“ბედნიერი” თაობა და მათი “უბედური” მშობლები
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ათიოდე დღის წინათ განაცხადა: კარგი იქნება, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე დიალოგს დავიწყებთო. როგორ გგონიათ, ამ წინადადებას როგორ უპასუხეს? “ჩვენ არ გაგვიუქმებია ფრენები, რუსეთმა გააუქმა და, თუ უნდა, აღადგინოს, სასაუბრო არაფერია”-ო, _ ასეთი იყო ქართული მხარის პასუხი.
ვერ გეტყვით, მერამდენედ ვუთხარით რუსეთს უარი დიალოგზე, მაშინ, როცა ჩვენი ინტერესების დაცვა და ქართველი ხალხისთვის სასიკეთო რამის გაკეთება შეგვეძლო. ფრენების აღდგენაში კი სასიკეთო ის არის, რომ რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველი 3-4 დღეს გზაში არ იქნება, არ იწვალებს და საქართველოში იოლად ჩამოვა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ტურისტული სეზონი სწორედ რუსი ვიზიტორების ხარჯზე ცხოვრობდა და “ბოინგს” თბილისში ისინიც ჩამოჰყვებოდნენ. ჰო, რუსი ტურისტების ხარჯზე მუშაობდა თბილისის სასტუმროების უმრავლესობა, დღეს კი დედაქალაქის სასტუმროები მხოლოდ 4%-ით არის დატვირთული (ოფიციალური სტატისტიკაა ეს)…
ბედმა თუ უბედობამ ისე ინება, რომ ფეხბურთში ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” მოსკოვის “დინამოს” შეახვედრა. პანდემიის გამო დაპირისპირება ერთმატჩიანია და ის ერთი მატჩი თბილისში, “ლოკომოტივის” სათადარიგო სტადიონზე გაიმართება, ოღონდ მაყურებლების გარეშე. უეფა პანდემიის გამო სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვებას ჯერჯერობით ვერ რისკავს. როგორ გგონიათ, რა გამოხმაურება მოჰყვებოდა ამ საფეხბურთო მატჩს რუსეთსა და საქართველოში? რუსეთით დავიწყოთ.
“საინტერესო წილისყრაა. რაც უნდა იყოს, 2008 წლის მოვლენების შემდეგ თბილისში არც ერთ ჩვენს გუნდს არ უთამაშია. მართალი გითხრათ, ეს გუნდი საერთოდ არ ვიცი, ვიცი თბილისის “დინამო”, ქუთაისის “ტორპედო”. ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები არიან. საქართველოში გულშემატკივრები ძალიან აქტიურები არიან და მხოლოდ ის გადაგვარჩენს, რომ ისინი სტადიონზე არ იქნებიან. ყველაფერი ნორმალურად უნდა იყოს! მით უმეტეს, ყურის მოკვრით კი არ ვიცი, რომ რუს და ქართველ ხალხს შორის რა ურთიერთობებიც იყო, ისევე შენარჩუნდა. ეს უბრალოდ ევროპის ლიგის კი არა, რუსეთ-საქართველოს მატჩია. მე მოსკოვის “დინამოს” წინაშე საკითხს ასე დავსვამდი… იმედია, ასევე მოიქცევა დირექტორთა საბჭო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის იმედი მაქვს”, _ განაცხადა მოსკოვის “დინამოს” დირექტორთა საბჭოს წევრმა და კლუბის ფაქტობრივმა მმართველმა სერგეი სტეპაშინმა.
სტეპაშინი უბრალო ვინმე არ გეგონოთ, ის თავის დროზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბე-ს) დირექტორი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი და ცოტა ხანს პრემიერიც იყო.
და როგორ გამოეხმაურა სტეპაშინის განცხადებას რუსი გულშემატკივარი? ძველი დამსახურებების მიუხედავად, სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა 99%-მა ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, მის განცხადებას გაემიჯნა და აღნიშნა, რომ ეს არ არის ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება, ეს არის საფეხბურთო მატჩი და დირექტორთა საბჭოს წევრი ვითარებას არ უნდა ძაბავდეს. შემდეგ ინტერვიუში კი სტეპაშინმა ისიც თქვა, _ ზედმეტი მომივიდა, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამიო, ანუ პრაქტიკულად მოიბოდიშა.
და რა ხდება ამ დროს საქართველოში? ქართულ სოციალურ ქსელებში “ლოკომოტივი” _ “დინამოს” თამაშს დიდგორის ბრძოლას ადარებენ, გულშემატკივართა 99% სტადიონზე შესვლას ითხოვს, რუს ფეხბურთელებს რომ აგინოს და, რაც მთავარია, ქართული კლუბისგან მათ მხოლოდ გამარჯვება სურთ, სხვა შედეგს არც კი განიხილავენ, რადგან თურმე ეს რიგითი საფეხბურთო მატჩი კი არა, ომია.
დავიწყოთ იმით, რომ “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში 11 ფეხბურთელიდან ერთი ხორვატია, ერთი _ კამერუნელი, ერთი _ უკრაინელი, ერთი _ პოლონელი და ერთიც _ ბოსნიელი. ე.ი. თითქმის ნახევარი გუნდი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული და, ტრიბუნებზე გულშემატკივარი რომც ყოფილიყო, ისე გამოვიდოდა, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აგინებდნენ. რუსი გულშემატკივარი იმას კი არ ამბობს, _ ნეტავ სტადიონზე შევეშვით, ქართველებს ვაგინებდითო, არამედ იმაზე წუწუნებენ, ფრენები რომ იყოს და სტადიონზე შესვლაც შეიძლებოდეს, საქართველოში წავიდოდით, თბილისს ვნახავდით, დავისვენებდით, ძველ მეგობრებს ჩავეხუტებოდითო. ხედავთ სხვაობას? ისინი ჩვენთან სამეგობროდ აპირებენ ჩამოსვლას, ჩვენ კი საფეხბურთო მატჩს დიდგორს ვადარებთ და მერე რა, რომ დიდგორში თურქ-სელჩუკები ვჟლიტეთ, თურქეთი ახლა ისტორიული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი გამხდარა თურმე. რუსი გულშემატკივრები იმასაც წერენ, _ ეს, უბრალოდ, საფეხბურთო მატჩია და 90 წუთში ყველაფერი დასრულდებაო. ჩვენთვის კი ეს არ არის მატჩი, ეს არის სისხლიანი დაპირისპირება…
ბოლო პერიოდში პოპულარულია ფრაზა: “ბედნიერი ვარ, რომ საბჭოთა კავშირში არ დავიბადე”. ამას, ძირითადად, ახალი თაობა ამბობს, ის თაობა, რომლის “გამოყვანაც” 2003 წლიდან დაიწყეს ამერიკელებმა და ევროპელებმა.
რას ნიშნავს, ბედნიერი ვარ? ის ადამიანები (მოსახლეობის დიდი უმრავლესობა), რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ, უბედურები არიან? თქვენი მშობლები უბედურები არიან? ბებია–ბაბუები უბედურები იყვნენ? საზოგადოდ, იციან კი ახალგაზრდებმა, რა იყო საბჭოთა კავშირი, როგორი იყო, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები? ისე არ გაიგოთ, თითქოს იმ დროს მივტიროდეთ, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობას არასდროს უცხოვრია ისე კარგად და უზრუნველად, როგორც საბჭოეთის პერიოდში? კიდევ ვიმეორებ: არ მივტირით საბჭოთა კავშირს, მაგრამ, მის დანგრევასთან ერთად, ყველაფერი ხელის ერთი მოსმით რომ გავანადგურეთ, ეგ არის ცუდი. რაც მთავარია, დავანგრიეთ განათლების სისტემა. ის სისტემა, რომელიც უძლიერესი იყო მსოფლიოში და რომელმაც მსოფლიო მნიშვნელობის არაერთი ქართველი მეცნიერი თუ აკადემიკოსი აღზარდა. ქართველი მეცნიერები მსოფლიოში წამყვან სპეციალისტებს შორის იყვნენ და ეს იმ საბჭოთა პერიოდში, რომელში დაბადებაც თურმე უბედურება იყო. მას შემდეგ პრაქტიკულად ყველა ხელისუფლება ცდილობს, განათლების სისტემა ვითომ წინ წამოწიოს, მაგრამ არაფერი გამოდის. აი, ვინმეს რომ წამოსცდეს, ეგებ ისევ იმ მოდელს დავუბრუნდეთო, მაშინვე ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადებენ. არადა, საბჭოთა განათლების ძირითადი პრინციპები გერმანული მოდელიდან იყო აღებული. მერე იმათაც უარი თქვეს და ეხლა თავში ხელებს იცემენ, დღეს წამყვანი გერმანული კომპანიების უპირველესი თავის ტკივილი გაუნატლებელი და უვიცი ახალგაზრდა “სპეციალისტები” არიან, გერმანული საქმიანი პრესა ამაზე სისტემატურად წერს. ჩვენი “ბედნიერი” ბავშვების საყურადღებოდ მინდა ვთქვა: მრეწველობის მხრივ, საქართველოში საკავშირო მასშტაბის (ე.ი. 15-ვე რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანი) უამრავი ქარხანა-ფაბრიკა მუშაობდა, ათიათასობით ადამიანი იყო დასაქმებული და ისინი იქ მიღებული ანაზღაურებით ზრდიდნენ თქვენს დედებსა და მამებს, ზრდიდნენ ისეთ მოქალაქეებად, როგორებიც ახლა არიან და, თუ თქვენი მშობლები არ მოგწონთ, ეგ სხვა პრობლემაა. პრინციპში, რატომ სხვა?! სწორედ დასავლური განათლების შედეგად დაკარგა ფუნქცია მშობელმა, მასწავლებელმა და ყველაფერი ან მანდატურის გადასაწყვეტია, ან არასამთავრობო ორგანიზაციის. მთავარი უბედურებაც სწორედ ის არის, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაბადებულთა უმრავლესობას სჯერა, რომ მასზე მანდატური და არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო იზრუნებენ, ვიდრე მშობელი და მასწავლებელი. სწორედ ეს არის მთავარი უბედურება და კიდევ ის, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრებას მიჩვეული უფროსი თაობა უმუშევრობას ვერაფრით ეგუება. ათეული წლები გავიდა და მაინც ვერ ეგუებიან, რომ სამუშაო არ არის და ეს მაშინ, როცა “უბედურ საბჭოთა კავშირში” სამსახურის შოვნა პრობლემა არ იყო, პირიქით, იმხანად უმუშევარი ადამიანის პოვნა იყო ძნელი _ თუ არ მუშაობდი, შეიძლება დაეპატიმრებინეთ.
მოკლედ, 17 სექტემბერს ევროპალიგის მატჩი გაიმართება _ თბილისის “ლოკომოტივი” მოსკოვის “დინამოს” უმასპინძლებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ეს არ არის ღირსების მატჩი, ბატონებო. ეს არის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი სპორტული თამაში, ევროპულ საკლუბო ტურნირებში რანგით ყველაზე დაბალი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი და ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიყოთ გასული. სამწუხაროდ (ჰო, სწორედ რომ სამწუხაროდ), ვერ ჩამოვა რუსი გულშემატკივარი, სტადიონზე ვერ შევა ქართველი გულშემატკივარი და მატჩი ისეთი არ იქნება, როგორიც უნდა იყოს. მათ საყურადღებოდ, ვისაც რაღაცებში ეჭვი ეპარება: ჩვენ ვის ვგულშემატკივრობთ? დაიმახსოვრეთ, ასეთი კითხვა არასდროს დასვათ, რადგან ჩვენ ყოველთვის და ყველგან საქართველოს გულშემატკივრები ვართ.
ბესო ბარბაქაძე
“ბედნიერი ვარ, რომ საბჭოთა კავშირში არ დავიბადე”. ამის მთქმელს წარმოდგენა არა აქვს საბჭოთა კავშირზე და თუ ისტორია ცოტათი მაინც იცის, უბედური ყოფილა რომ დავით აღმაშენებლის დროს არ დაიბადა.