თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები სწრაფი ტემპით ვითარდება და ნებისმიერი ქვეყნისთვის ამ პროცესებში გარკვევას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს _ აუცილებელია მათი გაანალიზება და, რაც მთავარია, სწორი გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის საგარეო კურსზე, მით უმეტეს, რომ ურთულეს რეგიონში ვცხოვრობთ. კავკასია ევროპისა და აზიის გზაჯვარედინია, აქ რამდენიმე ზესახელმწიფოს ინტერესები იკვეთება, ამიტომ საქართველოსთვის არასდროს ყოფილა იოლი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაცვა. დღევანდელ ვითარებაში კი ეს უფრო გართულებულია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ვიცოდეთ, რა პროცესები მიდის როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში და განვსაზღვროთ, როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ საგარეო პოლიტიკაში, რათა კრიზისულ ვითარებაში არ დაზარალდეს არც ხალხი და არც სახელმწიფო.
საქართველოს ხელისუფლება ემხრობა ე.წ. დასავლურ კურსს, ანუ ნატოსა და ევროკავშირის გზას, აშშ-ს კი სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, საიდუმლო არავისთვის არის, რომ ვაშინგტონს სერიოზული გავლენა აქვს საქართველოზე. დასავლეთში, კერძოდ აშშ–ში, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომია _ ბოლო რამდენიმე თვეა, თითქმის ყველა შტატში დაპირისპირებაა სხვადასხვა ჯგუფს შორის, დემონსტრატები იკავებენ სახელმსიფო შენობებს, ხშირია შეტაკება პოლიციასთან და ა.შ. ურთულესი ვითარებაა ევროპაშიც. საფრანგეთში, უკვე წელიწადზე მეტია, “ყვითელი ჟილეტების” აქციები არ წყდება, საპროტესტო აქციებია გერმანიასა და ესპანეთშიც. ბრიტანეთმა კი დატოვა ევროკავშირი, რომელშიც ჩვენ, დიდი ხანია, გვეპატიჟებიან, მაგრამ არავინ იცის, რას მიიღებს საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციით, სადაც უამრავი პრობლემაა და რომელიც უკვე დაშლის პირასაა. მაგრამ ევროპელები დაპირებებს არ იშურებენ, მეტიც, ქმნიან ორგანიზაციებს, რომელთა საშუალებით ცდილობენ, დააჩქარონ ე.წ. ევროინტეგრაცია, იგულისხმება ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი პროექტი “აღმოსავლური პარტნიორობა”, რომელშიც შედის უკრაინა, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი “კურატორი” არის დონალდ ტუსკი _ პოლონეთის ყოფილი პრემიერი, ევროსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე ხელმძღვანელი ევროპის სახალხო პარტიისა, რომელიც უმსხვილესი ტრანსნაციონალური პარტიაა ევროკავშირში. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ევროკავშირის პოლიტიკური ფიგურების საქმიანობაში, მისთვის ცნობილია, რომ დონალდ ტუსკი მჭიდროდ არის დაკავშირებული აშშ-თან, კერძოდ, დემოკრატიული პარტიის ლიდერ ჯო ბაიდენთან, რომელიც მსოფლიოში “ფერადი რევოლუციების” მთავარი ორგანიზატორია. გადავიდეთ ფაქტებზე: კიევში “მაიდანი”, ანუ მორიგი “ფერადი რევულიცია” წარმატებით განხორციელდა, რასაკვირველია, ამერიკელი პოლიტიკოსების მხარდაჭერით, რომლებიც აქციებზე სიტყვით გამოდიოდნენ და ფუნთუშებს ურიგებდნენ დემონსტრანტებს, რომლებიც “მოლოტოვის კოქტეილებს” ესროდნენ კიევის პოლიციას და რომლებმაც მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნიდან გააგდეს. ხელისუფლების დამხობას უკრაინაში ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, ხოლო მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ამერიკელები განაგებენ ბაიდენის მეთაურობით _ უკრაინა აშშ-ის კოლონიად გადაიქცა. ყველას ახსოვს ბაიდენის ვიზიტი კიევში, როცა მან სამთავრობო სხდომა ჩაატარა, როგორც ქვეყნის რეალურმა მმართველმა.
2020 წლის ზაფხულში “აღმოსავლური პარტნიორობის” კიდევ ერთ წევრ სახელმწიფოს “ესტუმრა” რევოლუციის ტალღა _ ბელარუსში რაც ხდება, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევაა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, როდესაც ისინი არ ცნობენ ბელარუსი ხალხის მიერ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, და ბელარუსის პრეზიდენტად სვეტლანა ტიხონოვსკაიას აღიარებენ. ეს ძალიან ჰგავს ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, მაგრამ აშშ-მა პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარა. ბელარუსშიც ანალოგიური სცენარით მოქმედებენ რეჟისორები, იგულისხმება ჯო ბაიდენი და მისი ჯგუფი დონალდ ტუსკთან ერთად. არავის აქვს ილუზია, რომ ბაიდენს, რომლის სახელიც თვით აშშ-ში არაერთ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება, კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს, როდესაც ცდილობს, რიგ ქვეყნებში ლეგიტიმური ხელისუფლება შეცვალოს. უამრავი ფაქტით დასტურდება, რომ ბაიდენს, მაგალითად, უკრაინაში ბიზნესინტერესები აქვს და ის არაერთი ტრანსნაციონალური კომპანიის საშუალებით ცდილობს უკრაინის რესურსების მითვისებას. იგივე მიზნები აქვს ბელარუსში.
“აღმოსავლური პარტნიორობის” წევრები არიან სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტში არიან ჩართულნი, იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ხოლო კიდევ ორ წევრ ქვეყანაში _ საქართველოსა და მოლდოვაში, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, შესაბამისად, 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს. ვხედავთ, რომ “აღმოსავლური პარტნიორობის” ყველა წევრ სახელმწიფოში რევოლუციური და კონფლიქტური ვითარებაა, თითქოს ვიღაცის ერთიანი გეგმა ხორციელდება და ეს ტალღა მომავალი არჩევნების ფონზე, შესაძლოა, საქართველოსა და მოლდოვასაც მიუახლოვდეს. ამერიკელებს, კერძოდ, ჯო ბაიდენს, დევიდ კრამერსა და სხვებს, საქართელოშიც ჰყავთ დასაყრდენი პოლიტიკური ძალები _ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რომლებმაც გასული წლის ზაფხულში პარლამენტზე მიიტანეს იერიში და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობდნენ. ამ ძალებს 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შანსი, ფაქტობრივად, არ აქვთ, ამიტომ, შესაძლოა, უარყონ არჩევნების შედეგები, ხელისუფლება დაადანაშაულონ გაყალბებაში და, არ არის გამორიცხული, გაიმეორონ პარლამენტზე იერიში.
რა შეილება მოხდეს? რევოლუციის სცენარები ცნობილია. მაგალითად, როგორც ბელარუსში, ასევე აქაც, ოპოზიცია იმოქმედებს ამერიკელი კურატორების ხელმძღვანელობით. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ხელმძღვანელობით, ე.წ. ოპოზიციამ, შესაძლოა, არ ცნოს 31 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურად და ქუჩაში გავიდეს, ხოლო ბაიდენისა და კრამერის პოლიტიკურმა ჯგუფებმა აშშ–დან და ევროპიდან მხარი დაუჭირონ “ოპოზიციას” და თბილისში მივიღოთ მორიგი “ფერადი რევოლუცია”. გასათვალისწინებელია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფაქტორიც, მით უმეტეს, რომ საქართელოს მიმართ გარკვეული ბრალდებებიც გაისმა კონფლიქტში ჩართული მხარეების მხრიდან, მარნეულსა და ახალქალაქში აქციებიც ტარდება, ხოლო ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზები და განლაგდეს ბირთვული იარაღი. ოპოზიცია უხმობს ამერიკელ კურატორებს, რომ სამხედრო ძალით დაეხმარონ, ამიტომ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამერიკელების მარიონეტები შეეცდებიან, საქართველოც ჩაითრიონ ყარაბაღის კონფლიქტში. ეს არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ გამორიცხული არაფერია. იმედია, საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იმოქმედებს და პროვოკაციებს აღკვეთს.
საინტერესოა ქართველი პოლიტიკოსების თვალსაზრისი პროექტ “აღმოსავლურ პარტნიორობაზე”. მაგალითად, პარტია “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურიას აზრი ასეთია: “აღმოსავლური პარტნიორობა” მოსამზადებელი კურსებია ნატოში შესასვლელად და ყველა წევრი ქვეყნისთვის ასე აღიქმება, ხოლო “ფერადი რევოლუციები” იგეგმება ტრანსნაციონალური კორპორაციების, მსოფლიო პლუტოკრატების მიერ, რომლებიც აშშ–შიც კი ცდილობენ რევოლუციის მოწყობას და, თუ იქ გამოსდით, რატომ ვერ გამოუვათ საქართველოში ან უკრაინასა და ბელარუსში?”
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ გოჩა თევდორაძის აზრით, სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფი “ფერადი რევოლუციების” ორგანიზატორ ბაიდენს უჭერს მხარს: “მართლაც უცნაური დამთხვევაა, რომ ეს პროცესები მიდის იმ სახელმწიფოებში, რომლებიც შედიან პროექტ “აღმოსავლურ პარტნიორობაში”, მაგალითად: უკრაინა, ბელარუსი, ახლა სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველოშიც იძაბება ვითარება არჩევნების ფონზე. ვხედავთ, რომ სააკაშვილი და ბოკერია ბაიდენისა და კრამერის პოზიციებს იცავენ. ამასთანავე, ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” ორმაგ თამაშს თამაშობს და გაურკვეველი პოზიცია აქვს. “პატრიოტთა ალიანსის” პოზიცია კი გაცხადებულია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ტრამპს. ამ რთული პერიოდის გავლა საჭიროა გონივრული მმართველობით, რათა ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს”.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ნებისმიერი რევოლუცია ქვეყნის გარედან ფინანსდება, ამიტომ საჭიროა, ყველა დაფინანსება, რომლებიც დასავლეთიდან საქართველოში ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ ბაიდენ-კრამერის ფონდების საშუალებით შემოდიოდეს ფინანსები რადიკალური პოლიტიკური ძალების, ანუ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დასაფინანსებლად, ამიტომ მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს კორუფციული სქემების აღსაკვეთად; მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, რა სესხებსა და გრანტებს იღებს სახელმწიფო უცხოეთიდან, რადგან სახელმწიფო სესხი მოქალაქეების გადასახდელია და სრული უფლება გვაქვს, ვიცოდეთ.
გიორგი ირემაძე, საინფორმაციო სააგენტო “პატრიოტის” მთავარი რედაქტორი
P.S. მსოფლიო ეკონომიკურ–პოლიტიკური კრიზისი უკვე დაწყებულია, რომელსაც პანდემიაც ხელს უწყობს და პროცესები უფრო სწრაფად ვითარდება, ამიტომ საქართველოსთვის მომავალ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედია, მკითხველისთვის სასარგებლო იქნება სტატიაში მოყვანილი ფაქტები და 31 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჯანსაღი აზრი, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს მომავალი.
patrioti-tv.ge