საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ქვეყანაში განათლების დონის გაუმჯობესებაა. მისი თქმით, ამისთვის “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, თუმცა, მინისტრის განმარტებით, პროგრესი საკმარისი არ არის და ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართულმა განათლებამ მსოფლიოში ღირსეული ადგილი დაიკავოს.
ცნობისთვის: მსოფლიო ბანკმა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა ადამიანური კაპიტალის 2020 წლის ინდექსი, რომელიც ზომავს, რა პოტენციალს მიაღწევდა დღევანდელი ბავშვი (18 წლისა) სრულყოფილი განათლების მიღებისა და ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში. კვლევის დეტალებზე საუბრისას აღნიშნული ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოში მოზარდები, განსხვავებით განვითარებული და ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნისგან, კარგავენ სკოლაში გატარებულ 4,6 წელს. მისივე განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში განათლების დონე კრიტიკულად დაბალია. რაც შეეხება კონკრეტულად საშუალო განათლებას, ბავშვების მიერ სკოლაში გატარებული 12 წელი (მიღებული განათლების ხარისხისა თუ ეფექტიანობის თვალსაზრისით) რეალურად 8,3 წელს უდრის…
განათლების სფეროს მდგომარეობაზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.
_ ბატონო ვაჟა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მიერ ერთ–ერთ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას თუ დავუჯერებთ, ხელისუფლების მიერ სათავეში მოსვლიდან დღემდე განათლების მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ამ რეფორმების შედეგად დღეს ქართული განათლება უფრო მაღალ დონეზეა… რეალურია ეს განცხადება და სინამდვილეში რა რეფორმები გაატარა განათლების სფეროში “ქართულმა ოცნებამ”?
_ 2003 წლიდან დღემდე ყველა მინისტრი _ ლომაია, შაშკინი, გვარამია, სანიკიძე, ჯეჯელავა თუ ჩხენკელი ხაზგასმით იმეორებდა, რომ თურმე მათმა გატარებულმა რეფორმებმა გააუმჯობესა განათლების დონე და ხარისხი, რაც ტყუილია. ე.წ. რეფორმებმა ხარისხი კი არ გააუმჯობესა, ფაქტობრივად, გაანულა და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს განათლების სისტემის დონე არათუ განვითარებული, განვითარებადი ქვეყნების დონესაც ჩამორჩება. სხვათა შორის, განათლების სფერო იყო ერთ–ერთი, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” წინა ხელისუფლების კურსი ასპროცენტიანი სიზუსტით განაგრძო, თანაც ძალიან “წარმატებით” _ “ქართულმა ოცნებამ” ლოგიკურ შედეგებამდე მიიყვანა წლების წინათ სოროსის ფონდის მიერ ლომაიას ხელით დაწყებული ე.წ. რეფორმები.
რას უნდა ემსახურებოდეს წარმატებული განათლების სისტემა? ის, უწინარესად, უნდა ემსახურებოდეს დიდი განმანათლებლების მიერ დაგროვილი ცოდნის გადაცემას მომავალი თაობისთვის. ეს აქსიომაა ამ სფეროში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია კაცობრიობის ინტელექტუალური განვითარება… რაც შეეხება კონკრეტულად ბატონ ჩხენკელის განცხადებას, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ დღევანდელი განათლების მინისტრი თავისი განცხადებებით, მოქმედებით ეწინააღმდეგება ერის განვითარების კონცეფციას. ის, ისევე, როგორც თავის დროზე სოროსის ფონდიდან მოვლენილი ლომაია, შემდეგ შაშკინი, შემდეგ კომბლესთან მებრძოლი ჯეჯელავა და ა.შ., ასრულებს მისი უცხოელი ბოსების დავალებებს, რომელთა უმთავრესი მიზანიც არის ჩვენი მომავალი თაობების გამოდებილება. სხვათა შორის, მან ერთხელ ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა… აი, ასეთი ხალხის ხელშია განათლების სისტემა და გასაკვირია, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება?
_ რა არის მთავარი გარემოებები, რომლებიც განათლების სისტემის დონესა და ხარისხს განსაზღვრავს?
_ დავიწყოთ თავიდან. პირველი _ ეს არის სახელმძღვანელოები. დღეს საქართველოს სკოლებში მოქმედი სახელმძღვანელოების 80% კრიტიკას ვერ უძლებს _ შედგენილია აბსოლუტურად არასწორად; და მეორე _ არ არსებობს მეთოდოლოგიური საბჭო, რომელიც კომპეტენტური ადამიანებით იქნებოდა დაკომპლექტებული. ცალკე თემაა ე.წ. სახელმძღვანელოთა გრიფირების სისტემა, რომელიც მაფიის ხელშია. განათლების სამინისტრო იქცა დიდძალი ფულის საკეთებელ სკად, რომლიდანაც ყველანაირი ჯურის კრაზანას გამოაქვს თაფლი.
_ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, სახელმძღვანელოების გრიფირება კორუფციასთანაა დაკავშირებული?
_ რა თქმა უნდა! წარმოიდგინეთ, სკოლები თვითონ ირჩევენ სახელმძღვანელოს ისეთ საგნებში, როგორებიცაა ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა… რამდენიმე სახელმძღვანელო არსებობს და დირექცია თვითონ ირჩევს, რომლით ასწავლოს ბავშვებს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ რა საჭიროა ამდენი სახელმძღვანელო, რა, ბევრი გვყავს ახალი მუსხელიშვილი, ვეკუა და ხარაძე? არა, ბატონო… პითაგორას თეორემა ერთია, მაგრამ ამ თეორემას ბეჭდავენ ცხრანაირად, იმისთვის, რომ განათლების მაფიამ დიდძალი ფული იშოვოს. ახლა მეორე, რაც ასევე განსაზღვრავს განათლების ხარისხს: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ასწავლის ბავშვს და რა მეთოდოლოგიით. ვგულისხმობ იმას, რომ მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს პროფესიონალი პედაგოგი. თუმცა საქართველოში ამ მხრივაც სრული კატასტროფაა იმის გამო, რომ ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა პედაგოგიური პროფილის უმაღლესი სასწავლებლები _ თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი, გორის ინსტიტუტი, სულხან–საბას სახელობის ინსტიტუტი, რომელიც ილიას უნივერსიტეტად გადაკეთდა და ახლა ლიბერალური ელიტის ყველაზე დიდი საბუდარია… აი, ეს არის მიზეზი იმისა, რომ პედაგოგები, ფაქტობრივად, აღარ არიან ქვეყანაში და ყველა სკოლაში ხშირად მიდიან შემთხვევითი ადამიანები. სხვათა შორის, ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სკოლებიდან მასობრივად წასულიყვნენ ძველი თაობის პედაგოგები, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ მსოფლიოში აღიარებული უმაღლესი დონის საბჭოთა განათლება…
_ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი?
