Home რუბრიკები საზოგადოება ჩანაწერები არაფერზე

ჩანაწერები არაფერზე

პოდპოლკოვნიკი რუსლან გოგიტიძე

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #33, 2020 წ.

იმიერ ძალებთან წინასაარჩევნოდ შეკრული ხელისუფლება

ხომ არნახული იყო 2020 წლის 28 აგვისტოს მეხთატეხა ქობულეთში, “სასწაული” მაინც უფრო ადრე მომხდარა _ წლევანდელი მზიანი ივნისის ერთ მშვიდ საღამოს.

_ მოულოდნელად შავმა ღრუბელმა დაფარა აქაურობა, _ იხსენებს ბატონი გოგი გოგიტიძე, _ ჩამობნელდა, თავსხმა წვიმა წამოვიდა, იჭექა, იქუხა, იგრიალა და, როგორც შემდეგ მეზობლებმა მითხრეს, ეს ჩემი სასტუმრო ელვის თვალისმომჭრელ ნათებაში გაეხვია.

ჩვენ შინ ვიყავით (გოგიტიძეები იქვე, სასტუმროს პირველ სართულზე ცხოვრობენ. _ ..), მაგრამ ვერაფერი ვიგრძენით. მეხი იყო თუ ელვა, დღემდე არ ვიცი, ხოლო, რაც ბუნების ამ სასწაულს მოჰყვა, სრულად ვიგრძენი, რადგან დიდ ზარალად შემომიბრუნდა.

სასტუმროში მოწყობილი მქონდა კარგად აღჭურვილი ჩემი კერძო საკაბელო სტუდია, შვიდი სატელევიზიო არხის ჩვენება შემეძლო. სწორედ ეს სტუდია, ყველა ელექტროგამტარი და ელექტრომოწყობილობა შეიწირა იმ გაელვებამ, გადაიწვა ლიფტის ძრავა, ექვსსართულიანი შენობის სასიცოცხლო არტერია.

გაითიშა ყველა ტელეარხი. გადარჩა მხოლოდ ერთი… როგორ გგონიათ, რომელი?

_ ვერაფერს გეტყვით.

_ გადარჩა მხოლოდ “იმედი”, როგორც ოპოზიცია ამბობს, “სახელისუფლო ტელეარხი”.

ამბობს. მაგრამ, თუ სააკაშვილის დანაბარებს გადავიდნენ და გაზეთების კითხვა დაიწყეს, თუ შემთხვევით ჩვენი პუბლიკაციიდან ამ ფაქტის შესახებაც შეიტყვეს, მაშინ, გიყვარდეს, პლანეტარულ კუდს გამოაბამენ: საქართველოში მხოლოდ ერთპიროვნული რეჟიმი კი არ მძვინვარებს, არამედ იგი (ეს რეჟიმი) იმიერ (საიქიო) ძალებთან არის შეკრული და ბუნების მოვლენებიც კი წინასაარჩევნო პროპაგანდის საშუალებად აქვს გამოყენებულიო.

ის უნიკალური თოფი
ის უნიკალური თოფი

აბა, სხვანაირად რით შეიძლება აიხსნას, რომ “ომეგა-117”-ში მხოლოდ “იმედი” გადაურჩა გადაწვას, სხვა ყველა არხი კი გაითიშა?!

არ იტყვიან?!

ამაზე დიდი სისულელე არ გსმენიათ ნაცებისა და მათი ანასხლეტებისგან? “მართალში რას იძლევი, ტყუილი რომ გითხრა?”

ამიტომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები, როგორიც გინდა იყოს, ამთავითვე გაყალბებულად უნდა ჩაითვალოს! სახელისუფლო რესურსის გამოყენება მასთან რა მოსატანია: დედაკაცების ორღობეში წაჭორიკნებასავითაა.

ჯერ კიდევ როდის თქვა თბილისის აშუღმა საიათნოვამ:

საიათნოვა მქვია, არუთინა ვარ,

სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს”.

ესენიც იტყვიან! სააკაშვილის სინდის-ნამუსი დამიდვია ფსონად.

