Home რუბრიკები საზოგადოება ღია მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

ღია მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

ღია მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

ბატონო ბიძინა, გიდასტურებთ თქვენდამი პატივისცემას. პრინციპით _ “მოყვარეს პირში უძრახე”, გულისტკივილით მოგმართავთ: რაც დღეს საქართველოში ხდება და რასაც ბედავს უზნეო და უტიფარი ოპოზიცია, თქვენი ბრალია.

ომარ მარგველაშვილი
ომარ მარგველაშვილი

დღიდან თქვენი ხელისუფლებაში მოსვლისა, თვალებში შესციცინებთ ამერიკასა და ევროპას, მათი კარნახით მართავთ ქვეყანას, განა ეს გამართლებულია?! ჯერ ერთი წლით გაუგრძელეთ პრეზიდენტობის ვადა ქართველთმოძულე შიზოფრენიკს, შემდეგ თითიდან გამოწოვილი კოაბიტაცია მოახვიეთ თავს თქვენი ხელისუფლებაში მოსვლით აღტაცებულ ხალხს. საზოგადოების ყველაზე უმნიშვნელოვანესი თხოვნა და მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენის თაობაზე 8 წლის განმავლობაში ყურად არ იღეთ. კრიმინალებს, რეციდივისტებს, ხაზინის ქურდებს, მწამებლებს, მკვლელებს, საქართველოს ტერიტორიების გამყიდველებს, სახალხო დოვლათის დამტაცებლებს, ხალხის ქონებისა და საკუთრების წამგლეჯებს პასუხი არ მოსთხოვეთ და კანონის მთელი სიმკაცრით არ დასაჯეთ. პირიქით, კანონი, რომელიც დამნაშავის დასჯას სასჯელის ვადების შეკრებითობის პრინციპით ითვალისწინებდა, გააუქმეთ.

სასათბურე პირობები შეუქმენით ქვეყნის დამაქცევარ არაადამიანებს. ისინი განცხრომით სხედან პარლამენტის სავარძლებში, ძალოვან და ადმინისტრაციულ სტრუქტურებში. გლანძღავენ, გაგინებენ, ჭკუას გარიგებენ თქვენ და თქვენს გარემოცვას _ მმართველ პარტიას. თქვენს ღვაწლსა და ამაგს კი არ გიფასებენ, პირიქით, მასხრად იგდებენ, ცინიკურად მოგიხსენიებენ, ცილს გწამებენ. თქვენ ამ შეურაცხყოფასა და დამცირებას ოლიმპიური სიმშვიდით ხვდებით. ეს განა მარტო თქვენი, ქვეყნისა და საღად მოაზროვნე ქართველი საზოგადოების შეურაცხყოფა და დამცირებაა. ნუთუ ვერ ხვდებით? ალბათ, არ გყავთ გონიერი, განათლებული, შორსმჭვრეტელი ანალიტიკოსი მრჩევლები ან არ უსმენთ მათ (ეს უარესია). თქვენ მხოლოდ უცხოელი “მრჩევლების” მითითებებს ასრულებთ, იმიტომ გვაქვს კარგად საქმე.

* ტელეარხები, ჟურნალისტები, არასამთავრობოები, ადამიანის ვითომ უფლებადამცველები და, სამწუხაროდ, ბევრი თქვენი მომხრე, მათ შორის დეპუტატებიც აგიმხედრდნენ და განგიდგნენ. ეს უკვე დამაფიქრებელი კი არა, კატასტროფაა.

ღია მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

* პირადად მე არაერთი საგაზეთო წერილი მომიწერია თქვენთვის იმაზე, თუ რა აწუხებს ხალხს: პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენა, რუსეთთან დიალოგი და კეთილმეზობლური ურთიერთობის დალაგება, ულტიმატუმების გარეშე; აფხაზებთან და ოსებთან კეთილგონიერი დიალოგი, სტრატეგიულ და უცხოელ პარტნიორებთან ღირსეული ურთიერთობა და არა მონური, ისეთი როგორიც დაამკვიდრეთ უცხოელ დიპლომატებთან, განსაკუთრებით აშშ-ის ელჩებთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან, ევროპის სახალხო პარტიასთან და ა.შ.

* ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე უამრავ კვალიფიციურ რჩევას გაძლევენ პუბლიცისტები, ქვეყნისა და ხალხის უსაზღვრო სიყვარულით გაჟღენთილი წერილებით პრესაში რვა წლის განმავლობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენ არაფერს ითვალისწინებთ. საზოგადოებაში გამეფებულია აზრი, რომ პრესას არ ეცნობით. გამომდინარე აქედან, ჩვენი სამშობლოს გადაუდებელი პრობლემებს მოგვარება არ უწერია. ამ პრობლემების ჩამონათვალი რაც დრო გადის, იზრდება.

* სამართლიანობის აღდგენაზე მე გესაუბრეთ სულმნათი ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე, მაშინ თქვენ, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ პრემიერი იყავით. მე აღფრთოვანება და მადლიერება გამოვთქვი თქვენს გამარჯვებაზე და ხელისუფლებაში მოსვლაზე. გთხოვეთ, რომ სამართლიანობის აღდგენა ყველაზე მთავარია საქართველოში და ხალხს უსაზღვრო მოლოდინი და თქვენი იმედი აქვს.

* სამწუხაროდ, თქვენ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე გრძელი, მაგრამ სრულიად შეუსაბამო, გაუგებარი პასუხი გამეცით. მე გითხარით, თქვენი პასუხიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ სამართლიანობის აღდგენას არ აპირებთ და ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, ხალხისთვის და პირადად თქვენთვის, რომლის მძიმე შედეგებს აუცილებლად მოიმკიდით და იმკით კიდეც.

* ვისი რჩევით, კარნახით თუ ზემოქმედებით დაწიეთ არჩევნების ბარიერი ერთ პროცენტამდე, ამას ხომ არავითარი გამართლება არა აქვს?! თქვენი ქმედების მავნე შედეგები ახლა ხომ აშკარაა!

* გასაკვირია ზნედაცემული ოპოზიციის საქციელი, ტელევიზიის თითქმის ყველა არხი მისმა მხარდამჭერებმა დაიპყრეს, თითქმის ყველა ჟურნალისტი მას ექომაგება, აიკლეს მთელი ქვეყანა, მოაბეზრეს ხალხს თავი გაუთავებელი ჩხუბით, ყაყანით, თავხედობით, უზრდელობით, ღრიანცელით, ჩვენი მორჩილი პოლიცია კი მხოლოდ წესრიგისკენ მოწოდებით, დაწყნარებით, დაშოშმინებით ცდილობს სიტუაციის განმუხტვას. ეს აზვირთებული და აღრენილი ბრბო კი ძალადობს პოლიციაზე, საშინელ შეურაცხყოფას აყენებს წესრიგის დამცველ ჩვენს ახალგაზრდა, თავმოყვარე ბიჭებს. ნუთუ ეს არის კანონმორჩილება და ამას ავალებს უწყების ხელმძღვანელობა _ შს სამინისტრო?

* თუ ვინმე აღვირახსნილი ოპოზიციონერი სრულიად კანონიერად დააკავეს, სასამართლო მეორე დღესვე ათავისუფლებს და სასამართლო დარბაზიდან ეს მოძალადეები პირდაპირ ისევ მიტინგზე მირბიან ბინძური და აგრესიული ქმედებების ჩასადენად.

* რეგვენი შალიკო წინა პარლამენტში არ შევიდა, არც ერთ სხდომას არ დასწრებია, მანდატიც დახია, მაგრამ მაღალ ხელფასს ოთხი წლის განმავლობაში უნამუსოდ იღებდა. ხელფასი არის ადამიანის შრომის ანაზღაურება, თქვენ კი უშრომლად ანიავებთ საბიუჯეტო (ხალხის) სახსრებს.

* ხალხს სწყურია სიმშვიდე და წესრიგი ქვეყანაში და არა ამ უღირსი და უთავმოყვარეო ბრბოს ყურება.

* ქვეყანას ჰყავს ბრძენი და გონიერი პიროვნებები, მაგრამ თქვენ მათ არც ეძებთ და არც იკარებთ, თქვენი თავდაჯერებულობა დაღუპავს ქვეყანას და მერე ძალიან გვიან იქნება თითზე კბენანი. არ თქვათ, რომ მხოლოდ პარტიის ლიდერი ხართ და ქვეყნის მართვაში არ ერევით. არც მე გეტყვით, რომ თქვენ არაფორმალური მმართველი ხართ, თქვენდა სამწუხაროდ, ერთპიროვნულად მართავთ ქვეყანას, სხვის აზრსა და წინადადებებს არ ითვალისწინებთ.

* მიეცით საშუალება ღირსეულ პრემიერს, მინისტრებს, მართონ ქვეყანა თქვენგან დამოუკიდებლად. თქვენი საკადრო პოლიტიკა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს _ სამარცხვინოა, ამიტომაც მიიყვანეთ ქვეყანა გაუსაძლის მდგომარეობამდე. ნუ გავიწყდებათ გენიალური პიროვნების ბრძნული შეგონება _ “კადრები წყვეტენ ყველაფერს”.

* თქვენ არ გიყვართ ქვეყანასა და ხალხზე მოფიქრალი ადამიანები. ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ქართველი საზოგადოების სახელოვან პიროვნებებს; გიკითხავთ _ რა აწუხებთ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი? ნუთუ თქვენ ფიქრობთ, “ოცნების” აქტივისტებს რომ ხვდებით, მხოლოდ ეს არის საკმარისი ქვეყნის განვითარებისთვის. რატომ არ ხვდებით მეცნიერებს, ტექნიკურ ინტელიგენციას, განათლების, ხელოვნებისა და კულტურის ღვაწლმოსილ მუშაკებს, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის გამოცდილ მოღვაწეებს და საერთოდ, მოაზროვნე საზოგადოებას? იმიტომ, რომ თქვენ ერთმმართველობას ვერ თმობთ. განა არ შეიძლება, რომ ვინც პარლამენტში არ შევა, ხელფასები არ გავცეთ მათზე, იმუნიტეტიც შეუწყდეთ და ოპოზიციონერ პარტიებს დაფინანსება შეუწყდეს ბიუჯეტიდან, თუ ესეც სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა შეუთანხმოთ?!

