Home სხვადასხვა დაიჯესტი მსოფლიოში დაძაბულობა მატულობს. კაცობრიობა ომის პირასაა

მსოფლიოში დაძაბულობა მატულობს. კაცობრიობა ომის პირასაა

მსოფლიოში დაძაბულობა მატულობს. კაცობრიობა ომის პირასაა

მსოფლიო ეკონომიკა დეპრესიაშია. ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხეში ცვლილებებს ითხოვენ. ეპიდემიამ საზოგადოებრიობა ბოროტებისა და ძალადობისთვის მოამზადა. საერთოდ კი, გარკვეული ძალები მსოფლიოს დიდი ომისკენ უბიძგებენ.

მსოფლიოში დაძაბულობა მატულობს

გრძელდება ომი სირიასა და ლიბიაში. სისხლის სუნი დგას აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე. პირობებია შექმნილი საბერძნეთისა და თურქეთის შეჯახებისთვის, რომლის უკანაც დგანან ეგვიპტე, ისრაელი და საფრანგეთი. ამერიკის შეერთებული შტატები გაყოფილია ორ ხალხად და ორ ელიტად, შექმნილია წინაპირობები სასტიკი სამოქალაქო ომისთვის. დაძაბულობა წარმოიქმნა ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე. არის კიდევ ბევრი “დენთის კასრი”, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს: ინდოეთი და პაკისტანი; ჩინეთი და იაპონია; ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა და ა.შ.

მოულოდნელად განვითარდა მოვლენები ბელარუსში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობის ბურჯად ითვლებოდა. პერმანენტულ კრიზისშია უკრაინა. სსრკ-ის კრახის შემდეგ რუსეთს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, გადადგას ნაბიჯი კაპიტალისა და ლიბერალიზმის სრული გამარჯვებისკენ თუ რუსული “დერჟავის” აღორძინებისა და დამოუკიდებელი როლის შესრულებისკენ მსოფლიოში. სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობა არ აქვთ სსრკ-ის ყოფილ რესპუბლიკებს, მათ შორის საქართველოს, რომლის ხელისუფლებაც ევროკავშირელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელია ქვეყნის ინტერესების ხარჯზე.

ამრიგად, მსოფლიოში მატულობს არეულობა, ქაოსი. მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგის ნგრევა. სსრკ-ის დაშლა იყო გლობალური არეულობების პირველი ეტაპი, შემდეგ შეიქმნა ამერიკული ერთპოლუსიანი მსოფლიო, თუმცა მან მალე დალია ჩაილურის წყალი და დაიწყო გლობალური კრიზისი _ კაპიტალიზმის კრიზისი, ლიბერალური მოდელის კრიზისი, ნავთობდოლარების სისტემის კრიზისი. ეს კრიზისი ფულით ჩააცხრეს, მაგრამ დროებით. 2013 წელს ახლო აღმოსავლეთში დაიწყო მსოფლიო ჰიბრიდული ომი. ამ მომენტიდან ქაოსი სულ უფრო მატულობდა. 2014 წელს “ააფეთქეს” უკრაინა.

ადრინდელი სისტემის ჩამოშლა

მას შემდეგ ვითარება არ გაუმჯობესებულა, მოიმატა სახელმწიფოების ვალებმა, დაგროვდა წინააღმდეგობები, წყენა და სიძულვილი. ლიბერალურმა იდეოლოგიამ თავისი დრო მოჭამა და ისეთი აღარ არის, როგორიც იყო 1990-იან წლებში. შემდეგ რა იქნება? ქაოსში ჩაძირვა.

ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს მსოფლიოს ძველი წესრიგის ნგრევა.

ეს ხდება ლიბიის, სირიის, იემენის, ავღანეთის ლოკალური კონფლიქტებით, რომლებიც რეგიონულ კონფლიქტებად იქცა; ახალი ომების მომზადებით, მათ შორის საბერძნეთსა და თურქეთს შორის სადავო ტერიტორიების, ნახშირწყლებისა, საზღვაო შელფის კონფლიქტით, პანდემიის იარაღით; ევროპასა და აშშ-ში საშუალო კლასის მოხრჩობით, რომელიც სერიოზულ სოციალურ რყევებს იწვევს; ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბაზრის ჩამოშლით, რაც ქარიშხლის მომასწავებელი სიგნალია. ყველა ძირითადი პრობლემა კი უნდა გადაიჭრას სისხლითა და სისასტიკით. კაცობრიობას ომზე უნივერსალური და ეფექტიანი მეთოდი არ აქვს.

როცა ბირთვული იარაღი შექმნილია, ომი სიგიჟედ ჩანს, მაგრამ სსრკ-ის დაშლაც სიგიჟედ და შეუძლებელ კოშმარად ჩანდა. სიგიჟედ ჩანდა აშშ-ის მიერ იაპონიის ატომური დაბომბვა. 2020 წელმაც ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზა. ამერიკელი დემოკრატები (აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები) ქვეყნის მოსახლეობას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებენ. ისინი მოუწოდებენ, არ აღიარონ ტრამპის გამარჯვება არჩევნებში. ვირუსული ფსიქოზისა და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების დაცემის ფონზე ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა, მაგრამ ჩანს, დემოკრატები და გლობალიზაციის მომხრეები მზად არიან სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.

აშშ უმძიმეს კრიზისშია და შესაძლოა, მალე ვნახოთ XXI საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა _ აშშ-ის დაშლა. დემოკრატებს ასეთი პერსპექტივის არ ეშინიათ, ისინი გეგმავენ კიდეც დაპირისპირებებს, როგორც აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტები გეგმავდნენ “ფერად რევოლუციებს” პლანეტაზე.

ამერიკელი დემოკრატები, გლობალისტები და ლიბერალები არ აპირებენ ტრამპისთვის რამის დათმობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პროექტი პლანეტის გლობალიზაციისა ჩაიფუშება, ამიტომ აშშ-ში კონფლიქტის რადიკალიზაცია გარდაუვალია. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში აშშ-ს მსოფლიო პრობლემებისთვის აღარ ეცლება. მსოფლიო ჟანდარმი და არბიტრი, რომელსაც უკვე აღარ აქვს ეს უფლებამოსილებები, შიდა კონფლიქტით იქნება დაკავებული.

სხვა ქვეყნებისთვის გაჩნდება “შესაძლებლობების ფანჯარა”. მაგალითად, ერდოღანმა უკვე დაიწყო ახალი თურქული იმპერიის შენება, სწორედ ამითაა გამოწვეული თურქების აქტიურობა ჩრდილოეთ აფრიკაში, სირიაში, ერაყში, კავკასიაში და ბალკანეთზე, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში და ა.შ. ჩინეთი შეეცდება ტაივანის პრობლემის მოგვარებას. პლანეტაზე იფეთქებს ძველი და ახალი კონფლიქტები. დაგროვილი ენერგიის ფონზე დაპირისპირების დასაწყისი შეიძლება სტიქიური იყოს. მაგალითად, ბერძნები არ გაატარებენ თურქების გემებს ან შემთხვევით ჩამოაგდებენ მათ თვითმფრინავს; ინდოელი მესაზღვრეები ცეცხლს გაუხსნიან ჩინელებს სადავო ტერიტორიაზე, ისინი უპასუხებენ. ძველი სისტემა საბოლოოდ დაინგრევა, სანამ ძალთა ცენტრები ახალ წესრიგს შექმნიან.

topwar.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here