ქუხილი იყო? _ იყო. სიტყვა ითქვა? _ ითქვა.

არუთინა ვინ არის, ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ…

ამასობაში გოგი გოგიტიძემ სასტუმროს ლიფტი აამუშავა.

ძვირი კი დაუჯდა… სიტყვამ მოიტანა და ერთი შენიშვნის უფლება მეც ხომ მაქვს? _ მაქვს.

სააკაძის მოედანი

თემა: არჩევნები და გემოვნება. ფაქტი: სააკაძის გამწვანებულ მოედანზე წამოყუდებული თხუთმეტ (თუ თექვსმეტ) სართულიანი სახლის რვა სართულზე აკრული ერთი ყოფილი მინისტრის, ამჟამად დეპუტატობის კანდიდატის გიგანტური პორტრეტი, რომელიც თავისი ცათამბჯენობით დიდი მოურავის ძეგლს ბავშვების სათამაშო ჯარისკაცის ციცქნობამდე აკნინებს.

საქართველოში არასოდეს, სტალინის სიცოცხლეშიც კი, არ გამოუფენიათ ბელადის ასეთი ჰიპერტროფული მოცულობის პორტრეტი, “დინამოს” ფეხბურთელების _ კი. ეტყობა, ჩვენი დიდების ზღვარი აქ გადის მაინცდამაინც, ჩვენ კი არაფერი ვიცოდით აქამდე. “ლელომ” იცოდა, თორემ დეპუტატობის თავისი კანდიდატის უზარმაზარ პორტრეტს სოციალისტური შრომის ორგზის გმირის ვარსკვლავივით არ მიუკიდებდნენ “ოცნებისას”…

“დაინტერესებულ ძალებს” “ოცნების” საარჩევნო შტაბში საგანგებოდ ხომ არ ჰყავთ შეგზავნილი ისეთი პიარტექნოლოგები, რომლებიც თავიანთი გრანდიოზომანიით გამიზნულად აღიზიანებენ ხალხს და საზოგადოებრიობას “ქართული ოცნების” წინააღმდეგ განაწყობენ?!

„სასწაული“ ასეთ ღამეს მოხდა
„სასწაული“ ასეთ ღამეს მოხდა

როცა ოფიცერი რაინდია

ყურს თუ ყოველდღე ახალი ამბები არ ესმის, დაყრუვდებაო, _ ამბობს ქართული ანდაზა. ამბავი, რომელსაც ახლა გოგი გოგიტიძე მოგვითხრობს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელია. მაშასადამე, ძველი.

რამდენჯერაც ვთხოვე, საკუთარ ცხოვრებაზე მოეთხრო რამე, მამაზე იწყებს ლაპარაკს.

ამჯერადაც ასეა.

_ ამ ამბავს ერთი თოფის ისტორიაც შეიძლება დავარქვათ. ეს სანადირო იარაღი კაიზერების ოჯახის სახელოსნოში გაუკეთებიათ. ერთადერთი ეგზემპლარია. უნომრო. უნიკალური მახასიათებლებით საუკეთესო და გამორჩეული. დამზადებულია 1892 წელს ბერლინში ოსტატ ფორესტერის მიერ, რაც დაახლოებით იმავეს ნიშნავს, ვიოლინოზე რომ იტყვიან, სტრადივარიუსის ნახელავიაო.

წითელი არმია კენიგსბერგის, ახლანდელი კალინინგრადის მისადგომებთან უტევს ფაშისტებს. მამაჩემის განკარგულებაშია დივიზიის მძიმე მძიმე არტილერიის საგანგებო დაზვერვის ბატალიონი. მამას, კადრის ოფიცერს, 1942 წელს ფრუნზეს აკადემიაში სასწრაფოდ დაამთავრებინეს უმაღლეს ოფიცერთა კურსები (წითელ არმიას მაშინ კატასტროფულად აკლდა ოფიცერთა შემადგენლობა) და მას შემდეგ მოქმედ არმიაში პოდპოლკოვნიკის წოდებით იბრძოდა.

