ევროკომისიამ პირველად გამოაქვეყნა მოხსენება ევროკავშირში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტში სენსაციური არაფერი ყოფილა. როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკა, ძირითადად, მიმართული იყო 2 აღმოსავლეთევროპული ქვეყნისკენ, რომლებიც, დიდი ხანია, ბრიუსელის თავის ტკივილად იქცა. ეს ქვეყნებია პოლონეთი და უნგრეთი. სახელდობრ, მათი მისამართით გაისმა “ძველი” ბრალდებები _ კორუფციასთან უნიათო ბრძოლა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა.
ვარშავა და ბუდაპეშტი მზად იყვნენ ამ ბრალდებებზე რეაგირებისთვის. ევროკავშირის განცხადებამდე 2 დღით ადრე ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ქმნიან ინსტიტუტს, რომელიც დაკავებული იქნება ზუსტად იმით, რასაც მიეძღვნა მოხსენება _ ევროკავშირში კანონის უზენაესობის მდგომარეობის მონიტორინგით.
უნგრეთის ლიდერმა კი წერილი გაუგზავნა ევროკომისიას და მოხსენების ერთ-ერთი თანაავტორის, ფასეულობებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილის, ვერა იოუროვას, პოსტიდან გადადგომა მოითხოვა ანტიუნგრული გამონათქვამების გამო. აღსანიშნავია, რომ ჩეხმა დიპლომატმა ვერა იოუროვამ უნგრეთს, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, “ავადმყოფი დემოკრატია” უწოდა.
პოლონეთმა და უნგრეთმა შეძლეს ხელსაყრელი მდგომარეობის მოპოვება ევროკავშირში. ისინი, ერთი მხრივ, ევროკავშირისგან იღებენ ფინანსურ დახმარებას, რომლის მასშტაბებიც შურს იწვევს მეზობლებში; მეორე მხრივ, პოლონეთისა და უნგრეთის პოლიტიკის სუვერენიტეტი უფრო მაღალია კავშირის ზოგიერთი ძეელი წევრის სუვერენიტეტთან შედარებით. მოკლედ, ორივე ქვეყანა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლის _ ბრიუსელისა და მის პრეტენზიებს ყურადღებას არ აქცევს, ამასთანავე, მისგან მოურიდებლად ითხოვს დოტაციებს.
ასეთი ვითარება ბევრი დამკვირვებლის გაოცებას იწვევს: ევროკავშირი, რომელიც, დიდი ხანია, აკრიტიკებს ამ სახელმწიფოებს ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, რატომ არ იღებს ქმედით ზომებს ვითარების შესაცვლელად, მაგალითად, რატომ არ სურს, დასაჯოს რენეგატები ევროთი?
პასუხი მარტივია: ასეთი ინსტრუმენტი არ არსებობს. უფრო ზუსტად, დასჯა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პროცედურები ისეთი რთულია და ისეთ მაღალი დონის შიდა კონსენსუსს მოითხოვს, რომ პრაქტიკაში მათი გამოყენება თითქმის შეუძლებელია.
მაგრამ ახლა აღნიშნულ საკითხზე ბუდაპეშტსა და ვარშავას ნერვიულობის მიზეზი გაუჩნდათ. ორივე ქვეყნის ხელისუფალთა ქმედებებიდან ჩანს, რომ მშვენივრად აცნობიერებენ მათთვის შექმნილ არახელსაყრელ ვითარებას.
ევროპაში მალე დაიწყება დახმარების ფონდიდან სახსრების განაწილება პანდემიისგან დაზარალებული ეროვნული ეკონომიკების ასაღორძინებლად. ივლისში საბიუჯეტო საკითხებზე გაიმართა ევროკავშირის სამიტი, რომელზეც მიაღწიეს შეთანხმებას, რომ საფინანსო საკითხები დაკავშირებული იქნებოდა სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებსა და ევროპულ ფასეულობებთან.
რამდენიმე დღის წინათ კი გერმანიამ, რომელიც ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობს, მოამზადა განკარგულების პროექტი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე ევროკავშირის ამ წევრი ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ იცავენ სამართლის უზენაესობის პრინციპს. მნიშვნელოვანი დეტალი: დარღვევის ფაქტი აუცილებლად უნდა იყოს დამტკიცებული “პირდაპირი სახით”. უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროკომისიის მიერ გამოცხადებული მოხსენება საკმარის პირდაპირ მტკიცებულებად ჩაითვლება.
