ბედო, შავპირო, უპირო,
ამრევო გზა და კვალისა,
სულს ნუ ამომხდი, მაცალე
დახამხამება თვალისა.
აკაკი წერეთელი
წვიმიანი ქობულეთი
2020 წლის 22 აგვისტოს, შარშანდელი ამ დღიდან განვლილი პირველი “საიუბილეო” წლის თავზე, კვლავ ქობულეთში ვარ და დილაადრიან მივყვები აღმაშენებლის პროსპექტს პროფესიული ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად,
მასალის ობიექტურად მოსაპოვებლად,
თუნდაც, ისე რომ არ გამომივიდეს _ “ქათამი დაგვილს რომ ნახავს, გულზე შემოეყრებაო”.
ასეთი გაქათმება დღეს მოდურია…
მაშ, მოდით, ერთად ვნახოთ, რა შეიცვალა სახელგანთქმულ კურორტში დროის ამ ერთწლიან მონაკვეთში.
მოხდა რამ ახალი?
ჰო, მოხდა. უპირველესი, რაც თვალში ეცემა აქ ერთხელ უკვე ნამყოფ კაცს, პროსპექტს ჩაყოლებული სახლების ღობეებს, ჭიშკრებსა და კედლებს მიკრული განცხადებების გახალისებაა. მაგალითად, თუ შარშან აქ შაბლონურ მაკულატურას შორის (Сдаются комнаты) ორაზროვნობითა და ლაკონურობით გამორჩეული ერთადერთი სარეკლამო “ბანერი” იყო, რომელიც იკითხებოდა ასე _ сдаются და რომელსაც, ავტორის ჩანაფიქრისგან განსხვავებით, ოთახების გაქირავებასთან საერთო არაფერი ჰქონდა, რადგან, არც მეტი, არც ნაკლები, ნიშნავდა _ გნებდებითო ან, უფრო ზუსტად, ნებდებიანო (მტერს, რა თქმა უნდა. ოკუპანტებს, თუ დავაზუსტებთ. რადგან რუსულენოვანია Сдаются).
ასე იყო შარშან.
წლეულს ყოველი მესამე აბრა გვამცნობდა _ сдаю! რაც იმავე “ოკუპანტების ენაზე” ნიშნავს “ჩავუშვებ”, “გავცემ”, “ვაცნობებ, სადაც ჯერ არს”, ვუშპიონებო _ ამასაც ნიშნავს.
სლენგზე.
ჯაშუშობის ვარიანტია.
ეტყობა, მაგრად უმუშავია ГРУ-ს _ რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოს _ ახალი აგენტების გადასაბირებლად.
ღიად და დაუფარავად.
მოკლედ _ “ჰო” _ ცვლილებები აშკარაა, ანუ დანელია–გაბრიაძის ფილმ “ქინ–ძა–ძას” ენაზე თუ ვიტყვი, _ “ქუ!”, ანუ _ “კუ!” _ ჩაცუცქების პირველი სტადიისა და ფარშევანგის კუდივით მკლავების გაშლის იმიტაციით კოსმოსური “კნიქსის” ვარიანტს გამოვხატავთ.
გნებავთ, კვერცხის დამდები კრუხის პოზა დაარქვით.
ან: ღამის ქოთანზე დაჯდომის სტარტი.
ვის რა მოსწონს.
გამრავალფეროვნდა-მეთქი წარწერები, გახალისდა სარეკლამო ვიტრინა. სამაგიეროდ გაერთფეროვნდა და დაკნინდა “ვიზიტორთა” მასა: ბუნებამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეინარჩუნა წონასწორობა.
რუსეთიდან სტუმრები რომ აღარ ჩამოდიან, ამის მიზეზები ვიცით. ისიც ცნობილია, რომ ჰაოს–ქართლოსიანები გაიყარნენ _ სომხები თავიანთ “კორონაპანდემიის” საზღვრებში ჩაიკეტნენ.
აზერბაიჯანელებისთვის ანტალია ქობულეთზე უფრო პრესტიჟული კურორტია.
ხოლო ქართველებზე ვერ იტყვი, მასააო, გადასახლებამისჯილებივით მილეულ ნაკადად მიედინებიან შავი ზღვის სანაპიროსა და აღმაშენებლის პროსპექტზე განლაგებულ კაფე–ბარებს შორის ტრადიციული მარშრუტით, რადგან, მადლობა ღმერთს, ცოტა ხნით მაინც ჩაიკეტა საზღვარი თურქეთთან _ პანდემია, როგორც ექსპანსიის თავიდან აცილების ეფექტიანი ღონისძიება.
