ვინც გასული საუკუნის 60-70-იან ბედნიერ (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) ეპოქას მოესწრო, ემახსოვრება, რომ თბილისი არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ ღირსების დაუწერელი კანონებით ცხოვრობდა, კაცი კაცობდა, ქალი ქალობდა… უბანი უბნობდა. მავანი იკითხავს და ერთი შეხედვით სამართლიანადაც _ რა დროს 60-70-იანი წლების თბილისის ნოსტალგიაა ამ გაგანია წინასაარჩევნო ციებ–ცხელებისას, როცა ისეთი მდგომარეობაა, ფრთიან ფრაზას თუ მოვიშველიებთ, “დედა შვილს არ აიყვანს”, ხოლო, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, დეპუტატობის მსურველთა უმრავლესობა პარლამენტში მოხვედრის სანაცვლოდ მილიონებს იხდის; ვისაც ეს მილიონები არ აქვს, საკუთარ ცოლსა და სამშობლოსაც უყოყმანოდ გაყიდის?
ნათქვამია, საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს და ყველამ ყველაფერი იცისო. აქედან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის დაფარული დიდი ხნით ვერაფერი და არაფერი რჩება. და ასეთი უგვანო გზებით აღზევებული რამდენი დეპუტატი თუ მინისტრი იცის ქართველმა საზოგადოებამ? თუმცა ამ შემთხვევაში რაოდენობა კი არა, ის უფრო საინტერესოა, მავანმა მილიონების “შეწირვით” გაიკეთა პოლიტიკური კარიერა თუ “ოღრაშობით” (ძველი თბილისური ჟარგონით, ცოლის გამქირავებელი) მოიპოვა დეპუტატის მანდატი.
ასეთები საქართველოს პარლამენტში შესვლის შემდეგ დოდო აბაშიძის კინოგმირ ყვარყვარესავით ურცხვად გვპირდებიან _ “ოქროს სარაიას აგიშენებთ, ჩვენსას რომ მოვრჩებით, მერე”-ო.
ჩვენში ხომ ასეა _ შეიძლება წერა–კითხვასთან მწყრალად იყოს, ინტელექტი, რომ იტყვიან, პლინტუსს ქვემოთ ჰქონდეს, 4 წლის განმავლობაში მუთაქასავით იდოს პარლამენტში, ანუ ერთხელაც არ მივიდეს მიკროფონთან, მაგრამ, აბა, გაბედეთ და ხელი ახლეთ ასეთ მუთაქას თუნდაც აშკარა კრიმინალური დანაშაულის ჩადენისთვის, ჩვენი დასავლელი “მეგობრებისგან” პოლიტპატიმრის იარლიყის მიწებება გარანტირებული აქვს.
ინტელექტი სანთლით საძებარი რომ იყო წინა მოწვევის პარლამენტებში, “ქათამ” ნიკა გვარამიასთან “ბიზნესმენ” ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუც მოწმობს. 2 საათის განმავლობაში ბლუკუნებდა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში მულტიმილიონერი “პოლიტიკოსი” და კაციშვილმა ვერ გაიგო, რა უნდოდა. არადა, ამ “ბიზნესმენს” კომუნისტების პერიოდში ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი აქვს დამთავრებული _ სამედიცინო ინსტიტუტი. კიდევ კარგი, ექიმის კარიერაზე უარი თქვა, თორემ ვაი იმ პაციენტის ბრალი, რომელიც “დოხტურ” ოქუაშვილის ხელში აღმოჩნდებოდა _ შეიძლება, გლანდების ნაცვლად აპენდიქსი ამოეჭრა…
ახლა ორიოდე სიტყვა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძეზე, რომელსაც წერა-კითხვასთან მწყრალად ყოფნას ვერ დავწამებ (სხვა თუ არაფერი, მწერალ ოთარ ჩხეიძის ქალიშვილი და “დიდი პუბლიცისტ-ისტორიკოსისა” და ქართველთა ეროვნული გმირის, გიორგი სააკაძის, დაუძინებელი მტრის _ როსტომ ჩხეიძის დაა), ქალბატონი ნატო მეუღლესავით უინტელექტობით “ვერ დაიკვეხნის”, მაგრამ, ამ მხრივ, რომ იტყვიან, პლინტუსს ოდნავ მაღლაა და დაბლის მაღლად წარმოჩენას ცდილობს. ამის სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) შემთხვევა ცოტა ხნის წინათ ვიხილეთ პარლამენტში, როდესაც გიორგი გახარიას “მაღალინტელექტუალურად ესროლა”, _ თქვენთან შეკითხვები არ მაქვსო. ამ “სროლაში” იკითხებოდა _ იმიტომ, რომ გოიმი ხარო, რაც, ვიმეორებ, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.
ქართულ პოლიტიკაში ინტელექტის დეფიციტის თემას დიდი აკაკის ბრწყინვალე ლექსის პერიფრაზით დავამთავრებ: ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, პარლამენტში _ ინტელექტი?
ბევრისთვის, ალბათ, მისაღებია ზაზა ოქუაშვილისა და მისი მეუღლე ნატო ჩხეიძის მიმართ ნათქვამი “კომპლიმენტები”, მაგრამ ისეთებიც გამოჩნდებიან, რომლებიც იფიქრებენ, რატომ გადაეკიდა ასე განსაკუთრებულად ამ ცოლ–ქმარსო? სავსებით ლეგიტიმური კითხვაა, რომელზეც ერთმნიშვნელოვან მოკლე პასუხს ვერ გავცემ, ამიტომ ნაწილ-ნაწილ შევეცდები მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას… დავიწყოთ იქიდან, რომ წინამდებარე წერილის ამ ნაწილის მთავარი “გმირის” ოჯახობას, ნახევარ საუკუნეზე მეტია, ვიცნობ. გორშიც ბევრჯერ გვიქეიფია ზაზას ვაჟკაცი მამის ოჯახში, როცა დღევანდელი მილიონერი პატარა ბავშვი იყო და, აქედან გამომდინარე, ხატოვნად თუ ვიტყვით, ჩემს თვალწინ გაიზარდა. ეს ლირიკული შესავალი იმისთვის, რომ ამთავითვე გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი წინამდებარე წერილის შეკვეთით დაწერაზე. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ჩემი ერთადერთი სიმდიდრე სწორედ ისაა, რომ ვინმეს დაკვეთით სიტყვა არ დამიწერია (თუმც შეთავაზება საკმარისზე მეტი მქონდა). ხოლო ყველაზე დიდი ჰონორარი უცნობი მკითხველის სატელეფონო ზარია, ჩემი სტატიის საქებარი…
ამ წერილის ერთ–ერთი მიზანი ისიც არის, რომ საზოგადოებას ცოლ–ქმარი “პოლიტიკოსების” მაგალითზე დავანახვო, როგორი ხალხი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში.
რამ გააფუჭა ერთ დროს კეთილი და ბუნჩულა ბავშვი? _ დიდძალმა ფულმა! როგორც ჩანს, დიდძალი ფულის მოხვეჭიდან უმადურობამდე და ღალატამდე (მცირე გამონაკლისის გარდა) ერთი პატარა ნაბიჯია. ჯერ იყო და, “პატრიოტთა ალიანსის” სიით ცოლი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა, ქმარი _ აჭარის უზენაესი საბჭოსი. შემდეგ მოკლე ხანში ორივემ ერთად, რომ იტყვიან, “სინქრონში” უღალატეს “პატრიოტთა ალიანსს” _ ნატო ჩხეიძემ საპარლამენტო ფრაქცია დატოვა და საფრთხე შეუქმნა ფრაქციის არსებობას; ხოლო ზაზა ოქუაშვილი საერთოდ არ უნახავთ ბათუმში. არადა, თავის დროზე ასლან აბაშიძის “კრიშის” ქვეშ სიგარეტის უთვალავმილიონიან ბიზნესს ატრიალებდა. ასლან აბაშიძის, რომელსაც “საჭირო დროს” უღალატა; ასლან აბაშიძის, რომლის მხარდაჭერით იმედმიცემულმა, თავისი ფირმის, “ომგას”, კონკურენტი “ელიზი” მიწასთან გაასწორა და სხვა მრავალი საქმენი საგმირონი, რომლებიც საქართველომ იცის…
ზაზა ოქუაშვილი ახლა ინგლისს აფარებს თავს და, როგორც ამბობენ, ტუალეტშიც კი დაცვის თანხლებით დადის, რადგანაც ეშინია, რომ ბიძინა ივანიშვილი 4 თითის კომბინაციის ცნობილ სიცრუეს, დიდი ალბათობით, არ აპატიებს, სამშობლოში ჩამოსვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
თუმცა მილიონერების უმრავლესობას სამშობლო არ აქვთ _ მათი სამშობლო არის იქ, სადაც კარგად არიან და ყველაზე მთავარი _ ცოლ–ქმრის ლექსიკონში სიტყვა “ქველმოქმედება” არ არსებობს, რადგან ღმერთი, ალბათ, არ სწამთ და, თუ სწამთ, ალბათ, მომხვეჭელობისა და სიმდიდრის მფარველი მამონა, რადგან არ იციან, რომ აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა სამოთხეში.
ახლა ვიცი, ზაზას კრიტიკის გამო ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი ისე გამიბრაზდება, რომ საქმე მუშტი-კრივამდეც შეიძლება მივიდეს და ამიტომ იმ ნაცნობს შევახსენებ: თავის დროზე პრინციპების გამო საკუთარი ოჯახი არ დავინდე და ზაზა ოქუაშვილი რატომ უნდა დავინდო?!
აქვე მინდა, გავაფრთხილო ბატონი ზაზა: რაც აქამდე ვთქვი, სრულიად საქართველომ იცის, მაგრამ ბევრი ისეთი რამ არ მითქვამს, რაც მხოლოდ რამდენიმე კაცმა ვიცით და ეს ართქმული იმ შემთხვევისთვის შემოვინახე, თუ ჭკუა არ გეყოფა და მასმედიით მიპასუხებ.
მართალია, წერა–კითხვასთან მწყრალად ხარ და მხოლოდ ფულის თვლა გეხერხება, მაგრამ სწორედ მაგ ფულით ვინმესთვის პასუხის შეკვეთა არ გაგიჭირდება და ასეთ შემთხვევაში მიფრთხილდი! ისეთ რაღაცებს გამოგიმზეურებ, ოთახში მეხუთე კუთხეს დაუწყებ ძებნას!
ამ წერილს იქნებ არ ეხილა დღის სინათლე, რომ არა ნატო ჩხეიძის ენით აუწერელი თავხედობა _ რადგან არჩევნებამდე დარჩენილი დროის სიმცირის გამო თავისი პარტიის შექმნას ვერ ასწრებდა (პარტიის შექმნას, სულ ცოტა, 1000 დადასტურებული მხარდამჭერი სჭირდება), დიდი ალბათობით, იყიდა ნიკა მაჭუტაძის 5-კაციანი პარტია, რომლის სიაშიც პირველი ნომერია. ასეთი რაღაცები უანგაროდ არ ხდება.
ბარიერის არარსებობის პირობებში მულტიმილიონერ ნატო ჩხეიძეს არ უნდა გაუჭირდეს 2 ადგილის ყიდვა და მაშინ, რომ იტყვიან, ტაში კუკური _ ანეკდოტი მაჭუტაძე დეპუტატი გახდება. ხოლო ზაზა ოქუაშვილი ლონდონიდან შეეცდება საქართველოში სიტუაციის არევას.
თუმცა, ვინ იცის, ეგებ ისე მიუხურონ კარი მაჭუტაძე-ჩხეიძის მხარდამჭერებს, როგორც მე არ გავუღე კარი თაკო ჩარკვიანის კარდაკარ მოარულ აგიტატორებს.
დავით მხეიძე
P.S. ქართული ტელევიზიების გადაცემებს შეგნებულად არ ვუყურებ, მაგრამ, პროფესიიდან გამომდინარე, ხანდახან მიწევს საინფორმაციო გადაცემებისთვის თვალის შევლება. ჰოდა, ამას წინათ რომელიღაც ქართული ტელეარხიდან მომესმა, რომ პოლონეთი და უკრაინა აპირებენ ყირიმის დაბრუნებაზე ფორუმის მოწყობას, რომელიც ვარშავაში უნდა გაიმართოს და ფორუმის ორგანიზატორებმა მსოფლიოს მოუწოდეს მხოლოდ ყირიმის კი არა, საზოგადოდ, ანტირუსული სამხედრო ბლოკის შექმნისკენ. ამ მოწოდებას პირველი ვინ გამოეხმაურა? ჩხრა მთას იქით მდებარე კანადა და კიდევ, აბა, გამოიცანით, ვინ? რა თქმა უნდა, საქართველო, რომლის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მძლავრი რუსული სამხედრო ბაზაა.
ამ სიტუაციისთვის “ძაღლი სახლში არ ვარგოდაც” შეიძლებოდა დაგვერქმია. ამ მეტიჩრული “ვაჟკაცობისთვის” რუსებმა ცხვირპირი რომ დაგვალეწონ, ღირსები არ ვიქნებით? მაგრამ ეს სხვა თემაა, რომლის შესახებაც აუცილებლად შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ…