აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანაშემწემ ჯანდაცვის საკითხებში _ მაიკლ კაპუტომ მეცნიერები სახელმწიფო მეთაურის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა და პრეზიდენტის მომხრეებს შეიარაღებისკენ მოუწოდა, რადგან ტრამპის კონკურენტი ჯო ბაიდენი დამარცხებას არ აღიარებს, _ იუწყება The New York Times–ი.
კაპუტომ ვიდეოში, რომელიც “ფეისბუკში” გამოაქვეყნა, დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი დაადანაშაულა, რომ იქ იმალება წინააღმდეგობის რაზმი, რომელიც მოწოდებულია ტრამპის დისკრედიტაციისთვის, თუნდაც ამ პოზიციამ გამოიწვიოს კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რაოდენობის მატება.
“მთავრობისთვის მომუშავე მეცნიერებში არიან ისეთები, რომლებსაც არ სურთ, ამერიკაში ვითარება გამოსწორდეს მანამ, სანამ ჯო ბაიდენი პრეზიდენტი არ გახდება. ადამიანების გადასარჩენად ხელი არ გაანძრიო იმიტომ, რომ მოიპოვო პრეზიდენტის შეცვლის შესაძლებლობა, მძიმე ცოდვაა”, _ განაცხადა კაპუტომ და დასძინა, რომ ყველა, ვინც ამ შეთქმულებაში მონაწილეობს, “ჯოჯოხეთში მოხვდება”. კაპუტომ, აგრეთვე, გააფრთხილა ტრამპის მომხრეები, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ შეიარაღებული აჯანყებისთვის, რადგან ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი უარს იტყვის არჩევნების შედეგების აღიარებაზე.
“როცა ინაუგურაციის მომენტი დადგება და ტრამპი უარს იტყვის გადადგომაზე, ატყდება სროლა. და, თუ არ გაქვთ იარაღი, ქალბატონებო და ბატონებო, იყიდეთ; თუ გაქვთ, მოიმარაგეთ ვაზნები, რადგან მერე მისი შოვნა გაგიჭირდებათ”, _ გააფრთხილა კაპუტომ ტრამპის მომხრეები.
eadaily.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