_ ეს ადამიანები, თავიანთი ცოდნითა და მსოფლმხედველობით ვერ ჯდებოდნენ თანამედროვე ლიბერალური დღის წესრიგის სტანდარტებში. ისინი ვერ “აკმაყოფილებდნენ” ლომაიას, შაშკინისა და სხვა სოროსელების მიერ დაწყებული “რეფორმების” მოთხოვნებს, ამიტომ უნდა მოეშორებინათ. რაც შეეხება განათლების მინისტრის იმ განცხადებას, რომ პედაგოგებს მოუმატეს ხელფასები, ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი; იმ კამპანიის, რომლის მიზანიც, ამასთანავე, არის საარჩევნო პროცესში მასწავლებელთა ჩართვა, რაც, სულ არ არის გამორიცხული, გარკვეული ზემოქმედებითაც ხდებოდეს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია… ძალიან მნიშვნელოვანია გარემოც, რომელშიც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ვგულისხმობ იმას, რომ სკოლაში მასწავლებელი უნდა იყოს თავისუფალი. მანდატურის ინსტიტუტის შექმნით, რომელიც სააკაშვილის მიერ მოგონილი ფაშისტური სისტემაა, პედაგოგებს პროფესიული უფლებები შეეზღუდათ. პედაგოგი, გარდა იმისა, რომ ღირსება შეელახა, გახდა მეორეხარისხოვანი, მასზე დაწესდა ერთგვარი ზედამხედველობა. ეს იყო ჩვეულებრივი ფაშისტური მეთოდი, რომლის მსგავსიც 1929-33 წლებში შექმნა ადოლფ ჰიტლერმა სასწავლებლებში. სამაგიეროდ, სკოლებში აიკრძალა ხატების კუთხე, თურმე ამით სხვა რელიგიური კონფესიების უფლებები ირღვევა და გააუქმეს რელიგია, როგორც საგანი… ძალიან მაინტერესებს: თუკი ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და თურქეთში ყველა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში სავალდებულოა ყურანის სწავლა, ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში კი _ თეოლოგიის, რა დაშავდება იმით, რომ ჩვენთან სახარება ისწავლებოდეს? რა არის ამაში ცუდი და მიუღებელი?! აი, ეს საგნები რომ არ ისწავლება და ახალგაზრდები დაცლილები არიან სულიერებისგან, ამიტომაა ასე გახშირებული მეძავობა და ნარკომანია. კონკრეტულ ფაქტსაც გეტყვით: თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, მეტროპოლიტენის სადგურ რუსთაველის მახლობლად, 13-14-15 წლის გოგონები მეძავობენ. ეს ხდება დღისით, მზისით თუ შუაღამით. ამის გამო ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრემიერსაც მისწერეს, მაგრამ უშედეგოდ _ განმკითხავი არავინ არ არის. აი, ეს არის ამათი განათლების სისტემის “წარმატება” და “მიღწევა”. ჩვენს მომავალ თაობას, ფაქტობრივად, ვკარგავთ.
_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თუნდაც ნაწილობრივ შეიცვალოს და განათლების დონე მეტ–ნაკლებად გაუმჯობესდეს? რის გაკეთებაა რეალურად შესაძლებელი?
_ სანამ შეკითხვაზე გიპასუხებთ, მინდა, მოკლედ შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც განათლების ხარიხს განაპირობებს _ ეს არის საგნების საათობრივი განაწილება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ისეთ ფუნდამენტურ საგნებს, როგორებიცაა ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ანატომია, მათემატიკა, მშობლიური ენა და ლიტერატურა, ისტორია, იმის ნახევარიც არ ეთმობა, რაც რეალურად უნდა ეთმობოდეს. არადა, უნდა ნახოთ, რამდენი საათი ეთმობა ხატვას, ცეკვას, ხტუნვას, ფიზკულტურას და ა.შ. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ როგორ შეიძლება, ხატვასა და ფიზკულტურასაც იმდენივე საათი ეთმობოდეს, რამდენიც მათემატიკას ან ქიმიას და ენა-ლიტერატურას?! ეს ხომ ღუპავს ბავშვს? აი, ამის პირდაპირი შედეგია ის, რომ მოდის უცოდინარი თაობა, რომელმაც არ იცის, “ვისი გორისაა”. ამ ვითარებიდან გამოსავალს ვხედავ მხოლოდ არსებული “ლიბერალური” სისტემის სრულ დემონტაჟში, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს ყველაფერ ქართულს. სხვა გზა მე, უბრალოდ, არ ვიცი და ვერც წარმომიდგენია, ამიტომ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან მგლის ბილეთით. აი, ამის შემდეგ თუ მოხერხდება და ხელისუფლების სათავეში მოვა ეროვნულ-პატრიოტული ძალა, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი და მსგავსი ცვლილებები ერთი ხელის მოსმით არ ხდება.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
Vai rom srul simartles brdzanebt…
Gvegupeba momavali….
Es online da 30wutiani gakvetilebi xom gamiznuli mtrobaa da meti araferi 🙁