სოციალიზმისკენ, რადგან იციან, მომავალი სოციალიზმისაა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის სოციალიზმი სულ სხვა იყო, ხოლო თანამედროვე ევროპელებისა სხვაა.
რაც უფრო ადრე დაადგება საქართველო სოციალიზმის გზას, რაც უფრო ადრე შეეცდება, აღადგინოს ის გენერალური ხაზი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 1921 წლის 25 თებერვალს დაადგა, მით მალე გაჩნდება შანსი ჩვენი გადარჩენისა.
_ რეალურად მიგაჩნიათ ამ გზაზე დადგომის შანსი?
_ ეს რეალურია, რადგან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს, დაუბრუნდეს სოციალიზმის გზას. მათ იციან, რომ ეს გადარჩენის ერთადერთი შანსია.
ვინც თვლის, რომ საბჭოთა წყობა იყო ცუდი, მას წარსული არ აქვს. მაგალითად, “გირჩი” გახლავთ მემარჯვენე-ანარქისტი, ეს ერთ-ერთი მიმართულებაა კაპიტალიზმისა. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკისა და საზოგადეობის ფორმირებაში, მათ არ სურთ, შეიქმნას პირობები იმისა, რომ ყველამ თავისი ადგილი იპოვოს საზოგადოებაში კაპიტალიზმის პირობებში, რაც არის მგლური კანონი თუ მიმდევრობა, რაც გინდათ, ის დაარქვით. “გირჩი” თვლის, რომ რაღაც ახალს ამბობს, მაგრამ ეს მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის კაპიტალიზმის იდეაა, დრომოჭმულია და ის პოლიტიკურ სანაგვეზეა გადასაგდები. “გირჩის” გავლენა დროებითია, მას არ ეყოლება მომავალში ამომრჩეველი, მისი პოტენციალი ამოწურულია. ის მოსწონს იმ ახალგაზრდას, რომელმაც არ იცის, რომ დეგრადაციის გზაზრ დგას, არ იცის, როგორ ქვეყანაში ცხოვრობდნენ მისი მშობლები; არ იცის, რატომ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, როგორ დაგვამხეს თავზე საათივით აწყობილი ქვეყანა და რომ ასე თუ გაგრძელდა, არც პირადად მას და არც საქართველოს პერსპექტივა არ უწერია.
ახალგაზრდებზე დიდ გავლენას ახდენს საინფორმაციო საშუალებები, მაგრამ ეს არ არის საშიში. ახალგაზრდობა, რომელიც სწავლას ასრულებს და უკვე დრო დგება სამსახურის შოვნის, აწყდება ისეთ პრობლემებს, რომლებსაც ვერ უმკლავდება. ასეთი ახალგაზრდები ხვდებიან, რომ სისტემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, არ ვარგა. ასევე არიან დასაქმებული ახალგაზრდები, რომელთაც ე.წ. მეპატრონეები ექსპლუატაციას უწევენ. ქართველ ახალგაზრდებს ცხოვრება აკეთებინებს დასკვნას. ასე რომ, “გირჩი” მცირეწლოვანების იმედადაა და ეს დიდხანს ვერ გასტანს.
სოციალურ ქსელში ზოგიერთმა გაამტყუნა ლევან ზურაბაშვილი და თქვა, დედას კაცი თამაშის გამო ქუჩაში რომ დატოვებს, ის რა კაციაო… მათ მინდა ვუთხრა: აზარტული თამაში სოციალური უბედურებაა, რომელიც თავს მოგვახვია სისტემამ, ეს დაუნდობელი რამ თავს მოგვახვია კაპიტალისტურმა სისტემამ, ეს არის კრიმინალური, სისხლისმსმელი სისტემა, რომელმაც დაღუპა ჩვენი საზოგადოება და, სამწუხაროდ, ეს ჩვენთან ლეგალიზებულია. ლეგალიზებულია იმიტომ, რომ ხალხის გაუბედურებით მოაქვს უდიდესი შემოსავალი. ბიზნესმენს არ აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, მას აქვს მხოლოდ ბუღალტერია და თუკი შემოსავალ–გასავლის ბალანსი მის სასარგებლოდაა, ის ამ მდგომარეობას კბილებით დაიცავს. და თუკი ბიზნესმენი ქვეყნის სათავეშია, მისთვის მთელი ქვეყანაა ბიზნესი და ხალხის კეთილდღეობა მის ბუღალტერიაში მხოლოდ ზედმეტი ხარჯის გრაფაა, რომელიც ყველა ხერხით უნდა გაანულოს.
საბჭოთა კავშირის პერიოდში აზარტული თამაშები კანონით იყო აკრძალული. აზარტული თამაშები დანაშაულია, მან დაღუპა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა. ის პირი, ვინც ზურაბაშვილს ამტყუნებს, არაადამიანია, თუმცა, ალბათ, ეკლესიაში დადის, მაგრამ არ იცის, უფლის წინაშე რამხელა დანაშაულს სჩადის ის, ვინც ზურაბაშვილისნაირი ადამიანები ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა.
ჩვენს ქვეყანას აქვს გამოსავალი, ოღონდ ამისთვის ბრძოლაა საჭირო, რადგან ამ ქვეყნის მესვეურებს არ სურთ სიმართლის დანახვა; არ სურთ გამოსავალზე ფიქრი, ისინი კმაყოფილნი არიან არსებულით. არადა, გამოსავალი ჩვენი გაუსაძლისი ყოფიდან ნამდვილად არსებობს.
2021 წლის 25 თებერვალს 100 წელიწადი შესრულდება საქართველოს გასაბჭოებიდან. აი, ეს უნდა განმეორდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა აღდგეს სოციალისტური წეს-წყობილება. საქართველოში უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, კერძო საკუთრება გახდეს სახალხო საკუთრება, ის უნდა მართოს ხალხმა და არა მილიარდერებმა. უნდა შეიქმნას ერთიანი-სოციალისტური პოლიტიკური პლატფორმა და ეს უნდა გაკეთდეს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება შუქურა, ამის შემდეგ დაისადგურებს იმედი. თუკი გაჩნდება პლატფორმა, რომელზეც ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ, უმალვე მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერასა და გამარჯვებას, რითაც ქვეყნის გადარჩენას შევძლებთ.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
ცნობისთვის: ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა შარშან 4,2 მლრდ ლარი შეადგინა, მოგებამ _ 363 მლნ ლარი.
აზარტული თამაშები და საბანკო სფერო ყველაზე მომგებიანი მიმართულებაა საქართველოში. მოგების მაჩვენებლითაც ეს ორი სფერო უპირობო ლიდერია: შარშან ბანკებმა და სათამაშო ბიზნესმა ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი წმინდა მოგება მიიღეს.
მხარდაჭერა-თემურს.
ვეთანხმები ამ კაცის ყველა სიტყვას!!! საქართველოში უნდა აღდგეს სოციალისტური წყობილებააა!!!