პედოფილებს კომფორტი რომ არ მოაკლდეთ, რომ არ შეწუხდნენ, დრო რომ არ დაკარგონ მსხვერპლის ძებნაში, ბოლოს და ბოლოს, ციხეში რომ არ გამოკეტონ, აშშ–ის მსუბუქი მრეწველობის ბიზნესმა დაიწყო რეალისტური სექსთოჯინების წარმოება _ “გასაბერი ქალების” მსგავსი “თოჯინა ბავშვების”.
ოღონდ მოგება მოიტანოს და ყველაფერს იკადრებენ!
ეს უკვე ვეღარ მოითმინეს მილიონერ-პედოფილ ჯეფრი ეპშტეინის ძალადობის მსხვერპლად ქცეულმა ადამიანებმა და ხმა აღიმაღლეს “თოჯინა ბავშვების” დამზადების წინააღმდეგ, _ იუწყება FOX News-ი.
მათ მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელი ვერნ ბიუკენენის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს, რომელიც მან 2017 წელს შეიტანა განსახილველად აშშ-ის კონგრესში და რომლითაც აღნიშნული სიბილწის აღკვეთას მოითხოვდა, მაგრამ აქამდე უძრავად დევს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფლორიდის შტატში მიღებული ორიგინალური კანონი, რომლითაც აიკრძალა ასეთი თოჯინების იმპორტი, ახალი ვარიანტით საერთოდ კრძალავს ამ ნივთების გაყიდვასა და ფლობას.
აშშ-ში ჯერჯერობით მხოლოდ სამი შტატია (ფლორიდა, ტენესი და კენტუკი), რომლებშიც ეს ნორმა რეალურად მოქმედებს.
ეპშტეინის მსხვერპლთა ინიციატივას მხარი დაუჭირეს სხვა დაზარალებული ჯგუფების წევრებმაც.