Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: რაც დრო გადის, საქართველო სულ უფრო კარგავს შანსს, ჩამოყალიბდეს სახელმწიფოდ,...

გულბაათ რცხილაძე: რაც დრო გადის, საქართველო სულ უფრო კარგავს შანსს, ჩამოყალიბდეს სახელმწიფოდ, ჰქონდეს სუვერენული საშინაო და საგარეო პოლიტიკა

გულბაათ რცხილაძე

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 28 ოქტომბერს ესტონეთის პრემიერმინისტრ იური რატასთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს მშვიდობის დაცვა უმთავრესი გამოწვევაა მსოფლიოში. მისი თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, აუცილებელია, დასავლეთმა რუსეთთან ნდობა თანდათან აღადგინოს, რაც იმის გარდა, რომ უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ევროპის მდგომარეობას, ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისითაც სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მაკრონის განმარტებით, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა, რომლებიც ევროპის მხრიდან მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკას ობიექტური მიზეზებით შეიძლება გააჩნდეს, დიალოგს ორ პოლიტიკურ ვექტორს შორის ფართო დღის წესრიგი აქვს: “უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება. ამის ბოლო მაგალითები ბელარუსსა და მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებაა,” _ განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა გამოსვლის ბოლოს, მაგრამ არ განუმარტავს, კონკრეტულად როგორ წარმოუდგენია რუსეთთან ნდობის აღდგენის პროცესი ან რა პოლიტიკური გზებითა და მექანიზმებით შეიძლება ევროკავშირმა გადალახოს წინააღმდეგობა, რომელიც მის წევრ სახელმწიფოებს შორის ამ საკითხზე არსებობს.

ცნობისთვის: ემანუელ მაკრონმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიტვაში, ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტზე რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის გარეშე მშვიდობა ვერ იქნება: “ჩვენი თვალსაზრისით, თუ ჩვენ ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარება გვსურს, საჭიროა რუსეთთან მუშაობა. ამას ვამბობ იმ მიწაზე, რომელმაც ყველაზე ცუდი დღეები გადაიტანა, გაუძლო ჩაგვრას, გაუძლო სიკვდილს. თუმცა ვერ ვიმოქმედებთ ისე, თითქოს ევროპა რუსეთისგან შორს მყოფი კუნძულია”. მაკრონის ამ განცხადებას, როგორც ლიტვაში, ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

რა სიგნალია დღეს მსოფლიოსთვის ევროკავშირის ერთერთი ლიდერის განცხადება რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, როგორც პროდასავლური ორიენტაციის მქონე სახელმწიფოსთვის, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი და დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალურ შეხვედრებზე უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ დღეს რუსეთთან დიალოგი ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამის გარეშე მშვიდობა ვერ იქნება და ამიტომ ევროკავშირმა უნდა იფიქროს მოსკოვთან ნდობის აღდგენაზერა გზავნილია ეს დღევანდელი მსოფლიოსთვის და მათ შორის ჩვენთვის, იმ ფონზე, როცა ხელისუფლებები მუდმივად გვარწმუნებენ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას ალტერნატივა არ გააჩნია?

_ დავიწყოთ იმით, რომ ბოლო პერიოდში მაკრონი ხან ერთს ლაპარაკობს, ხან მეორეს და რეალობის აღქმა აქვს დაკარგული. ეს მის გამოსვლებში ჩანს. ამიტომაა, რომ მას უკვე დასცინის თურქეთის პრეზიდენტი და საჯაროდ სულელს ეძახის. თუმცა აქ კიდევ ცალკე თემაა, თვით საფრანგეთში რა ხდება. მხედველობაში მაქვს ის, რომ გათავხედებულია ისლამისტური ძალები და მომატებულია ტერორიზმის საფრთხე, რომელიც თავდაყირა აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას. რაც შეეხება საქართველოს და იმას, რას ნიშნავს ჩვენთვის მაკრონის განცხადება, ვფიქრობ, ამით ახალი არაფერი ხდება, გარდა იმისა, რასაც 20 წელიწადზე მეტია, გავიძახი… უბრალოდ, რაც დრო გადის, საქართველო სულ უფრო კარგავს შანსს, ჩამოყალიბდეს სახელმწიფოდ, ჰქონდეს სუვერენული საშინაო და საგარეო პოლიტიკა და, რაც მთავარია, შეიგნოს, რომ ჩვენი უსაფრთხოება შეუძლებელია გარანტირებული იყოს რუსეთთან უაზრო დაპირისპირებით. აი, ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი და ამ მარტივი ჭეშმარიტების გათვალისწინებას მაკრონის განცხადება ნამდვილად არ სჭირდება, თუმცა მისი გზავნილები ამას ადასტურებს

