Home რუბრიკები პოლიტიკა ჩვენი “დამოუკიდებელი” ქვეყანა იმაზეა დამოკიდებული, როგორ გუნებაზე გაიღვიძებს ამერიკის ელჩი

ჩვენი “დამოუკიდებელი” ქვეყანა იმაზეა დამოკიდებული, როგორ გუნებაზე გაიღვიძებს ამერიკის ელჩი

დასავლელ “პარტნიორებს” არ სურთ, რუსეთთან სასაუბროდ პირისპირ დაგვსვან

არჩილ თალაკვაძე და ამერიკის ელჩი კელი დეგნანი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბოლო კვირაში საქართველოს მიმართ ორი განცხადება გააკეთა. ორივე განცხადება პირდაპირ მიანიშნებდა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან სასაუბროდ და, როცა ასეთ მინიშნებას რიგითი სახელმწიფო მოხელე კი არა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს, თანაც ისეთი მინისტრი, როგორიც სერგეი ლავროვია, აშკარად ყურადსაღებია.

“ჩვენ ვხედავთ, რომ გამოჩდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც დიალოგს მხარს უჭერენ. ჯერჯერობით ეს მცირე პარტიებია მმართველ ელიტაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ იზეიმებს ჩვენი ტრადიციული ისტორიული ახლობლობა, ჩვენი ხალხების ურთიერთსწრაფვა”, _ ეს არის ამონარიდი ლავროვის განცხადებიდან. შეგახენებთ, რომ მანამდე ლავროვმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე, მაგრამ მკვახე პასუხი მიიღო საქართველოს პრემიერისგან. გიორგი გახარიამ განაცხადა, არანაირ საუბარს არ ვაპირებთ, ფრენები რუსეთმა გააუქმა და მანვე აღადგინოსო. ჰოდა, ეს თემა გაურკვეველი ვადით დაკონსერვდა და ვინ დაზარალდა? სწორია _ რიგითი მოქალაქეები, ისინი, ვინც ოჯახს სწორედ რუსეთიდან არჩენს და ასეთი ოჯახი მილიონამდეა.

რაც შეეხება მეორე განცხადებას, მასზე პასუხი პარლამენტის მოქმედმა და მომავალმა (ასე დაგვიანონსეს) თავმჯდომარემ _ არჩილ თალაკვაძემ გასცა.

“რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. რაც შეეხება დღეს არსებულ ფორმატებს, ეს არის ჟენევის ფორმატი, საერთაშორისო ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა _ ვხედავთ, რომ არც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტებთან დაკავშირებით, არც სხვა საკითხებზე რუსეთის მხრიდან არ ყოფილა არც ერთი მნიშნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, შესაბამისად, მხოლოდ განცხადებები ვერ ცვლის იმ მძიმე ფონს, რომელიც, სამწუხაროდ, ორივე ოკუპირებულ რეგიონში გვაქვს _ ეს არის ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, ის ინციდენტები და პროვოკაციები, რომლებიც რეგულარულად ხდება. რაც შეეხება რუსეთის შესაძლო ინტერესებს საქართველოში, რა თქმა უნდა, ახალი არ არის, რომ რუსეთი ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას _ რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ქვეყანა, მით მეტად ცდილობს, შეუშალოს ხელი ამ წარმატებას. ამას აკეთებს დეზინფორმაციით, მასთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურებით, მათ შორის პოლიტიკაში. ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პროდასავლური პოლიტიკა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილებაზე დეზინფორმაცია ვერ მოახდენს გავლენას”, _ განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სრულად იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ ის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ თურმე დღეს გვაქვს ჟენევის ფორმატი, საერთაშორისო ფორმატები, სადაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა…” არც ერთ ჟურნალისტს თავში აზრადაც არ მოსვლია, თალაკვაძისთვის ეკითხა _ რომელი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტეს თუნდაც ჟენევის ფორმატში და ამ მოლაპარაკებების შედეგად რაზე შეთანხმდნენ ნებისმიერი მიმართულებით? ამ ჟენევისა თუ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატების გადამკიდე, რა მიიღო ქვეყანამ საბოლოო ჯამში? პასუხი მარტივია _ არაფერი! ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჟენევის ფორმატი მხოლოდ სათქმელად არის მოფიქრებული, თორემ, ამ ფორმატში რეალურად არაფერი კეთდება. ვერავინ ვერ გაიხსენებს ერთ შედეგს მაინც, რომელიც ჟენევაში გამართულმა მოლაპარაკებებმა მოიტანა. კარასინსა და აბაშიძეს კი ერთმანეთთან სასაუბრო რომ აღარ აქვთ, აბაშიძის ბოლოდროინდელი განცხადებებიდანაც ჩანს. ყველა შეხვედრის შემდეგ აბაშიძე სტანდარტულად პასუხობს, რომ განიხილეს რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა, თუმცა არც საკითხებს ასახელებს და არც განხილვების შედეგად მიღებულ შედეგს. მიზეზი მარტივია _ არც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება და, შესაბამისად, არც შედეგია. ჰო, აბაშიძის ვიზიტები რამდენიმე ათეულობით ათასი რომ გვიჯდება ყოველწლიურად, ეს ცალკე თემაა და ხმასაც არავინ ამოიღებს, შედეგი რომ იყოს.

