4 სექტემბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მიმდინარე ერთ–ერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტის პრეზენტაციაზე ქვეყნის წინაშე არსებულ იდეოლოგიურ–პოლიტიკურ გამოწვევებზე ითქვა, რომ დღეს საქართველოსთვის ყველაზე დიდ გამოწვევას რუსული პროპაგანდა წარმოადგენს. გამომსვლელთა აზრით, მსოფლიოში კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, კრემლი კვლავ განაგრძობს დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც მის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია და რომლის მიზანიც საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინსტიტუტების დისკრედიტაციაა. “მხედველობაში მაქვს ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა. ეს არის ინსტიტუტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ეს დეზინფორმაციის კამპანია და ორი დღის წინათ განხორციელებული კიბერთავდასხმა ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტზე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ–თან ერთობლივი თანამშრომლობის მიმართულება იქნება…” _ ითქვა მთავარ მოხსენებაში.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიღწევები და სიკეთეები, რომლებიც ქვეყანას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის გზაზე აქვს, ნათელი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
ცნობისთვის: მასშტაბურ პროექტს სახელწოდებით “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ახორციელებს. ამისთვის ვაშინგტონმა დამატებით 250 ათასი აშშ დოლარის გრანტი ახლახან გამოყო. პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც მოსახლეობის დარწმუნებაა იმაში, რომ ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას ალტერნატივა არ გააჩნია (ნებისმიერი საპირისპირო აზრი კი რუსულ პროპაგანდად უნდა აღიქმებოდეს), მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა. აგრეთვე, ცენტრალური და რეგიონული საინფორმაციო საშუალებებით მომზადდა სხვადასხვა სახის ვიდეორგოლები, რომლებიც სპეციალურად შექმნილი ფეისბუკგვერდებითაც გავრცელდა და პირდაპირი კომუნიკაცია დამყარდა 20 ათასამდე მოქალაქესთან (სულ პროგრამის ფარგლებში 526 საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა). როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, პროგრამა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. უახლოეს მომავალში კამპანია კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს და კიდევ უფრო აქტიურად შეეცდება, ქვეყანას “ჰიბრიდული ომის საფრთხე ააცილოს…”
რა ინტერესი აქვს დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში და რისთვის ხორციელდება მრავალმილიონიანი საინფორმაციო პროექტი რეგიონებში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
_ ბატონო დიმიტრი, ამას წინათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებით 250 ათასი დოლარი გამოყო საქართველოში “რუსული დეზინფორმაციის” წინააღმდეგ საბრძოლველად. ამოქმედდა შესაბამისი პროგრამაც, სახელწოდებით “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში”, რომლის მეორე ფაზაც უკვე აქტიურად ხორციელდება. რა ინტერესები დგას რეალურად ამ ყველაფრის მიღმა და რა მიზნით ხარჯავს ვაშინგტონი ამხელა თანხებს ჩვენს ქვეყანაში?
_ დავიწყოთ იმით, რომ იმ მზაკვრულ გეგმას, რომელსაც თანამედროვე ნეოლიბერალური დასავლეთი ახორციელებს რუსეთის ფედერაციის მიმდებარე რეგიონებში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე კავკასიის მიმართულებით, გააჩნია ორი დღის წესრიგი: ერთი _ ეს არის შორეული, რომელიც ციფრული დღის წესრიგის სახელითაა ცნობილი; და მეორე _ ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის სერიოზული ნაწილი, რომელიც გულისხმობს იმ ძალების კონცენტრაციასა და მობილიზაციას, რომლებსაც “დემოკრატები” წლების განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ ნეოკოლონიალიზმისთვის მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, უკრაინაში, მოლდოვაში და ა.შ. რაც შეეხება კონკრეტულ პროგრამასა და მის კოლოსალურ დაფინანსებას საქართველოში, რომლის მიზანიც, თურმე, რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არანაირი რუსული პროპაგანდა საქართველოში არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ანტილიბერალური განწყობების შეუქცევადი ზრდა ამით არ არის განპირობებული და ეს თემა თავიდან ბოლომდე თითიდანაა გამოწოვილი. რისთვის? იმისთვის, რომ ამ თითქოსდა პატრიოტული იდეის საფარქვეშ მოხდეს “ლიბერალური” ბირთვის გაძლიერება და არჩევნებში მისი მაქსიმალურად ფართო სპექტრით გამარჯვება, რაც საბოლოოდ შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ მომავალი საკანონმდებლო და არა მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლება დააკომპლექტონ ნაცებმა, ევრონაცებმა, “გირჩმა” და ა.შ. აი, ეს არის მიზანი და არა ის, რომ ვითომ ქვეყანა რაღაც “ჰიბრიდული ომის” საფრთხეებისგან უნდა დაიცვან; ამიტომაა დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელი, მოხდეს კონსერვატიული ძალების მობილიზება და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატობის კანდიდატმა…
_ თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბრძოლა უთანასწორო იქნება…
_ ბრძოლა უკვე არის უთანასწორო და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება, იმიტომ, რომ თუნდაც მისტიფიკაციის დონეზე კეთილი ძალები ბოროტთან ყოველთვის უთანასწორო მდგომარეობაში არიან. ეს თითქოს ბუნების კანონზომიერებაა, რომელიც არ იცვლება, მაგრამ ჩვენ ამ უთანასწორობამ არ უნდა შეგვაშინოს. არ უნდა შეგვაშინოს იქიდან გამომდინარე, რომ ერთი საღად, ეროვნულად, ქრისტიანულად მოაზროვნე ადამიანი ათ უგუნურსა და ფსევდოლიბერალიზმის შხამით მოწამლულს გადაწონის…
_ უთანასწორო პოლიტიკურ ბრძოლაზე ვსაუბრობთ და, როგორ ფიქრობთ, ეროვნულ ძალებს კონკრეტულად რა ბერკეტები აქვთ ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, გარდა ერთობისა და კონსოლიდაციისა? რა შეიძლება დავუპირისპიროთ, მაგალითად, იმ პროპაგანდას, რომ რუსეთთან დიალოგის ნებისმიერი ინიციატივა მაშინვე კრემლის ინტერესების მსახურებად ცხადდება?
_ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მედიით წარმოებულ ცრუ პროპაგანდას მედიითვე ვუპასუხოთ. ჩვენ ელემენტარულად გვბლოკავენ და არ გვიწვევენ ტელედებატებში, ეს პროპაგანდა საჯაროდ რომ არ ვამხილოთ. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელიც გვაძლევს სრული ოპტიმიზმის საფუძველს, მხედველობაში მაქვს ის, რომ მრავალწლიანმა პოლიტიკურმა გამოცდილებამ და პრაქტიკამ, სხვადასხვა ძალის მიერ ტყუილებითა და დეზინფორმაციით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობამ საზოგადოებას ასწავლა შავის თეთრისგან გარჩევა. საბედნიეროდ, დღეს ქართველ ამომრჩეველს აქვს ერთგვარი იმუნიტეტი ყბადაღებულ წინასაარჩევნო პიარტექნოლოგიებზე, რომლებითაც ესა თუ ის გუნდი წლების განმავლობაში აღწევდა დასახულ მიზანს. აი, ეს არის რეალობა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისა და მით უფრო მისი მოკავშირე ნაცებისა თუ ევრონაცების სასარგებლოდ არ იმუშავებს დეზინფორმაცია ეროვნული ძალების კრემლის აგენტებად შერაცხვაზე. ამაში დარწმუნებული ვარ და ამას კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ არჩევნებზე…
_ არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა. მოკლედ რომ გვითხრათ, რა არის თქვენი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის, მთავარი ამოცანა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გაიმარჯვებთ?
