მას შემდეგ, რაც დავწერეთ, რომ სახელმწიფო არასწორად იქცევა, როცა სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების ანაბარა ტოვებს ბავშვს და სოცმუშაკის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული, ბავშვი მშობლებთან დარჩება თუ არა, ხმაური ატყდა. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ თითქოს ხელისუფლებამ მაინცდამაინც ჩვენი გაზეთის გამოსვლის შემდეგ გაითვალისწინა ყველაფერი და მოქმედება დაიწყო, მაგრამ ერთი აგური ჩვენ ნამდვილად დავდეთ. ახლა მთავარი ის არის, ჩვენს აგურს სახელმწიფომ მეორე აგური დაადოს, მაგრამ აქეთ გადადგმულ ნაბიჯს ჯერ ვერ ვხედავთ.
დავიწყოთ იმით, რომ უკვე 1 სექტემბრიდან მშობლისთვის ბავშვის წართმევის უფლება სოციალურ მუშაკს აღარ ექნება და გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. სამწუხაროდ, არ განმარტავენ, ექნება თუ არა ამ კანონს უკუქმედების ძალა, ანუ ის ბავშვები, რომლებიც უკვე დედის კალთას მოსწყვიტეს, დაუბრუნდებიან თუ არა ოჯახებს და მიიღებს თუ არა მათ საქმეზეც გადაწყვეტილებას სასამართლო. განსაკუთრებით ფუტკარაძეების ოჯახი გვაინტერესებს, საიდანაც ერთ დღეში ცხრა (!) ბავშვი გაიყვანეს და სხვადასხვა ოჯახში გაანაწილეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. აშკარაა უვიცობის, არაპრაქტიკულობისა და იდიოტიზმის პიკი. ამ ყველაფერს ახლა ციფრებში აგიხსნით.
გასულ კვირას საქსტატმა სიამაყით გვამცნო, რომ თურმე ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 365 ლარი და 70 თეთრია, ანუ ხუთმა სულმა ეს თანხა თვიდან თვემდე უნდა იკმაროს და, რაც მთავარია, ყველაფერში. მაგალითად, თუ ოჯახში არიან დედ-მამა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი, მათთვის ეს 365 ლარი და 70 თეთრი საკმარისი უნდა იყოს. ანუ, დღეში თითოეულისთვის დაახლოებით 2 ლარი და 40 თეთრია გამოყოფილი. საქსტატის სიამაყის საბაბი არის ის, რომ შარშან, ივლისში, საარსებო მინიმუმი ხუთსულიან ოჯახზე 370 ლარი იყო და თურმე ცხოვრება გაიაფდა და საარსებო მინიმუმის კალათა ამ მიზეზით შემცირდა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა და როდის გაიაფდა საქართველოში, ჩვენ, ალბათ, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვერ ვხედავთ და ვხვდებით ლამაზ ცხოვრებას, მაგრამ ეს სხვა თემაა. ვთქვათ, შევთანხმდით, რომ დღეს დასახელებული თანხა 5-სულიანი ოჯახისთვის საკმარისია და კომუნალურების ჩათვლით ყველაფერში ეყოფა.
კანონით, იმავე სახელმწიფოში, რომელსაც ჩვენი საქსტატი ეკუთვნის, არასათანადო პირობების გამო ოჯახში მინდობით მიყვანილი ბავშვის სანაცვლოდ სახელმწიფო ბავშვის მიმღებ ოჯახს, სულ ცოტა, 400 ლარს უხდის. სახელმწიფო აღიარებს, რომ ერთი ბავშვის შენახვა ოჯახს დაახლოებით 400 ლარი დაუჯდება. ეს ციფრი იმ ქვეყნისთვის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსებით რეალურია, მაგრამ…
თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ ერთი ბავშვისთვის თვის განმავლობაში 400 ლარია საჭირო, მაშინ როგორ გამოდის, რომ ხუთსულიანი ოჯახისთვის 365 ლარი კმარა? ხუთი სულისთვის იმაზე ნაკლებია საჭირო, რასაც ერთი ბავშვი მოიხმარს?