_ დასავლეთის მზარდ პოლიტიკურ არასტაბილურობას გარკვეულწილად აშშში მიმდინარე პროცესებიც ცხადყოფს. საპრეზიდენტო არჩევნები და ის დაძაბულობა მაქვს მხედველობაში, რომელიც, უკვე წელიწადზე მეტია, ქვეყნის თითქმის ყველა შტატში მძვინვარებს

_ გეთანხმებით. ჩვენ უკვე ვნახეთ და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, რამხელა სტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას დღეს ვითომ სუპერსახელმწიფო, რომელსაც დესტრუციული გავლენა აქვს დანარჩენ მსოფლიოზე. აი, ამ დესტრუქციამ რომ არ იქონიოს ჩვენზეც წამლეკავი გავლენა, ამისთვისაა საჭირო გარკვეული ბალანსი დასავლეთსა და სხვა რომელიმე ვექტორს შორის… ეს შეიძლება იყოს რომელიღაც იქს ქვეყანა, ამ შემთხვევაში რუსეთი, იმიტომ, რომ რუსეთი არის ჩვენი უშუალო მეზობელი, რომელსაც საკუთარი სასიცოცხლო ინტერესები აქვს რეგიონში. სხვა დანარჩენი, როგორი იქნება კონკრეტულად ჩვენი ურთიერთობა მოსკოვთან _ ღირსეული და ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის სასარგებლო თუ პირიქით _ ეს ჩვენი გადასაწყვეტია. თუ გვინდა, ვიყოთ მაზოხისტებივით _ ვიქნებით მაზოხისტებივით

_ იმ ვითარებაში, როცა არჩევნების შემდგომ რეალობა რჩება უცვლელი და პოლიტიკურ დღის წესრიგს ისევნაცქოცებისელიტა განსაზღვრავს, რა შესაძლებლობები არსებობს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის?

_ არჩევნებზე ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეულ სეგმენტში არსებობდა დაუსაბუთებელი მოლოდინი, რომ მიიღებდნენ რაღაც პროცენტებს და ივანიშვილის ქებაში იყვნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. მაგრამ ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ამ არჩევნებში ვინ გაიმარჯვა, ყველაფერი მაინც ასე იქნებოდა სხვა ციფრების შემთხვევაშიც…

_ რას გულისხმობთ?

_ არც ერთი პარტია არ გამოსულა რეალური კონცეფციით, როგორ შეიძლება დღევანდელ ვითარებაში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ცივი ომისდროინდელი დოქტრინები, როგორიც არისმიუმხრობლობა”, თავის მოტყუებაა. ჯერ ჩაიხედონ საქმეში და მერე ილაპარაკონ. 15-20 წლის წინათ ვწერდი ნეიტრალიტეტზე, ბატონ ჰამლეტ ჭიპაშვილთან ერთად სტატიების სერია მაქვს გამოქვეყნებული ამ თემაზე… მაგრამ რეალობა იცვლება, განსაკუთრებით 2008 წლის ომმა შეცვალა ბევრი რამ და შემდგომმა მოვლენებმაც. აქ, პირველ რიგში, საჭიროა მიდგომების შეცვლა და, რაც მთავარია, არ უნდა ეშინოდეს რეალური ცვლილებების მომხრე პოლიტიკოსს, საჯაროდ ისაუბროს კავშირებზე რუსეთის გარკვეულ წრეებთან…

_ დღეს საქართველოში ერთგვარი პოლიტიკური სტიგმა არსებობს მსგავსი ძალებისადმი.

_ კი, ბატონო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ არის საჭირო ამდენი ხმაური იმის დასამტკიცებლად, რომ მე რუსეთისგან ფული არ ამიღია, არ მაქვს მათთან არანაირი კავშირი, ვფიცავ ღვთის წინაშე, დედას გეფიცებით, მამას გეფიცებით და .. აი, ეს არის, თორემ სხვები _ “ლელოებიდა მსგავსი ძალები _ არ მადარდებს. პირიქით, თქვი, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გაქვს, სერიოზული კავშირები გაქვს, აწარმოებ დიალოგსპარტიას რაც მეტი საგარეო კავშირები აქვს, მით უკეთესი, როცა ამას შენი ქვეყნისათვის გამოიყენებ. რაც შეეხება რუსეთს, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რუსეთი არის ძალა, ალტერნატიული მოცემულობა, რომელსაც თავისი პოლიტიკა აქვს. ის, მართალია, ზის გლობალისტურ კონცეფციაში, მაგრამ მაინც სხვა გეოპოლიტიკური ვექტორი აქვს და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ეს, როგორც ორჯერ ორი _ ოთხი, ისეა, ამიტომ ჩვენი პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს არა ჭიდილსა და მუდმივ დაპირისპირებას კრემლთან, არამედ ურთიერთობების დათბობას. სხვათა შორის, ალიევის ძალიან ჭკვიანური პოლიტიკაა ამის ნათელი მაგალითი, რომელმაც მიაღწია იმას, რომ აზერბაიჯანული ლობი მოსკოვში თითქმის გაუთანაბრდა სომხურს. ამიტომ აძლევს იგი თავს უფლებას, ომი დაიწყოს ყარაბაღში და არც ევროპის რეაქციის ეშინია, თუმცა დროზე უნდა გაჩერდეს ალიევი, თორემ სხვა მიმართულებით შეიძლება წაუვიდეს პროცესები…

_ ლობი ახსენეთ, დღევანდელ ვითარებაში აქვს საქართველოს რესურსი და პოტენციალი, თუნდაც ადამიანური, რომ ნელნელა, ნაბიჯნაბიჯ ჩვენც შევქმნათ ჩვენი ლობი მოსკოვში?

_ სამწუხაროდ, ძალიან ჩამორჩა საქართველო ამ თვალსაზრისით. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, თუ აქ ძირეულად არ გადახალისდება პოლიტიკური სპექტრი, რუსეთთან ურთიერთობებში ცვლილება არ იქნება. სხვათა შორის, 2013 წელს ბატონ ზურაბ აბაშიძეს ვუთხარი: მგონი, აუცილებელია ამ ეტაპზე დაიწყოს რუსეთში საქართველოს შესახებ პროპაგანდა, ქართველებს მხოლოდ ხაჭაპურისა და ცეკვა-თამაშ-სადღეგრძელოების დონეზე არ უნდა იცნობდნენ-მეთქი. ვგულისხმობდი იმას, რომ გამოცემულიყო გარკვეული ლიტერატურა, გაკეთებულიყო სატელევიზიო გადაცემები და ა.შ., რაც შეცვლიდა ჩვენი ქვეყნის იმიჯს რუსი ხალხის ცნობიერებაში. მოგეხსენებათ, რამხელა წვლილი აქვს ქართველობას რუსეთის სამხედრო ისტორიაში, მათ შორის მეცნიერებაში, პოლიტიკაში და ა.შ.

_ რა გიპასუხათ აბაშიძემ?

_ ძალიან მოეწონა იდეა და მითხრა, რომ იგი აუცილებლად ეტყოდა ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ, მაგრამ ისევე, როგორც თქვენ არ იცოდით ეს ამბავი აქამდე, იმის მერე მეც არაფერი არ გამიგია. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ფეხებზე დაიკიდა ეს ყველაფერი…

_ საპარლამენტო არჩევნებზეც გკითხავთ: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირ რესურსს ფლობდა, მათ შორის, ადმინისტრაციულ რესურსსაც, დედაქალაქის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია. მმართველმა გუნდმა ვერ მიიღო ხმების ის რაოდენობა, რომელსაც პროგნოზირებდა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს ყველაფერი?

_ ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” არ არის ხალხში პოლულარული, თუმცა, ჩემი აზრით, აქ კიდევ ერთი ფაქტორია _ არჩევნებამდე ყოველთვის ხდებოდა “ოცნების” ზედა ეშელონების დეზინფორმირება ქვედა და საშუალო რგოლის მიერ, აგრეთვე, ივანიშვილის, რომელიც, რაც დრო გადის, სულ უფრო ტოვებს თვითკმაყოფილი და რეალობას მოწყვეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას. გვერდით ჰყავს არანაკლებ თვითკმაყოფილი იდიოტი კობახიძის სახით, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული შიდა პარტიული სადავეები. აი, ეს პირები კვებავენ ერთმანეთს დეზინფორმაციით. მაგრამ, არჩევნების შემდეგ ცოტა რომ შეჯანჯღარდნენ, დაფაცურდნენ… დანარჩენი, მომავალში რა იქნება და როგორ, ამთავითვე ცხადია _ ქვეყნისთვის კარგსა და სასიკეთოს ესენი ვერაფერს ვერ გააკეთებენ, რაც დრო გავა, სულ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანენ სახელმწიფოს. არაფერს აღარ ვამბობ საშინაო პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც, უკვე დიდი ხანია, მწვავეა და კიდევ უფრო გამწვავდება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here