_ ამაზე მოკლედ საუბარი რთულია და ყველაფერს ამ ინტერვიუში ვერ ჩავატევთ, მაგრამ პირველი, რაც არის მნიშვნელოვანი, მძლავრი კონსერვატიული ბირთვის ჩამოყალიბებაა. ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. მეორე _ ჩვენ უნდა შევქმნათ ნამდვილი ქართული, დემოკრატიული ინსტრუმენტები. რას ნიშნავს ეს: პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ უნდა შეიქმნას ისეთი ტიპის კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რომლებიც დემოკრატიის გამოვლინებასა და განხორციელებას შეუწყობს ხელს…
_ რას გულისხმობთ?
_ ვგულისხმობ იმას, რომ, მაგალითად, რეფერენდუმის გზით შეგვეძლოს კანონში პირდაპირი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელსაც სრულიად მოკლებულია 1995 წლის კონსტიტუცია. ამიტომ, ჩვენ თუ ამ ცვლილებას განვახორციელებთ, ფაქტობრივად, ეს იქნება სახალხო მმართველობის ინსტიტუციონალიზაციის პირველი რეალური პრეცედენტი. ასევე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ცვლილებები მართლმსაჯულებაში, რომლითაც ძალაში შესული საბოლოო აქტების რევიზია უნდა მოხდეს საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს მიერ. საუბარია იმაზე, რომ, თუ ნორმატიული აქტები კონტროლდება კონსტიტუციის მიმართ, იგივე უნდა ხდებოდეს სასამართლო აქტების შემთხვევაშიც, რომ უკანონოდ მსჯავრდებული ადამიანები, იქნება ეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, ქონებაწართმეული თუ სხვა, არ გამოეთხოვონ სამართლიანობის აღდგენის იმედს და პერსპექტივას. აი, ამ შემთხვევაში მოხდება საზოგადოების გაერთიანება და კონსოლიდაცია და არა ყბადაღებული დაპირებებით, რომლებსაც დღეს იძლევიან “სტრატეგია-აღმაშენებლისა” თუ მარშალის გეგმის ავტორები…
_ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ძალები მეტ–ნაკლებად გამოცოცხლდნენ და არჩევნებზეც, თუნდაც თქვენი სახით, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მისაღები არიან, მოსახლეობაში პოლიტიკური ნიჰილიზმი მაინც დიდია. რას ეტყვით იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეულწილად ხელი აქვთ ჩაქნეული მიმდინარე პროცესებზე და ფიქრობენ, რომ ამ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია?
_ უწინარესად, ვეტყვი, რომ გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” არის ერთი იშვიათთაგანი იმ სარკმელთა შორის, რომლიდანაც შეიძლება საზოგადოების კონსოლიდაციისკენ მოწოდების სწორი ფორმულირების ამოკითხვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მადლობა თქვენ ამისთვის!
მეორე _ ქართველმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი გაბატონებული პოლიტიკური სისტემა და მით უფრო მზაკვარი ლიბერალური სისტემის ადეპტი ხელისუფლება ეცდება, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. სწორედ ამიტომ შეგხვდებათ მათ შორის ფეისბუკსივრცეშიც უამრავი მოწოდება, რომ “ქოც–ნაცურ არჩევნებში მონაწილეობას რა აზრი აქვს”, რომ “ამ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია” და ა.შ. აი, ამ ფორმულირებით ხდება ნიჰილიზმის გაღვივება ხალხში და გასაგებია, რატომ. იმიტომ, რომ მათ ყველაზე უკეთ იციან ერთი რამ: თუკი ის ნიჰილისტურად განწყობილი 60% ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ხელები დაიკაპიწოს და წავიდეს არჩევნებზე, ჩაწყობილი და შეთანხმებული საარჩევნო სისტემა ლიბერალებს თავზე დაენგრევათ… ვფიქრობ, ნიჰილიზმი დღევანდელ ვითარებაში არის სოციალური, პოლიტიკური და, პირველ რიგში, იდეოლოგიური თვითმკვლელობა, რომელსაც, მჯერა, ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს და ამ არჩევნებზე ის რეალურად სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს, პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედან მართულ მტრებს…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია