Home რუბრიკები პოლიტიკა კიდევ ერთხელ და, მგონი, უკანასკნელად _ ლიბერასტი უღმერთო დასავლეთი თუ ერთმორწმუნე მართლმადიდებელი...

კიდევ ერთხელ და, მგონი, უკანასკნელად _ ლიბერასტი უღმერთო დასავლეთი თუ ერთმორწმუნე მართლმადიდებელი რუსეთი

საბჭოთა კავშირში მეორე ადგილზე ყოფნა სჯობდა თუ ახლა ევროპაში ბოლოდან მეორე რომ ვართ? არაფერს ვიტყვი პირველობაზე, რომელსაც 200 წლის განმავლობაში არავის უთმობდა ქართველი

კიდევ ერთხელ და, მგონი, უკანასკნელად _ ლიბერასტი უღმერთო დასავლეთი თუ ერთმორწმუნე მართლმადიდებელი რუსეთი

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მსოფლიოში მიმდინარე, დროებით “გაყინული” თუ დასრულებული დიდი თუ მცირე სამხედრო კონფლიქტები, დასავლეთის გეოპოლიტიკური წიაღსვლები (თუ ასე თქმა უპრიანია), სირია იქნება ეს თუ უკრაინა, ბელარუსი თუ სომხეთ-აზერბაიჯანი, ერაყი თუ ლიბია, ვენესუელა და ა.შ. _ ყველაფერი ეს, ერთად თუ ცალ-ცალკე, საბოლოო ჯამში, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ფარული თუ აშკარა პროცესებია.

გაზეთის წინა ნომერში სწორედ ამ უმწვავეს თემებს, რუსეთის გარშემო გეოპოლიტიკური თამაშების ანალიზს მივუძღვენი სტატია, რომელიც იმ ფაქტის კონსტატაციით დავასრულე, რომ ზემოხსენებული მოვლენების გამო გეოპოლიტიკურ ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე მდგარი რუსული დათვი ამ რეალობას არ შეეგუება და ვაი მას, ვისაც ეს გამძვინვარებული დათვი დატორავს-მეთქი.

რუსეთს ძალა რომ შესწევს ქადილის შესრულებისა, არაერთგზის დაუმტკიცებია სამხედრო კონფლიქტებში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობით. აგერ მთიანი ყარაბაღის სამხედრო დაპირისპირება (თუმცა, რაღა დაპირისპირება _ სრულმასშტაბიანი ომი) ახალი დაწყებული იყო, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა “ცირკონის” ბრჭყალები გამოაჩინეს, როცა წარმატებით გამოსცადეს ჰიპერბგერითი რაკეტა “ცირკონი” (რომელსაც ამერიკელებმა ავიამზიდების მკვლელი შეარქვეს), რომლითაც თეთრი ზღვიდან ბარენცის ზღვაში, 450კმ-ით დაშორებულ პირობით მიზანს ზუსტად დაარტყეს. ამ რაკეტის ჩამოგდება ჯერჯერობით არც ერთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას არ ხელეწიფება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დასავლეთის შეიარაღებულ ძალებში “ცირკონის” ანალოგი ჯერჯერობით არ არსებობს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამხედრო ექსპერტებმა “ცირკონს” შეკავების არაბირთვული იარაღი უწოდეს. ეს ყველაფერი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალდაწყებული ომის ფონზე მოხდა. “ცირკონის” გაშვება, ერთი მხრივ, ახალი ტიპის იარაღის დემონსტრაციული გამოცდა იყო, ხოლო, მეორე მხრივ, დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) გაფრთხილება _ არაფერი შეგეშალოთო, რადგან სომხეთი არც სირიაა და არც უკრაინა _ სომხეთი ამიერკავკასიაში რუსეთის ერთადერთი ერთგული მოკავშირეა, რომელსაც რუსეთი არ დათმობს, თვით თურქეთთან ომსაც არ მოერიდება, ვინაიდან, სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, სომხეთის დაკარგვა რუსეთის ჯერ ამიერკავკასიიდან გასვლას, ხოლო პერსპექტივაში მთლიანად კავკასიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყირიმის დაკარგვის საფრთხეს ნიშნავს. რომ იტყვიან, ჩემი მტერი იყოს რამზან კადიროვის რუსეთის ფედერაციაში შემავალი, მაჰმადიანი ჩრდილოეთ კავკასიელების (წაიკითხე, ჩეჩნეთი, დაღესტანი, ინგუშეთი და ა.შ.) ერთგულების იმედად; მით უმეტეს, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ თურქეთის მიერ გაცხადებული ე.წ. დიდი თურანის იმპერიის აღდგენის გეგმების გზაზე, აზერბაიჯანის შემდეგ, ზემოხსენებული ჩრდილოეთ კავკასიის სუნიტი მაჰმადიანური, ანუ თურქეთის ერთმორწმუნე რესპუბლიკების ჯერი დადგება და, აქედან გამომდინარე, ვიმეორებ, რუსეთი არაფრის დიდებით არ დათმობს სომხეთს, ანუ ამიერკავკასიას.

პირიქით _ რუსი თუ სხვა პოლიტოლოგ-ექსპერტები პოლიტიკურ შოუებში სულ უფრო ხშირად და გაბედულად საუბრობენ, რომ რუსეთი, უკვე დროა, ჰაერში “კალიბრებისა” თუ “ცირკონების” ფუჭი ფოიერვერკების მოწყობიდან რეალურ ქმედებებზე გადავიდეს _ ჯერ ცნობილი რაკეტებით და, თუ საჭირო შეიქნა, ჯერჯერობით მხოლოდ ვლადიმერ პუტინისა და სამხედროების ვიწრო წრისთვის ცნობილი საიდუმლო იარაღების (რომელთა არსებობის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა) მეშვეობით, პანღურის კვრით უნდა გააძევონ ამიერკავკასიიდან თურქები და შემდეგ რომანოვების, გნებავთ, სსრკ-ის იმპერიისდროინდელი “კონსტიტუციური წესრიგი” აღადგინონ გაურჩებულ აზერბაიჯანსა და ნატოსკენ მიმავალ საქართველოში.

სანდო წყაროს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს სამხედროები “აწვებიან” ე.წ. დერჟავნიკი გენერალიტეტის სახით, რომლებიც ყოველივე ზემოთქმულის შესასრულებლად დაუყოვნებლივ ქმედებებს მოითხოვენ ვლადიმერ პუტინისგან არა მხოლოდ საქართველო-აზერბაიჯანის მიმართ, არამედ რუსეთის იმპერიის სხვა “უმადური შვილების” _ უკრაინა-მოლდოვა-ბელარუსის მიმართაც.

ამ ჩამონათვალში შეიძლება მოხვედრილიყო ყირგიზეთიც, რომელშიც რამოდენიმე დღის წინათ მორიგი “ფერადი რევოლუცია”, სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაგრამ ბიშკეკის ახალარჩეულმა თუ დანიშნულმა პარლამენტის თავმჯდომარემ ტრიბუნაზე ასვლისთანავე პირველი, რაც თქვა, იყო ის, რომ ყირგიზეთის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე იყო და იქნება რუსეთის ფედერაცია.

ამას წინათ ერთ-ერთ რუსულ ლიბერასტულ ტელეარხზე სსრკ-ის ცნობილ მაესტროსთან, გენიალურ ლატვიელ კომპოზიტორ რაიმონდ პაულსთან ინტერვიუს ვუყურე. კორესპონდენტი ერთი საათის განმავლობაში უშედეგოდ “ეჩალიჩებოდა” უკვე 80 წელს გადაცილებულ მაესტროს, როგორმე ცუდი დაეცდენინებინა სსრკ-ზე ან თანამედროვე რუსეთზე. ბატონმა რაიმონდმა ჯერ ხომ აქო და ადიდა სსრკ, შემდეგ ტელეწამყვანის გულის გასახეთქად ხსენებულ ტელევიზიას უსაყვედურა _ მინსკის დარბევებს რომ დღენიადაგ ატრიალებთ, იმაზე რატომ დუმხართ, არანაკლებ სასტიკი დარბევები რომ ხდება საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკა ხომ, საერთოდ, გაგიჟდაო. ეს ყველაფერი პირში მიახალა აბეზარ კორესპონდენტს გულმოსულმა “კრემლის ვარსკვლავმა” _ ასე ეძახდნენ თურმე ბალტიის რესპუბლიკებში საბჭოთა კავშირისდროინდელ მომღერლებს ბალტიის ქვეყნების ურაპატრიოტები. მხცოვანმა მაესტრომ ისიც გაიხსენა, რომ სსრკის ეკონომიკაში ლატვიას პირველი ადგილი ეკავა და იქვე კითხვა შეუბრუნა წამყვანს: ევროკავშირის წევრი ლატვიის ეკონომიკა ევროპაში რომელ ადგილზეაო? _ ბოლოდან მეორეზეო, თავადვე უპასუხა დასმულ კითხვას დიდმა კომპოზიტორმა.

თუმცა ერთი მართლა “შეეშალა”: ცხოვრების დონით საქართველო იყო პირველი და ბალტიისპირეთი _ მეორე.

“შერეკილი” ერთაოზ ბრეგვაძის არ იყოს, კინაღამ მეც ვიყვირე: “უჰ, შენი ჭირიმე, ბიძია-ბაბუა!” და იქვე რიტორიკული კითხვა გამიჩნდა: საბჭოთა კავშირში მეორე ადგილზე ყოფნა სჯობდა თუ ახლა ევროპაში ბოლოდან მეორე რომ ვართ? არაფერს ვიტყვი პირველობაზე, რომელსაც 200 წლის განმავლობაში არავის უთმობდა ქართველი.

ყველანაირი გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, რუსეთი მტრად რომ გაიხადო, ან ავლიპის პაციენტი უნდა იყო, ან სამშობლოს შეგნებული მტერი. ნუთუ ამ უმარტივეს ჭეშმარიტებას ვერავინ ხვდება და ვერავინ ხედავს ქოცნაცების ხელისუფლებაში?!

დიახ, ქოც-ნაცების, რადგან არა ერთხელ და ორჯერ აღგვინიშნავს, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთი ხის სხვადასხვა ტოტია, ერთნაირ ნაყოფს ისხამენ, პოზიცია-ოპოზიციას ირქმევენ და არჩევნებზე გვთავაზობენ გაბრიყვებულ ქართველ საზოგადოებას. ყველაფერს ხედავენ და ყველაფერი ესმით, მაგრამ რა ჰქნან? ორივეს ერთი “ხაზეინი” ჰყავს პოტომაკის ნაპირებიდან და საქართველო ვაშინგტონის “ობკომიდან” _ საქართველოში აშშ-ის საელჩოდან იმართება.

მოძმე ერები, სტრატეგიული მოკავშირეები გლობალურ პოლიტიკაში ფუჭი სიტყვებია!

წინა წერილში ნათქვამს, ოღონდაც უფრო მძაფრად, გინდ დამაპატიმრონ, გინდ ფაშისტობა თუ ქსენოფობია დამწამონ, მაინც ხმამაღლა ვიტყვი:

სომხეთ-აზერბაიჯანის ომში საქართველო ბოლომდე ნეიტრალური ვერ დარჩება და ბაქოსა და ერევანს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ეს რომ ასე იქნება, ამას წინათ მოსკოვში, რუსეთ-სომხეთ-აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკების შედეგებმა, უდრო ზუსტად, უშედეგობამ დამარწმუნა _ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებისა, რეგიონში საომარი მოქმედებები ერთი წუთითაც შეწყდა კი არა, უფრო დაუნდობლად გაგრძელდა.

აქედან გამომდინარე, რუსეთსაც მოუწევს არჩევანის გაკეთება და, რადგან ცხადია, რომ ეს ომი ერთერთი მხარის გამარჯვებითა და, შესაბამისად, რომელიმეს დამარცხებით უნდა დამთავრდეს, შუაში რომ არ გავიჭყლიტოთ, ჩვენც უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ეს არჩევანი კი ერთმორწმუნე რუსეთი უნდა იყოს და არა ის, რომ ჰაოსი და ქართლოსი ძმები იყვნენ. ბიბლიურად არ ვიცი, მაგრამ დღეს ჰაოსი და ქართლოსი როგორი ძმებიც არიან, ამაზე ილიასქვათა ღაღადიღაღადებს.

რაც შეეხება აზერბაიჯანელებს, რადგან ომი აქვს ჩვენს “სტრატეგიულ მოკავშირეს”, თურმე დავითგარეჯაზე სიტყვა არ უნდა დავძრათ. რა დროს რუკები და კომპასებია, როდესაც გარეჯში დაღვრილი 6 ათასი ბერის სისხლი ცას შესჩუხჩუხებს და მიწაზე სამართალს ეძებს.

დავით მხეიძე

P.S. “სსრკის დანგრევა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო!”_ სრული სიმართლე ბრძანა ვლადიმერ პუტინმა თავის დროზე. ამის გამო დასავლელმა ლიბერასტებმა ლამის ჯვარს აცვეს რუსეთის პრეზიდენტი _ სსრკის აღდგენა უნდაო. “ვისაც სსრკის დანგრევა გაუხარდა, მას გული არ აქვს, მაგრამ, ვისაც სსრკის აღდგენა უნდა, მას ჭკუა არ აქვს!” _ ესეც პუტინის ნათქვამია და ფრთხილად, ნატოს პამპერსების მოტრფიალე საქართველოვ, რადგანაც რუსეთის პრეზიდენტი, მგონი, “უჭკუოსაქციელს აპირებს და ემანდავარიაში არ მოვხვდეთ”, ერთხელ მაინც გავაკეთოთ სწორი არჩევანი: იქით _ ლიბერასტული, უღმერთო დასავლეთი და აქეთ _ ერთმორწმუნე მართლმადიდებელი რუსეთის იმპერია!

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here