ამა წლის 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში 46-ე პრეზიდენტი უნდა აერჩიათ, მაგრამ ზედემოკრატიულ ზესახელმწიფოში ეს ვერ მოახერხეს. დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დაუნდობელი ბრძოლა როდის და რით დასრულდება, არავინ იცის. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი პრეზიდენტი დამარცხებას არ აღიარებს და ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა, ზოგიერთმა ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებამ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი გამარჯვებულად გამოაცხადა _ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ბაიდენმა მოიგო პენსილვანიის შტატი და დაუგროვდა 270-ზე მეტი ხმა ამომრჩეველთა 538-წევრიან კოლეგიაში. ეს კი საკმარისია თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დასაკავებლად. მართალია, ამერიკაში ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გამოუცხადებიათ გამარჯვებული, მაგრამ ბევრისთვის საინტერესოა, რა მოხდება, თუ ჯო ბაიდენი დაიკავებს ამერიკის პრეზიდენტის სავარძელს. ასევე საინტერესოა, არის თუ არა ამერიკა დემოკრატიის შუქურა და სამაგალითო ქვეყანა _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე:
_ ამერიკის შეერთებულ შტატებში რთული პროცესები მიმდინარეობს. ლიბერალური თანამეგობრობა ჯო ბაიდენის მხარეს დგას. ამერიკაში ღირებულებითი დაპირისპირებაა _ გლობალური ძალები მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უპირისპირდებიან. ასეთი დაპირისპირება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ სრულიად მსოფლიოში მიმდინარეობს. ამერიკა გლობალური სახელმწიფოა, ამიტომ იქაურ გლობალისტებსა და კონსერვატორებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰყავთ მომხრეები თუ მიმდევრები (რაც გინდათ, ის დაარქვით).
_ აღმოჩნდა, რომ ზედემოკრატიულ ზესახელმწიფოშიც ყალბდება არჩევნები, იქაც ჰყოლიათ სიებში მკვდარი სულები, იქაც ტელევიზიები აცხადებენ გამარჯვებულს…
_ 20 წლის წინათ ვინმეს რომ ეთქვა, ამერიკაში არჩევნები გაყალბდაო, არავინ დაიჯერებდა, რადგან ეს ქვეყანა დემოკრატიის შუქურად მიაჩნდათ, მაგრამ გაირკვა, რომ ასე არ არის. ყველამ დაინახა, რომ ამერიკაშიც ხდება გაყალბება. იქ ლიბერალური მედია მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგია და, როგორც ჩვენთან, ტელევიზიები იქაც ცდილობენ, გადაწყვიტონ ბევრი რამ, ანუ ითავხედონ. ყველამ კარგად დავინახეთ, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ერთდროულად გაუწყვიტა ეთერი მოქმედ პრეზიდენტს შუა საუბრისას. ამასთანავე, ტრამპს არ მისცეს სოციალური ქსელებით მანევრირების საშუალება _ დაუბლოკეს გვერდი “ტვიტერში”, რომლითაც სარგებლობდა, ან აწერდნენ, რომ მისი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მოკლედ, ტრამპის წინააღმდეგ ლიბერალურმა ძალებმა გაილაშქრეს, თანაც არაკეთილსინდისიერად, რაც ძალიან ცუდია და დემოკრატიის ნიშნებს არ შეიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მაგალითი არ გამოგვადგება და არც უნდა გამოვიყენოთ, ამერიკა დიდი სახელმწიფოა და ყოველთვის ექნება გავლენა საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაზე, ამერიკა ყოველთვის შეეცდება, თავს მოგვახვიოს თავისი “გამოცდილება” და გვიკარნახოს საკუთარი თამაშის წესები.
_ ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუებში ყოველთვის ამბობდით, რომ დონალდ ტრამპის მეორედ არჩევის შემთხვევაში ბევრი რამ შეიცვლება გეოპოლიტიკაში და ყველაფერს თავისი სახელი დაექმევა, რაც საქართველოსთვის კარგი იქნება, მაგრამ შესაძლოა, ტრამპმა ვერ გაიმარჯვოსო. ახლა, როდესაც ბაიდენი წინასწარ გამოაცხადეს არჩევნებში გამარჯვებულად, რა შეიძლება მოხდეს?
_ ბაიდენის გამარჯვება ნიშნავს გლობალისტების გამარჯვებას, რაც კარგი არ არის, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიმდინარე პროცესები ამერიკელების საქმეა. ტრამპი იზოლაციონისტია, კონცენტრირებული იყო ამერიკის მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში ისეთ წნეხში იყო მოქცეული გლობალისტებისგან, რომ ბევრი რამ, რისი გაკეთებაც უნდოდა, ვერ მოახერხა. ტრამპს იდეების განხორციელებაში ხან კონგრესი უშლიდა ხელს, ხან _ სასამართლო. ამან ნათლად დაგვანახვა, რომ ამერიკის პრეზიდენტიც კი არ არის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები. დონალდ ტრამპი პირობას დებდა, რომ წინა პრეზიდენტის (დემოკრატების პრეზიდენტის) პერიოდში დაწყებულ საომარ მოქმედებებს, რომლებიც 8 ტრილიონი დოლარი დაჯდა, აღარ დაუშვებდა, რადგან მას ამერიკელი ხალხისთვის კეთილდღეობა არ მოუტანია. ტრამპი ეწინააღმდეგებოდა ბანკირებს, ფედერალურ სარეზერვო სისტემას და გლობალურ ინსტიტუტებსაც თანდათან ტოვებდა.
დონალდ ტრამპი კიდევ ერთი ვადით რომ აერჩიათ და კიდევ ოთხი წელიწადი ჰქონოდა სამოქმედოდ, ფინანსურ და პოლიტიკურ სტრუქტურებს ნელ-ნელა დაანგრევდა. ტრამპის ასეთმა მიდგომამ ამერიკელი გლობალისტების გაღიზიანება გამოიწვია და მსოფლიო ხედავს, რას უკეთებენ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს არჩევნებში.
პროცესები ისე ვითარდება, რომ იმის განსაზღვრა, რა მოხდება ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ძალიან ძნელია. დონალდ ტრამპს აბრალებდნენ, რომ ის რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში და ეს იყო მიზეზი ძალიან დიდი და დაუნდობელი შიდა ბრძოლებისა, რასაც ახლა უკვე ვეღარ გააკეთებენ. ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ ძველებურად აგრესიულები არ იქნებიან, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება ეგზისტენციალურია, ზოგჯერ შეიძლება გამწვავდეს, ზოგჯერ _ შენელდეს.
სამწუხაროდ, რუსეთის წამყვანი ფინანსური ჯგუფები ძალიან არიან ამერიკაზე დამოკიდებულნი და წინასწარ არავინ იცის, რა შეთანხმება შედგება მათ შორის _ მოგვარდება ურთიერთობა თუ პირიქით.
დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში ამერიკის ნომერ პირველ მტრად გამოცხადებული იყო ჩინეთი, პარალელურად ტრამპი ცდილობდა, ურთიერთობა დაეთბო რუსეთთან. ახლა თუ ბაიდენმა ჩინეთთან ურთიერთობა მოაგვარა, მაშინ რუსეთთან გააუარესებს ურთიერთობას.
_ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვგულისხმობ ქართველი პოლიტიკოსების ქმედებებს _ ჯერ კიდევ არ არის ბაიდენი არჩეული და უკვე, ასე ვთქვათ, დიდ გულზე არიან, ბაიდენთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ სოციალურ ქსელში და მოქმედებიც და ყოფილებიც გამარჯვებას ულოცავენ…
_ ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის ნაადრევი გადაწყვეტილებების მიღება. ამერიკის შეერთებულ შტატებში პროცესები არ დასრულებულა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ გაიმარჯვა; მსოფლიომ იცის, რომ მიმდინარეობს ხმების დათვლა, სასამართლო პროცესები და, აქედან გამომდინარე, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა არ ღირს. ჩვენ ვიცით, რომ, როგორც ტრამპის, ისე ბაიდენის უკან დგას ძალიან სოლიდური ხალხი. ტრამპს ზურგს უმაგრებს მენავთობეების სერიოზული ლობი, რომლებიც ბაიდენის წინააღმდეგ არიან, რადგან ის აქცენტს აკეთებს ე.წ. მწვანე ეკონომიკასა და მწვანე ენერგეტიკის განვითარებაზე. ის ამბობს, რომ 600 მილიარდს გამოყოფს ამ გეგმის განსახორციელებლად. ტრამპი კი მენავთობეების ინტერესებს გამოხატავდა და ფიქლური აირის გაყიდვაზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული. აქედან გამომდინარე, ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთს უფრო გაუადვილდეს “ჩრდილოეთი ნაკადი-2”-ის პროექტის ამუშავება.