ქობულეთში იკლო დამსვენებელთა რიცხვმა, სამაგიეროდ (საიდან სადაო) მოიმატა მოხეტიალე ძაღლების რაოდენობამ. საერთო მასშტაბისას ვერაფერს გეტყვით, ვასკვნი იმ ყეფა-წკმუტუნის, ღრენა-წკავწკავის დეციბელების დონით, ჩვენი სასტუმროს წინ, პრაქტიკულად, ყოველ ღამით რომ ისმის.
მაინცდამაინც ჩვენი სასტუმროს წინ, რადგან ამ საკურორტო ობიექტის პატრონი და გამგებელი გოგი გოგიტიძე არნახულად კეთილი კაცია, ამას ცხოველები ინსტიქტურად ადამიანებზე უკეთ გრძნობენ.
შეიფარებს და უვლის უპატრონო ძაღლებს. ისინიც ერთგულად იცავენ ყველა უცხოსგან ჩვენს ნავსაყუდელს, სახელად “ომეგა 117”.
ამბავს მოგვიყვებიან მეზობლები, სანამ ქობულეთის შემოვლით გზას გაიყვანდნენ, იმდროინდელს, როგორც ყოველთვის მითოლოგიური ლეგენდის ფიგურალურობით ცოტა გაზვიადებულსა და შელამაზებულს. ვერ გადაუსწრია საათში 120 კილომეტრის სიჩქარით მიმავალი მანქანისთვის საწყალ ძაღლს და ისეთი ტრავმა მიუღია, გზიდან ისე შორს გადაუგდია დაჯახებულ ავტომობილს, რომ მკვდარი ეგონა ყველას.
ბატონმა გოგიმ დაუყოვნებლივ ვეტერინართან მიიყვანა სულთმობრძავი ძაღლი. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, უმკურნალეს, გადაარჩინეს.
ერთადერთი და გამონაკლისი არ ყოფილა ეს შემთხვევა.
მას შემდეგ ძაღლები, როგორც წესი, სასტუმროს წინ დახაზულ ზებრაზე გადადიან.
ამასობაში დემოკრატიისა და ცხოველთა მოყვარულობის ნიმუშად წარმოდგენილი ნიდერლანდების სამეფოდან ჩამოსულმა წყვილმა, რომელიც შესაბამისი ლიცენზიით იყო აღჭურვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მიიღო ნებართვა კურორტის შემოგარენში მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და იქ ძაღლების თავშესაფრის გახსნის თაობაზე.
ნაკრძალში “შემოუღობეს “თავშესაფრის” ტერიტორია, დადგეს გალიების მსგავსი საკნები და _ “ანტრე, ბატონო!”, მოიყვანეთ თქვენი ცხოველები, მივიღებთ, მივუალერსებთ და ზრუნვას არ მოვაკლებთ ევროპულ დონეზე, რადგან ამ კეთილშობილური მიზნის განსახორციელებლად ევროკავშირის რომელიღაც ორგანიზაციამ მისცა შესაბამისი გრანტი და იმ დღიდან ბარაქიანად უნაზღაურებს საქართველოში ძაღლების ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისთვის გაწეულ შრომას, რაც “ცალკე აღებული” ქობულეთის რეალობაში ნიშნავს: ყოველი დღის ბოლოს ეს ნიდერლანდელი ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ან წყვილ-წყვილად ჩამოივლის კურორტის კაფე-ბარების სამზარეულოებს და ცარიელ ვედროებს მათი ნამუსრევით ავსებს.
ცხადია, იმ ნარჩენებში ფულს არავინ ახდევინებს, დამშეული ძაღლებიც იძულებული არიან, თქვლიფონ ეს ნაგავი, შიმშილით სული რომ არ განუტევონ.
ხოლო ის ფული, რომელსაც “გულუხვი” ევროკავშირი ოთხფეხათა სპეციალური საკვების შესაძენად აძლევს, ღმერთმა უწყის, სად და ვის ჯიბეში ილექება.
“მსხვილ-მსხვილი მენაფოტე მალ-მალე ტყეში გარბოდაო”, ისეა ამათნაირთა აწყობილი სარფიანობა. გამოშიგნულ–გაყიდულ–გამოფიტული ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოში ჰუმანიტარულ დახმარებად მიღებული საქონლით უცხოელებს დიდი აღებ–მიცემობა რომ ჰქონდათ გაჩაღებული, ხომ გახსოვთ? დაახლოებით ასეთივე რამ, ოღონდ მინიატურაში, მეორდება ქობულეთში ძაღლების თემის დონეზე.
იმ თავშესაფრის გარშემო ჯაგნარში გაველურებული ძაღლები მუსტანგებივით ისე დაშლიგინებენ, გოგიტიძეების ძველი “ფოლკსვაგენი” დროზე რომ არ შემოგვეტრიალებინა, საქმეში გამოწვლილვით გარკვევას ვინ ჩივის, საბურავებს დაგვიგლეჯდნენ ეს შობელძაღლები.
ფოტოკადრიც ერთადერთი გადავიღეთ შორიახლოდან.
ცნობისთვის: ძაღლების იმ თავშესაფარში ერთი დღე–ღამით ცხოველის შენახვა საკურორტო სეზონში დამსვენებლის 24-საათიან სტუმრობაზე გაცილებით ძვირი ღირს…
ერთი დღის ამ სურათს ერთ შტრიხსაც დავუმატებ: კურორტის ცენტრში სასტუმრო-ოტელების უადგილოდ ჩაჩხირულ, წლობით დაუმთავრებელი შენობების შავ კარკასებს, როგორც ჩანაფიქრის მატერიალიზაციის ამაოების მაგალითს, უპერსპექტიულობის ხანაში.
უფუნქციოსა და გამოუყენებელს, როგორც ძველი სკოლების საკლასო ოთახების კუთხეებში დასჯილი უმცროსკლასელებივით მიყუდებული ადამიანის ჩონჩხის “სასწავლო-საჩვენებელი” საშუალება იყო.
კი არის ყველაფერი ცვალებადი ამ მზისქვეშეთში, მაგრამ გამონაკლისი მაინცდამაინც ისაა, რომ ჩვენი რედაქციის შვებულების პერიოდი აუცილებლად უნდა დაემთხვეს ქობულეთში ტროპიკული წვიმების სეზონს, რომელიც, მაგალითად, დაიწყო ერთ საღამოს, როცა კი არ წვიმდა, არამედ ზღვა დაემხო დედამიწას თავზე და ხელის გაწვდენაზე აღარაფერი ჩანდა: “ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები”.
ჭექდა და ქუხდა, ელავდა და გრიალებდა ათასი ხიროსიმა-ნაგასაკის ელექტრომუხტების მეგატონები, აზანზარებდა დედამიწას, ალბათ, ისე, როგორც ბიბლიური წარღვნის დროს, ხოლო კოხტა სასტუმრო “ომეგა-117” აბობოქრებული სტიქიონის ტალღებსა და ბედს ნოეს კიდობანივით იყო მინდობილი. “აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე და ცის ფრინველამდე _ ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა”… (ძვ. აღთქმა, თავი მეშვიდე, 11-25).
დილის ხუთის ნახევრისთვის თითქოს მიწყნარდა.
მიჩუმდა.
და ამ სიჩუმეში ასფალტზე მეეზოვის ცოცხის შრიალი სასიამოვნო მელოდიად ჩამესმა.
ჰალუცინაცია?!
არავითარი!
ხანდაზმული, აბსოლუტურად ჭაღარა ქალბატონი, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის წარწერიან მაისურში გამოწყობილი, წელზე შემოხვეული ხალათით, ისე ფრთხილად ხვეტდა ტროტუარს, თითქოს ჭრილობებს უსალბუნებდა ზეციურ ძალებთან წუხელ ნაბრძოლებ დედამიწას, უმშვიდებდა ბუდიდან ამოვარდნილ გულს:
_ ოუ, ნანინა-ნანინა, ნანა, ოუ, ნანინა-ნანინა, ნანა, _ ამ ერთადერთ მუსიკალურ ფრაზას იმეორებდა ცოცხის ყოველი მოსმის რიტმში, წარმართული ლოცვის ჟამგადასულ ფრაზას.
ეს სურათი ისეთი მოულოდნელი იყო, რომ მომენტი ხელიდან გამექცა და შეკითხვა უკვე ჩავლილს დავადევნე:
_ ქალბატონო, რამდენი წელიწადია, ამ საქმეს მისდევთ?
წამით შეჩერდა.
_ შენ რაში გაინტერესებს? _ უკანმოუხედავად მკითხა.
_ ჟურნალისტი ვარ.
_ სამ-ნახევარი წელიწადია, ვეფერები ჩემს ქობულეთს, _ ასე მიპასუხა, მგონი. კარგად ვერ გავარჩიე, და განაგრძო მინდობილი საქმე.
დავრჩი ხელმოცარული, სავარაუდო რესპონდენტის მიერ პრინციპულად იგნორირებული. “გურულს ჰკითხეს, _ გლეხი ხარ თუ აზნაურიო? _ კარგი კი ვარ და რა შენი საქმეა, გლეხი ვარ თუ აზნაურიო”. კი უნდა მცოდნოდა ეს.
კიდევ კარგი, რომ მოწმე არავინ იყო. ყეფის მოყვარული ძაღლების კვარტეტიც არსად ჩანდა.
ბნელოდა.
არმაზ სანებლიძე
ქობულეთი _ თბილისი
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)