როცა ამ ამბავს ბოლომდე ჩავეძიეთ, გვითხრეს, რომ ეს პროგრამა ამერიკიდან (და არა ევროპიდან) წამოიღეს ჯერ კიდევ ნაციონალების მმართველობის პერიოდში, მაგრამ ვერ იმუშავა, რადგან ციფრების შეუსაბამობის გამო ბევრი კითხვა გაჩნდა, თანაც, ბავშვის მიმღები ოჯახებიც საეჭვოდ მომრავლდნენო. ერთი ოჯახი მზად იყო, 10 ბავშვამდე მიეღო და, შესაბამისად, სახელმწიფოსგან 4 ათასი ლარი დარიცხვოდა. ამან ბევრი დააფიქრა და ნაციონალებმა ეს ყველაფერი შეაჩერეს, თუმცა ამერიკულ მოდელს ვერაფერი მოუხერხეს. თანხისთვის რომ დაეკლოთ, ბავშვის მიმღები ოჯახები, უბრალოდ, აღარ გამოჩდებოდნენ, რადგან გამოდიოდა, რომ თითო ბავშვზე დაახლოებით 80 ლარი უნდა გადაეხადათ და რომელი ჭკუათმყოფელი მიიყვანდა უცხო ბავშვს შინ მოსავლელად 80 ლარად?! აი, “ოცნების” ხელისუფლებამ კი ეს პროგრამა გააცოცხლა და ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. არ ვამბობთ, რომ ეს ცუდია, პირიქით, იმას ვამტკიცებთ, რომ ეს 400 ლარი რეალობასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ ვსვამთ კითხვას _ რატომ არის ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 365 ლარი? რატომღაც გვგონია, რომ ამერიკულ პროგრამაში საარსებო მინიმუმიც სხვაგვარად იანგარიშება და, საზოგადოდ, ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში ცნება საარსებო მინიმუმი, უბრალოდ, არ არსებობს. იცით, რატომ? ნორვეგიის მაგალითზე გეტყვით: ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მათხოვრების აღრიცხვა დაეწყო და მათთვის შესაბამისი ლიცენზია გაეცა. ჰო, მათხოვრობის ლიცენზია, რომელიც დაახლოებით 220 ევრო ღირდა. ნორვეგიაში მათხოვრობის რვა მსურველი აღმოჩნდა. ეს იყო ოთხი წლის წინათ. დღეს კი ნორვეგიაში ორი მათხოვარია რეგისტრირებული. ჰოდა, რომელ საარსებო მინიმუმზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ოფიციალურად ხელი მხოლოდ ორ კაცს აქვს გაშვერილი და ნორვეგიის მთავრობა ამ ადამიანებზეც მუშაობს. საზოგადოდ, ნორვეგიაში სხვა მიმართულებებიც საინტერესოდაა დალაგებული. მაგალითად, სასჯელაღსრულების პრაქტიკულად ყველა დაწესებულება ნახევრადღია ტიპისაა და პატიმრებს შაბათ–კვირას შინ წასვლის უფლება აქვთ. ციხის ტერიტორიაზე არის ტბა, სადაც პატიმრები თევზაობენ, არის საბილიარდო, ჩოგბურთის კორტი და ნორვეგიაში მიაჩნიათ, რომ მალე მხოლოდ ერთი ციხე დასჭირდებათ, რადგან პატიმართა რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს და 5,3-მილიონიან ქვეყანაში უკვე 200-ს ჩამოსცდა. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვებით, რომ კარგი იქნება, თუ სწორებას მაინცდამაინც ამერიკაზე არ გავაკეთებთ და რაღაცებს ევროპის ისეთი ქვეყნებიდან ავიღებთ, როგორიც არის დანია, ნორვეგია და შვედეთი. ეს შორეულ პერსპექტივაში, მანამდე კი…
როცა ისეთ პროგრამებზე ვსაუბრობთ, როცა სახელმწიფო თანხას იხდის, ყოველთვის რაღაც არ არის ბოლომდე გარკვეული, ყოველთვის რჩება დიდი კითხვის ნიშანი და ეს კითხვის ნიშანი მაინცდამაინც ფულს უკავშირდება. ასეა ახლაც, ვერავინ გვიხსნის, რატომ იხდის სახელმწიფო ერთი ბავშვის შენახვაში 400 ლარს და რატომ თვლის, რომ ხუთ ადამიანს 365 ლარი ეყოფა. თითქოს მარტივი ლოგიკაა, უფრო სწორად, ალოგიკურია ეს ყველაფერი, მაგრამ პროგრამა ჯიუტად მუშაობს და ის, რომ სექტემბრიდან თურმე სასამართლო გადაწყვეტს ბავშვის ბედს, დიდი ვერაფერი შეღავათია. თუ სასამართლო ბავშვს მშობელს წაართმევს, სახელმწიფოს ისევ 400 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო, თუ ბავშვი მშობლებთან დარჩება, ისევ საწყალობელ თანხას მიიღებს. ანუ, თუ რომელიმე ოჯახიდან სამ ბავშვს გაიყვანენ მინდობით, სახელმწიფო 1200 ლარს დახარჯავს, მაგრამ, თუ ეს ბავშვები მშობლებთან დარჩებიან _ 365 ლარს და მერე, მეორე მისვლაზე, სოციალური მუშაკი ისევ სასამართლოს მიმართავს ბავშვების ჩამორთმევის მოთხოვნით.
ცალკე თემაა საქსტატის სტანდარტები. ვერ გეტყვით, როგორ დაიანგარიშეს მათ ეს ყველაფერი, მაგრამ ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების ფონზე, როცა იგივე საქსტატი ორი კვირის წინათ წერდა, რომ ხილის ფასმა 60%-ით მოიმატა, გაძვირდა ხორცი, თევზი, პურ–ფუნთუშეული, რატომ შემცირდა საარსებო მინიმუმი? მართალია, 4 ლარი და 30 თეთრი ბევრი არაა, არც თვლაში შეიძლება ჩააგდოს ხუთსულიანმა ოჯახმა, მაგრამ რის საფუძველზე მოხდა შემცირება, ეგ არის საინტერესო. იქნებ, ამ შემთხვევაშიც რაღაც სკალა არსებობს, რომელიც ასევე ბრმად გადმოვიტანეთ რომელიღაც ქვეყნიდან და ასევე ბრმად მივყვებით, ბოლოს კი სასაცილო და აბსურდულ შედეგს ვიღებთ.
მოკლედ, ბავშვების წართმევის, ანუ 21-ე საუკუნის ლეკიანობის მიმართულებით სხვა რეალობა გვექნება. ძალიან კარგია, რომ მხოლოდ სოციალური მუშაკი ვეღარ გადაწყვეტს კონკრეტული ოჯახის ბედს, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ სახელმწიფო ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. ისიც ცუდია, უკვე ჩამორთმეული ბავშვების ბედის შესახებ რომ არაფერს ამბობენ და არავინ იცის, წავა თუ არა ეს საქმეები სასამართლოში. ასეთი ასეული შემთხვევაა და, თუ საქმეებს სასამართლო განიხილავს, ახალი პრობლემის წინაშე დავდგებით. ოფიციალურად, მოსამართლეების დეფიციტი გვაქვს, დაახლოებით ასი მოსამართლე აკლია ქვეყანას (კლანს, სავარაუდოდ, ამიტომაც ვერ ელევიან) და დამატებითი საქმეები სხვა საქმეების განხილვის შეფერხება-გადადებას გამოიწვევს. მხოლოდ იმის თქმა, რომ სექტემბრიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, საკმარისი არ არის. მეტი კონკრეტულობაა საჭირო და, რაც მთავარია, ამ ახალმა რეგულაციამ, პირველ რიგში, ბავშვებისა და მშობლების სასარგებლოდ უნდა იმუშაოს.
ბესო ბარბაქაძე
P.S. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფუტკარაძეების ოჯახს დაუბრუნეს ცხრავე ჩამორთმეული შვილი.