ბატალიონის დანიშნულებაა, შეტევის მოსამზადებლად მტრის ზურგში ფარულად შეაღწიოს, დაზვეროს და შეარჩიოს ტექნიკის გადაადგილების გზები, ხიდები და ა.შ. პლაცდარმების მოსაწყობი ადგილები და შემდეგ წინასწარ შერჩეულ პოზიციებზე ორგანიზებულად გადაიყვანოს “ომის ღმერთად” წოდებული არტილერია.

ამ ქვედანაყოფის ოპერატიულ ქმედებაზე დიდად იყო დამოკიდებული დაგეგმილი ოპერაციის შედეგი. პოდპოლკოვნიკ გოგიტიძის ქვედანაყოფი ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას.

მაშ ასე, წითელი არმია კენიგსბერგს უტევს. ბატალიონის ოთხკაციანი ჯგუფი, პოდპოლკოვნიკ რუსლან გოგიტიძის მეთაურობით, მტრის ზურგში მოქმედებს.

_ აღმოსავლეთ პრუსიის ტყეებში უამრავი ნადირი ბინადრობს: ირემი, შველი, გარეული ღორი, ფრინველები ნაირ-ნაირი. შესანიშნავი სამონადირეო ადგილებია. ამ სიკეთეს მესამე რაიხის ბელადები, განსაკუთრებით, გერინგი, მაქსიმალურად იყენებდნენ, _ მიყვება ბატონი გოგი გოგიტიძე, _ ამიტომ არ გაკვირვებიათ ჩვენებს, ტყეში გაყვანილმა გზამ შესანიშნავ სასახლესთან რომ მიიყვანა _ “მონადირის სახლთან”. შემდეგ დააზუსტეს, რომ სწორედ აქ იკრიბებოდნენ ვერმახტის მაღალჩინოსნები. მოკრძალებით არ უკითხავთ, შეიძლება გესტუმროთ თუ არაო, შეგრიალდნენ, შელეწეს იმ სასახლის კარი. შენობის მთავარ დარბაზში ორი გაფითრებული და კედელს აკრული ადამიანი დახვდათ, იქაურობის მომსახურე პერსონალი. ხანში შესული მამაკაცი, როგორც ახლა იტყვიან, მენეჯერად, ქალი ამ კაცის ცოლად წარუდგნენ.

კედელზე ნადირ-ფრინველის მიკრულ ფიტულებს შორის თოფების სტენდი იყო მოწყობილი. მამაჩემის ყურადღება სწორედ ამ კოლექციამ მიიპყრო.

აქაური ფუფუნების შემყურე ჩვენი ჯარისკაცები, რომლებმაც უკან მოიტოვეს გადამწვარი, ფაშისტებისგან მიწასთან გასწორებული სამშობლო და კაციჭამიების მიერ უმიზეზოდ დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებით სავსე, კოლექტიურ საფლავებად წოდებული თხრილები, ვერ იტყოდი, მეგობრულად იყვნენო განწყობილი. როდის იფეთქებდა სიძულვილის ნაღმი და მილეწავდა აქაურობას, ვერავინ განსაზღვრავდა. თუ იფეთქებდა, ვერავინ შეაჩერებდა. მამამ ეს უცებ იგრძნო. თან ხედავს, რომ იმ კაცის ცოლი ჟესტებით რაღაცას ანიშნებს, თითქოს შველას ითხოვს, ევედრება.

უნდა გითხრათ, რომ კოლომნის სამხედრო სასწავლებელში (რომელიც მამამ თავდაპირველად დაამთავრა) კურსანტებს გერმანულს ასწავლიდნენ, მომავლის შესაძლო ვარიანტები ამ შემთხვევაშიც წინასწარ იყო გათვლილი.

არ გასჭირვებია საბჭოთა ოფიცერს ადგილობრივ მკვიდრთან კონტაქტის დამყარება: რა გაწუხებთო?

იმ ქალმა გვერდით ოთახში გაიყვანა და ორი არასრულწლოვანი გოგონა დაანახვა, ერთმანეთს მიკრული, აკანკალებული და ატირებული, _ ესენი გადამირჩინეთო.