* საქართველო განათლებით, კულტურით, ხელოვნებით, სპორტით, კურორტებით, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მიღწევებით, თუნდაც საუკეთესო ტელეგადაცემებით ამაყობდა. ეს დარგები ან საერთოდ აღარ არსებობს, ან სულს ღაფავს. განა მარტო უგუნურ ოპოზიციასთან გაუთავებელი ჭიდაობა გვიშველის?

* დარწმუნებული ვარ, თქვენი და თქვენი გარემოცვის დროის ბიუჯეტი მხოლოდ ოპოზიციასთან ბრძოლასა და არჩევნებს ხმარდება. სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხების არც განხილვა და არც გადაწყვეტა არ ხდება. რას ჰგავს ჩვენი საგარეო ან საშინაო პოლიტიკა; ხალხი შიმშილობს, უმუშევრობა იზრდება, სუიციდის შემთხვევები, კრიმინალი, ნარკომანია, პროსტიტუცია, მამათმავლობა მატულობს, შობადობა მცირდება, ეკოლოგიური კატასტროფა ქვეყანაში ვის აწუხებს, ვინ იხილავს ან ვინ წყვეტს ამ პრობლემებს? არავინ.

* საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნებმა დემოკრატიულ, მშვიდ, კანონიერ, ობიექტურ და თავისუფალ ვითარებაში ჩაიარა. არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია. ამას წყალი არ გაუვა.

* საოცარია ხელისუფლების მომხრეები, თუნდაც ვინც გაიმარჯვა არჩევნებში, რატომ დუმან საეჭვოდ?

* საქართველოს გამორჩეული საზოგადოების დიდი ხნის თხოვნაა, რომ მსოფლიოში აღიარებული სკულპტორის, მერაბ ბერძენიშვილის, შესანიშნავი ქმნილება, დიდი დავით აღმაშენებლის ძეგლი, დავაბრუნოთ ავტორის მიერ შერჩეულ ადგილზე, სააკაშვილის მიერ გზაგასაყარზე, სრულიად შეუფერებელ ადგილას მოსროლილი.

* თქვენ ღირსადაც არ თვლით ხალხს, აუხსნათ ჩვენი პრეზიდენტის არაჩვეულებრივ საპრეზიდენტო სასახლეში გადასვლა და იქ ფუნქციონირება, რატომ არ წყვეტთ ამ საკითხებს და დუმხართ ჯიუტად?

* ათეულობით და ასეულობით ასეთი ეროვნული საკითხია თქვენ მიერ განუხილავი და გადაუწყვეტელი, რომლებსაც არავითარი ფინანსური რესურსი არ სჭირდება.

* თქვენი ხელშეწყობით გუნდ-გუნდად რომ დაფრინავენ უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში ოპოზიციონერები ბიზნესკლასით, ჩერდებიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში და მწვავედ გაკრიტიკებენ მთელი მსოფლიოს გასაგონად, ასე უაზროდ იფლანგება საბიუჯეტო სახსრები. ზოგიერთები ისეთ ქვეყნებში დაფრინავენ, დიპლომატიური ურთიერთობაც რომ არ გვაქვს.

* ერთხელ ვენის აეროპორტში შემხვდა ჩვენი პარლამენტის სპიკერი, მას ახლდა ორი თანამშრომელი ქალბატონი, დაცვის ბიჭები და ყველა მისი ოჯახის წევრი, აუარებელი ტვირთით აცილებდა მთელი ჩვენი საელჩო.

* რას აკეთებენ პარლამენტის კომიტეტები, ვინმეს წერილობით ანგარიშს აბარებენ? ალბათ, არა!

* მდიდარი ხალხით არის გაჭედილი პარლამენტი, თავისთავად ეს ცუდი არაა. ცუდი ისაა, რომ ისინი ქვეყანაზე ზრუნვის მაგივრად მხოლოდ თავიანთ ბიზნესს ლობირებენ. ვინ ფიქრობს ხალხზე ან ქვეყანაზე? და არის გაუთავებელი ბრძოლა უღირს ოპოზიციასთან, რომელიც პარლამენტში ამაზრზენად იქცევა და არაფერზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

მომავალ შეხვედრამდე, ბატონო ბიძინა! მე მხოლოდ წარმატებები და გამარჯვებები მინდა გულწრფელად გისურვოთ ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს საკეთილდღეოდ. თქვენ მშვენიერ ოჯახს ბედნიერებასა და გამრავლებას ვუსურვებ!

ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here