ისევ არჩილ თალაკვაძეს დავუბრუნდეთ. ფაქტია, რომ ქართული ოცნება რუსეთთან პირისპირ საუბარს არ აპირებს და არ აპირებს იმის მიუხედავად, ვინ სთავაზობს. თუ ჩვენი პოლიტიკოსები ელოდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი გამოვა თხოვნით, ყელს გამოიღადრავს, ოღონდ თქვენ დაგველაპარაკეთო, ძალიან ცდება. რეალურად, ლავროვის განცხადებები არის მაქსიმუმი, რასაც რუსეთი საქართველოს მიმართ გააკეთებს და ადვილი მისახვედრია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პირით სწორედ ქვეყნის პირველი პირი საუბრობს.

სამაგიეროდ, ჩვენიდამოუკიდებელიქვეყანა იმაზეა დამოკიდებული, როგორ გუნებაზე გაიღვიძებს ამერიკის ელჩი. მნიშვნელობა არ აქვს ელჩის სახელსა და გვარს, მთავარია სტატუსი და, ამ სტატუსის უკან ქალი იქნება თუ კაცი, ნაკლებად საინტერესოა. ჰოდა, თუ ამერიკის ელჩი უგუნებოდაა, შეიძლება კონსტიტუცია შეგვაცვლევინოს, თანაც ისე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იყოს. ფაქტია: დასავლელ “პარტნიორებს” არ სურთ, რუსეთთან პირისპირ დაგვსვან სასაუბროდ და ამიტომ საერთაშორისო ფორმატებზე აკეთებენ აქცენტს _ იქ, სადაც საქართველო და რუსეთი მარტო ვერ დარჩებიან.

ამის ფონზე სასაცილოდაც აღარ ჩანს ის, რომ საქართველოში პურის გამოსაცხობად საჭირო ხორბლის 100 პროცენტი რუსეთიდან შემოდის; რომ საყოველთაო პანდემიის ფონზე რუსეთიდან ფულადი გზავნილები ყველა დანარჩენ ქვეყანაზე მეტია; რომ ენერგომატარებლებით სწორედ რუსეთზე ვართ ჩამოკიდებულნი; რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი მხოლოდ რუს ბიზნესმენებს შერჩათ.

იმის მიუხედავად, რომ რუსულ მხარეს ჯერჯერობით სიტყვაც არ დაუძრავს საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ვისაც არ ეზარება, ყველა მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ რუსეთი უხეშად ერევა ქართულ პოლიტიკაში, რომ ამ ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას შეეცდება. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ დასავლეთი ათასობით დამკვირვებლის გამოგზავნას აპირებს, დასავლელი “პარტნიორები” საუბრობენ პროცენტებზე, მიგვანიშნებენ, ზოგჯერ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თურმე ხმების 40%-ზე მეტი არც ერთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს, რადგან უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა. და ეს არ არის თურმე საშინაო პოლიტიკაში ჩარევა და უხეშ ჩარევას თურმე დუმილი ნიშნავს.

თბილისის “ლოკომოტივისა” და მოსკოვის “დინამოს” საფეხბურთო მატჩზეც ვთქვათ. ქართულმა კლუბმა მოსკოვური 2:1 დაამარცხა და ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა. რუსმა გულშემატკივრებმა მარცხი მტკივნეულად აღიქვეს და კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერეს, რომ რაღაც აუცილებლად შესაცვლელია, რადგან სეზონის წინ დახარჯული 60 მილიონი დოლარი წყალში გადაყრილი გამოდის. საოცარი ის არის, რომ რუსული კლუბის ვებგვერდზე გაკეთებული სამი ათასი კომენტარიდან ორი ათასზე მეტი ქართველის იყო. ამ კომენტარების უმრავლესობა კი გინებასა და ქილიკს შეიცავდა, _ აქაოდა, რუსეთი დავდეთ ბეჭებზეო. კარგია, რომ მოვიგეთ, ქართული კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა, მაგრამ ეს მატჩია, საფეხბურთო მატჩი და მეტი არაფერი. რუსმა გულშემატკივრებმა გაოცებით აღნიშნეს: რატომ გვაგინებთ, რა დაგიშავეთო?! ქართველები კიმოსკოვისდინამოსვებგვერდზე ფეხბურთის რუს გულშემატკივრებს აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებას სთხოვდნენ(?).

არადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბოლო ორ კვირაში მეორედ განგვიცხადა, _ მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთო, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ, რადგან ამის უფლებას დასავლელისტრატეგიულიპარტნიორები არ გვაძლევენ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here