_ შნაპსი თუ გაქვთო, _ შეეკითხა მამა. _ კიო, სარდაფი სავსეა შნაპსის ბოთლებით.

ამოიტანეთ და ჩემს ჯარისკაცებს უხვად გაუმასპინძლდითო. სანამ ქალი მის რჩევას ასრულებდა, მამა თოფების სტენდს მიუბრუნდა, ყურადღებით დაათვალიერა და ექსპოზიციიდან ერთ-ერთი ჩამოიღო. ულამაზესი იარაღი იყო და, როგორც შევატყვე, განსაკუთრებით გამორჩეულიო, _ იხსენებდა შემდეგ.

გერმანელმა, იმ სახლის მეთვალყურემ, დაუდასტურა, ასეაო. გატყობთ, მონადირე ბრძანდებით და უნდა გითხრათ, ამ კოლექციის საუკეთესო ექსპონატი შეარჩიეთო… მაგრამ თოფების მახასიათებლების შესახებ საუბრის არც დრო მქონდა, არც სურვილი და მე და ჩემმა ჯარისკაცებმა გზა განვაგრძეთო.

კენიგსბერგზე შეტევისას მამა დაიჭრა, ისე მძიმედ, რომ საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

_ სანიტარული ოთხთვალათი გადავყავდით, ბელარუსის ტერიტორიისკენ ვბრუნდებოდით. რკინიგზის გადასასვლელთან შეგვაჩერეს. ვხედავ, ჩვენგან არც ისე შორს, ლტოლვილების რიგში, დგას პატარა პიკაპი, საოჯახო ბარგი-ბარხანით დახუნძლული. მანქანის კარი გაიღო, ვიღაც ქალმა დაკვირვებით დამათვალიერა და ჩემკენ წამოვიდა. ოთხთვალას რომ მოუახლოვდა, კიდევ ერთხელ დამაკვირდა, მუხლებზე დაემხო და ატირდა:

_ მადლობელი ვარ, ბატონო ოფიცერო, ოჯახი რომ გადამირჩინეთ.

გავიხსენე, ვინც იყო: ომის ორომტრიალში იმდენი რამ გადაგხდება, ასეთი დეტალები მალე გავიწყდება.

_ წამოდექით, უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაგდებთ-მეთქი, _ ვთხოვე.

ამასობაში ვხედავ, კაცი ამოუდგა გვერდით, წამოაყენა და მადლობა ისე შემომღაღადა, თითქოს ხატის წინ ლოცულობდა. ვიცანი _ იმ ქალის ქმარი იყო, რომელმაც სანადირო თოფის შერჩევა შემიქო.

სანამ ჩვენ ამ “ცერემონიით” ვიყავით დაკავებულები, გზა გაიხსნა.

_ სულ ერთი წუთით მომიცადეთ, _ შემევედრა ის გერმანელი, შეტრიალდა და თავისი პიკაპისკენ გაიქცა.

იოლი სათქმელია ერთი წუთით მოცდა, მაგრამ, როცა გზაზე დგახარ, რომელზეც ერთი ნაკადი ფრონტისკენ მოძრაობს, მეორე _ საპირისპიროდ მიედინება, წუთი საათად გაიჭიმება. თან ორივე მხრიდან გიყვირიან, მოძრაობას ნუ აბრკოლებო.

გავუძელი რაღაცნაირად, მოვარდა აქოშინებული ის გერმანელი და ფუტლარში ჩადებული თოფი სასწრაფოდ შემომაჩეჩა: თქვენ რომ მოგეწონათ, ის არისო.

ვერც უარის თქმა მოვასწარი, ვერც სამადლობელი სიტყვების: ცოტა ხნით შეჩერებულმა ნაკადებმა გზა გაიკვალა და ყველა სურვილი და შესაძლებლობა თან გაიყოლა. საპირისპირო მიმართულებით.

_ მას შემდეგ ის თოფი ჩვენთან ინახება, _ ეს უკვე ბატონ გოგის სიტყვებია.

არმაზ სანებლიძე

ქობულეთი _ თბილისი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here