Home რუბრიკები პოლიტიკა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკების გამართვამ დაგვანახვა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკების გამართვამ დაგვანახვა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკების გამართვამ დაგვანახვა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე ომი საქართველოზეც ახდენს გავლენას _ გარდა იმისა, რომ რეგიონში სიმშვიდე არ არის, ისედაც მყიფე ეკონომიკას მეზობლებს შორის არასტაბილური გარემო კიდევ უფრო შეარყევს, მაგრამ ახლა არა ეკონომიკაზე, არამედ იმაზე გვსურს საუბარი, რისი სწავლა შეიძლება ამ ომიდან და ისიც გავიხსენოთ, რომ სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ჭკვიანები _ სხვისაზე და ჩვენი გადასაწყვეტია, რომელს ავირჩევთ.

როგორც ერთი, ისე მეორე მხარე ინტერნეტში მუდმივად ავრცელებდა ომის ამსახველ კადრებს, როგორ ანადგურებდნენ მტრის ცოცხალ ძალას, როგორ იგდებდნენ ხელთ საბრძოლო ტექნიკას. ამ ყველაფერს პატრიოტული სიმღერებიც ერთვოდა. რა თქმა უნდა, კარგია, როცა მტერს იგერიებ, მაგრამ თითოეული გარდაცვლილი ჯარისკაცის უკან ოჯახი დგას _ მშობლები, ცოლ-შვილი და თითოეულის სიკვდილი ტრაგედიაა. ახლა არ ვიტყვით, რომელი მხარის, მაგრამ რამდენიმე ათეულ ტანკისტს წელზე ჯაჭვი ჰქონდა შემორტყმული, რომლითაც ტანკის სკამზე იყვნენ მიბმულნი, ბრძოლის ველიდან რომ არ გაქცეულიყვნენ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ტანკების განადგურება ჰაერიდან დრონის მეშვეობით ისე ხდება, გაქცევას კი არა, ამოსუნთქვას ვეღარ ასწრებენ. ჰოდა, ეს უწვერული ბიჭები რკინის კუბოში ჰყავდათ დაბმული და ისე უშვებდნენ სიკვდილთან შესახვედრად. ნეიტრალური ადამიანისთვის (თუ, საერთოდ, შეიძლება ომის დროს ნეიტრალური იყო) ეს ყველაფერი უმძიმესი სანახავია და ამიტომ ადრეც მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.

იმის მიუხედავად, რომ დასავლეთმა შეშფოთება-აღშფოთების შემდეგ ორივე მხარეს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი არ გაჩერებულან. ორივე მხარე დაუნდობლად ბომბავდა ერთმანეთის პოზიციებს და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურების შესახებაც ომახიანად გადმოსცემდა. ომის შეწყვეტის მოწოდებასთან ერთად, ევროპისა და ამერიკის ლიდერები იმასაც გაიძახოდნენ, რომ მთავარია, ამ ომში რუსეთი არ ჩაერიოს, თორემ შემდეგ ყველაფერი უფრო ფართო მასშტაბს მიიღებსო. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ დასავლეთს სურდა ომში რუსეთის ჩართვა და ასეთ შემთხვევაში კავკასია საბრძოლო პოლიგონად იქცეოდა, საქართველოც ავტომატურად აღმოჩნდებოდა კონფლიქტში ჩართული და საბოლოოდ მივიღებდით იმას, რომ ამიერკავკასია მხოლოდ ტერიტორია იქნებოდა, დაუსახლებელი, გაუკაცრიელებული, ჩვეულებრივი საბრძოლო პოლიგონი, რომელსაც რიგრიგობით გამოიყენებდნენ “სტრატეგიული პარტნიორები” ან საწვრთნელად, ან საომრად.

საბოლოოდ, რუსეთი კონფლიქტშიჩაერიადა მერე როგორ _ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხეს ევროპამ და ამერიკამ. რუსეთმა მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა აზერბაიჯანული და სომხური მხარეები, თვითონ შუამავლის როლი იკისრა და ყოველგვარი მატრაკვეცობისა და ზედმეტი აურზაურის გარეშე ისინი, დროებით მაინც, ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმა. სულ ცოტა, სამდღიანი მშვიდობის პერიოდში მხარეები დაღუპულთა ცხედრებისა და ტყვეების გაცვლით იქნებიან დაკავებულნი და, ამასთანავე, წითელი ჯვარი ჰუმანიტარულ დახმარებასაც შეიტანს რეგიონში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მათი ყოფა ყოველდღიურად დამძიმდება.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ქართულ სოციალურ ქსელებში ნამდვილი ისტერიკა დაიწყო. რაც მთავარია, ამ ისტერიკის მომწყობნი არა რიგითი ადამიანები, არამედ ე.წ. ცნობადი ფეისები აღმოჩნდნენ. ისინი მიესალმნენ ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ დაიწუნეს ის, რომ მხარეებმა ცეცხლი რუსეთის ჩარევის შემდეგ შეწყვიტეს. თურმე ძალიან ცუდია, თბილისელმა სერგეი ლავროვმა რომ მოახერხა და აზერბაიჯანი და სომხეთი დააზავა, რადგან ლავროვს თურმე კავკასია ეზიზღება. ვერ გეტყვით, სად ამოიკითხეს ზიზღი, რადგან ლავროვს არაერთხელ უთქვამს, რომ მშობლიური თბილისი ძალიან უყვარს და ენატრება. საინტერესოა ისიც, რომ არც ამერიკისა და არც ევროპის არც ერთ პოლიტიკოსს რუსეთის ინიციატივა და მიღწეული შედეგი არ გაუკრიტიკებია. პირიქით _ ლავროვს ტაშიც დაუკრეს, კარგია, რომ მოახერხე და საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთ მაგიდასთან დასვიო. თანაც, ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, ის კონკრეტული შედეგით დასრულდა და ეს დაინახა სრულიად მსოფლიომსაქართველოს გარდა.

არ ვიცი, სხვა რა ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ამ მიმართულებით ყეფას უფრო ჰგავს. მშვიდობა დამყარდა რეგიონში და მაინც ვაკრიტიკებთ რუსეთს. კაცის კვლა შეაჩერა რუსეთმა და ჩვენ მაინც არ მოგვწონს. რამდენიმე ასეული ადამიანი სამუდამო განსასვენებელს მშობლიურ მიწაში ჰპოვებს, რამდენიმე ათასი დახმარებას მიიღებს, რამდენიმე ასეული ტყვეობას თავს დააღწევს და ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ცუდიცაა, რადგან რუსეთმა გააკეთა. უკვე სასაცილოც აღარ არის ქართველ პოლიტიკოსთა უგუნურება, რადგან ის ყოველგვარ ზღვარს სცდება. კოსმოსსაც აქვს საზღვარი, იდიოტიზმი უსაზღვროაო, _ ამაზეა ნათქვამი. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს. რატომღაც გვგონია, რომ, როგორც წელს, დავოსის ფორუმზე მხოლოდ ჩვენ ვაკრიტიკეთ რუსეთი, ისე ხდება ახლაც. ამჯერადაც, მხოლოდ ჩვენ გვაკრიტიკებინებენ (ჰო, გვაიძულებენ) რუსეთს იმისთვის, რომ შემთხვევით არ გაგვიჩნდეს სურვილი და ლავროვს სასაუბროდ არ დაუჯდეს დავით ზალკალიანი. გემახსოვრებათ ის ისტერიკა, რაც ზალკანიანისა და ლავროვის შეხვედრას მოჰყვა. მაშინ ჩვენს საგარეო საქმეთა მინიტრს აუგი არ დასცდენია, რადგან გამოცდილი დიპლომატია და მიხვდა, რომ მეზობელთან კონკრეტულ თემებზე საუბარი შესაძლებელი იყო, მაგრამ… არ დაგვაცადეს, არ დაგვანებეს და კვლავ კატათაგვობანას თამაში განვაგრძეთ. ცივილიზებული სამყარო ტაშს უკრავს რუსეთს იმისთვის, რაც მოახერხა, ჩვენ კი ვლანძღავთ და ქულების დაწერა გვინდა დასავლეთთან, მაგრამ იმას რატომ არავინ კითხულობს, თვითონ დასავლეთი რატომ არ აკრიტიკებს რუსეთს წარმატებული მოლაპარაკებების გამო? იმიტომ, რომ სულელი გამოჩნდება, შეუსაბამო გამოჩნდება მსოფლიოს თვალში და ამიტომ ტაშს უკრავს. ან რა საჭიროა აუტკივარი თავის ატკივება, როცა აგერ არის საქართველო და ნებისმიერ განცხადებას ისე გააკეთებს, კითხვასაც არ დასვამს.

რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, სწორედ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა დაგვანახვა, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი აქვს. თანაც, ეს ის შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანიც და სომხეთიც მოლაპარაკების შედეგით კმაყოფილია, რუსეთს კი აქედან რა სარგებელი? _ არაფერი. მან, უბრალოდ, შეასრულა შუამავლის როლი და შეასრულა უმაღლეს დონეზე _ რა ვალდებულებაც აიღო, იმას თავი გაართვა. წეღან ტყუილად არ გვიხსენებია, რომ ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ახლა სწორედ ის დროა, რომ სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ და არ დავიწყოთ ახალი ველოსიპედის გამოგონება. ვკითხოთ ზალკალიანს, ლავროვთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩა თუ უკმაყოფილო. კულუარულად ჰკითხონ, ხმამაღლა ნუ იტყვიან და იქნებ დაიწყოს შეხვედრის მომზადება საქართველოსა და რუსეთის პირველ პირებს შორის. ნუ იქნება რუსეთი, მერე რომ არ ითქვას, მოსკოვში ეახლნენო, ნუ იქნება საქართველო, აქ რომ აქციები არ გაიმართოს, იყოს ნეიტრალური სტატუსის მქონე შვეიცარია, რომელიც მაშინაც მზად იყო ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის და გამორიცხულია, ახლა თქვას უარი შუამავლის როლზე. პირველივე შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება, აქვს თუ არა აზრი დიალოგის გაგრძელებას და, თუ ჩვენი ხელისუფალი იტყვის, რომ აზრი არ აქვს, ხმას აღარავინ ამოიღებს; იტყვიან: ვცადეთ, არ გამოვიდაო.

ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ჩვენი სიმშვიდის, ტერიტორიული მთლიანობისა და მართლა დამოუკიდებლობის გასაღები რუსეთშია. კიდევ გავიმეორებთ: საქართველო არ უნდა დაემონოს არც ერთ ქვეყანას, არ უნდა იყოს არავისზე დამოკიდებულჩამოკიდებული და არ უნდა ასრულებდეს არც ერთი ქვეყნის ლიდერისა თუ ელჩის მითითებებს. ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა ვესაუბროთ ყველას და ვესაუბროთ, როგორც ტოლსწორები და არა ისე, წელში ოთხად რომ მოიკეცებიან, კითხვის ნიშანს რომ დაემსგავსებიან ხოლმე ჩვენი ლიდერები. მანამდე კი, სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაბედეს რუსეთის შუამავლობით ერთ მაგიდასთან დასხდომა და ზავი დადეს. ლავროვს არც ერთი მათგანი არ შეუჭამია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here