უნდა ითქვას ისიც, რომ გლობალური პროცესები ისე ვეღარ განვითარდება, როგორც აქამდე, რადგან ფინანსური კრიზისია. პრინციპში, ხელისუფლების სათავეში ტრამპის მოსვლაც სწორედ ამ კრიზისმა განაპირობა. ის კრიზისმენეჯერია, თანაც კარგი. 1944 წელს დაწყებული პროცესი, რომ დოლარი იყო ძირითადი ვალუტა, აღარ ამართლებდა, ტრამპმა ამის შეცვლაც გადაწყვიტა.
ჯო ბაიდენის არჩევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ძველებურად ვერ განვითარეს გლობალური პროცესები და არ იყოს შესაბამისი ფინანსური დახმარებები, საქართველოს კიდევ ოთხ წელიწადს მოუწევს გარკვეულ პრობლემებთან ჭიდილი, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ბევრი რამ საუარესოდ არ შეიცვლება, განსაკუთრებით ფინანსების მხრივ.
_ თუკი ტრამპი გაიმარჯვებს და კიდევ ოთხი წლით დარჩება პრეზიდენტად, შეძლებს იმ საქმეების ბოლომდე მიყვანას, რომელთა განხორციელებაც ჩაფიქრებული ჰქონდა, მაგრამ ხელს უშლიდნენ?
_ ამერიკაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარებს, დამარცხებული მხარე ბევრს კარგავს. ამერიკაში სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, სასამართლოში რესპუბლიკელებს ექვსი მოსამართლე ჰყავთ, დემოკრატებს _ სამი, თანაც, როგორც ჩანს, სიმართლე რესპუბლიკელების მხარესაა, მაგრამ ძნელია მაინც პროგნოზირება, ვისი გამარჯვებით დასრულდება პროცესი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო დავა-კამათზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დასკვნის გამოტანა ნაადრევია. 1972 წელს ნიქსონმა დამაჯერებლად მოიგო არჩევნები, მაგრამ შემდეგ იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო. ელიტების ბრძოლა ამერიკაში ყოველთვის იყო, ამიტომ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების მომსწრენი გავხდეთ.
_ დონალდ ტრამპი ცდილობდა, ნაკლებად ჩარეულიყო ჩვენი ქვეყნის საქმეებში, ის თითქმის არც ერეოდა კავკასიაში მიმდინარე პროცესებში, ვგულისხმობ, სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირებას. აქ მოქმედების მეტი საშუალება ჰქონდა რუსეთს…
_ ასე ვერ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ჩვენ არ ვიცით, ტრამპი თუ დარჩება პრეზიდენტად, როგორ განვითარდება მოვლენები _ ჩაერევა ჩვენს საქმეებში თუ არა, რადგან მიმდინარეობს მსოფლიოს გადანაწილების, ძალთა გადანაცვლების ძალიან მასშტაბური პროცესები. არის წყალქვეშა დინებები, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. ჩვენს რეგიონში არის თურქეთის ინტერესები, ასევე ძალიან საინტერესოა თურქეთ–უკრაინის ურთიერთობები, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ინგლისშიც ძალიან საინტერესოა. პროცესები არ ჩერდება, ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს.
რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიას თავისად თვლის, ეფექტიანი გავლენა არ აქვს ამ რეგიონზე.
ჩვენთვის მთავარია, ვიყოთ ჭკვიანად, ნაკლები დანაკარგებით გავიაროთ მსოფლიოს გადანაწილების პროცესი და კიდევ უფრო მთავარია, ინფორმაციას ვფლობდეთ ზუსტსა და უტყუარს.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი