თურქეთს საერთაშორისო პოლიტიკაში შანტაჟისტის რეპუტაცია აქვს. და მართლაც, რომელი მხრიდანაც უნდა შეხედო თურქეთის პოლიტიკას მოკავშირეების, პარტნიორების თუ მოწინააღმდეგეების მიმართ, ყველგან ჩანს შანტაჟი, როგორც სტრატეგიის საფუძველი. თურქეთი აცნობიერებს თავის მნიშვნელობას მათთვის, ვისთანაც იწყებს ურთიერთობას და ყოველთვის მიმართავს შანტაჟს სარგებლისა და მიზნების მისაღწევად.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკის ისტებლიშმენტის კონსერვატიულმა ფრთამ თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით წინა პლანზე წამოსწია საკითხი აშშ-სა და თურქეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობის შენარჩუნების მიზანშეწონილობაზე, რადგან ვარაუდობს, რომ ნატოში თურქეთი მეხუთე კოლონად იქცა და მუდმივი მხოლოდ ალმასია, ალიანსები კი არასდროს არ არის მუდმივი.
ამერიკელები მკაფიოდ წარმოაჩენენ მოკავშირეობის მიზანშეწონილობის კრიტერიუმს. მათი აზრით, კავშირი ისეთ ქვეყანასთან, “რომელიც ხელს არ უწყობს აშშ–ის უსაფრთხოების განმტკიცებას”, უაზრობაა. ბოლო ხუთი წელია, თურქეთი ყველაფერს აკეთებს აშშ–ის ინტერესების შესაზღუდავად და ამცირებს მის უსაფრთხოებასა და ჰეგემონიას. და ჩნდება კითხვა _ სჭირდება კი ასეთი მოკავშირე აშშ–ს? თურქეთი ნატოს უსაფრთხოების ბურჯია ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში. როგორც ნატოს წევრი, ის ზღუდავდა საბჭოთა კავშირის ფლოტის გადაადგილებას შავ და ხმელთაშუა ზღვებში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ინჯირლიყსა და იზმირში აშშ-ის ავიაბაზებს სამხედრო ოპერაციების გასაფართოებლად იყენებდა, მაგრამ სსრკ-ის დაშლის შემდეგ თურქეთი ამერიკის იმპერიის დარაჯად იქცა გაურკვეველი ვალდებულებებით ჰეგემონის წინაშე.
ნატოში თურქეთის შესვლამ დასავლეთი აიძულა, თვალი დაეხუჭა ამ ქვეყნის ბევრ შეუსაბამობაზე ამერიკულ მოთხოვნებთან. თურქეთის პოლიტიკურ სისტემაზე სამხედროების გავლენა აშშ–ისთვის სახიფათო იყო, რადგან ართმევდა თურქეთის პოლიტიკურ სისტემაზე ზემოქმედების ბერკეტებს _ თურქი სამხედროები განსაკუთრებული კასტაა, მიუხედავად მათთვის ტვინების ტოტალურად გამორეცხვისა ამერიკულ აკადემიებში, მაინც ათათურქის იდეების მომხრეებად რჩებიან.
ამერიკელები რამდენჯერმე შეეცადნენ, თურქეთის პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას. დიპლომატიური არხების მეშვეობით მოლაპარაკებები რთული იყო, ამერიკელებმა მათრახი და თაფლაკვერი გამოიყენეს. ავტორიტეტული რეჟიმის ხარისხი შემცირდა და ის “ისლამური დემოკრატიის” ნიმუშად იქცა.
მაგრამ თურქეთსა და საბერძნეთს შორის კონფლიქტი ყოველთვის ქმნიდა პრობლემებს ნატოში. როცა 1974 წელს თურქეთმა კვიპროსის ნაწილი დაიპყრო, აშშ-ის კონგრესმა იარაღის მიწოდება აკრძალა თავისი ჭირვეული ვასალისთვის. სიუზერენის თავის ტკივილი ყოველთვის იყო თურქეთში სამხედროების ძლიერი გავლენისა და სუსტი ეკონომიკის შეთავსება. თურქეთი მიისწრაფვოდა ევროკავშირისკენ. და, როცა ხელისუფლების სათავეში ერდოღანი მოვიდა, ქვეყანა ზომიერად რელიგიური, ლიბერალური და პროდასავლური იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ის გაიხრწნა, ქვეყანაში აყვავდა კორუფცია, გამყარდა რელიგიური და ავტორიტარული ტენდენციები. დასავლეთისგან თურქეთის იზოლაციის პროცესი დაიწყო 2016 წელს, ერდოღანზე თავდასხმის შემდეგ, რომელსაც აშშ–ში ერდოღანის მიერ ოპოზიციის განადგურების მიზნით ინსცენირებული უწოდეს.
დასავლეთის მიერ შექმნილი “თურქული დემოკრატია” ნეოოსმალეთისკენ თურქეთის დრეიფის გამო დაიკარგა. აშშ–მა თურქეთზე გააძლიერა წნეხი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით _ სახელმწიფო დეპარტამენტი ალაპარაკდა ადამიანების გაუჩინარებაზე, დაპატიმრებებსა და წამებაზე, Freedom House–მა კი თურქეთს “არათავისუფალი ქვეყნის” სტატუსი მიანიჭა.
აშშ-ისა და თურქეთის კონფლიქტი კიდევ უფრო გაფართოვდა, როცა ამერიკელები შეეცადნენ, სირიაში საყრდენი ძალის სტატუსი ქურთებისთვის მიენიჭებინათ. ეს თურქეთს ტერიტორიული პრობლემების შექმნით ემუქრება. აშშ–ის გეგმა სირიის, ერაყისა და თურქეთის ტერიტორიებზე ქურთების სახელმწიფოს შექმნის შესახებ ანკარას ვაშინგტონის მოწინააღმდეგედ აქცევს, მიუხედავად ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური დამოკიდებულებისა.
ქურთების გამო აშშ-ისა და თურქეთის კონფლიქტი პრინციპულია ორივე ქვეყნისთვის და მისი მოგვარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის თავის განზრახვაზე, ე.ი., აღიარებს დამარცხებას, რაც ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თურქეთი დარწმუნებული არ არის თავის უსაფრთხოებაში აშშ–თან კავშირით და პირიქით _ აშშ–ს უკვე აღარ სჯერა, რომ თურქეთთან კავშირი პრობლემებს არ შეუქმნის მის უსაფრთხოებას.
ცეცხლზე ნავთს ასხამს თურქეთის კონფლიქტი ნატოს ქვეყნებთან და ისრაელთან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში. სამხედრო მუქარა კვიპროსისა და საბერძნეთის წინააღმდეგ, კონფლიქტი საფრანგეთთან, ნატოში ანტითურქული ბლოკის შექმნა _ ეს მუქარები საშუალებას აძლევს აშშ-ს, შეინარჩუნოს კონტროლი სამხედრო კავშირებზე.
თურქეთის სამხედო ავანტიურიზმი პრობლემებს უქმნის აშშ–ს. როცა თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო იმის გამო, რომ შემთხვევით შეიჭრა მის საჰაერო სივრცეში, აშშ და ნატო ბირთვული იარაღის მქონე რუსეთთან შეჯახების საფრთხის წინაშე დადგნენ. თურქეთი თანამიმდევრულად ითრევს დასავლეთს თავის კონფლიქტებში და ეს ძალიან არ მოსწონს დასავლეთს. გარდა იმისა, რომ რუსეთი, რომელიც ძლიერდება, საფრთხეს უქმნის აშშ-ის ჰეგემონიას მსოფლიოზე, თვითონ თურქეთიც არ აპირებს მორჩილებას. სკანდალური იყო თურქეთის მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის _ C-400-ების შესყიდვა. ამის გამო აშშ–მა შეწყვიტა თურქეთისთვის F-35 თვითმფრინავების მიწოდება. პასუხად თურქეთმა გააძლიერა აქტიურობა ლიბიასა და სირიაში, სადაც კონტროლი დაამყარა ოპოზიციონერთა ნაწილზე, რომელზეც გავლენის მოპოვება აშშ–ს სურდა. ამასთანავე, გაიყვანა გაზსადენი “თურქული ნაკადი” და აშენებს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის დახმარებით.
თურქეთის მიერ დასავლეთის წინაშე ჩადენილი ცოდვების გვირგვინია ანკარის მიერ სამხედრო მოქმედებების ინიცირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო. აშშ-ს არ აქვს გარანტია, რომ თურქეთი გაიმარჯვებს ამ კონფლიქტში და მისი მხრებით შეაღწევს ამიერკავკასიაში (ასე ესმის აშშ-ს სამოკავშირეო ურთიერთობები). ამ კონფლიტში თურქეთის დამარცხება რუსეთის გავლენას გააძლიერებს რეგიონში, რაც აშშ-ის მიერ ბოლო ორ ათწლეულში შემუშავებული გლობალური გეგმების ნგრევას გამოიწვევს. შედეგად აშშ თურქეთს უკვე ხედავს არა როგორც ძლიერ, არამედ როგორც სუსტ რგოლს.
თურქეთი მიაჩნიათ პოტენციურ მოღალატედ და კოლაბორაციონისტად, რომელსაც შეუძლია, საფრთხის მომენტში ნებისმიერს ჩასცეს ზურგში მახვილი. აშშ-ში სვამენ კითხვას: შეუძლია კი თურქეთს, ომი გამოუცხადოს რუსეთს, რათა, მაგალითად, დაეხმაროს ნატოს ბალტიისპირეთში? ჩანს, იქ დარწმუნებულნი არიან, რომ არა. ეს კი ნიშნავს, რომ ნატოს ზურგი სამხრეთში მოშიშვლებულია, _ მიიჩნევენ პენტაგონში. ერდოღანმა არა მხოლოდ ჩამოართვა აშშ-ს კონტროლი “ისლამურ სახელმწიფოსა” და პროამერიკულად განწყობილი ქურთების არაბ მოწინააღმდეგეებზე, არამედ ნატოელ მოკავშირეებსა და ევროკავშირელ პარტნიორებს ომით ემუქრება; აშშ-ის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ თანამშრომლობს ისრაელის მტერ “ჰამასთან”; არღვევს გაეროს მიერ დაწესებულ ემბარგოს იარაღის მიწოდებაზე და უპირისპირდება საფრანგეთისა და საბერძნეთის ფლოტებს; აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის ინტერესების საზარალოდ ხელს უწყობს ომის ხანძრის გაღვივებას ლიბიაში. უფრო მეტიც, ერდოღანის ქმედებები, ვითარებიდან გამომდინარე, იწვევს რუსეთის, საფრანგეთის, ევგიპტისა და გაერთიანებული არაბული საამიროების მოკავშირეობას, რაც აშშ-ს აიძულებს, აქტიურად ჩაერიოს ვასალების კონფლიქტში ხმელთაშუა ზღვაში კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
ამერიკელთა აზრით, თურქეთი მოკავშირე ქვეყნიდან აგრესორად იქცა. ერდოღანის რიტორიკა ძაბავს აშშ–ს. თურქეთის ლიდერი ამბობს, რომ მსოფლიო დღის წესრიგი დამახინჯებულია და პლანეტას მართავს რამდენიმე ხარბი ადამიანი, რომლებიც თურქეთისგან მოითხოვენ, თავისი სანაპირო ზოლიდან არ გავიდეს. აშშ–ის აზრით კი, ეს დაუშვებელი რევიზიონიზმია მოკავშირის მხრიდან. აშშ იმედგაცრუებულია ერდოღანითა და მისი კურსით ახალი ოსმალეთის იმპერიისკენ. თურქეთს უკვე აღარ აღიარებენ უწინდელ მოკავშირედ. დასავლეთმა არ იცის, სადამდე შეიძლება მივიდეს თურქეთი თავისი ომებით ევროკავშირსა და რუსეთთან, ამ ომებში აშშ–ის ჩართვის რისკით.
დასავლეთში ერდოღანს ნდობადაკარგულად მიიჩნევენ და მისი წასვლა სურთ გამოვლენილი ანტაგონიზმის, ისლამიზმისა და ნაციონალიზმის გამო. მაგრამ იქ ისიც ესმით, რომ სწორედ ამის გამო აქვს ერდოღანს ძლიერი მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით. და იქ სახელმწიფო გადატრიალების შანსი ნულის ტოლია. ერდოღანი ჯერ კიდევ არ არის ხანდაზმული პოლიტიკოსი, 66 წლისაა, ამიტომ ხანგრძლივ ფაქტორად მიიჩნევენ.
თუ აშშ თავს განზე გადგომის უფლებას მისცემს, მისი გლობალური მისია დასრულდება, ხოლო, თუ მას ვასალები ომში ჩაითრევენ, ამ შემთხვევაშიც დასრულდება მისი მისია, ოღონდ სხვაგვარად. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ შეურიგდება თურქეთს და მას ნატოდან გასვლის საშუალებას არ მისცემს, მაგრამ მისი სტრატეგიის შეცვლას ვერ შეძლებს.
აშშ მიიღებს თურქეთს, როგორც არასაიმედო მოკავშირეს, და იმუშავებს მასთან შესაძლებლობის მიხედვით, ოღონდ მისცემს თუ არა მას ერდოღანი ასეთ შესაძლებლობებს, საკითხავი ეს არის.
ნატოს ეროზიის ხანგრძლივი პროცესი დაწყებულია, რადგან მუდმივი ალიანსი არ არსებობს. თურქეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტს კონსტრუქციული გადაწყვეტა არ აქვს და მას აშშ წინ ვერ აღუდგება.
ალექსანდრე ხალდეი
iarex.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