მოკლედ, პოლონეთსა და უნგრეთს დაემუქრა საფრთხე, რომ დაკარგონ სუბსიდიების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს კი ნიშნავს, რომ ავტომატურად დადგება მათი მხრიდან დანაკარგებზე რეაგირების საკითხიც მოვლენების ასეთ განვითარებაზე. უნგრეთსა და პოლონეთს ბოლოდროინდელი მკვეთრი განცხადებები, მათ შორის დაპირება, რომ თვითონ ასწავლიან ევროპას კანონის უზენაესობის დაცვასა და დემოკრატიას, მიუთითებს იმაზე, როგორი იქნება მათი რეაქცია: შანსი იმისა, რომ ვარშავა და ბუდაპეშტი ქედს მოიდრეკენ ევროკავშირის წნეხის გამო, ძალიან ცოტაა. პირიქით, უფრო სავარაუდოა საპირისპირო შედეგი _ პოლონეთისა და უნგრეთის გასვლა ევროკავშირიდან.
თუკი ორიოდე წლის წინათ ევროკავშირის დატოვება მისი რამდენიმე წევრის მიერ წარმოუდგენელი ჩანდა, ახლა ვითარება კარდინალურად შეიცვალა, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე იდეოლოგიური თვალსაზრისით.
უნგრეთისა და პოლონეთის ეკონომიკები ყველაზე სწრაფად ვითარდება არა მხოლოდ აღმოსავლეთ, არამდე სრულიად ევროპაში. ორივე სახელმწიფომ მშვენივრად გამოიყენა შესაძლებლობები და ფინანსური დახმარებები, რომლებსაც 15 წლის განმავლობაში იღებდა ბრიუსელისგან. მათ აქვთ საფუძველი, იფიქრონ, რომ ბრიუსელის გარეშე არ დაიკარგებიან. სამაგიეროდ, ევროკავშირში დარჩენის იდეამ, თუ ჩვეულ ფინანსურ დახმარებებს ვერ მიიღებენ, სწრაფად დაკარგა ხიბლი.
ევროკავშირს, რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობები, დაუმორჩილებლობის გამო მტკივნეულად დაარტყას ვარშავასა და ბუდაპეშტს ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ამან დიდი ბრიტანეთი ვერ შეაჩერა, ხოლო ბრექსიტმა, ბევრ სხვა ასპექტთან ერთად, ფსიქოლოგიური ტაბუც მოხსნა ევროკავშირიდან გასვლის იდეას, როცა ყველას დაანახვა, რომ ეს სრულიად შესაძლებელია და ამის გამო ცა არ ჩამოიქცევა.
პოლონეთსა და უნგრეთს ვითარების ესკალაციისკენ პოლიტიკური ვითარებაც უბიძგებს.
მიმდინარეობს მსოფლიო პოლიტიკური სისტემის სწრაფი დეგრადაცია, ამბიციური სახელმწიფოები მზის ქვეშ ადგილის დასამკვიდრებლად და თავიანთი სტატუსის ასამაღლებლად ბრძოლაში ჩაებნენ. ამ პროცესში უკვე ჩართულნი არიან პოლონეთიცა და უნგრეთიც, ოღონდ სხვადასხვა სტრატეგიას იყენებენ. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო ექმნებათ მათ პრობლემების დიდი ნაწილი ერთიან ევროპაში.
შედეგის წინასწარმეტყველება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ ვარიანტი “გააკეთე, ოღონდ შეიძლება, ინანო” ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ხელების გულზე დაკრეფა, კაპიტულაცია და დასავლეთევროპული სახელმწიფოების დედაქალაქებიდან უფროსი ამხანაგების ვასალად ყოფნა.
ევროკავშირს აღარ შეუძლია მისი ავტორიტეტისთვის ძირის გამოთხრის ატანა ორი “გათავხედებული” აღმოსავლეთევროპული ქვეყნის მხრიდან _ ის, უბრალოდ, ვალდებულია, ეს ქვეყნები მკაცრად დასაჯოს, რათა თავისი ძალაუფლება წარმოაჩინოს, მაგრამ, დიდი ალბათობით, კიდევ ორი წევრი-ქვეყნის დაკარგვა ბუმერანგივით დაარტყამს ევროპის ერთიანობას, მის წონასა და პრესტიჟს.
ასე რომ, ვინ უფრო იზარალებს, ჯერ კიდევ საკითხავია.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა